საზოგადოება

როგორ შეიცვალა გვანცა ზადიშვილის ცხოვრება სიკვდილზე გამარჯვების შემდეგ და როგორ გახდა ის წარმატებული სპორტსმენი უდიდესი ტკივილის შემდეგ

№19

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 17.05, 2022 წელი

გვანცა ზადიშვილი
დაკოპირებულია

28 წლის გვანცა ზადიშვილი წარმატებული პარამოფარიკავეა. ამ პროფესიაზე არასდროს უოცნებია, არც კი უფიქრია, მაგრამ ექვსი წლის წინ მომხდარმა ავარიამ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ძალიან რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ ძალა იპოვა, ფეხზე დადგა და წარმატებული სპორტსმენი გახდა. დღეს კი ის ბევრისთვის სამაგალითო და სტიმულის მიმცემია.

გვანცა ზადიშვილი: ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. საოცრად ცელქი, ახტაჯანა ბავშვი ვიყავი. მუხლებზე დღესაც არაერთი იარა მაქვს. პატარაობიდანვე ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. დედას არაერთხელ უთქვამს, ბეწვზე ვარ გადარჩენილი, ეს რომ ბიჭად არ დაიბადაო (იცინის). ძალიან ქალაბიჭა ვიყავი, მაგრამ არც ახლა ვარ ნაკლები (იცინის). თავიდან მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი, მერე მასწავლებლობა მოვინდომე, მოგვიანებით კი – თარჯიმნობა. ბოლოს, ეკონომისტობა გადავწყვიტე, მაგრამ ქულები არ მეყო და უნივერსიტეტში გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ეს რომ გავიგე, ისე განვიცადე, ტირილით გავსკდი, აქ რა მინდა-მეთქი, თავს ვიკლავდი. მაგრამ პირველივე სემესტრიდან გადავწყვიტე, რომ იქიდან ფეხს აღარ მოვიცვლიდი – ძალიან მომეწონა ეს პროფესია. ბაკალავრიატი დავამთავრე. საკმაოდ კარგი სტუდენტი ვიყავი, სტიპედიანტი. მაგისტრატურაზეც ჩავაბარე და პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა ავარია მომივიდა, რამაც ყველაფერი შეცვალა.

– საშინელი ავარია მოხდა. გადარჩი და თან, ყველაფერი დეტალურად გახსოვს, არა?

– ასეა. ავარიამდე ერთი წლით ადრე მამა გარდამეცვალა სიმსივნით. დედა და ჩემი ძმა საზღვარგარეთ იყვნენ წასულები. მე აქ მარტო ვიყავი და მამიდა მპატრონობდა – მამაჩემის ბიძაშვილს ვგულისხმობ. მაშინაც რაიონიდან ჩამოვიდა, რომ ვენახე. იმ დღეს ექიმთან იყო ჩაწერილი და მანამდე ჩემს სანახავად მოვიდა. წასვლა რომ დააპირა, გამოვაცილე. ავტობუსის გაჩერებასთან მივედით და ვიცდიდით. მამიდას ვესაუბრები და უცბად სრული სიბნელე. თვალები რომ გავახილე, უკვე ძირს ვეგდე. აზრზე ვერ მოვედი, არ ვიცოდი რა მოხდა. როცა გავაცნობიერე, გავიფიქრე, რომ სიცოცხლის ბოლო წამებს ვითვლიდი. მეგონა, იქვე მოვკვდებოდი და ჩემს თავს ვუთხარი: გვანცა, ეს შენი სიცოცხლის ბოლო წამებია და დატკბი-მეთქი. თითქოს, იმქვეყნად რაღაც კარგის გაყოლება მინდოდა. მერე და მერე მივხვდი, რომ არ ვკვდებოდი და იმედი მომეცა.

– როდის გააცნობიერე, რომ გადარჩი?

– გონება არ დამიკარგავს. ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვხედავდი და მაშინ ვიფიქრე, რადგან ასეა, ალბათ, უნდა გადავრჩე-მეთქი. ავარიის ადგილიდან საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს. გზაში ექიმებს ვეუბნებოდი, ფეხი გამისწორეთ-მეთქი. მრავლობითი დაზიანება მქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად მენჯ-ბარძაყის არე მქონდა დაზიანებული და ძალიან მტკიოდა. ისე კოჭებშიც გადატეხილი ვიყავი, სკალპიც გადამძვრალი მქონდა, საფეთქელი გაბზარული და ასე შემდეგ. ეს ავარია ორმა მხარემ გამოიწვია. ერთ მხარეს იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, 17-18 წლისები – ისინი მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ და მეორე მხარეს იყო „მარშრუტკის“ მძღოლი. ავარია გზაჯვარედინზე მოხდა. ვიდეოკამერების ჩანაწერს ვუყურე და გაგიჟებული ვიყავი – როგორ გადავრჩი-მეთქი.

– როგორ შეძელი ამის ყურება?

– მაინტერესებდა. ორჯერ გავამეორებინე. მინდოდა, მენახა, როგორ მოხდა, რადგან თვითონ ვერ წარმოვიდგინე. საქმე, იცით, რაშია? როცა მე და მამიდა ავტობუსის გაჩერებაზე დავდექით, შინაგანად ძალიან ავფორიაქდი, საფრთხის მოახლოება ვიგრძენი, შემეშინდა. გავიხედ-გამოვიხედე, რა ხდება-მეთქი და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე. რომ დავინახე, საფრთხე არ ჩანდა, გავიფიქრე: გვანცა, რა სულელი ხარ, რისი გეშინია-მეთქი და ერთი ნაბიჯი ისევ წინ გადავდგი. მერე გაირკვა, რომ ჩემმა მდებარეობამ დიდი როლი ითამაშა. გზასთან უფრო ახლოს მამიდა აღმოჩნდა. ის შეგრძნება ახლაც მახსოვს. თავს საშინლად და დაუცველად ვგრძნობდი. მინდოდა მამიდასთვის ხელი ჩამეკიდა და სადღაც გავქცეულიყავი დასამალად. თუმცა, ამ წინათგრძნობას არ დავუჯერე.

– უფრო ზუსტად – რა მოხდა, რა გახდა ავარიის მიზეზი?

– მსუბუქი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, „მარშუტკამ“ არასწორი მანევრი გააკეთა, არ დააცადა მსუბუქს გავლა და გზა ჩაუჭრა, რა დროსაც დაეჯახა, ეს ავტომობილი მოსრიალდა, ამოყირავდა და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა. თვალები რომ გავახილე, ყურებში შუშის ლეწვის ხმა ჩამესმა. ძალიან მინდოდა, თამაშში ვყოფილიყავი და რესტარტისთვის დამეჭირა ხელი. მინდოდა ავმდგარიყავი, ეს ნამსხვრევები ჩამომეფერთხა, ტანსაცმელი ჩამეცვა და ლექციაზე წავსულიყავი. მერე მივხვდი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი.

– რას ამბობდნენ ექიმები შენს მდგომარეობაზე?

– თავიდან საერთოდ ვერაფერს ამბობდნენ. მაქსიმუმი გააკეთეს და დანარჩენი ჩემს ორგანიზმზე იყო დამოკიდებული. ორი კვირა რეანიმაციაში, აპარატზე ვიყავი შეერთებული, ხელოვნურ სუნთქვაზე. პირველად რომ თვალები გავახილე, ჩემი ფეხები დავინახე, ორივე საშინლად გამოიყურებოდა და პირველი, რაც გავიფიქრე, სიარულის უნარი წამერთვა-მეთქი. რაც ძალა და ღონე მქონდა, მოვიკრიბე და შევეცადე ფეხის თითები გამემოძრავებინა. ეს რომ შევძელი, შვებით ამოვისუნთქე, უკვე ნაკლებად მაინტერესებდა რამდენი ხანი ვიწვებოდი საავადმყოფოში.

– რამდენი ხანი მოგიწია წოლა?

– ორი კვირა რეანიმაციაში, სამ კვირამდე პალატაში და ოთხი თვე ზურგზე ვიწექი გაუნძრევლად, თუმცა, ეს უკვე სახლში. ათასი უბედურება გამოვიარე ამ პერიოდში. მერე პირველ ეტაპზე ყავარჯნებით დავდიოდი, როცა ჩემმა ტრავმატოლოგმა ნება მომცა, ორივე ფეხი დამედგა ძირს, ორივე ფეხი გავშალე და ერთი იატაკს რომ არ მიწვდა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მერე ფეხზე დავდექი და მარჯვენა ფეხით დავდაბლდი. უცებ გადახარშა ჩემმა ტვინმა, რომ დავკოჭლდი და არ ვიცი, რა დამემართა, ისტერიკაში ჩავვარდი. თავი მოვიკალი, იმდენი ვიტირე. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ მხოლოდ ეს ტირილი იყო. მეორე დღიდან ისე გავაგრძელე ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. მას შემდეგ, ჩემი მდგომარეობის გამო არც მიტირია და არც მინერვიულია. მალევე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სპორტი და მასზე მოვახდინე სრული კონცენტრირება.

– დასაყრდენი თუ ხელჩასაჭიდი იპოვე...

– ოთხი თვე, მთელი წოლითი რეჟიმის განმავლობაში, ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა და იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ შეიძლება, ადამიანს ამხელა ტრაგედია უბრალოდ დაგატყდეს თავს. ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი, რაც დამემართა, რაღაცის გამო მოხდა. დავჯექი და საბოლოო შედეგს ველოდი, ანუ იმას, რის გამოც ეს დამემართა. შედეგმაც არ დააყოვნა – ნოემბერში მომივიდა ეს შემთხვევა, მაისში კი ჩემს ცხოვრებაში პარაფარიკაობა გამოჩნდა.

– როგორ მოხდა ეს?

– რეაბილიტაციისთვის მივედი. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო ინვალიდის ეტლში ჩაჯდომა. პარასპორტის განვითარების ფედერაციაში რომ შევედი, ვაკანტური ეტლი დამხვდა, ყავარჯნები დედას გადავაბარე და ჩავჯექი (იცინის). მივრბოდი ლამის ამ ეტლით და ვხედავ ჩემს მომავალ მწვრთნელ – მალხაზ მესხს, რომელიც გოგონებთან ერთად გაკვეთილის პროცესში იყო. ეს ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მან რომ შემამჩნია, მომვარდა – რა დაგემართაო. უცებ გავშტერდი, მაგრამ მერე მოვუყევი ჩემი მდგომარეობის შესახებ. იმ დღიდან გავხდი პარამოფარიკავე.

– როდის მიხვდი, რომ ეს საქმე შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო?

– მისვლის დღიდან. ძალიან ოჯახური გარემო დამხვდა. მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ოღონდ მომხდარზე აღარ მეფიქრა და ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა გამოჩენილიყო, ბოლომდე ჩავებღაუჭებოდი. ასეც მოვიქეცი და მთავარ საქმედ ვაქციე ან, არ ვიცი, შესაძლოა, მართლა ეს იყო ჩემი მთავარი დანიშნულება. ფაქტია, რომ თავით გადავეშვი ამ საქმიანობაში და ჩემ გარშემო არსებული პრობლემები გაიფანტა.

– ყველაზე საამაყოდ რა გახსენდება?

– ჯერ ყველაფერი კიდევ წინ არის, თუმცა, პირველი ყველაზე მაგარი შედეგი 2019 წელს კორეაში, მსოფლიო ჩემპიონატზე იყო. იქ ვერცხლის მედალი ავიღეთ და ძალიან მაგარი შეგრძნება მქონდა. რეალურად მაშინ აღვიქვი ჩემი ძალა. განსაკუთრებულად ამ შედეგს გამოვყოფ, თორემ ისე, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ვართ – რამდენიმე თვის წინ ვარშავაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი და პირველი ადგილი ავიღეთ, რეიტინგში პირველები ვართ.

– ახლა დილემის წინაშე ხარ – ექიმები გეუბნებიან, რომ უკვე შეგიძლია, შენს მდგომარეობას წერტილი დაუსვა, მაგრამ უნდა დაემშვიდობო პარასპორტს, არა?

– 90 პროცენტით, ალბათ, დამშვიდობება მომიწევს – მერე უკვე გადაადგილების უნარი შეზღუდული აღარ მექნება. ოპერაციის შემდეგ, ჩემი ფეხიც ჩვეულებრივი სიგრძის გახდება და დიდი ალბათობით, მეტყვიან, რომ პარასპორტს უნდა დავემშვიდობო. გეტყვით, რატომ არ ვიკეთებ ამ ოპერაციას. რაც პარასპორტში ჩავერთე, აფრიკისა და ავსტრალიის გარდა, ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი, უამრავ ქვეყანასა და ქალაქში. ძალიან ბევრი საინტერესო პარასპორტსმენი გავიცანი, ვარ პარასპორტსმენი, პარაფარიკაობის გუნდის წევრი და საზღვრებს გარეთ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ... ამ ყველაფერს ნორმალურად სიარულის შესაძლებლობა ვერ გადამიწონის, მე ეს ამად არ მიღირს. აი, ფარიკაობის თავი რომ აღარ მექნება – 80 წლის ასაკში, მერე დიდი სიამოვნებით გავიკეთებ ოპერაციას (იცინის).

– სრული სიგიჟეა, მაგრამ ალბათ, რთულია, ამდენ მიღწევას ერთი ხელის მოსმით დაემშვიდობო.

– ჩემი ქირურგი გაგიჟდა, მითხრა, ხალხი იმას ცდილობს, რაც შეიძლება, მალე გამოასწორონ თავიანთი მდგომარეობა და შენ მეუბნები, რომ რაც შეიძლება, გვიან გავიკეთებ ოპერაციასო? (იცინის) ოპერაცია რომ გავიკეთო, მერე სად წავიდე?! დავიღალე ყველაფრის თავიდან დაწყებით. ვიქნები იქ, სადაც ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ასე ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი