საზოგადოება

როგორ შეითავსა სუფლიორობა გიგა ლორთქიფანიძემ დოდო აბაშიძისთვის „დათა თუთაშხიას“ გადაღებებზე

№22

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 07.06, 2021 წელი

გიგა ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

12 წლის იყო, როდესაც ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მალე განგრენა დაემართა. საავადმყოფოში იწვა, მაგრამ არავინ იცოდა, კიდევ განვითარდებოდა თუ არა განგრენა. ეს იმ დროს უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. 

დედა ამ დროს მუხლებდაჩოქილი უფალს მთელი გულით ევედრებოდა შვილის გადარჩენას. უცებ კარი გაიღო და მამაც შემოვიდა. არადა მას არავინ ელოდა. რეპრესიების წელი იყო. ბაქოში მიმალვაში იმყოფებოდა. შვილის ამბავი რომ გააგებინეს, ბაქოდან მაშინვე წამოსულა.

„დაჯდა ლოგინზე, ფეხზე ხელი მომისვა და მითხრა: მაგრად იყავი, ვაჟკაცი ხარ, უნდა გაუძლოო. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროფესორი ჭეიშვილი არ მობრუნებულა, კვლავ ფანჯარაში იყურებოდა. დედაჩემმა მამას ჩხუბი დაუწყო, ახლავე წადიო, რადგან შეუძლებელი იყო, ვინმეს არ დაენახა. ძალით გააგდო ოთახიდან. მამას მანქანაში მეგობრები ელოდებოდნენ. როგორც ჩანს, მამას ნერვებმა უმტყუნა და ყვირილი დაიწყო, მეგობრებმა ძალით ჩატენეს მანქანაში“, – იხსენებს თავის დღიურებში რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე.

მამა წავიდა თუ არა, რამდენიმე წუთში კარი გაიღო და „კგბ-ს“ სამი თანამშრომელი, ჩეკისტი შესულა. გიგას დედას ჰკითხეს, თქვენი ქმარი აქ იყოო? დედამ უარყო. ერთ-ერთი, ოქროსკბილებიანი ჩეკისტი ლოგინზე ჩამომიჯდა, ბიძიკო, მამაშენი აქ იყოო? ამ დროს პროფესორი ჭეიშვილი მიუბრუნდა და უთხრა: მე თქვენ გიკრძალავთ ბავშვთან ლაპარაკს, რადგან მძიმე მდგომარეობაშია. ჩეკისტი წამომდგარა და კითხვები დააყარა, პროფესორი ბრძანდებით? აქ არავინ ყოფილაო? ჭეიშვილმა უთხრა, ბავშვი მძიმედ არის, ორი საათი აქ ვარ და არავინ ყოფილაო“. მისი თავდადების დამსახურებით, ჩეკისტებმა ლორთქიფანიძეებს ბოდიში მოუხადეს, რადგან ვერ წარმოიდგინეს, რომ პროფესორი ამისთანა ტყუილს იკადრებდა და გავიდნენ. ამასობაში გიგას დედა მივარდა და ხელზე აკოცა პროფესორს, მან კი გამოგლიჯა ხელი, არ გინდათ, დამანებეთ თავიო, გატრიალდა და გავიდა. ასეთი საქციელით, ალბათ, პროფესორმა ჭეიშვილმა უკანასკნელი შანსი დაიტოვა, რომ თითქოს, არაფერი დაუნახავს. მადლობა რომ მიეღო, ეს იმას დაადასტურებდა, რომ გიგას მამის მოსვლა მართლაც დაინახა და დამალა.

ასეთი საინტერესო ეპიზოდებით არის სავსე გიგა ლორთქიფანიძის ცხოვრება, რომლის ფრაგმენტებსაც მისსავე დღიურებში წაიკითხავთ.

„პატიოსანი ცხვირები“

„...იყო ასეთი შესანიშნავი სპექტაკლი „უფსკრულთან“, რომელსაც ძალიან რთული ბედი ხვდა წილად: ხშირად ხსნიდნენ რეპერტუარიდან, რადგან სცენარის მიხედვით, წამლის არქონის გამო ბავშვი იღუპებოდა, ცენზურა კი მოქმედებდა: როგორ შეიძლება, საბჭოთა კავშირში უწამლობით ბავშვი დაიღუპოსო?!. სესილია და შალვა ღამბაშიძე კვლავ მოხუცებს თამაშობდნენ. როდესაც სესილიას ვუთხარით, რომ მისი გმირი ერთი აფერისტი და სპეკულანტი გლეხის ქალი იქნებოდა, ბოლომდე არც კი მოგვისმინა – უკვე როლისა და პიესის ლანძღვა-გინება დაიწყო. უსმინა შალვამ, უსმინა და ბოლოს, თვალმოწკურულმა უთხრა: აბა, სესილ, მაგას ვინ ჭამსო?!. მართლაც, ორივე მსახიობმა განუმეორებელი სახეები შექმნა და ერთმანეთს ტოლი არ დაუდო. პრემიერის მეორე დღეა, ბედნიერი კაცი ვარ, ჯერ იმით, რომ ნოდარ დუმბაძეს ბავშვობიდანვე ვიცნობდი და მერე იმით, რომ ყოველი მისი ნაწარმოები პირველმა მე გავაცოცხლე სცენაზე. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ჯერ დაბეჭდილიც არ იყო, ხელნაწერშივე წავიკითხე და გადავირიე კაცი. იმ დროს შექმნილი ნაწარმოებებიდან ეს ერთადერთია, სადაც მთავარი გმირი „ოროსანია“, უფრო მეტიც – კომკავშირელი არ არის. არც რაიკომი იყო ნახსენები, არც აღმასკომი, კოლმეურნეობა და მოწინავე მუშაკებიც არსად ჩანდნენ. მოკლედ, დავდგი სპექტაკლი, ჩაიარა პრემიერამ და მეორე დღეს, მე და ნოდარი, დავსხედით ჩემთან სახლში და მამაპაპურად „შევუბერეთ“. ორივენი გალეწილი მთვრალები ვართ. ამ დროს რეკავენ თეატრიდან და მეუბნებიან, რომ მთელი ცეკას ბიურო და მჟავანაძე (ვასილ მჟავანაძე – საქართველოს კომპარტიის ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი) მოვიდნენ, სპექტაკლს ესწრებიან და კითხულობენ, ავტორი და რეჟისორი სად არიანო? რას ვიზამდით? დატრიალდა ჩემი მეუღლე, ცივი წყლით დაგვაბანინა პირი, გვასუნთქა ნიშადური, მოგვიწესრიგა ტანსაცმელი და გაგვიშვა თეატრში, ორივე ვცდილობთ, ბიუროს წევრებისგან შორს დავდგეთ, რომ ჩვენმა „არომატმა“ მათი „პატიოსანი ცხვირები“ არ შეაწუხოს. როგორც იქნა, დამთავრდა სპექტაკლი. არის მქუხარე ტაში და მადლობები. მჟავანაძე პალტოს საკიდრისკენ გაემართა. ტანდაბალი კაცი იყო, პალტო კი საკმოად მაღლა ეკიდა. ვხედავ – ასწია ხელი, მაგრამ ვერ შესწვდა. მივედი, ჩამოვხსენი პალტო და რას ვიზამდი – მამაჩემის ხნის კაცი იყო და ჩაცმაშიც მივეხმარე. მოკლედ, მჟავანაძეს პალტო ჩავაცვი და ვხედავ, ნოდარის გაღიმებულ სახეს და აციმციმებულ თვალებს. ჩამოვდივარ კიბეზე, ნოდარს ირონიით აღსავსე ღიმილი არ სცილდება საულვაშიდან. ვეჩურჩულები: „ახლა რას იღიმები? მომჭრი, ხომ, მთელი საქართველოს მასშტაბით თავს – გიგამ მჟავანაძეს პალტო ჩააცვაო?“ ნოდარიც მეჩურჩულება: „ბიჭო, თავს მოგჭრი კი არა, გულზე ვარ გამსკდარი, იმ კოჭლმა კაცმა, რაფრა მიმასწარი?!“ მართლაც, საოცარი იუმორისა და შინაგანი სისუფთავის კაცი იყო. ძალიან, ძალიან საყვარელი კაცი...

„პროშჩაი, ნემიტაია როსია...“

მე და ნოდარი ლენინგრადში ვართ. ვესწრებით პრემიერას, რომელიც ნოდარს ძალიან არ მოსწონს. იმდენად არ მოსწონს, რომ გაღიზიანებულიც კია. დამთავრდა სპექტაკლი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გიორგი ტოვსტონოგოვი იყო, რეჟისორი კი – აგამირზიანი.

მიდის კორესპონდენტი ნოდართან და სპექტაკლის შესახებ აზრს ეკითხება. ნოდარი მოკლედ პასუხობს: „აგამირზიტელნაია ტოვსტონოვკაო“ – და თეატრის შენობას ტოვებს... იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: ნოდარმა კომკავშირის პრემია მიიღო. ჰოდა, თავისი დაჯილდოების აღსანიშნავად მოსკოვის ცნობილ რესტორანში – „ლიტერატორების სახლში“ ბანკეტს მართავს. ჩვეულებრივი რუსული სუფრაა. ერთ საათში ყველაფერი ერთმანეთში აირ-დაირია. ვიღაც ცალკე ზის, ვიღაც ცალკე სვამს... ასე, შვიდი კაცი ვართ ქართველები. ნოდარმა გადახედა სუფრას და გვითხრა: აქ მორჩა ქეიფი, ამის მეტი აღარაფერი იქნება, გავიდეთ და სადმე ერთად დავსხდეთო. ის იყო, უნდა გავსულიყვით, ნოდარს უკვე კარის სახელურზე ჰქონდა ხელი შევლებული, რომ ზურგს უკან გვესმის, მართლაც ბრწყინვალე რუსი პოეტის სოლოუხინის სიტყვები, უფრო სწორად – სოლოუხინის წარმოთქმული ლერმონტოვის სიტყვები: ბåæჭëè ðîხêèå ჯðóçèíû... ნოდარი, არც დაფიქრებულა, შემოტრიალდა და იმავე მწერლის იმავე ნაწარმოებიდან შეაგება სიტყვა: ოðîøჭé íåìûòჭÿ პîññèÿ... დარბაზი ჯერ გაოგნდა, მერე კი – ტაში დასცხო.

ბევრჯერ მომიყოლია ის ამბავიც, თუ როგორ აღელვებდა ნოდარს კრემლის ბედი. მოსკოვში ჩვენი სასტუმროს ფანჯრები კრემლს გადაჰყურებდა. აღარ მახსოვს, მაშინ ვის ასაფლავებდნენ. ვიღაც „დიდი კაცი“ იყო გარდაცვლილი. დგას ნოდარი ფანჯარასთან დაღვრემილი. უცებ მეუბნება: გიგა, აი კრემლი დაინგრევა? რატო, ბიჯო-მეთქი? – ვეკითხები. – აგური გამოაქვთ, ფერფლი შეაქვთ და კედელს რა გააჩერებსო?!. რას იტყვით ახლა თქვენ, არ იყო ამაში ლოგიკა?!

„ზონაში“

„საბრალდებო დასკვნას” ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. ეს სპექტაკლი რუსთავში დავდგი და თავის დროზე საკმაოდ პოპულარულიც იყო. ერთხელ ჩემთან კოლონიის უფროსი მოვიდა და მითხრა: პატიმრები მეუბნებიან, ოღონდ ეგ სპექტაკლი გვიჩვენეთ და მთელ წელიწადს კოლონიაში დისციპლინას არავინ დავარღვევთო. – კი, მაგრამ, სად ვითამაშოთ, პატიმრებს თეატრში წამოიყვანთ-მეთქი? – ვკითხე. – ერთი პატარა ოთახი გვაქვს, იქ შეიძლება, სახელდახელო სცენის მოწყობა და უარს ნუ გვეტყვითო, – მთხოვა კოლონიის უფროსმა და სხვა რა გზა იყო? დავთანხმდი. მართლაც, ძალიან პატარა სცენაზე მოუწიათ მსახიობებს თამაში. სპექტაკლს დიდი დეკორაციაც არ სჭირდებოდა. საკნებიდან გამოიტანეს „ნარები“, წამოწვნენ ზედ მსახიობები და დაიწყო სპექტაკლი. უცნაური რამ მოხდა. თუკი თეატრში სპექტაკლის მსვლელობისას გაუთავებელი სიცილ-ხარხარი იყო, აქ ერთხელაც კი არავის გაუცინია – პატიმრები მთელი სპექტაკლის განმავლობაში გაუნძრევლად ისხდნენ, სცენას მისჩერებოდნენ და ღვარღვარად ჩამოსდიოდათ ცრემლები: მათთვის არ იყო ეს მხიარული ამბავი, მათთვის ეს იყო ტრაგიკული ავტობიოგრაფია, რომელსაც შორიდან უყურებდნენ... ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაკვეთილი აღმოჩნდა – გაკვეთილი იმისა, რომ მთავარი ის კი არ არის, რას თამაშობ ან რას დგამ, მთავარია, ვისთვის თამაშობ ან ვინ უნდა ნახოს ის სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორი დგამს.

შეთავსებით – სუფლიორი

გული მწყდება, რომ დოდო აბაშიძესთან, ამ შესანიშნავ მსახიობთან და მართლაც სამაგალითო ქართველ ვაჟკაცთან, მხოლოდ ერთხელ მომიხდა მუშაობა. ეს იყო ფილმში „დათა თუთაშხია”, სადაც დოდომ სეთურის როლი ითამაშა. დოდო ტიპური კინოარტისტი იყო. არ უყვარდა ტექსტის სწავლა, თავს კი იმით იმართლებდა, მეხსიერების ამბავი არ მაქვს მთლად კარგადო... სიზარმაცეს ვერც სეთურის ხათრით მოერია. რა უნდა მექნა? – დოდო ამ როლში მართლაც შეუცვლელი იყო და... მე თვითონ ვიკისრე სუფლიორის მოვალეობა. ამ სცენის გადაღების დროს თქვენი მონა-მორჩილი იდგა კადრს მიღმა და დოდოს ტექსტს ჰკარნახობდა. ერთხელაც დოდომ ვერ გაიგონა, რა ვუკარნახე, კისერი დაიგრძელა, ცალი თვალი მოჭუტა და ჩამეკითხა: „ჰა?“ - ეს იმდენად სახასიათო სცენა გამოვიდა, რომ კადრიდან ამოსაჭრელად ვერ გავიმეტე და დავტოვე. ეს ეპიზოდი, შეიძლება, ვინმეს უადგილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს დოდოსეული „ჰა?!“ ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კადრია... ერთი-ორჯერ ვნახე დოდო ჩხუბის დროს და იცით, რა დამემართა? იმ წუთებში ჩემ თვალწინ „ვეფხისტყაოსანი“ გაცოცხლდა და: თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავდა „კაცი კაცსა შემოსტყორცნა...“ დოდო აბაშიძე ჩემთვის იყო ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც, ის იყო ჩემთვის ქართველი გმირის განსახიერება – ფიზიკურად უძლიერესი კაცი ბავშვური სილაღით. ვერც ერთი „ოსკაროსანი“, რომელსაც ეს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიუღია, ვერ მივა დოდო აბაშიძის სოსანასთან, რომელიც მან ფილმში – „დიდი მწვანე ველი“ – განასახიერა. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ვნახე დოდო. ეს უზარმაზარი ვაჟკაცი თოჯინასავით დაპატარავებული იწვა სასთუმალზე, თუმცა, სენიცა და სიკვდილიც მხოლოდ ხორცზე ზეობს. ლეგენდები არც ავად ხდებიან და არც კვდებიან.

სამშობიაროს რიგში

ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გურანდას, დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. გურანდა გათხოვებიდან 7-8 წლის შემდეგ დაფეხმძიმდა და მშვენიერი გოგონაც გვაჩუქა. მაგრამ მის მშობიარობასთან დაკავშირებით ისეთი კურიოზის მოწმე გავხდი, რომ დღემდე მეცინება. ყველას კარგად მოეხსენება ჩვენი ოთარი რაოდენ ემოციური და ფეთქებადი ხასიათის კაცია. დადგა ნანატრი დღე და როგორც იქნა, გურანდას მუცელი ასტკივდა. გააქანეს, თურმე, საავადმყოფოში და დაასხა ოთარს ჭირის ოფლმა. ნერვიულობს, ღელავს, მხარდაჭერა სჭირდება და დამირეკა: გიგა, მიშველე, გურანდა წაიყვანესო. რა თქმა უნდა, წავედი. ვდგავართ მე და ოთარი სამშობიაროს ფანჯრების ქვეშ, ვცემთ ბოლთას, ვიყურებით საათზე, მაგრამ რად გინდა? ნანატრი ბავშვი არა და არ ჩნდება. უკვე ღამდება. ისევ გვესმის გურანდას ყვირილი. მე და ოთარი დაღლილობისა და ნერვიულობისგან ფეხზე ძლივსღა ვდგავართ. აცივდა კიდეც და გადავწყვიტეთ, მოსაცდელში დავმსხდარიყავით. ხუთი წუთის შესულებიც არ ვიყავით, რომ შემოვიდა ერთი ბიჭი, დაჯდა სკამზე და მშვიდი სახით იღიმება. სამიოდე წუთის შემდეგ, შემოდის მედდა. მე და ოთარს უკვე ერთმანეთის გულისცემაც კი გვესმის. მედდა ჩვენ თვალს გვარიდებს და იმ სამი წუთის წინ მოსულ ბიჭს ეუბნება: გილოცავთ, ბიჭი გყავთო! და უცებ იფეთქა ოთარმა: ქალბატონო, ბოლოს და ბოლოს, ვინ გგონივართ? მე დილიდან რიგში ვარ, ჯერ მე მოვედიო!.. ქალი გაოგნდა, ოთარი კი განაგრძობს: დილის აქეთ აქ ვდგავარ, ჯერ ჩემი რიგია, ეს ჩემს შემდეგ არ მოვიდაო?! თან, მე მიყურებს, უნდა დავუდასტურო, რომ ის ბიჭი ურიგოდ წავიდა... ძალიან სასაცილო იყო. ამაოდ ვცდილობდი, დამეშოშმინებინა – ჩემს მეგობარს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ოთარ მეღვინეთუხუცესი მთელი გულით ბრაზობდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი