საზოგადოება

როგორ შეაგროვა ლადო აფხაზავამ უკრაინის დასახმარებლად 700 000 დოლარი და რა საჩუქრები გამოუგზავნეს მას ორი გემით

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 28.06, 2022 წელი

ლადო აფხაზავა
დაკოპირებულია

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ, ქართველი თუ უცხოელი მასწავლებლების დახმარებით, უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 700 000 დოლარის შეგროვება მოახერხა.

ლადო აფხაზავა: მარტის თვეში, როდესაც ადამიანებმა საქართველოში აქტიურად დაიწყეს უკრაინელების დასახმარებლად თანხის შეგროვება, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებიდან მწერდნენ, თუ შეგიძლიათ დახმარებაო და რაც შემეძლო, იქნებოდა 100 თუ 80 ლარი, ვრიცხავდი, მაგრამ მინდოდა, ცოტა მეტი წვლილი შემეტანა ამ საქმეში, რადგან ძალიან მძიმედ მოქმედებდა იმის ხილვა, რაც უკრაინაში ხდებოდა. მაშინ ჩემს სამივე დას დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ უკრაინელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მინდოდა ფულის გადარიცხვა, გასაყიდი არაფერი მაქვს და მოდი, დედას ბეჭედს და ჩემს ჯილდოს, რომელიც გლობალზე გადმომცეს, გავყიდი-მეთქი, მეტი ძვირფასი მე არაფერი გამაჩნდა. ამ ნივთებისთვის ისეთი ფასის დადებაც არ მინდოდა, რომ არ გაყიდულიყო და 2 500 ლარი საკმარისი იქნება-მეთქი, გავაჟღერე ინფორმაცია.

– ორივე ნივთი განსაკუთრებით ძვირფასია, არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

– დედის ბეჭედთან მაინც უფრო ემოციური კავშირი მაქვს. სიკვდილის წინ მოიძრო, მომცა და მითხრა, მინდა, შენ გქონდეს სამახსოვროდო, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ დედას თმის ერთი ღერი დღემდე მაქვს შენახული. ბოლოს დედას ქიმიოთერაპიას ვუკეთებდით და თმა სცვიოდა. როცა გარდაიცვალა და მისი ლოგინი ავალაგეთ, ბალიშზე ეს თმის ღერი ვიპოვე და ვერ გადავაგდე, დღემდე ვინახავ. ბეჭედთან გამოთხოვება მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ამით დავიმშვიდე თავი. ინფორმაციის გაჟღერებიდან ძალიან მალე ადვოკატი ზვიად კორძაძე დაგვიკავშირდა, 2 500 ლარი ჩაგვირიცხა და გვითხრა, ეს ჯილდო და ბეჭედი თქვენთან დარჩება, როგორც ჩემი საჩუქარიო. ამ თანხის გარდა, ჩემმა მეგობრებმა თუ ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილმა სხვა მასწავლებლებმა კიდევ 3 000 ლარი ჩამირიცხეს და 5 500 ლარი შეგროვდა. ამასობაში აღნიშნულის შესახებ ჩემი ფეისბუკპოსტი უცხოელმა მასწავლებლებმა ნახეს. ეს ის პედაგოგები არიან, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილი. მათთვის გლობალის ჯილდო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო, მაგრამ დედის ბეჭედზეც რომ წაიკითხეს, ეს კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა. მაშინვე შემეხმიანა 15 მასწავლებელი და თანხის ჩასარიცხად ანგარიში მთხოვა. სპეციალური ანგარიშის შექმნაში კი ბანკი დამეხმარა, რათა თანხის ჩარიცხვა ნებისმიერი ქვეყნიდან ყოფილიყო შესაძლებელი და პირველად რომ შევამოწმეთ ანგარიში, მასზე ნახევარი მილიონი დოლარი იყო. ენა ჩაგვივარდა. ნახევარი მილიონი კი არა, 50 ათასზეც ვერ ვიფიქრებდი. სულ მალე უკვე 700 000 ათასი დოლარი გახდა და მართლა გაოგნებული ვიყავით. ვერ ვიჯერებდით, რომ ეს შესაძლებელი იყო. საბედნიეროდ, ეს თანხა ძალიან კარგ ხელში მოხვდა და როგორც ვიცი, სხვადასხვა საჭიროებისამებრ იხარჯება. გარკვეული ოდენობა კიდევ არის დარჩენილი. ამხელა თანხა რომ შეგროვდა, მე აღარ დამიწერია სოციალურ ქსელში, მაგრამ განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ გაიგო ამის შესახებ და მან დაწერა სტატუსი, რასაც ამ თემის ხელმეორედ გააქტიურება მოჰყვა. უკრაინელებმაც ყველაფერი გაიგეს და დამიკავშირდნენ. სულ ახლახან მქონდა ჩართვა უკრაინულ ტელევიზიაში, რაც საკმაოდ ემოციური გამოვიდა. საერთოდ, ვცდილობ, ჩემი მოსწავლეებისთვის ისეთი როლი შევასრულო, რომელიც მათთვისაც მისაღები და სასურველი იქნება. მინდა, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ ცხოვრება რთულიც არის და მეტად მნიშვნელოვანია, წაქცევის შემდეგ, როცა ფიქრობ, რომ არაფერი გამოგივა, ადგომა სცადო და შრომითა და უკან დახევის გარეშე, წარმატებულ შედეგს მიაღწიო. ცხოვრებაში მეც მგონებია, რომ ყველაფერი დასრულდა და სწორედ იმ დროს დაწყებულა ყველაფერი. მეც არ ვიცი უკან დახევა, ყოველთვის წინ მივდივარ, იმის მიუხედავად, შეიძლება, გულის კუნჭულში ვფიქრობდე, რომ არ გამომივა.

– ძალიან ბევრს დახმარებიხართ და არა მხოლოდ ამ ნაბიჯით. როცა თვითონ დაგჭირვებიათ დახმარება, გაგმართლებიათ ადამიანებში?

– „ლადოს ბანაკის“ დაფუძნებიდან მეშვიდე წელს ბავშვები მიმყავდა ბანაკში და მახსოვს, ძალიან ახლობელმა მითხრა, ხანდახან შენ ფულსაც რომ იღებ და ბავშვებს ახმარ, არ გინდა, ნუ ხარ ასეთი ხელგაშლილი, არ არის საჭირო ოთხჯერადი კვება, სამჯერადი და ნორმალურიც საკმარისია და შენი ფულის დახარჯვის ნაცვლად, ამდენი შრომის სანაცვლოდ, ასი ლარი მაინც რომ დაგრჩეს, კარგი იქნებაო. ასეთ დროს რაღაც მართლა გძლევს და ფიქრობ, იქნებ მართლა დამრჩეს ეს ასი ლარი?! მაგრამ ძალიან გულწრფელად გეტყვით, ასი ლარის მორჩენა კი არა, ყველაზე მეტი სწორედ მაშინ დავხარჯე. ზუსტად იმ ზაფხულს 400 ლარი ჩემი დავამატე და მთელი ჩემი შვებულების თანხა იქ დავხარჯე. მაშინ ვთქვი, რომ არასდროს უნდა ვიყო გამორჩენაზე. როცა სიკეთეს აკეთებ, მის უკან დაბრუნებაზე არ უნდა იფიქრო. მშობლები მადლობას რომ მიხდიან, მაშინაც კი მრცხვენია ხოლმე. უკრაინაში რომ ეს თანხა გადავრიცხეთ, ისევ ჩვენს სეკულენტებზე დავიწყეთ ზრუნვა, ათასობით მცენარე გავყიდეთ ევროპაში და თანხის გამოგზავნა აღარ მოვითხოვეთ. იცით რა მოხდა ამის შემდეგ? ორი გემი ჩამოგვივიდა, ერთი საჩუქრებით, რბილი სათამაშოებით და საკანცელარიო ნივთებით იყო სავსე, რომელიც ხუთას მოსწავლეს დავურიგეთ და მეორე გემზე ერთი ტონა ტანსაცმელი იყო. სახლში, აივანზე, ეზოში, ყველგან ეს ტანსაცმელი მქონდა გაფენილი და რიგრიგობით მოგვყავდა მშობლები სხვადასხვა სკოლიდან, რომ წაეღოთ შვილებისთვის და საბედნიეროდ, ძალიან ბევრ ბავშვს დავეხმარეთ. მე, როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, რაც შემეძლო, ის გავაკეთე. თუმცა მერე მეტი მომთხოვეს – უკრაინაში რომ ამხელა თანხა გადარიცხე, ქართველი ბავშვები ცოდოები არ არიან, მათ რატომ არ დაეხმარეო? ცოტა არ იყოს უხერხულია, უცხოელ მასწავლებლებს უთხრა, ნახევარი თანხა უკრაინის ფონდში გადარიცხეთ და ნახევარი მე გადმომირიცხეთ, რომ ქართველ ბავშვებსაც დავეხმაროო. ზოგმა ვერ ან არ გაიგო, რომ ეს თანხა მე ჩემი ჯიბიდან არ ამომიღია, უბრალოდ, ორგანიზება მოხდა ჩემ მიერ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი