საზოგადოება

როგორ სძლია ქართველმა გენერალმა მასზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს და როგორ აიყვანა მან ტყვედ 600 ჯარისკაცი

№32

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 16.08, 2022 წელი

ზაქარია ბაქრაძე
დაკოპირებულია

„გენერალი ბაქრაძე იყო ყველაზე მეტი ორდენების კავალერი მხოლოდ ქართველებს შორის კი არა, საერთოდ იმათ შორის, ვინც მე შემხვედრია“, – ქართველი გენერლის ეს მოკლე დახასიათება ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილ პოლკოვნიკსა და 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე ინგლისის მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელს, ასევე ქართველს, მერაბ კვიტაშვილს.

გენერალი ბაქრაძე კი, რომელსაც ის ამ სიტყვებით შეამკობს, ქართველი ერისთვის მართლაც საამაყო ადამიანი გახლდათ.

ზაქარია ბაქრაძე 1868 წლის 22 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სოფელ ხაშმში, ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აზნაურ დიმიტრი ბაქრაძის ოჯახში დაიბადა. ზაქარიამ დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი მოსკოვში და ასევე, გენერალური შტაბის აკადემია.

მან ჯერ კიდევ 1894 წლის აგვისტოში, პოდპორუჩიკის წოდებით, აღმოსავლეთ ციმბირის ქვეითთა პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.

1898 წლის ივნისიდან მეთაურობდა ლიუშენში დისლოცირებულ აღმოსავლეთ ციმბირის მე-12 ქვეითთა პოლკში პირველ ასეულს.

1900 წლის მაის-ნოემბრში მონაწილეობდა იაპონურ ძალებთან ბრძოლებში და ლიაოიანთან ფეხშიც დაიჭრა.

იგი 1900-1901 წლებში მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში ჩინეთში. 1901 წლის 1 მაისიდან მსახურობდა ლიუშენში დისლოცირებულ აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 ქვეითთა პოლკში და მეთაურობდა ცხენოსნების რაზმს.

1904 წლის 28 იანვრიდან კი ვლადივოსტოკის მე-3 ქვეითთა პოლკის მეთაურია.

1904-1905 წლებში, რუსეთ იაპონიის ომის დროს, ზაქარია ბაქრაძე მონაწილეობდა პორტ-არტურის სიმაგრის დაცვაში, ტიურეჩენის, თხაოიანის, ლიანდიანსანის, ლაოიანის, მუკდენისა და იანზელინის უღელტეხილთან წარმოებულ ბრძოლებში.

1905 წლის დეკემბრიდან იგი აღმოსავლეთ ციმბირის მე-3 ქვეითი დივიზიის პირველ მეტყვიამფრქვევეთა ასეულს მეთაურობს.

1907 წლის თებერვლიდან კი აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 ქვეით პოლკში დაბრუნდა მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფის მეთაურად.

1908 წლის ივლისიდან ბატალიონის მეთაურია, 1912 წლის 21 მაისიდან 1913 წლის 4 იანვრამდე კი – საპოლკო სასამართლოს მეთაური. 1914 წელს 54-ე მინსკის ქვეით პოლკში გადაიყვანეს.

1914-1918 წლებში ზაქარია ბაქრაძე აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ქალაქ ლვოვის ბრძოლების დროს გამოჩენილი ვაჟკაცური ქცევის გამო 1914 წლის 31 დეკემბერს მთავარსარდლმა იგი პოლკოვნიკის სამხედრო წოდებითა და ოქროს იარაღით დააჯილდოვა.

ბრუსილოვის გარღვევის დროს ზაკლიჩინთან დუნაიცეზე ბრძოლაში, მან: „ელვისებური შეტევით სძლია მასზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს და აიძულა, გაქცეულიყო ბრძოლის ველიდან. ტყვედ აიყვანა ავსტრიელი ბრიგადის მეთაური, 10 ოფიცერი, 600 ჯარისკაცი და ხელთ იგდო 4 ტყვიამფრქვევი“.

ამ ბრძოლის შემდეგ ის დაჯილდოვდა „წმიდა გიორგის“ მეოთხე და მესამე ხარისხის ორდენებით. აღსანიშნავია, რომ წმიდა გიორგის ორდენით დაჯილდოება მეფის რუსეთში ძალიან იშვიათი მოვლენა იყო.

გარდა „წმიდა გიორგის“ ორდენისა, ზაქარია ბაქრაძეს მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერიის შემდეგი ორდენები: „წმიდა სტანისლავის“ მესამე (მახვილებითა და ბაფთით, 1900 წელს) და მეორე (მახვილებით) ხარისხის ორდენები, „წმიდა ვლდიმერის“ მეორე ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით), „წმიდა ანას“ მესამე (მახვილებითა და ბაფთით, 1901 წელს) და მეორე ხარისხის (მახვილებით, 1905 წელს) ორდენები.

პირველ მსოფლიო ომში ზაქარია ბაქრაძე ავსტრიელებმა დაატყვევეს. თუმცა, 1918 წლის 12 აპრილს ის სახლში დაბრუნდა და სამხედრო სამსახურიდან გადადგა. მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყლიბების შემდეგ ქართულ ეროვნულ არმიას შეუერთდა და თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მსახურებდა. სამხედრო მინისტრის 1918 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, ზაქარია დაინიშნა მოხალისეთა პოლკის მეთაურად. 1921 წლის თებერვალსა და მარტში მონაწილეობდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ზაქარია ბაქრაძე ემიგრაციაში წავიდა. 1922 წლის ნოემბერში ის პოლონეთში გადავიდა და 1923 წლის 13 თებერვლიდან ქალაქ რემბერტოვოს ექსპერიმენტულ სასწავლო ცენტრში პოლკის სამეთაურო კურსები გაიარა. ამის შემდეგ ქალაქ ტორუნუს იარაღის ცენტრალურ სკოლაში გადიოდა ქვეითთა და არტილერიის სამეთაურო კურსებს. სავალდებულო პრაქტიკის დასრულების შემდეგ 1926 წლის სექტემბრიდან 1931 წლის 30 ივნისამდე მსახურობდა მე-15 ქვეითთა დივიზიაში, სადაც იყო ქვეითთა მეთაური, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ქალაქ ბიდგოშჩში ცხოვრობდა.

იგი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. გენერალ ზაქარია ბაქრაძეს ბიდგოშჩის თეატრის მოედანზე საფოსტო ფურგონი დაეჯახა და 1938 წლის 3 დეკემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ბიდგოშჩში, მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალეს. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს სასაფლაო განადგურდა, ცხედრები კი კცინსკის ქუჩაზე მდებარე, ასევე სხვა სასაფლაოებზე გადაასვენეს.

ზაქარია ბაქრაძე დაქორწინებული იყო რუსეთის არმიის კაპიტნის ქალიშვილ ანა ამაშუკელზე. მათ ორი ქალიშვილი – ნატალია და კირა ჰყავდათ. ზაქარიას ოჯახი ემიგრაციაში არ წაუყვანია, ისინი საქართველოში დატოვა.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბიბლიოთეკა; გრიშიკაშვილი ამბროსი. ქართველები პოლონეთში; გოგიტიძე მამუკა, ბეჟიტაშვილი გიორგი. სამხედრო ფიცის ერთგულნი (ბიოგრაფიული ცნობარი), „ვიკიპედია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი