საზოგადოება

როგორ მოიშორეს სპირიდონ კედია საქართველოდან

№52

ავტორი: ეკა პატარაია 22:00 30.12, 2020 წელი

სპირიდონ კედია
დაკოპირებულია

„როგორც ემიგრანტი, ევროპაში წავედი, იქიდან დავბრუნდი 1914 წელს, ამავე წლის მარტში დამიჭირეს პეტროგრადში, ბრალი მედებოდა ცარიზმის წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედების წარმოებაში, თავი გავითავისუფლე იმავე წელს. ზაფხულზე სამშობლოში დავბრუნდი, სადაც შევუდექი არსებულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას, შემდეგ ჩემი პირდაპირი მონაწილეობით ვსცემდი ახალ ყოველთვიურ ორგანოს. 

ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრებამდე საქართველოში ვიყავი დამფუძნებელი კრების, წინათ საქართველოს პარლამენტის წევრი. წამოყენებული ბრალდების საპასუხოდ ვაცხადებ კატეგორიულად, რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არ მიმოქმედნია არც კალმით, არც სიტყვით და არც სხვა ღონისძიებით. პარტია და მისი ცენტრალური კომიტეტი დარჩა გაუქმებულად, რაკი ლეგალური მუშაობის შესაძლებლობას სპობდა დამყარებული ხელისუფლება და ვაცხადებ გადაჭრით, რომ არც პარტიას და არც ცენტრალურ კომიტეტს არ გადაუდგამს არავითარი აქტიური ნაბიჯი არც მიწისქვეშა და არც სხვა სახით. ამის პასუხისმგებელი ვარ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რომელმაც გაიარა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან ჩვენი დაპატიმრების დღემდე. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურია,” – ეს გახლავთ ნაწყვეტი დაკითხვის ოქმიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და რომელიც „საქართველოს ოქროპირად“ წოდებულ სპირიდონ კედიას ეკუთვნის.

სპირიდონ კედია იმ ასობით ემიგრანტთა რიცხვშია, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით, მეოცე საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სოციალისტურმა ძალებმა გაიმარჯვეს, არჩეულ დამფუძნებელ კრებაზეც უმრავლესობა სწორედ მათ მოიპოვეს. ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, ეროვნულ-დემოკრატები კი, რომლებიც ჯანსაღ, ეროვნულ, ქართულ პოლიტიკას მიზანმიმართულად ატარებდნენ, უმცირესობაში აღმოჩნდნენ… ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას მხოლოდ რვა ადგილი ერგო, რომლის ერთ-ერთ წევრი სწორედ სპირიდონ კედია იყო.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია თავიდანვე ოპოზიციაში ჩაუდგა მმართველ ძალას და ბოლომდე ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეალების ერთგული დარჩა. ამ მემარჯვენე ოპოზიციურ ფრაქციას მოგვიანებით სპირიდონ კედია ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ, რაც 1921 წლის თებერვალ-მარტში „წითელმა რუსეთმა“ დაიპყრო საქართველო და მის გაწითლება-დამორჩილებას შეეცადა, მენშევიკური მთავრობა საფრანგეთს შეეხიზნა. საქართველოში დარჩა ხალხი, ვისაც ბოლშევიკური რუსეთი უფროს ძმად, მხსნელად მიაჩნდა და დარჩა ხალხი, ვისაც არ შეეძლო სამშობლო ბედის ანაბარა მიეტოვებინა, მტრის ხელში ჩაეგდო, არ შეეგუა არსებულ სინამდვილეს და სიცოცხლის მთავარ მიზნად ქვეყნის გათავისუფლება დაისახა…

საარქივო მასალების მიხედვით, შეიქმნა საგანგებო კომისია (ფკ), სახელმწიფო პოლიტსამმართველო (დოს), შინსახკომი (ნკგე), რომლის ჯალათები გასაქანს არ აძლევდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. ასე დაიჭირეს 1922 წლის 12 თებერვალს სპირიდონ კედია.
…სპირიდონ კედია დაიბადა 1884 წლის 20 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში. ხუთწლიანი რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ მან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. ქუთაისში სპირიდონი პატრიოტი პედაგოგის – იოსებ ოცხელის ოჯახში ცხოვრობდა, რამაც დიდი გავლენა იქონია მისი, როგორც სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანის ჩამოყალიბებაზე. 1905 წლის რევოლუციის დროს მონაწილეობდა მიტინგებში, რის გამოც მისი დევნა დაიწყო. ის იძულებული გახდა, ჯერ სვანეთისთვის, შემდეგ კი პარიზისთვის შეეფარებინა თავი. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დარგზე. დიპლომი სამხრეთ საფრანგეთში აიღო. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საქართველოში სხვისი პასპორტით ბრუნდებოდა, მაგრამ პეტერბურგში დააკავეს და მხოლოდ ქართველი გენერლის, ნაკაშიძის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

საბჭოთა ხელისუფლების ძალით დამკვიდრების შემდეგ სპირიდონი ემიგრაციაში არ წასულა. ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა სწორედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც არალეგალური, მიწისქვეშა საქმიანობა შეითვისა. სპირიდონ კედიამ შემოიკრიბა პატრიოტი მებრძოლები – ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ბიძინა პირველი, მიხეილ გვალია. წითელი არმიის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად 1922 წლის 11 თებერვალს თბილისში განზრახული ჰქონდათ მასობრივი ანტისაბჭოთა საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობა. გამოუშვეს ბროშურები, პროკლამაციები, რაც, რა თქმა უნდა, გაუგებარი არ დარჩენიათ „ჩეკას“ ჯალათებს და ორდერი N2464-ც გამოიწერა. გამოიწერა და მეორე დღესვე დააპატიმრეს. მასალის დასაწყისში შემოთავაზებული ჩვენება „ჩეკას“ ჯალათებს სპირიდონ კედიამ სწორედ მაშინ მისცა. სპირიდონ კედია ექვსი თვით ჯერ მეტეხის ციხეში, შემდეგი ექვსი თვე კი საგუბერნიო ციხეში იჯდა.
გამასწორებელ სახლთა საავადმყოფოში ექიმთა მთელმა კომისიამ გასინჯა და შეადგინა აქტი მისი ჯანმრთელობის შესახებ. სხვადასხვა ორგანული დეფექტების ჩამოთვლის შემდეგ კომისიამ დაასკვნა სპეციალური წამლობის საჭიროება, რომელსაც ციხის საავადმყოფო ვერავითარ შემთხვევაში ვერ აღმოუჩენდა.
ჩემი მეუღლის ჯანმრთელობა უარესდება და საშიშ ხასიათს იღებს, საჭიროა სწრაფი და სერიოზული წამლობა, ამიტომ გთხოვთ, მისცეთ ამის საშუალება და დართოთ ნება საზღვარგარეთ გასვლისა, მით უმეტეს, რომ თქვენს პრაქტიკაში უკვე იყო იზოლაციის წესით დაპატიმრებულთათვის საზღვარგარეთ გასვლის ნებართვის პრეცედენტები და რუსეთშიაც ამგვარ ადმინისტრაციულ ღონისძიებას თითქმის სისტემის ხასიათი მიეცა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შუამდგომლობაც დაკმაყოფილებული იქმნება,” – ასეთია სპირიდინ კედიას მეუღლის განცხადების მოკლე შინაარსი.
ბოლოს, როგორც იქნა, სპირიდონ კედიას მისცეს საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც ეწერა: „გთხოვთ მთავრობის წარმომადგენელთ, რომელთაც დავალებული აქვთ წესიერების დაცვა, თავისუფალი გზა მისცენ ბატონ სპირიდონ კედიას (მეუღლითურთ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც სცხოვრობს საქართველოში და მიემგზავრება უცხოეთს...” – ასე მოიშორეს სპირიდონ კედია საქართველოდან. შსს-ს არქივის მასალებით ირკვევა, რომ სამშობლოდან გადახვეწილი სპირიდონ კედია მაინც განაგრძობდა პოლიტიკურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. რაც შეეხება სპირიდონ კედიას საარსებო წყაროს, ჰქონდა „საპკურებელ სურნელებათა პატარა ლაბორატორია“, რომელშიც ამზადებდა სურნელოვან ესენციებს გიორგი მაჩაბლის სახელგანთქმული პარფიუმერიული ფირმისთვის, ცხოვრობდა ოჯახით ამ ფირმის კუთვნილ სახლში, პარიზის სამხრეთ-დასავლეთ უბანში, პატარა ქალაქ კალმარში. აქვე გარდაიცვალა 1948 წელს. დარჩა მეუღლე – ულამაზესი ქალბატონი, ქართული გიმნაზიის ყოფილი გამგე, იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების მუზა სოფიო ჩიჯავაძე და ქალიშვილი თეონა კედია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი