საზოგადოება

როგორ იხსნა შალვა ქარუმიძის ყალბმა გეგმამ საქართველო აოხრებისგან და როგორ გახდა ის უდიდესი აფერას შემოქმედი

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 18.01, 2022 წელი

შალვა ქარუმიძე
დაკოპირებულია

შალვა ქარუმიძე 1885 წელს, გორის სოფელ თორტიზაში დაიბადა. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. თბილისში დაბრუნების შემდეგ გაწევრიანდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩაება.

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, საქართველო ოსმალეთის ჯარების შემოსევის საფრთხის წინაშე დადგა. მაშინ ქართველები და რუსები მოკავშირეები იყვნენ. კავკასიის ფრონტის სარდლის მოადგილე, გენერალი მიშლიაევსკი თბილისში ჩამოვიდა და აქაურ პოლიტიკურ ელიტას გაუგონარი სცენარი შესთავაზა – ეგრეთ წოდებული, „გადამწვარი მიწის“ სტრატეგია. ოსმალები მაინც შემოიჭრებიან და აგვაოხრებენ, ამიტომ სარგებელი რომ არავის შეხვდეს, თავად ავაფეთქოთ თბილისი და საქართველოს სხვა ყველა დიდი ქალაქი, გადავწვათ ტყეები, ბაღები და ვენახები, ქართველები რუსეთში გადავასახლოთ, ხოლო შემოსეულ თურქებს არაფერი დავუტოვოთ ნაცრისა და ნანგრევების გარდაო. მიშლიაევსკის ბრძანება ქართველ თავად-აზნაურთა შეკრებაზე გენერალმა კოტე აფხაზმა წაიკითხა. ბრძანების შინაარსმა შეკრების მონაწილეები დროებით დაადუმა, ზოგს ორჭოფობაც დაეტყო. კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა მოულოდნელად დარბაზში შემოჭრილი შალვა ქარუმიძე, რომელმაც შეჰყვირა, ყველა გასასვლელ კართან ყუმბარიანი ჯარისკაცები მყავს ჩაყენებული და ვინც საქართველოს აოხრების გეგმას ხმას მისცემს, აქვე ყველას აგაფეთქებთო. ქარუმიძის სიცრუემ გაჭრა და გეგმა ჩავარდა.

შალვა ქარუმიძე ყველაზე რთული დავალების შესრულებას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდა. მისი ერთადერთი მიზანი სამშობლოსთვის თავისუფლების დაბრუნება იყო.

1917 წელს გერმანიის პოლიტიკურ წრეებთან კავშირის დასამყარებლად შალვა ქარუმიძე საქართველოდან სტოკჰოლმში ჩავიდა, სადაც შეხვდა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ წევრებს, ბერლინიდან ჩასულ გიორგი მაჩაბელსა და მიხეილ წერეთელს. მათ შეიმუშავეს გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღის შემოტანის გეგმა და განახორციელეს კიდეც.

1918–1921 წლებში შალვა ქარუმიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში. იყო დამფუძნებელი კრების წევრი, მისი ხელმოწერა ამშვენებს 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

1924 წელს, ამბოხებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა ახალი საფეიქრო ტექნიკა-დანადგარების ჩამოსატანად. სტამბოლში ყოფნისას გაიგო აჯანყების დამარცხებისა და მისი ძმის, საშას დახვრეტის ამბავი. იგი გერმანიაში გადავიდა და აქტიურად ჩაერთო ანტისაბჭოთა საქმიანობაში.

ეროვნულ-დემოკრატებმა – კედიამ, ქარუმიძემ, სადათიერაშვილმა და სხვებმა გერმანელ ნაციონალისტებთან ერთად საბჭოთა ეკონომიკის დასასუსტებლად ყალბი საბჭოთა ფულის ბეჭდვა გადაწყვიტეს. შალვა ქარუმიძე ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წლებში თანამშრომლობდა გერმანელებთან, შემდეგ კი ვასილ სადათიერაშვილის დახმარებით გაეცნო გერმანელ მაღალჩინოსნებს. თავად სადათიერაშვილი თეთრგვარდიელ გენერალ ავალოვ-ბერმონდტთან (ავალიშვილთან) პირად მდივნად მუშაობდა.

ყალბი „ჩერვონეცების“ აქციის კურსში გერმანიის მმართველი წრეებიც იყვნენ – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთ-ერთი უდიდესი „დრეზდენერ ბანკი“, გერმანული არმიის ყოფილი სარდალი, ბარონი ფრიდრიხ ზიგმუნდ კრეს ფონ კრესენშტაინი და კაპიტანი ჰერმან ერჰარდტი – ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომელმაც დახმარების მიზნით, ქარუმიძესთან, მიუნხენში მიავლინა საერთაშორისო ავანტიურისტი ჯორჯ ბელი, ამგვარ საქმეთა დიდოსტატი.

უკვე 1926 წლის შემოდგომაზე მიუნხენში, შნაიდერის სტამბაში ოთხეულმა – ქარუმიძემ, სადათიერაშვილმა, ვებერმა და ბელმა – დაამზადა ყალბი „ჩერვონეცების“ პირველი პარტია – 15 ათასი ცალი ერთ, ორ და ათ „ჩერვონეციანი“ ნიშნები. მალე „საქმე“ გადატანილ იქნა მაინის ფრანკფურტში, ბიოლეს სტამბაში, სადაც მან ფართო ხასიათი შეიძინა და მილიონებს დაუახლოვდა.

1927 წლის ზაფხულში გერმანიის სათანადო ორგანოებმა მიიღეს მრავალი შეტყობინება ყალბი ჩერვონეცების შესახებ. ყალბი ფულის მოჭრით მხოლოდ საბჭოთა კავშირი რომ დაზარალებულიყო, საქმე, ალბათ, ჩაიფარცხებოდა, მაგრამ ამ ფაქტმა მატერიალურად დააზარალა გერმანელი მეანაბრეები და ბანკები. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციაში მიხვდნენ, რომ ამ აფერას საერთაშორისო საფუძველი ედო და რომ ყალბი ფულის მჭრელების უკან სხვა პირები იდგნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1930 წლის 8 თებერვალს ბეკერი, ბელი და შმიდტი გაამართლეს, ქარუმიძის, სადათიერაშვილისა და დოქტორ ვებერის წინააღმდეგ აღძრული საქმე ამნისტიის გამო შეწყვიტეს და ერთადერთი ბრძანება დაპატიმრების შესახებ გააუქმეს. სასამართლო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირისთვის სილის გაწნა იყო. ეს ნიშნავდა, რომ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, დაუსჯელი დარჩებოდა. საბჭოთა სასამართლო პროცესზე კი შალვა ქარუმიძეს დაუსწრებლად დახვრეტა მიესაჯა.

საბჭოთა მთავრობა ამ შეურაცხყოფას უყურადღებოდ არ დატოვებდა. განხორციელდა სათანადო დიპლომატიური ღონისძიებები. ამავე დროს წარმოიშვა გერმანიის ხელისუფლებისათვის უფრო სერიოზული მნიშვნელობის ფაქტორი – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. გერმანიის ბურჟუაზიამ სწრაფად გააცნობიერა თუ რა ეკონომიკური შედეგები შეიძლება, მოჰყოლოდა საბჭოთა კავშირთან პოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებას. ამან განაპირობა 1930 წლის ზაფხულში სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა. ქარუმიძეს მიუსაჯეს ორი წელი და ათი თვე, სადათიერაშვილს – ორი წელი, შმიდტი და ბელი მცირეოდენი თანხით დააჯარიმეს. სადათიერაშვილს წინასწარ პატიმრობა სასჯელის მოხდაში ჩაუთვალეს და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ქარუმიძე კი ამ დროს შვეიცარიაში ცხოვრობდა. ასე რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. თვალავაძე, მაია. ყალბი ჩერვონეცები // საქართველოს რესპუბლიკა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი