საზოგადოება

როგორ „იყარა ჯავრი“ მოწინააღმდეგეზე კახი ასანიძემ

№45

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 14.11, 2022 წელი

კახი ასანიძე
დაკოპირებულია

სამი ჩემპიონი ერთი ოჯახიდან. ასანიძეების ოჯახმა კიდევ ერთხელ მისცა საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე თავის გამოჩენის საშუალება. ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის – გიორგი ასანიძის შვილები, კახი და საბა ასანიძეები, ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

კახი ასანიძე: მინდოდა, ყველა დავალება შემესრულებინა, რასაც მწვრთნელი მომცემდა. მედალს თუ ავიღებდი, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ასეც რომ არ მომხდარიყო, თუ მწვრთნელის დავალებებს შევასრულებდი, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი. გულის სიღრმეში ოქროზეც ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, მინდოდა, ასეთი წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ რასაც ჩემთვის ღმერთი ინებებდა, იმისთვის მადლობელი ვიქნებოდი.

– შეჯიბრებაზე თავიდანვე ყველაფერი კარგად წავიდა?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ოქროს ავიღებდი, მაგრამ გარკვეული მოლოდინი მქონდა. იმ წონამდე რომ მივედი, რომელიც ოქროს მომაპოვებინებდა, მის აწევაში მთელი ძალა და ენერგია ჩავდე. ემოციების ზღვა იყო, ნახევარი პროცესი არც მახსოვს (იცინის). როცა შეჯიბრებიდან გამოვდივარ, მართლა არაფერი მახსოვს. პირველი საათები – მით უმეტეს. მერე, რომ ვმშვიდდები, ნელ-ნელა ვიხსენებ, რა მოხდა და როგორ (იცინის).

– ამდენ ადამიანს რომ შენი წარმატება უხარია და შენით ასე ამაყობენ, ალბათ ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

– როცა გავდიოდი, ზუსტად ამაზე ვფიქრობდი. ამდენი ადამიანი მგულშემატკივრობდა და ძალიან მინდოდა, ჩემი წარმატებით გამეხარებინა. ასეთ მომენტში, ალბათ, ეს მაძლიერებს. პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია. მწვრთნელებს, ექიმებს, მე – ყველას ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული ამა თუ იმ შედეგში და მიხარია, რომ მათაც და საკუთარ თავსაც ეს შრომა დავუფასე.

– როგორი კონკურენცია იყო?

– უმაღლესი. კონკურენცია მართლა ძალიან დიდი იყო და ასეთი კონკურენციის პირობებში რომ გამარჯვება შევძელი, ალბათ, ზუსტად ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. პოლონელი და გერმანელი კონკურენტები მყავდა, ძალიან კარგი სპორტსმენები. მახსოვს, 2021 წელს მომიგო ევროპის ჩემპიონატზე პოლონელმა და მინდოდა, მასზე ჯავრი მეყარა (იცინის). რევანშის სახით იყო ჩემი გამარჯვება. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მომეცა შანსი, რომ მეტი წონა ამეწია, არადა, მინდოდა, ბევრად მეტი შედეგი დამეფიქსირებინა. სანამ შეჯიბრებაზე ჩამოვიდოდით, პატარ-პატარა ტრავმებმა იჩინა თავი. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ.

– რა ტრავმას გულისხმობ და როგორ აისახება მსგავსი შემთხვევა, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასეთი საპასუხისმგებლო ასპარეზობის წინ?

– სანამ შეჯიბრებაზე ჩამოვდივარ, მანამდე უფრო ვნერვიულობ. მინდა, შეჯიბრებამდე ტრავმის გარეშე მივიდე. ამ შემთხვევაში მუხლების დაზიანება მქონდა, მენისკზე შემექმნა პრობლემა. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, როცა აქ ჩამოდიხარ, არანაირ ტკივილზე აღარ ფიქრობ, მხოლოდ ის გინდა, მიხვიდე და შტანგა ასწიო.

– ასანიძეების წარმატება ამით არ დასრულებულა. თქვენი ძმა – საბა ასანიძეც ევროპის ჩემპიონი გახდა. ორ დღეში ორი ჩემპიონი შეიძინა თქვენმა ოჯახმა და საქართველომ. ძმის გულშემატკივრობა, ალბათ, კიდევ უფრო ემოციურია.

– დიახ, სიმართლე გითხრათ, ჩემი ძმის შეჯიბრებაზე უფრო მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე ჩემსაზე. მასში დარწმუნებული ვიყავი, ვიცოდი, რომ კარგი შედეგი ექნებოდა, მაგრამ როცა აკვრის მოძრაობა დაიწყო, ყველაფერი ძალიან აირია და ორმაგად ავნერვიულდი. თუმცა, აკვრაში 182 კილოგრამის დაფიქსირება მაინც მოახერხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ალბათ, ასე საკუთარი გამარჯვება არ გამხარებია. ვერ ვმალავდი ემოციებს (იცინის). ანალოგიურად იყო ისიც, როცა საქმე მე მეხებოდა.

– მამა – გიორგი ასანიძე, ორივე შვილი რომ ჩემპიონი გახდა, ალბათ, დიდ ემოციებში იყო. გამოხატავს ხოლმე სიხარულს?

– რა თქმა უნდა, გაუხარდა ჩვენი წარმატება, მაგრამ ამ სიხარულს ჩვენ ნაკლებად გვაჩვენებს. არ არის ძალიან ემოციური და ალბათ, მაინც მალავს.

– ასეთი წარმატების შემდეგაც აქვს ხოლმე შენიშვნები?

– რა თქმა უნდა. ევროპის ჩემპიონატზე გარკვეული შეცდომები მართლა დავუშვი, ეს ვიცი და არც მას გამოჰპარვია. შეცდომებს რომ ვუშვებ, ამასაც მეუბნება და იმასაც, რა იყო კარგი.

– რას ნიშნავს, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონის შვილი ხარ, ადამიანის, რომლის პირადი თუ მის სხვადასხვა სპორტსმენთან მუშაობის შედეგად მიღწეული წარმატებებით არაერთხელ გვიამაყია.

– რა თქმა უნდა, ეს ძალიან საამაყოა. მამა უფრო მეტად ჩემი და ჩემი ძმის მიმართ არის მომთხოვნი, ზუსტად იმიტომ, რომ მისი შვილები ვართ. ამის გამო არანაირი შეღავათები არ გვაქვს. როდესაც დარბაზში შევდივართ, არანაირი მამაშვილობა არ არსებობს, იქ მხოლოდ მწვრთნელი და მოსწავლეები ვართ.

მისი გამარჯვებების პერიოდში მე საკმაოდ პატარა ვიყავი. ის პერიოდი კარგად არ მახსოვს, თუმცა მისი დამსახურებით, შტანგისადმი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. მინდოდა, შტანგისტი ვყოფილიყავი, მაგრამ სხვათა შორის, სულ ასე არ ყოფილა. თავიდან ფეხბურთი ავირჩიე და ვთამაშობდი. მერე მივხვდი, რომ არ იყო ფეხბურთი ჩემი საქმე და 14 წლიდან შტანგაზე გადმოვერთე, ვარჯიში დავიწყე და აღარ გავჩერებულვარ.

– საკმაოდ გვიან ასაკად ითვლება, არა?

– კი, მაგალითად, ჩემმა ძმამ 7 წლიდან დაიწყო. რაც ადრე დაიწყებ, მით უკეთესია. თავიდანვე შტანგას არავინ აგაწევინებს, აქ ძალიან ბევრი ნიუანსია. გაწელვებითა და სხვა ფიზიკური აქტივობებით იწყებ, როცა წამოიზრდები და შენი სხეული მზად იქნება ამისთვის, შტანგაზე მერე გადადიხარ.

– ფეხბურთზე რატომ თქვით უარი?

– 12 წლის ვიყავი, როცა ჩემი გუნდი დაიშალა. მაშინ შტანგასთან დაკავშირებით გეგმები არ მქონდა, მაგრამ სახლში გვქონდა პატარა შტანგა და მე და ჩემი ძმა იმით ვვარჯიშობდით. ამიტომ მოძრაობები ვიცოდი და შემდეგში ეს დამეხმარა მარტივად ამეღო ალღო.

– მამას არ ჰქონდა მცდელობა თავიდანვე ამით დაეინტერესებინეთ?

– მამასთვის არ იყო აუცილებელი, მაინცდამაინც შტანგისტი გამხდარიყავი. თუმცა, იმით ნამდვილად იყო დაინტერესებული, რომ სპორტს გავყოლოდით. რადგან მე ფეხბურთი მიყვარდა, თავიდან შესაბამისი არჩევანი გავაკეთე. ჩემი მეგობრების წრეც ფეხბურთთან იყო დაკავშირებული და ამანაც იმოქმედა, მაგრამ როცა მას თავი დავანებე, მამამ შტანგისადმი ინტერესი და სიყვარული გამიღვივა.

– თავიდანვე წარმატებულად დაიწყეთ?

– არა (იცინის). მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა, ალბათ, თავიდანვე შეამჩნია პოტენციალი და ნელ-ნელა დავიწყეთ ვარჯიში. პირველად, დაახლოებით, ერთ წელიწადში, 2016 წელს, წავედი ევროპის ჩემპიონატზე 17 -წლამდელებში და მეცხრე თუ მეათე ადგილი დავიკავე. პირველი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. წარმატებები მერე და მერე დაიწყო და ასე მოვედი ევროპის ჩემპიონობამდე. წლევანდელი შეჯიბრება ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქამდე არ ვიცოდი, რა შეგრძნება იყო, როცა კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე დგახარ, ხელი გულზე გიდევს და საქართველოს ჰიმნს ისმენ.

– გსმენიათ კრიტიკა გიორგის ასანიძის შვილობის გამო, ანუ, თქვენი წარმატება მამისთვის მიუწერიათ?

– ვინც ახლოდან იცნობს მამაჩემს, ყველამ იცის, როგორია. ჩვენ მისთვის არავისზე მეტი არ ვართ და მამა ოდნავ მეტსაც არ გააკეთებს ჩვენთვის. როგორც სხვისთვის, ისე შრომობს ჩვენთვისაც. თუმცა, ალბათ, იქნებიან ადამიანები, ვინც რამეს მაინც იტყვიან, მაგრამ მე არ ვუსმენ მათ. სიმართლე გითხრათ, ჯერ არც მსმენია.

– წარმატებული ადამიანის შვილობა არ არის მარტივი. თვითონ თუ გიფიქრიათ, მამის ჩრდილში არ დავრჩეო?

– არანაირი შიში არ მაქვს. ის, რაც მამამ შეძლო, ჩემთვის საამაყოა. მას ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული, მაგრამ, ალბათ, მე და ჩემი ძმაც მივალთ იქამდე. ყველა ძალოსანის მიზანი იმ ემოციების განცდაა, რაც ოლიმპიურ კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე დგომას მოაქვს.

– თქვენი სხვა ინტერესები როგორია?

– ახლა მე და ჩემი ძმა სპორტის უნივერსიტეტში მწვრთნელობის ფაკულტეტზე ვსწავლობთ და როცა აქტიურ სპორტს დავემშვიდობებით, გარკვეული გეგმები გვაქვს. როდესაც აქტიურ სპორტში აღარ ვიქნები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება თუ სხვას არ გავუზიარე, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?! შესაბამისად, ვცდილობ, ამისთვისაც მოვემზადო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი