როგორ გახდნენ მელიტა ჩოლოყაშვილი და მისი ქალიშვილი „შანელის“ მოდელები და როგორ აოცებდა მათი სილამაზე მთელ ევროპას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 23.08, 2022 წელი

არისტოკრატიული მშვენიერებით გამორჩეული მელიტა ჩოლოყაშვილი 1895 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ყარაბულახში (დღევანდელ ხაშმში), თადეოზ ნიკოლოზის ძე ჩოლოყაშვილისა და მარიამ სვიმონის ასული ჯორჯაძის ოჯახში დაიბადა. თადეოზი კახეთში ცნობილი მეღვინე იყო. მან თავისი სასახლის ეზოში ააშენა მარანი, რომელიც იტალიელ სპეციალისტებს დააპროექტებინა. მამულს საკუთარი წყალმომარაგება ჰქონდა და ამით სოფელიც სარგებლობდა. ადგილობრივი მკვიდრნი ამ წყალს დღესაც „თადიანთ“ წყალს ეძახიან. თავადი მარანში მხოლოდ ადგილობრივი გლეხებისაგან აღებულ და საკუთარ ვენახებში დაკრეფილ წითელ ყურძენს – „საფერავს“ წურავდა. ხარისხს დიდი ყურადღება ექცეოდა და მისი ღვინო არა მარტო საქართველოში, რუსეთის იმპერიასა და ევროპაშიც წარმატებით იყიდებოდა. 1928 წელს თადეოზ ჩოლოყაშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს. თადეოზსა და მარიამს ექვსი შვილი ჰყავდათ: უფროსი მელიტა იყო. ყარაბულახის ჩოლოყაშვილისეულ სასახლეში ხშირად იმართებოდა სალონური შეხვედრები, მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები. მელიტას ერთ-ერთი და – დარუსია, ილია ჭავჭავაძის ნათლული ყოფილა.
ოჯახური ტრადიცია თბილისში გადმოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. მელიტას თბილისურ სახლში ხშირად იკრიბებოდა ქართული ინტელიგენცია. აქ კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს პაოლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე. მელიტა ბრწყინავდა სილამაზით, სიმღერით, ცეკვით. ტიციან ტაბიძე მას ქალღმერთს უწოდებდა და მადონას ადარებდა, ხოლო იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები ზიგმუნდ ვიშნევსკი და სერგეი სუდეიკინი მის პორტრეტებს ხატავდნენ.
მელიტა 18 წლის ასაკში გათხოვდა ცნობილ პეტერბურგელ ადვოკატსა და მწერალზე, ოცი წლით უფროს კონსტანტინ ზელენსკიზე. წყვილს შეეძინა ქალიშვილი – ლილია, მაგრამ მათი კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა. 1922 წელს მელიტა ჩოლოყაშვილი 6 წლის ქალიშვილთან და დასთან – დარუსიასთან, ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა. მას თან მეუღლე არ გაჰყოლია. ზელენსკის ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ცოლი და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ფულიც კი გაუგზავნა უკან დასაბრუნებელი ბილეთის საყიდლად. როცა მიხვდა, რომ ორი მისთვის უძვირფასესი ქალი თბილისში ჩამოსვლას არ აპირებდა, თავადაც ემიგრაციაში წავიდა, თუმცა ქორწინება ვერ გადაარჩინა. ისინი საფრანგეთში გადაბარგდნენ და ცალ–ცალკე დაიწყეს ცხოვრება.
პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი, რაც მისი შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდ იქცა. იგი ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზე გამოდიოდა. მელიტა ჩოლოყაშვილი არ იყო ფოტოგენური და ფოტოებით მის სილამაზეზე მსჯელობა რთულია. როგორც საველი სორინი ამბობდა, ჩოლოყაშვილის მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს.
საველი სორინს ეკუთვნის მელიტა ჩოლოყაშვილის ყველაზე ცნობილი პორტრეტი, რომელზე მუშაობაც მან თბილისში ყოფნისას დაიწყო. მელიტამ 30 სეანსს გაუძლო, მერე კი უარი თქვა სახელოსნოში სიარულზე. მხატვარს მეგობრისა და მელიტას მეუღლის, კონსტანტინ ზელენსკის ჩარევა დასჭირდა, რომ მოდელი დაეთანხმებინა და პორტრეტი დაემთავრებინა. სორინი იმდენად კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით, რომ ის პარიზში წაიღო. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი საქართველოში მხოლოდ სორინის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა – მხატვრის ქვრივმა ნახატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.
ქართველმა თავადის ასულმა ემიგრაციაში ძველი კაპრიზები დაივიწყა და წარსულის გახსენება მისთვის საყვარელ საქმედ იქცა. მელიტა სიამოვნებით იგონებდა, როგორ ხატავდა მის პორტრეტს სახელოვანი სორინი, როგორ სთხოვდა ის პოზირებას, ხოლო თავად უარზე იყო, როგორ ესწრებოდა პოეტ პაოლო იაშვილის ქორწილს, როგორ ხვდებოდა მომღერალ ვანო სარაჯიშვილს... სამშობლოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, რომ პარიზში ქართული ენის შესწავლაც კი დაიწყო. მანამდე ის მხოლოდ რუსულად და ფრანგულად საუბრობდა. პარიზში დაუმეგობრდა მერი შერვაშიძეს. მშვენიერი ქალბატონები ერთად თამაშობდნენ პოკერს და იხსენებდნენ სამშობლოს. ქართულად გამართულად არცერთი არ ლაპარაკობდა, მაგრამ 60-იან წლებში საქართველოდან ჩასულ ტურისტებთან ცდილობდნენ ქართულად ესაუბრათ.
საფრანგეთში მელიტა ჩოლოყაშვილი მეორედ გათხოვდა. ცოლად გაჰყვა სალომე ანდრონიკაშვილის ყოფილ ქმარს, პოეტ სერგეი რაფალოვიჩს. ქალი ზრუნვით ეკიდებოდა მეუღლის შემოქმედებას და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, რომ სერგეის სახელი საჯაროდ ხშირად ეხსენებინათ.
ლილიამ პარიზში საბალეტო სტუდია დაამთავრა და ჟურნალისტ იური როტვანს გაჰყვა ცოლად. როდესაც მელიტა ჩოლოყაშვილის სამოდელო კარიერა დასრულდა, ქალი პოდიუმზე საკუთარმა ქალიშვილმა ჩაანაცვლა. ლილია ზელენსკაიას სილამაზეზე მთელი პარიზი ლაპარაკობდა. ის არაერთ ცნობილ სამოდელო სახლთან თანამშრომლობდა, მათ შორის, ცნობილი ფრანგი კუტურიეს, ლიუსიენ ლელონგის წამყვანი მოდელი იყო. ლილიას ფოტოებით აჭრელებულია 1930-იანი წლების ჟურნალ Vogue-ის ფურცლები. მას იღებდნენ ისეთი ცნობილი ფოტოგრაფები, როგორებიც იყვნენ სესილ ბიტონი, ჰორსტი და მან რეი.
შვილს ლილიამ მელიტა დაარქვა. ჩოლოყაშვილების გენმა მის გარეგნობაშიც იჩინა თავი. როდესაც 1961 წელს პატარა მელიტა ვერსალში გამართულ მეჯლისზე წარსდგა მაღალი საზოგადოების წინაშე, იქ მყოფებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს. მისი ფოტო ჟურნალ „ოფისიელში” დაიბეჭდა წარწერით – „შუაში მელიტა როტვანია, იგი აფრქვევს სილამაზესა და სათნოებას“.
ლილია ზელენსკაიამ 91 წელი იცოცხლა. მან ღრმა სიბერეშიც შეინარჩუნა წერწეტი ტანი და სილამაზე, რასაც მაღალი მოდის სამყაროსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანებიც კი აქცევდნენ ყურადღებას.
ემიგრაციაში მყოფი მელიტა სამშობლოში ერთხელ, 1958 წელს, ჩამოვიდა, ხოლო მისი ქალიშვილი – ორჯერ. ლილიას ბოლო, 2001 წლის ვიზიტს, ასე აღწერს მელიტას დისშვილი ნინო ჩოლოყაშვილი: „რუსთაველის პროსპექტზე ამაყად მიმავალი, უკვე ძლიერ ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონის დანახვაზე მთელი თბილისი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მის დიდებულ სილამაზეს. კოკო შანელის, ლელონგისა და სკიაპარელის ყოფილი მოდელის მშვენება და მანერები არავის ტოვებდა გულგრილს“.
გამოყენებული მასალების წყარო: სპუტნიკ-ჯორჯია; თაბუკაშვილი, რეზო. საუბარი მელიტა ჩოლოყაშვილთან; ჯაფარიძე, თეონა. ემიგრაცია და ნოსტალგია; ჯავახიშვილი ნიკო. 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან