საზოგადოება

როგორ გახდა ცოტნე ანანიძე ორგზის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ვინ „ჩაუდო“ მას „საარჩევნო პროგრამაში“ დაქორწინების პირობა

№21

ავტორი: თამუნა სამადაშვილი 13:00 01.06, 2021 წელი

ცოტნე ანანიძე
დაკოპირებულია

33 წლის ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ორგზის დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელია. პოლიტიკაში ჩართვამდე მის ბიოგრაფიაში იყო აქტიური სტუდენტური მოძრაობა და ციხე, რომელიც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა.

პროფესიით იურისტმა ძალები სატელევიზიო სივრცეშიც მოსინჯა – ბედის ირონიით, იმ ტელევიზიიის წამყვანი და დირექტორის მოადგილე გახდა, რომლის „ხელში ჩაგდების“ მცდელობისთვისაც გაასამართლეს.

რა „პირობა“ დაადებინა წინასაარჩევნოდ დედამ და რა რეკორდი ეკუთვნის მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ამის შესახებ თავად ცოტნე ანანიძისგან შეიტყობთ, რომელიც გულწრფელი რესპონდენტი და საინტერესო ადამიანია.

ცოტნე ანანიძე: აჭარის უმაღლესი საბჭოს ორგზის დეპუტატი ვარ, თუმცა პოლიტიკურ პროცესებთან საკმაოდ ადრეულ ასაკში, სტუდენტობიდან მომიწია შეხება. ეს გზა იმდენად რთული იყო, ხანდახან დაჯერება მიჭირს, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ბათუმის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი ვიყავი, სახელმწიფო სტიპენდიანტი, იურისტობას ვაპირებდი, საერთოდ არ მქონდა პოლიტიკური გეგმები. ყველაფერი დაიწყო სამოქალაქო სტუდენტური პროტესტით, რაც მე და ჩემს მეგობრებს, მომავალ იურისტებს გვქონდა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მიმართ. პროტესტის მასშტაბი გაიზარდა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ. უპრეცედენტო რაოდენობის სტუდენტები შევიკრიბეთ ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც სასწავლო პროცესის დროს დაგვარბიეს... ეს იყო ძალადობრივი აქტი, რაც ჩვენთვის წითელი ხაზი გახდა. ასე აღმოვჩნდი პოლიტიკურ ოპოზიციაში, რასაც მოჰყვა ჩემი დაპატიმრება.

– ციხიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გამოხვედით, დღეს როგორ იხსენებთ ციხეში გატარებულ პერიოდს?

– ციხეში, დაახლოებით, ორი წელი გავატარე. ეს იყო ურთულესი პერიოდი ჩემი ოჯახისთვის. როდესაც შენი ოჯახის წევრი არის ისეთ ციხეში, როგორიც იყო ბათუმის მესამე დაწესებულება, რომელიც არაჰუმანური და არასათანადო მოპყრობის გამო მუდმივად ხვდებოდა ყველა გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშებში, იოლი არ არის. პატიმრობის ნაწილი ამ ციხეში გავატარე, ნაწილი – გეგუთის კოლონიაში, სადაც 2012 წლის სექტემბერში დაუმორჩილებლობა მოვაწყვეთ. რომ არა სახელისუფლებო ცვლილება, არავინ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა ჩვენი პატიმრობის პერიოდი. ციხემ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო, იქ ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ანალიზისთვის. ჩემი ამოცანა იყო, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჩაგვრისა და სიმძიმის გაძლება გვიწევდა, ციხიდან არ გამოვსულიყავი გაბოროტებული და შურისმაძიებელი ადამიანი, რაც ნამდვილად შევძელი. პირიქით, ვფიქრობ, უფრო მეტად სოლიდარული გავხდი, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო.

– ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო თქვენი სატელევიზიო კარიერა იმ ტელევიზიაში, რომლის ხელში ჩაგდების ბრალდებითაც იყავით გასამართლებული. ცოტა მოგვიანებით ამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილეც გახდით.

– ალბათ, სწორედ ამას ჰქვია ბედის ირონია (იცინის). მე დამაპატიმრეს აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობისა და პოლიციისთვის ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით. საკმაოდ მძიმე მუხლები იყო. რეალურად მე და ჩემი მეგობრები წლები ვიბრძოდით იმისთვის, რომ აჭარის ტელევიზიას არ ჰქონოდა ტელე-რადიოდეპარტამენტის სტატუსი და მას ნეიტრალური სარედაქციო პოლიტიკა გაეტარებინა.

აჭარის ტელევიზიაში შემთხვევით მოვხვდი. საპილოტე გადაცემაში რესპონდენტის ამპლუაში მისულს იურიდიული თოქ-შოუს წამყვანობა შემომთავაზეს. ეს იყო რთული და სარისკო გამოწვევა – პირდაპირ ეთერში სატელევიზიო თოქ-შოუს კაპიტნობა რისკია ადამიანისთვის, რომელსაც სატელევიზიო გამოცდილება არ აქვს. მე არ მეშინია სირთულეების, სიახლეების. რამდენიმე თვეში იურდიულ თოქ-შოუს მოჰყვა პოლიტიკური გადაცემა. 2013 წლის ბოლოს აჭარის ტელევიზიას შეეცვალა სტატუსი და გახდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაც ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგი და გამარჯვება იყო.

– თქვენ იმ იშვიათ ჟურნალისტთა შორის ხართ, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან პირადი ინტერვიუს შესაძლებლობა ჰქონდათ.

– ეს იყო გარდამტეხი გადაცემა. იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, შესაბამისად, მის მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა. ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა მარტივი არ იყო, მწვავე ინტერვიუ გამოვიდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, დღემდე მახსოვს ის ღელვა, რაც ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს მქონდა. ამის შემდგომ მე მას კიდევ ორჯერ შევხვდი ჟურნალისტის ამპლუაში, ჩვენ მაშინაც საკმაოდ მწვავე დისკუსია გამოგვივიდა.

– ამ შეხვედრებმა გაგიხსნათ გზა პოლიტიკისკენ?

– არა, ასე არ ყოფილა, მე მქონდა შემოთავაზება აჭარის ხელისუფლებისგან, პოლიტიკური გუნდისგან, გავმხდარიყავი უმაღლეს საბჭოს წევრი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პირველად უმაღლესი საბჭოს წევრი 2016 წელს პარტიული სიით გავხდი. 2020 წელს კი საარჩევნო მარათონში ჩავერთე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქობულეთი-მახინჯაური-ჩაქვის საარჩევნო ოლქში. ქობულეთი ჩემი მშობლიური კუთხეა, ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში ვარ გაზრდილი. აქ არის მთელი ჩემი სანათესავო, ჩემი ოჯახი. დედა დღესაც ლეღვაში ცხოვრობს, ათეული წლებია, სკოლაში პედაგოგად მუშაობს. მე კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც აქვთ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ადამიანებს. მაჟორიტარის საქმიანობა არ არის იოლი, რთული იყო საარჩევნო კამპანიაც, 33 მაჟორიტარს შორის მე ასაკით ყველაზე პატარა ვარ – 33 წლის, ერთგვარი რეკორდსმენი გამოვდივარ, მაჟორიტარული სისტემით, ბოლო და ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი (იცინის).

– რა ხიბლი აქვს ახალგაზრდა ადამიანისთვის პოლიტიკაში ყოფნას?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა ადამიანებთან, საზოგადოებასთან, რაც არის ყველაზე მთავარი, რასაც არ უნდა აკეთებდე. ეს უპირველესად, პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, როდესაც მაჟორიტარული წესით ხარ არჩეული. გულწრფელი სოლიდარობა და თანადგომა ამ ადამიანებისთვის ბევრს ნიშნავს. პოლიტიკაში ყოფნა მოითხოვს მთელი სული და გული ჩადო პროცესში, რომელმაც ადამიანების ცხოვრება უნდა შეცვალოს. სხვაგვარად ეს პროცესი გაგრიყავს, არც პროცესთან იქნები მართალი და არც ადამიანებთან. არის წესები, რომელსაც არასდროს ვარღვევ, მაგალითად, რამდენადაც უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის პოლიტიკური ოპონენტი, მას როგორც ადამიანს, უპატივცემულოდ და მტრულად არ მოვექცევი. ადამიანის უფლებების დაცვა, პირველ რიგში, ადამიანის პატივისცემით იწყება.

– კადრს მიღმა როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?

– ჩვეულებრივად ვცხოვრობ. მაქვს ჩემი გატაცებები – მუსიკა და ავტომობილები. ჩემს სამუშაო კაბინეტში ილიას, ქაქუცას, ნელსონ მანდელას გვერდით თუფაქ შაკურის ფოტოც მაქვს. იმის მიუხედავად, რომ მიყვარს ავტომობილები, გასულ წელს ბევრი ვიმოძრავე სქროლით, მაგრამ ვინაიდან ქობულეთში ვცხოვრობ, ბათუმში სქროლით ვერ ვივლი (იცინის).

– როგორც ამბობენ, აჭარაში სასურველი სასიძოების სიის სათავეში ხართ.

– ამაზე ვერაფერს გეტყვით, არ მსმენია ამ სიის შესახებ (იცინის) ტრადიციული შეკითხვა – ცოლი როდის მოგყავს? ჩემთან დაკავშირებით მუდმივად დგას დღის წესრიგში. ეს საკითხი ყველაზე მეტად დედას აწუხებს, რომელიც საკმაოდ მორიდებული და დიპლომატი ადამიანია, მაგრამ პრაქტიკულად, წინასაარჩევნო დაპირებას ითხოვდა ჩემგან დაქორწინების თაობაზე (იცინის). პირობა მიცემული მაქვს, მაგრამ ვადებთან დაკავშირებით დათქმა არ ყოფილა, წინ 4 წელი მაქვს დედისთვის მიცემული პირობის შესასრულებლად. ამ მოწვევას, ალბათ, ვერ გავცდები, თუმცა დედამ თავადაც კარგად იცის, რომ ამას ვერ დაგეგმავ და ასეთი მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს ცხოვრებაში თავისით ხდება. ვხუმრობ ხოლმე ახლობლებთან, რომ ჩემი გული „ნატოს“ კარივით ღიაა, ხუმრობა იქით იყოს და ამ ვადაში დედას წინასაარჩევნო პირობას, ალბათ, აუცილებლად შევუსრულებ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი