საზოგადოება

როგორ გახდა ცერებრალური დამბლის მქონე გოგონა ტყუპი ბიჭის დედა

№39

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 05.10, 2021 წელი

თეკო ნემსიწვერიძე
დაკოპირებულია

თეკო ნემსიწვერიძე ტყუპი ბიჭის – სანისა და დანის დედა გახდა. ის ფაქტი, რომ ტყუპზე ფეხმძიმობა დამატებითი რისკია, ახალი არავისთვისაა, მაგრამ თეკოს შემთხვევაში რისკი გაცილებით დიდი იყო, რადგან ის დაბადებიდან ცერებრალური დამბლითაა დაავადებული და ვერც ის და ვერც სხვა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო. სამედიცინო ლიტერატურაში ასეთი შემთხვევა დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

თეკო ნემსიწვერიძე: ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებით ამ განცდების გადმოცემა შეუძლებელია. ჩემი შვილები ჯერ ინკუბატორში არიან, მაგრამ მალე მომიყვანენ და გულში ჩავიხუტებ – საოცარია ამაზე ფიქრი. ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი ნორმაში აქვთ, უბრალოდ, ჯერ წონით არ არიან იმხელები, რომ სახლში წამოყვანა შევძლოთ, მაგრამ ესეც მალე იქნება. მე თვითონ ტყუპისცალი ვარ, დედას სამი ტყუპი გავუჩნდით ბუნებრივი მშობიარობით. სიჩქარეში მე დავზიანდი და დაბადებიდან ცერებრალური დამბლა მაქვს. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა. მაგრამ ყველაფერი ხდება. ჩემს ცხოვრებაში ჩემი მომავალი მეუღლე გამოჩნდა და რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შევქმენით. ორჯერ დავფეხმძიმდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნე. ძალიან დათრგუნული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ მშობიარობას ვერ შევძლებდი. მესამედ რომ გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, იმედი უკვე აღარ მქონდა, არ მეგონა, ბოლომდე თუ შევძლებდი მიყვანას. ექოზე მეორედ რომ მივედი, გავიგე, ტყუპები მყავდა და თუ მანამდე ვცდილობდი, ემოციებს არ ავყოლოდი, მერე ვეღარ შევძელი კონტროლი, რადგან მეგონა, ნაყოფს ვერ შევინარჩუნებდი, (იცინის). ძალიან გახარებული ვიყავი, მაგრამ დიდი საფრთხე იყო.

– დაგჭირდათ ბრძოლა, რომ პატარები ამქვეყნად მოვლენილიყვნენ?

– დიახ და ამ პროცესში მეუღლე მედგა გვერდით. რომ არა მისი ჩემდამი დამოკიდებულება, მოტივაცია, რომელსაც ის მაძლევდა, იმის განცდა, რომ მისი სახით მყარი ზურგი მქონდა, ეს არ გამომივიდოდა. სამსახურიდანაც ძალიან მიწყობდნენ ხელს. მუდმივი კონტროლი იყო საჭირო. ორსულობის პერიოდში ეტლით გადავადგილდებოდი. მანამდე მხოლოდ ხელჯოხი მჭირდებოდა, მაგრამ მერე დაწოლა რომ გაიზარდა, ეტლი დავიხმარე. ყოველთვე დავდიოდი კონტროლზე ჩაჩავაში, ჩემს გინეკოლოგთან, ლელა შენგელიასთან. ძალიან გულიანად მიდგებოდა ყველა – რაც არ უნდა დამჭირვებოდა, ყველაფერში მქონდა მათი იმედი.

– როგორი იყო იმის განცდა, რომ ნაყოფი შეინარჩუნეთ და დედა ნამდვილად გახდებოდით?

– ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფი საკმაოდ გააქტიურდა და იმის განცდა, რომ შენში კიდევ ორი პატარა ცხოვრობს, სასწაული გრძნობაა. ყველა ქალს ვუსურვებ, გამოსცადოს დედობა, ეს ნამდვილი სასწაულია. მე ზოგადად ვიცოდი, რომ შშმ პირებისთვის ორსულობა არ შეიძლებოდა და ვერ წარმოვიდგენდი თუ ამას შევძლებდი. ბევრისგან გამიგია, რომ მუცელი მოეშალა, ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება, ეს დაემართოს და ვერც ვფიქრობდი, თუ უფალი ასეთ საჩუქარს გამიკეთებდა. ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და ღმერთის უზომოდ მადლიერი ვარ. ბავშვები რომ მყავს, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით „ჩაჩავაში“ კახა ტატიშვილსა და ლელა შენგელიას, ასევე, „ღუდუშაურში“ სოფო თამაზაშვილს.

– ცერებრალური დამბლის სხვადასხვა ფორმა არსებობს, თქვენს შემთხვევაში რა იყო გამოხატული?

– კუნთების ატროფია. ორი ოპერაცია გავიკეთე და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე რეაბილიტაციას ბოლომდე ვერ მივყევი, ხელჯოხს მივეჩვიე და კუნთი გაზარმაცდა. პროცესი უკან მას შემდეგ წავიდა, თორემ მანამდე შემეძლო გარკვეული მანძილი საყრდენის გარეშე გამევლო. მას შემდეგ ჯოხით დავდივარ, მხოლოდ ორსულობის დროს დამჭირდა ეტლი.

– ბევრი სტერეოტიპი არსებობს შშმ პირებთან მიმართებაში. თქვენც თქვით, ვერ წარმოვიდგენდი ოჯახის შექმნასო. სამსახურიც ასეთი თემაა ბევრისთვის – რა გზა გაიარეთ ამისთვის?

– იქიდან გამომდინარე, რომ სამი და ვიყავით, სკოლაში ერთად დავდიოდით. ძალიან თბილი კლასი იყო და არასდროს მიგრძნია თანატოლებისგან სიბრალული ან უსიამოვნო დამოკიდებულება, უფროსებისგან – მით უმეტეს. რაჭაში გავიზარდე და ძალიან გამიმართლა იმ ადამიანებში, ვისაც სხვადასხვა ეტაპზე ჩემი ცხოვრება უკავშირდებოდა. ფსიქოლოგიურზე ჩავაბარე და იქაც ძალიან კარგი გარემო დამხვდა. განსაკუთრებულად თავი არავის უგრძნობინებია, მეც ისეთივე ჩვეულებრივი სტუდენტი ვიყავი, როგორიც სხვები. არც საცოდავად აღმიქვამდნენ, არც გამორჩეულად და ამის გამო თავს კომფორტულად ვგრძნობდი.

– სად მუშაობთ?

– სამედიცინო უნივერსიტეტში მეოთხე კურსის კურატორი ვარ. თანამშრომლებიც ძალიან პოზიტიურად შემხვდნენ. გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთმა ადამიანმაც რომ გაგრძნობინოს, „დაბალი ღობე“ ხარ, ეს ძალიან მოქმედებს შენზე, როცა ისედაც იცი, რომ გარემოსთან ადაპტირებული არ ხარ. პირველი ორი თვე მიჭირდა გადაადგილება, რადგან თბილისის ქუჩებს კარგად არ ვიცნობდი. არ მეგონა, თუ ამდენს შევძლებდი.

– სამსახურიც დაიწყეთ და პირადი ურთიერთობაც ააწყვეთ.

– კი, ასე გამოვიდა (იცინის). თავიდან მეგონა, ვერ შევძლებდი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მარწმუნებდნენ, რომ აუცილებლად გამომივიდოდა და ეს ძალიან დამეხმარა. თბილისში დედასთან ერთად ჩამოვედი, მაგრამ მერე დედას რაჭაში მოუწია დაბრუნება და მარტო დავრჩი. დედა მამხნევებდა, რომ ფარ-ხმლის დაყრის უფლება არ მქონდა. ვხედავდი, რომ დედას ჩემი იმედი ჰქონდა და ის არ უნდა გამეცრუებინა. საბედნიეროდ, გამომივიდა.

– მომავალ მეუღლესთან ურთიერთობა სიყვარულში როგორ გადაიზარდა?

– ერთმანეთი ეროვნულ გამოცდებზე გავიცანით. ის ფეხბურთელი იყო, ტრავმა მიიღო და იმ პერიოდში ეტლით გადაადგილდებოდა. აქედან გამომდინარე, ოთხივე გამოცდა ერთად გვქონდა. ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. მალე რაჭაში დავბრუნდი და ტელეფონით ვურთიერთობდით. ხშირად მიწევდა თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მომავალი მეუღლე უნივერსიტეტში სწავლობდა, დრო არ ჰქონდა და ხშირად ვერ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. ის მალე გამოჯანმრთელდა და სიარული დაიწყო. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ორი-სამი თვის შემდეგ თავს დამანებებდა. ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო არ მეგონა, რომ ვინმე ყურადღებას მომაქცევდა. მაგრამ სრულიად საპირისპიროდ აღმოჩნდა. თუმცა, საკმაოდ დიდი ხანი არ გვქონდა კონტაქტი – ის საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და მინელდა ჩვენი ურთიერთობა. ხუთი წლის შემდეგ, უცებ მისგან მომდის შეტყობინება და ძალიან გამიხარდა. მერე ისევ ვნახეთ ერთმანეთი და მას შემდეგ აღარ გაგვიწყვეტია ურთიერთობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი