საზოგადოება

როგორ გახდა კონსტანტინე ანდრონიკაშვილი საფრანგეთის სამი პრეზიდენტის მრჩეველი და რა სთხოვა მას ბულგაკოვმა

№23

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 15.06, 2021 წელი

კონსტანტინე
ანდრონიკაშვილი
(ანდრონიკოვი)
დაკოპირებულია

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი ქართული წარმომავლობის ფრანგი დიპლომატია, რომელმაც დიდ წარმატებას სამშობლოსგან შორს მიაღწია, თუმცა საკუთარი ქვეყანა არ დავიწყებია და მშობლიურ მხარეს რამდენჯერმე ესტუმრა.

საფრანგეთში მოღვაწე დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი –კონსტანტინე ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) საფრანგეთის სამი პრეზიდენტის - შარლ დე გოლის, ჟორჟ პომპიდუსა და ჟისკარ დ’ესტენის, მრჩეველ-თარჯიმანი გახლდათ და უმაღლესი დონის შეხვედრებსა და საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობდა. ის აპარატში სრულუფლებიანი მინისტრის რანგში იყო, მანამდე კი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იყო თეოლოგიის დოქტორი და კითხულობდა ლექციებს საფრანგეთის სხვადასხვა კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში. ასევე, გახლდათ რელიგიის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და ქრისტიანი ფილოსოფოსების ასოციაციის საპატიო წევრი. მას არაერთი სამეცნიერო სტატია და თხზულება აქვს გამოქვეყნებული. სერგი ბულგაკოვი საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მისი მასწავლებელი იყო და თავად სთხოვა შეგირდს საკუთარი ნაშრომების ფრანგულ ენაზე გამოცემა, რაც კონსტანტინემ შეასრულა კიდეც.

კონსტანტინე ანდრონიკოვი 1916 წლის 16 ივლისს პეტროგრადში დაიბადა. მისი მამა იყო იასე ანდრონიკაშვილი, დედა კი – ელენე დე ვახტერი.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იასე ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. წლინახევრის კონსტანტინე დედამ და ბებიამ პარიზში წაიყვანეს. ენების ცოდნის წყალობით ელენე ვახტერმა კარგი სამსახურის შოვნა და ოჯახის უზრუნველყოფა შეძლო. მან შვილს კარგი განათლება მიაღებინა და ყოველ ზაფხულს ინგლისშიც აგზავნიდა, რათა ინგლისურს სრულყოფილად დაუფლებოდა.

კონსტანტინე ანდრონიკოვმა საშუალო განათლება ინგლისსა და საფრანგეთში, უმაღლესი განათლება კი სორბონის უნივერსიტეტსა და სენტ-სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტში მიიღო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ის საავიაციო სკოლაში შევიდა. უნდოდა, პილოტი გამხდარიყო, მაგრამ სწავლა აღარ გააგრძელა, რადგან 1940 წლის მაისში სასწავლებელი მაროკოში გადაიტანეს. საფრანგეთის ოკუპაციის დროს კონსტანტინე პარიზში დარჩა და თავს თარგმანებით ირჩენდა.

1946 წელს მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კონსტანტინე ანდრონიკოვი გახლდათ ოფიციალური თარჯიმანი ინგლისურ და რუსულ ენებზე. გახდა საფრანგეთის მოქალაქე, რის შემდეგ პრეზიდენტის აპარატში გადაიყვანეს. ის მსახურობდა მრჩეველ-თარჯიმნად, სრულუფლებიანი მინისტრის რანგში. ეს თანამდებობა ეკავა შარლ დე გოლის, ჟორჟ პომპიდუს და ჟისკარ დ’ესტენის დროს. კონსტანტინე ესწრებოდა ყველა ოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც პრეზიდენტი ან მინისტრი იღებდა სახელმწიფოთა მეთაურებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს.

პენსიაზე ნაადრევად გავიდა, დესპანის ჩინით. ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი ღვთისმეტყველებისთვის დიდი დროის დათმობის სურვილი გახლდათ. თადარიგში გასვლის შემდეგ ის ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა კოლეჯსა და უმაღლეს სასწავლებელში, იყო თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი; კონფერენციების თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი; რელიგიის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; ქრისტიანი ფილოსოფოსების ასოციაციის საპატიო წევრი...

მას მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოები: ღირსების ეროვნული ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი და წმიდა მიქაელის ორდენი.

1950-იანი წლების ბოლოს უკვე შესაძლებელი გახდა საბჭოთა კავშირში დარჩენილ ნათესავებთან ურთიერთობა. კონსტანტინე ანდრონიკოვს საქართველოში მამა და მამიდა (მარიამი) ეგულებოდა. ხრუშჩოვის მმართველობის დროს ის საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ თბილისში, ნათესავებთან წასვლა სურდა. მაშინ ყველა შოკში ჩავარდა, რადგან არავინ იცოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს საბჭოეთში ნათესავები ჰყავდა.

კონსტანტინე საქართველოში სამჯერ ჩამოვიდა 1966, 1968 და 1978 წლებში. გაიცნო ახლობლები, მოინახულა ალავერდი, გრემი, შუამთისა და ბოდბის მონასტრები, სოფელი მელაანი: „ალაზნის პირას პაპას სახლი ჰქონდა. ადგილი ზუსტად ვიცანით. იქ სხვა ფერისა და ზომის ბალახი იზრდებოდა. სახლი კი აღარ იყო...“, – წერს ის მოგონებებში.

კონსტანტინეს უფროსი მამიდა – სალომე, საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ძმისშვილის დახმარებით, მარიამ ანდრონიკაშვილმა 1960-იან წლებში შეძლო პარიზში ჩასვლა და სალომესთან შეხვედრა და სწორედ, მისგან შეიტყვეს იასე ანდრონიკაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. საქმე ისაა, რომ ოცდაათიან წლებში სალომეს მოსკოვში მიმავალი ნაცნობისთვის ძმისთვის გადასაცემად წერილი გაუტანებია. ეს წერილი გამხდარა იასეს დაპატიმრებისა და შპიონაჟში დადანაშაულების მიზეზი, რის გამოც მას 1932 წელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იასე სასჯელს გადასახლებაში, საკონცენტრაციო ბანაკში იხდიდა, თუმცა 1937 წლის ოქტომბერში საგანგებო „სამეულის“ გადაწყვეტილებით დაუხვრეტიათ.

თავად კონსტანტინე ანდრონიკოვი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე – ნატალია კურისი 1983 წელს გარდაიცვალა. მათ სამი შვილი ჰყავდათ. უფროსი ვაჟი მათემატიკის პროფესორი, ქალიშვილი ფსიქოლოგი, უმცროსი ვაჟი კი ექიმი გახდა.

1989 წელს კონსტანტინემ ჟანნა ვუდზე, გრაფი კამენსკების შთამომავალზე იქორწინა.

კონსტანტინე ანდრონიკოვი 1997 წლის 12 სექტემბერს პარიზში გარდაიცვალა. ის სენ-ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: ენციკლოპედია ტ. I; ხომერიკი, მანანა. კონსტანტინე ანდრონიკოვი საფრანგეთის პრეზიდენტთა თარჯიმანი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სფიჩი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი