საზოგადოება

როგორ გაითქვა სახელი ამერიკაში იასონ კაპანაძის დაარსებულმა სკოლამ და რის გამო მიესაჯა მას ცხრაწლიანი სასტიკი იზოლაცია

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 27.04, 2021 წელი

იასონ კაპანაძე
დაკოპირებულია

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ–ერთი შტატი ალასკა, ძირითადად, ალუტეკებით არის დასახლებული, რომლებსაც ესკიმოსებადაც მოიხსენებენ. აქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია.

პირველი ქართველი სასულიერო პირი ალასკის შტატში, კუნძულ კოდიაკზე, მამა იასონ კაპანაძე იყო. ის იქ, როგორც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფ პირი ისე არ მსახურობდა. მამა იასონი საქართველოდან რუს ეპისკოპოსს გაჰყოლია და ამიტომ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მსახურებდა.

პროტოპრესვიტერი იასონ რომანის ძე კაპანაძე 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. თუმცა მოგვიანებით სემინარიაში სწავლა მიატოვა და სავარაუდოდ, მალევე გაემგზავრა ამერიკაში. 1895 წელს იასონი ალეუტის ეპარქიის კადბაკის (ალასკა) აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ორ წელიწადში დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხეს ხელი და მედავითნის ადგილზე დატოვეს. 1897 წელს იასონ კაპანაძე პენსილვანიის შტატში გადაიყვანეს. 1900 წელს ის კეთილსინდისიერი სამსახურისთვის საგვერდულით დაჯილდოვდა, რასაც მალე მადლობის სიგელიც მოჰყვა.

1902 წლის 1 ივლისს მამა იასონი კლივლენდის წმიდა თეოდოსის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ეს სამრევლო ახალი დაარსებული იყო და მის მრევლს მხოლოდ 15 გაჭირვებული რუსული ოჯახი შეადგენდა. მაშინ მოძღვარმა დახმარებისთვის რუსეთის ეკლესიის სამისიონერო ფონდს მიმართა, მათგან ფულადი დახმარება მიიღო და საგანმანათლებლო მოღვაწეობას შეუდგა.

იმ წელს კლივლენდში არსებული რომაულ–კათოლიკური წმიდა ავგუსტინეს დედათა მონასტერი დაიხურა და მისი მიწები და საკუთრება მამა იასონმა 30 000 დოლარად ტაძრისათვის შეიძინა. ამ ტერიტორიაზე მოეწყო ორი ქუჩა, რომელზეც მრევლი – 80 ოჯახი დასახლდა. მან ააშენა სამსართულიანი ქვის სახლი, რომლის პირველ სართულზე განთავსდა სკოლა და მამა იასონის საცხოვრებელი, მეორე სართულზე – ეკლესია, მესამეზე კი – შორიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის – საცხოვრებელი ოთახები. სკოლა, სახელწოდებით – „ბურსა“, იასონ კაპანაძის დამსახურებით, მთელ ამერიკაში გახდა ცნობილი. ამ სკოლაში სასწავლებლად შორეული შტატებიდანაც კი ჩამოდიოდნენ.

1903 წლის 6 აპრილს მამა იასონს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 ივლისიდან 1907 წლის 1 ივლისამდე ამერიკის საეკლესიო საზოგადოების მთავარი თავმჯდომარე იყო. 1905 წელს კამილავკა ეწყალობა. 1908 წლის 14 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. იასონ კაპანაძეს საეკლესიო მთავრობისაგან ჰქონდა ნებართვა, ეტარებინა გამშვენებული ჯვარი, რომელიც მას კლივლენდის მრევლმა საჩუქრად მიართვა.

იასონ კაპანაძის ექვსწლიანი სამსახური კლივლენდში სამუდამოდ დარჩა ტაძრის ისტორიაში, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია.

1908 წლის 29 მაისს მოძღვარი გათავისუფლდა ალეუტის ეპარქიიდან და ცოლ–შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. იმავე წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგი ალადაშვილმა ის იმერეთის ეპარქიაში მიიღო და ქუთაისის საკათედრო ტაძრის უშტატო წევრად დანიშნა, ორ წელიწადში კი იმერეთის ეპარქიის სამზრუნველო წევრად აირჩიეს.

1914 წლის აგვისტოში მამა იასონი პირველ მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა და მთელი ოთხი წელიწადი ფრონტზე გაატარა. მას იქ მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1919 წელს კი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. მალე ის აირჩიეს საკათალიკოსო საბჭოს წევრად. თუმცა მალე, 1922 წელს, დეკანოზმა კვლავ ამერიკაში გამგზავრების სურვილი გამოთქვა და საკათალიკოსოს საბჭოში შესაბამისი თხოვნა შეიტანა, რაზეც იასონმა თანხმობა მიიღო.

1922 წლის მარტში გენუის კონფერენციისადმი მიმართული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას მიერ შედგენილი მემორანდუმი საზღვარგარეთ მღვდელმა იასონ კაპანაძემ გაიტანა. ამ ფაქტს 1923 წლის იანვარში მთელი საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრება მოჰყვა.

1924 წლის 10-19 მარტს თბილისის ნაძალადევის თეატრში სასამართლო პროცესი გაიმართა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელი დაედო საკათალიკოსო საბჭოს ყველა წევრს. იასონ კაპანაძეს დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით ვადით და სასტიკი იზოლაციით. მას, ასევე, ჩამოერთვა მთელი ქონება. ამ ყველაფრის შემდეგ დეკანოზი იასონი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მან მოღვაწეობა კვლავ ამერიკაში განაგრძო. ის ისევ რუსულ საზღვარგარეთის ეკლესიაში მსახურობდა – ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდის ტაძრის წინამძღვრად, სადაც მას პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ მამა იასონმა კლივლენდში დიდი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა და წლების შემდეგ, პენსიაზე გასული ტაძრის საპატიო წინამძღვრად დარჩა.

იასონ კაპანაძის მეუღლე გახდათ მარიამ კაშევაროვა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავდათ – ნიკოლოზი და რომანი.

იასონ კაპანაძის აღსასრული ტრაგიკული აღმოჩნდა. ის 1962 წლის 15 აპრილს, მეუღლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის დაკრძალულია კლივლენდის წმიდა თეოდოსის სასაფლაოზე.

სასულიერო პირი გახლავთ მისი შვილთაშვილიც – დეკანოზი იასონ კაპანაძე. ის 1988–1999 წლებში კლივლენდის წმიდა თეოდოსის ტაძრის წინამძღვარი იყო. 1999 წლიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ელმირა–ჰეითსში გადავიდა და ქალაქის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

გამოყენებული მასალების წყარო: პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე-საპატრიარქოს უწყებანი, „კვირის პალიტრა“, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსის, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის, უნეტარეს თეოდოსის სიტყვა-ჯვარი ვაზისა, ინტერმედია.ჯი, drevo-info.ru.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი