საზოგადოება

როგორ გადაურჩა ქეთა გაზდელიანი მექსიკის ციხეს და რატომ დაიწყო ცხოვრება ნულიდან ამერიკაში არალეგალ ემიგრანტად

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 20.06, 2022 წელი

ქეთა გაზდელიანი
დაკოპირებულია

„ლეიბორისტული პარტიის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან გაზდელიანი მექსიკა-ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. თუმცა, მისი პატიმრობა მალე დასრულდა და საინტერესო დეტალებზე ახლა თავად გვიამბობს.

ქეთა გაზდელიანი: სხვა გზა არ მქონდა, საქართველოდან აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი. პოლიტიკური შეხედულებების გამო მქონდა პრობლემები, მაგრამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ მანამ, სანამ ამერიკაში ჩემი სასამართლო პროცესი არ ჩაივლის. ამ არჩევნებზე ლეიბორისტული პარტიის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი, წინა არჩევნებზე – ვაკის ფილიალის თავმჯდომარე. მოკლედ, ბოლო სამი წელია, აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკაში, მანამდე ტელევიზიაში ვმუშაობდი.

– ახლა ამერიკაში ხარ, როგორ მოახერხე?

– სასწრაფოდ უნდა გადავსულიყავი სხვა ქვეყანაში. სახლი და ყველაფერი, რაც თბილისში გამაჩნდა, გავყიდე და ამერიკაში მოსახვედრად ყველაზე სწრაფ გზას ვეძებდი. ტურისტულ ვიზაზე ადგილები 2024 წლამდე არ იყო. ყველაზე სწრაფი ვარიანტი, ამერიკაში მექსიკიდან გადმოსვლა იყო. მქონდა დიდი ბრიტანეთის ვიზა, რომლითაც ლონდონში ჩავფრინდი და იქიდან გადავფრინდი მეხიკო სითიში. ქართველებისთვის მექსიკაში შესვლა ძალიან რთულია. ყველა მექსიკელმა მესაზღვრემ იცის, რომ ამას ამერიკაში გადასასვლელად აკეთებ, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ვიზას ისეთი ძალა აქვს, მე უპრობლემოდ შემიშვეს. მეხიკო სითიში დავუკავშირდი მექსიკელ „გადამყვანებს“ და მათ მიმიყვანეს ამერიკის საზღვრამდე, რომელიც ფეხით გადავკვეთე და ტრამპის კედელს ერთი ნაბიჯით გადავცდი თუ არა, ამერიკის პოლიციამ დამიჭირა, რადგან ამერიკა-მექსიკის საზღვარი არალეგალურად გადავკვეთე. შეგიძლია, საზღვარზე ოფიციალურად გადახვიდე მანქანით და ჩაბარდე, მაგრამ მე მექსიკელებმა შუა გზაში მარტო დამტოვეს. დამტოვეს და ზუსტად ამ დროს დავინახე, რომ გვერდზე ვიღაც მექსიკელი ტიპი მირბოდა. მივხვდი, რომ მეც უნდა გავქცეულიყავი და გავიქეცი, თუმცა, არ ვიცოდი, სად მივრბოდი. მდინარესთან მივედით, ფეხზე გავიხადე და გადავედით, საბედნიეროდ, დაბალი წყალი იყო. წინ ვხედავდი, რომ ტრამპის კედელი პატარა მონაკვეთზე განგრეული იყო და ვიცოდი, თუ მას გადავაბიჯებდი, მექსიკელ პოლიციელებს თავს დავაღწევდი. მთავარი ეს იყო, თორემ მათ რომ დავეჭირეთ, მექსიკის პოლიციაში მოვხდებოდი და სავარაუდოდ, უკან, სამშობლოში დამაბრუნებდნენ. ტრამპის კედელს გადავაბიჯე და როგორც გითხარით, ამერიკელმა პოლიციელმა დამაკავა და საემიგრაციოში გადამიყვანეს.

– რატომ მოგიწია ექსტრემალური გზის არჩევა? ასეა თუ ისე, არალეგალური გზაა, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, გამოსავალს ამერიკულნომრიანი მანქანებით საზღვრის გადაკვეთაში პოულობენ.

– ბოლო დროს მექსიკაში პოლიციელების რეიდები ძალიან გაზრდილია. რადგან გაიგეს, რომ საზღვარზე გადასასვლელად ხალხი ამერიკულნომრიან მანქანებს ქირაობს ან ყიდულობს. მექსიკელი პოლიციელები ყოველ ორ ნაბიჯში არიან და ყველაფერს აკონტროლებენ. ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, დაგაკავონ, უკან დაგაბრუნონ ან ქრთამი მოითხოვონ შენს გამოსაშვებად. მექსიკის ციხეში კიდევ ჩემი მტერი მოხვდა. ისეც ხდება, რომ გადამყვანები მექსიკის პოლიციასთან არიან შეთანხმებულები. ამიტომ ავირჩიე ფეხით გადასვლა. მანამდე, მექსიკელ გადამყვანს რომ დავუკავშირდი, ფოტო ჩამაგდებინა და მითხრა, მეხიკალიში გადაფრინდიო. მეხიკალი ზედ ამერიკის საზღვარზეა. თუ მექსიკელ გადამყვანებს წინასწარ არ შეუთანხმდი, იქ აეროპორტში ვერ გაივლი, გამორიცხულია, მაშინვე დაგადეპორტებენ. მაგრამ რადგან ჩემი ფოტო გადამყვანებისთვის უკვე გაგზავნილი მქონდა, თეორიულად ვიცოდი, რომ უნდა ვეცნე და გავეშვი, მაგრამ შიშისგან ვკანკალებდი. 150-კაციანი თვითმფრინავით ჩავფინდით, პოლიციამ ყველას, ვისაც მექსიკის ან ამერიკის პასპორტი არ გვქონდა, პასპორტები ჩამოგვართვა და დასჯილი ბავშვებივით კუთხეში დაგვაყენა. ათი წუთით ოთახში შევიდა ჩვენი პასპორტებიანად, მაგრამ მეგონა, მთელი ცხოვრება გავიდა. გამოვიდა და ყვირის: ქეთევან, კეთილი იყოს შენი მობრძანება მეხიკალიშიო და ვიფიქრე, გადავრჩი-მეთქი, (იცინის). მერე უნდა დავლოდებოდი მანქანას 50 გრადუს, დაუჯერებელ სიცხეში, რომელსაც საზღვრისკენ უნდა წავეყვანე. ძალიან ბევრი მანქანა დადიოდა და იქ ყველა რაღაცნაირად გათვალიერებს, ზოგადად, საშიში ხალხია და მაქსიმალურად ვფრთხილობდი. უცებ ერთმა მანქანამ გააჩერა და დაიყვირეს, „ჯორჯია“, მაგრამ სანამ ჩემი პასპორტის ფოტო არ მანახვეს, მანქანაში არ ჩავუჯექი, შემეშინდა, ვინმეს არ მოვეტაცებინე. ორი საათი მატარა მანქანით და ისეთ ბუნაგში მიმიყვანა, ფილმებშიც რომ არ მინახავს. ამ ბუნაგში ოქროსფერკბილებიანი მექსიკელები დანებს ლესავდნენ, ფულებს ითვლიდნენ და იარაღები კედელზე ჰქონდათ მიყუდებული. იქ გოგო მარტო მე ვიყავი. ჩემს ძმას ჩავუგდე ლოკაცია – რომ რამე, იცოდე, სად დავიკარგე-მეთქი. ის მამშვიდებდა, ჩათვალე, უკვე ამერიკაში ხარ, მანდედან ორი კილომეტრია დარჩენილი და ალბათ, პოლიციელების რეიდების შეცვლას ელოდებიან, რომ გადაგიყვანონო. ორი საათი გამაჩერეს იქ, მაჭამეს კიდეც. გარეგნულად გამოიყურებოდნენ საშიშად და გარემოც ეგეთი იყო, თორემ, სინამდვილეში, ძალიან მიფრთხილდებოდნენ, მაინც მათთვის კლიენტი ვიყავი. მერე ვიღაც კაცმა მომაკითხა და მითხრეს, ამას გაჰყევიო. ჩემოდანი მაშინვე გადავაგდე, მივხვდი, რომ ზედმეტი იყო, ერთი ხელჩანთა დავიტოვე და გავეკიდე. ეს ის კაცია, ვინც გზაზე დამტოვა. უცებ დამიძახა, წადიო და მივხვდი, რომ ასეც უნდა მოვქცეულიყავი. მოკლედ, გავიქეცი, გადავედი საზღვარზე და დამიჭირეს. იქიდან საემიგრაციო ბანაკში გადამიყვანეს ფენიქსის შტატში. იქ პირსინგიდან დაწყებული, ყველაფერი დაგვაძვრეს და ჩამოგვართვეს. სამკაული, ტელეფონი, ბარათები, ფული – მოკლედ, თუ რამე ღირებული გაქვს, პატარა პარკში გაადებინებენ და გინახავენ, მაგრამ სხვა ყველაფერი შენი ხელით უნდა გადაყარო ნაგავში და მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმელი უნდა დაიტოვო, რაც ზედ გაცვია. ექიმები ჰყავთ და წამალი რომ დაგჭირდეს, მოგხედავენ, ჰიგიენის ნივთებიც აქვთ, მოკლედ, ამ მხრივ საფრთხე არ გემუქრება. მერე შეჰყავხარ ბანაკში, სადაც ძალიან ცივა და იქ შენს ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ, თითის ანაბეჭდს, „დეენემს“ – შენსას ყველაფერს იგებენ. გაჭმევენ და პატარა ლეიბებსა და ფოლგებს გაძლევენ, რომელიც თავიდან გადავაგდე, ვერც მივხვდი, რად მინდოდა, მაგრამ ამ ლეიბზე რომ ჩამეძინა და საშინელმა სიცივემ გამაღვიძა, მერე მივხვდი ფოლგის დანიშნულებას და ვიხვეწებოდი, კიდევ მოეცათ. ორი ფოლგა ვიშოვე და შიგ გავეხვიე, მაგრამ საშინელი სიცივე და სტრესული გარემო იყო. იქ ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგეძინოს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, შენი სახელი დაიძახონ და თუ ეს მომენტი გამოგრჩა, არ არის გამორიცხული, შენი სახელი მეორედ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ამოვიდეს და მანამდე იქ მოგიწევს ლოდინი. იქ ყველას თავის ოფიცერი ჰყავს და მათზე ბევრია დამოკიდებული. მე ძალიან კარგი ოფიცერი შემხვდა, არ გაწელა პროცესი და პირველივე დღეს გამომაცხადა. შენს შესახებ ყველა ინფორმაციას „ეფბიაი“ ამოწმებს, ოფიცერმაც, ჩემს მონაცემებს რომ ჩახედა, თვითონ მკითხა, რა გინდოდა ახალგაზრდა გოგოს პოლიტიკაშიო. ძალიან მეგობრულად მელაპარაკებოდა, დაკითხვას ნამდვილად არ ჰგავდა, მაგრამ ვიცი, რომ იქ ყველაფერს აკვირდებიან და რაც მოვასწარი, ჩემი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, რომ სხვა გზა არ მქონდა, ამერიკაში უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. საბედნიეროდ, მე მყავდა სპონსორი. როცა, როგორც არალეგალი, ამერიკაში მიდიხარ, აუცილებლად გჭირდება სპონსორი, რომელიც შენზე პასუხისმგებლობას აიღებს. სპონსორი არის ადამიანი, რომლის საშუალებითაც ამერიკა თავს იზღვევს, თუ შენ იქ სახლი ან სამსახური ვერ იშოვე. ამ ქვეყანას არ აწყობს, რომ შენ ქუჩაში აღმოჩნდე და რამე დაგემართოს, ამიტომ სპონსორი იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურად და საცხოვრებლით უზრუნველგყოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ შენ ამერიკის კანონს დაარღვევ, სპონსორს შეექმნება პრობლემები. მოკლედ, რადგან სპონსორი მყავდა, რადგან ცხოვრებაში არ მქონია კანონდარღვევა და ყველაფერი წესრიგში მქონდა, იქიდან 12 საათში გამომიშვეს ყოველგვარი სამაჯურისა და ტელეფონის გარეშე, რომელსაც როგორც წესი, ატანენ ხოლმე არალეგალებს და რომელშიც „ჯიპიეს“ სისტემაა ჩამონტაჟებული. არც ციხეზე გადავუყვანივარ, პირდაპირ გამომიშვეს.

– თუმცა, არალეგალურად გადაკვეთე საზღვარი და მაინც, რაზე დაყრდნობით გიშვებენ?

– ბაიდენმა ახლაც გამოაცხადა, ემიგრანტების გარეშე ამერიკა არ იარსებებდაო. თუ შენს სიცოცხლეს შენს ქვეყანაში საფრთხე ემუქრება, ამერიკა ვალდებულია, საცხოვრებელი მოგცეს და თავისი ქვეყნის სრულფასოვანი წევრი გაგხადოს. მე მაქვს პოლიტიკური ქეისი, რომელზედაც დეტალურად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ საზღვარზე, სანამ ციხეში გადაგიყვანენ, „ეფბიაი“ არკვევს, რამდენად შეესაბამება შენი მონათხრობი სიმართლეს და შეუძლიათ თუ არა შენი შეშვება ამერიკაში, მანამ სანამ შენს ქეისს სასამართლო განიხილავს. რადგან მე ყველაფერი ნორმაში მქონდა, შემომიშვეს და ახლა იქნება სასამართლო.

– ამბობდი, ყველაფერი ნულიდან ნული დოლარით დავიწყე ამერიკაშიო. როგორ გაუმკლავდი საჭიროებებს?

– ამერიკაში ძალიან რთულია სახლის შოვნა, მაგრამ გამიმართლა, ზუსტად იმ დროს, როცა მე ჩავედი, ჩემი მეგობარი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, საქართველოში წამოვიდა. საკუთარი სახლი მომაქირავა და მომცა საშუალება, ქირა თვის ბოლოს გადამეხადა. როგორც კი თავზე ჭერი დავიგულე, მაშინვე სამსახურის საშოვნად გავვარდი. რადგან მუშაობის უფლება არ მქონდა, სამუშაოს ქართულ რესტორნებში ვეძებდი და იმ დღესვე, ერთგან მიმტანად დავიწყე მუშაობა, მეორეგან – კარაოკეს წამყვანად. თავიდანვე მოვაგვარე საბუთებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. აქ საოცარი ხალხი გავიცანი და ქართულ სათვისტომოშიც დავიწყე მუშაობა. ამ სათვისტომოს ხელმძღვანელი უფასოდ უტარებს გამოკვლევებს ქართველ ქალებს მკერდის სიმსივნეზე და უფასოდ მკურნალობაშიც ეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ამ მხრივ, აქ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და რადგან მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ამ ყველაფრის ორგანიზატორს – ნიკოლოზ ჩხეიძეს პიარში ვეხმარები. ნიკოლოზი თან იმ რესტორნის უფროსია, სადაც მე კარაოკეს წამყვანად დავიწყე მუშაობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი.

ორი თვეა რაც აქ ვარ, ძალიან ბევრი ვიწვალე, მაგრამ ვნანობ, რომ უფრო ადრე არ ჩამოვედი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი