საზოგადოება

როგორ დაუფინანსა ელენე ხონელიძეს სწავლა გერმანელმა მეცენატმა და როგორი იყო მისი ქართველ მაყურებელთან შეხვედრა წლების შემდეგ

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 22.06, 2021 წელი

ელენე ხონელიძე
დაკოპირებულია

მომღერალი ელენე ხონელიძე წლებია, გერმანიაში სწავლობს და მოღვაწეობს. რა სირთულეები ახლავს უცხო გარემოში თავის დამკვიდრების პროცესს, რა შესაძლებლობებია სირთულეების პარალელურად და როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვა ქვეყნებში ქართველ მომღერლებთან - ამას მისგან შევიტყობთ.

ელენე ხონელიძე: ბერლინში ბაკალავრის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა მიუნხენში გავაგრძელე – გერმანიის მასშტაბით, ერთ-ერთ საუკეთესო, აუგუსტ ევერდინგის სახელობის თეატრალურ აკადემიაში, სადაც შესანიშნავი ორი წელი გავატარე. ეს აკადემია მიუნხენის უძველეს და ულამაზეს თეატრშია და იქ სწავლის პროცესში განსაკუთრებულად საინტერესო გამოცდილება მივიღე. ბავარიის საზოგადოებრივ რადიო-სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მქონდა სპექტაკლები და გალა კონცერტები. ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებთან, ჩვენი საქმის დიდ პროფესიონალებთან ვთანამშრომლობდი და მათთან ერთად ვიდექი დიდ სცენებზე. მასწავლიდა გერმანიაში ცნობილი პროფესორი ქრისტიანე ივენი, რომელთან ერთადაც ჩვენმა კლასმა, ფესტივალის ფარგლებში, ორჯერ ვიმოგზაურეთ ტოსკანასა და ვაიმარში. ბევრი დაუვიწყარი მომენტი იყო, რამაც ჩემს განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

– სწავლის დასრულების შემდეგ რა მოხდა?

– ეს აკადემია ყოველთვის იწვევდა მოსმენებზე სხვადასხვა თეატრის დირექტორებს. ერთ-ერთ ასეთ მოსმენაზე გამოჩნდა აუგსბურგის ოპერის თეატრის დირექტორი, რომელმაც სოლისტად მიმიწვია. სხვათა შორის, სწავლის დასრულების შემდეგ იტალიაში ვიყავი დასასვენებლად, როცა დამირეკა და იტალიელი ქალის როლი შემომთავაზა (იცინის). აკადემიის დასრულების შემდეგ ეს იყო ჩემი პირველი სოლო გამოცდილება თეატრში და ნახევარი წელი გრძელდებოდა – მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა. კოვიდმა ყველაფერი გააჩერა და ჩვენი სპექტაკლებიც ჩაიშალა. ამ პერიოდში მხოლოდ ერთთვიან ფესტივალში მივიღე მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ტურნე შვეიცარიის ხუთ ქალაქში გვქონდა. ასევე, პანდემიის დროს მქონდა ორი კონცერტი თბილისში, რომელიც ჩემს მეგობრებთან – ირინა შერაზადიშვილთან და სალომე ჩიტაიასთან ერთად გავმართე. ეს ღონისძიებები განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა – უკეთ გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის სცენა და პუბლიკისთვის ჩემი ხელოვნების გაზიარება.

– ეს იყო პირველი შეხვედრა ქართველ მსმენელთან?

– ამდენი წლის შემდეგ – კი. შვიდი წელი არ შევხვედრივარ ქართველ მსმენელს და ბუნებრივია, ძალიან ამაღელვებელი იყო. პირველად ხდებოდა, რომ დარბაზი სავსე იყო ჩემი ოჯახის წევრებით (იცინის). სიმბოლური იყო ისიც, რომ სამშობლოში გერმანული სიმღერით – ლიდით დავბრუნდი, რაც თბილისში ხშირად არ სრულდება. მსმენელიც ძალიან მონატრებული იყო კონცერტს, ჩემს ოჯახსა და მეგობრებს მეც ძალიან ვენატრებოდი და სიმღერაც, ამიტომ ყველაფერმა ერთად დაუვიწყარი ემოციები მოგვიტანა.

– ფიქრობ, კარიერა საქართველოში გააგრძელო?

– უკვე გერმანიაში ვბრუნდები. იმედია, თეატრი მალე გაიხსნება და მოსმენებიც აღდგება. საქართველოს რაც შეეხება, მინდა, საერთაშორისო კონკურსში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ჩვენი ოპერის თეატრში ტარდება. ერთი წლის წინ მეორე ტურში გადავედი, თუმცა ისევ და ისევ პანდემიის გამო, ესეც გადაიდო. სექტემბერში ჩატარდება მეორე ტური და იმ დროისთვის აუცილებლად ჩამოვალ თბილისში. სხვა მხრივ, ჩემი სამომავლო გეგმები ჯერჯერობით გერმანიას უკავშირდება. თუმცა, იქ გატარებული წლების შემდეგ ვხვდები, რომ საქართველოს გარეშეც არ შემიძლია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჩემი შორეული მომავალი ორივე ქვეყანასთან იქნება დაკავშირებული.

– მიეჩვიე იქაურობას? თან, ცოტა ხნის წინ ქალაქი შეიცვალე.

– ჯერ ბერლინში ვცხოვრობდი, შემდეგ – მიუნხენში, მერე ისევ ბერლინში დავბრუნდი და აუგსბურგში დავიწყე მუშაობა. ამის გამო ბევრი მოგზაურობა მიწევდა, რაც ძალიან მომწონს. გერმანიას შევეჩვიე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იქ ოჯახის წევრებიც მყავს, ახლა ბერლინი თითქოს თავიდან უნდა აღმოვაჩინო, რადგან მიუნხენი ძალიან შევიყვარე და ვფიქრობ, ქალაქი ხომ არ შევიცვალო?! ბერლინი ძალიან დიდი ქალაქია და სპონტანურობა დაკარგული აქვს. მიუნხენი ძალიან მყუდროა, ერთ საათში შეგიძლია ალპებში იყო, რაც ჩემთვის ძალიან მიმზიდველია, ამასთანავე ის უფრო სპონტანურია, რაც ძალიან მომწონს. ასე რომ, არ ვიცი, რომელ ქალაქზე შევაჩერებ არჩევანს.

– კლასიკურ მუსიკაში ბევრი საამაყო ქართველი გვყავს, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით იცნობენ. როცა შენი წარმომავლობის შესახებ იგებენ, რას გეუბნებიან?

– ქართველები ძალიან ბევრ თეატრში მხვდებიან. ასეც რომ არ იყოს, ყველგან ხვდები, რომ ძალიან კარგად გვიცნობენ და შესაბამისად, მეც დადებითად მხვდებიან. უკვირთ ხოლმე, რატომაა, რომ ყველა ქართველს ძალიან ლამაზი ხმა აქვსო. მოსმენაზე რომ მიდიხარ და იგებენ, ქართველი ხარ, შენგან უკვე ბევრის მოლოდინი აქვთ. ძლიერ და ლამაზ ხმასთან ერთად, ემოციური მომღერლებიც ვართ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია.

– შენი გამოცდილებით, რა არის საჭირო ქართველი სტუდენტისთვის უცხო ქვეყანაში წარმატების მისაღწევად?

– მიმაჩნია, რომ მე ბევრ რამეში გამიმართლა. ისე კი, ამისთვის საშინლად მიზანდასახული უნდა იყო. არ ვამტკიცებ, რომ ასეთი ვარ, მაგრამ მიზნის მისაღწევად მაინც ბევრს ვუძლებ. არ არის ადვილი მუდმივად ოჯახისგან შორს ყოფნა. მნიშვნელოვანია დისციპლინა, რომელიც სამწუხაროდ, ჩემში დიდი დოზით არ არის და დაუღალავი შრომა. იმისთვის, რომ განვითარდე, რაღაცების გაძლება უნდა შეგეძლოს და ასევე, ძალიან გახსნილი უნდა იყო სიახლეებისთვის.

– ფინანსური თვალსაზრისით, რამდენად დამოუკიდებელი ხარ?

– ამიტომაც ვთქვი, რომ ბევრ რამეში გამიმართლა-მეთქი. სწავლის დროს, ბაკალავრიატშიც და მაგისტრატურაზეც, ყოველთვის სტიპენდია მქონდა. ცხოვრებაში ძალიან კარგ ადამიანებს შევხვდი და ისინიც დამეხმარნენ. მაგალითად, მაგისტრატურა ერთმა გერმანელმა მეცენატმა დამიფინანსა. ის და მისი მეუღლე ჩემი მსმენელები არიან, მათ სახლშიც ვაწყობდი ხოლმე კონცერტებს, რადგან მუსიკის დიდი მოყვარულები არიან და შემდეგ კი, დაფინანსების სახით, ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს. იქ ასეთი რამეები ხდება, რის გამოც გერმანიის უზომოდ მადლიერი ვარ. ასეთი თანადგომა თუ სხვადასხვა სტიპენდია მაძლევდა ბევრის საშუალებას, თორემ სწავლასთან ერთად მუშაობა ყოველთვის არ გამომდიოდა. როცა ამის საშუალება მეძლეოდა, რა თქმა უნდა, უკან არ ვიხევდი. აფთიაქშიც ვმუშაობდი, რესტორანშიც და მასწავლებლობაც შევითავსე, რის შედეგადაც, მრავლფეროვანი ცოდნა დავაგროვე. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება ბოლო ერთმა წელმა მომცა. ყველაფერი დაიხურა, მათ შორის თეატრიც და შემოსავლის წყაროც შეგვიწყდა. მაგრამ მოვახერხე ამ დაბრკოლების გადალახვა და მიმაჩნია, რომ ამით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ცხვირიც წავიმტვრიე, მაგრამ შედეგად გავიზარდე კიდეც.

P.S. გამოყენებული ფოტოს ავტორია ადრიანე მაისტერი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი