საზოგადოება

როგორ დასაჯეს სერგო ზაქარიაძე პედაგოგისთვის ჭიქა წყლის მიწოდების გამო

№35

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 08.09, 2021 წელი

სერგო ზაქარიაძე
დაკოპირებულია

შესაძლოა, ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ამ ადამიანის ცხოვრებაში, ვის დღიურებსაც ახლა გთავაზობთ, იყო ეპიზოდი, როდესაც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ჯერ ზესტაფონის გუნდში, შემდეგ თბილისის „დინამოში“ და საკმაოდ დიდი წარმატებებიც ჰქონდა. იმ პერიოდში „დინამოს“ სახელოვანი ფეხბურთელი შალვა შავგულიძე კაპიტნობდა. როდესაც მან გაიგო, რომ ამ ადამიანმა საფეხბურთო კარიერას თეატრი ამჯობინა, უსაყვედურია – რად გინდოდა პროფესიის გამოცვლა. აგერ, მე უკვე სპორტის დამსახურებული ოსტატი ვარ. ორდენით დამაჯილდოვეს. შენ კი, რას წარმოადგენ? ამ ქვეყანაზე ვინ იცის რამდენი მსახიობია. კარგი ფეხბურთელი კი – თითო-ოროლაო...

და იმ ბევრ მსახიობს შორის ის მალე გახდა საქვეყნოდ ცნობილი ბრენდი, სახელად – სერგო ზაქარიაძე. ეს იარლიყია ქართული კინოსა და თეატრის, რომელიც კიდევ ათეული წლები არ ჩამოიხსნება.

ფოსტალიონის დიეტა

სიკო დოლიძე: „ფატიმას“ დამთავრების შემდეგ ახალ სცენარზე ვფიქრობდი. მსურდა, მორიგ ფილმში უბრალო ადამიანის, კერძოდ, ფოსტალიონის შრომაზე მომეთხრო. ერთხელ ქუჩაში ჩემს საყვარელ მსახიობს, სერგო ზაქარიაძეს შევხვდი. ერთმანეთი გულთბილად მოვიკითხეთ. იმ ხანებში სერგო არც თეატრში მუშაობდა და არც კინოში. კონცერტებზეც მხოლოდ მხატვრული კითხვით გამოდიოდა. სერგო ცოტა გულნატკენი იყო კინემატოგრაფისტებზე, რომ ფილმების გადაღებებზე აღარ იწვევდნენ. რომელიღაც ღონისძიების დროს მე და სერგო პრეზიდიუმში აღმოვჩნდით. უკანა რიგში ვისხედით. მოხსენება მოსაწყენი იყო და ჩუმად ვსაუბრობდით. სერგომ მითხრა: სცენა დროებით დავტოვე, კინოში კი არავინ მეძახის, ყველას დავავიწყდი, უკანასკნელად შალვა გედევანიშვილისა და ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტეში“ ყარაჩოხელის როლი შევასრულეო. ვატყობდი, ძალიან განიცდიდა უმოქმედობას. გავანდე, რომ ვაპირებდი გადამეღო ფილმი ფოსტალიონის ყოველდღიურ საქმიანობაზე, ვუამბე მომავალი ფილმის ჩანაფიქრი. სხდომა ორივეს დაგვავიწყდა, სერგო დაინტერესდა ფოსტალიონის როლით და მითხრა: სიკო, აი ასეთ როლს სიამოვნებით შევასრულებდიო და იმ სხდომაზე გადავწყვიტეთ ერთად მუშაობა. ამ დღის შემდეგ სერგო ხშირად მოდიოდა ჩემთან, ეცნობოდა სცენარზე მუშაობის მსვლელობას, ბევრს ფიქრობდა ფოსტალიონის გარეგნობაზე. მან გრიმიორ ანასტასია ივაშჩენკოსთან ერთად ჩინებული გრიმი მოძებნა. ანასტასია ივაშჩენკოსთან მუშაობას სერგო ისე მიეჩვია, ისე სჯეროდა ამ მხატვარ-გრიმიორის გემოვნებისა, რომ კინოდან თეატრშიც მიიწვია. გადაღებების დაწყებამდე ცოტა დრო გვრჩებოდა. საჭირო იყო სერგოს წონაში დაეკლო, 75 წლის ფოსტალიონს არ შეეფერებოდა, რომ ჩასუქებული ყოფილიყო. სერგო მკაცრ რეჟიმზე გადავიდა. ორ კვირაში მან თითქმის 16 კილო დაიკლო, გამუდმებით სიგარეტ „პრიმას“ ეწეოდა, ფოსტალიონის კოსტიუმით დადიოდა და გაზეთებით სავსე ჩანთას დაატარებდა, ფოსტალიონისთვის დამახასიათებელ სიარულს, მიხრა-მოხრას, ყოფით ჩვევებს რომ შეჩვეოდა. ხშირად მთელ დღეებს საფოსტო განყოფილებაში ატარებდა. გრიმითა და ჩაცმულობით სერგო ისე დაემსგავსა რიგით ფოსტალიონს, რომ ნაცნობებიც კი ვერ ცნობდნენ.

ჩემი აზრით, სერგომ ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ არაჩვეულებრივი ნიჭიერებით წარადგინა უბრალო ადამიანის სახე და მისი შრომა. ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთაც და ამ წარმატებაში სერგო ზაქარიაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. ფილმის გასინჯვის დროს პოლონელმა რეჟისორმა, ჩემმა მეგობარმა ეჟი კავალეროვიჩმა დიდი შეფასება მისცა ფილმს და მთავარი როლების შემსრულებლებს – სერგო ზაქარიაძესა და ბელა მირიანაშვილს. მან მითხრა, რომ ისიც დაინტერესებულია თაობების პრობლემით“.

(წყარო: კინომასალების კრებულიდან „კინო“, 1982 წელი.)

ზაქარიაძის შურისძიება

საინტერესოა, რომ სამსახიობო გზის დასაწყისში ბატონ სერგოს ერთი კურიოზი შეემთხვა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ იხსენებდა. სერგო ზაქარიაძე თეატრალურ სტუდიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, როდესაც თბილისში საგასტროლოდ მოსკოვის მცირე თეატრი ჩამოვიდა. რუსული თუმცა არ იცოდა, თავდადებულად ესწრებოდა ყველა სპექტაკლს. ერთხელაც, სანამ მორიგი გაკვეთილი დაიწყებოდა, სტუდიელები გარს შემოეხვივნენ მასწავლებელს და მოსკოვის თეატრის ჩამოტანილი სპექტაკლების – „ოტელოსა“ და „ჭიქა წყლის“ შესახებ შეკითხვებს უსვამდნენ. როცა სერგო ზაქარიაძე მათ მიუახლოვდა, პედაგოგმა მისთვის „საბედისწერო“ სიტყვები წარმოთქვა: „ჭიქა წყალზე“ უფრო დიდი სიამოვნება რა უნდა იყოსო? ეს რომ ზრდილობიანმა ყმაწვილმა გაიგონა, იფიქრა, წყალი სწყურიაო. გაიქცა და უმალ მოურბენინა მასწავლებელს წყლით სავსე ტოლჩა. მასწავლებელი გაცხარებულ კამათში იყო, წყლის მოწოდება პირად შეურაცხყოფად ჩათვალა, ბიჭს „მეტიჩარა“ უწოდა და ადმინისტრაციას სტუდიიდან გაარიცხვინა. თვითონ ბატონი სერგო ამბობდა: შემდგომშიც არაერთხელ გავურიცხივარ სასწავლებლიდან, მაგრამ ყველაზე მწარე და დამამცირებელი მაინც ის შემთხვევა იყოო. რეჟისორი ქორელი კი, ვინც მის გარიცხვას ხელი მოაწერა, იმით „დასაჯა“, რომ მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად.

სიძე

ჯემალ ღაღანიძე: ერთ კურიოზს გავიხსენებ. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრში ვარ, სერგო კი, ჩემს მერე – 1957-ში მოვიდა. ამ ბუმბერაზ მსახიობს მე უკვე თეატრში დავხვდი, მასზე მეტი სტაჟი მაქვს (იცინის). მინდა ხაზი გავუსვა ჩემს ბედნიერებას, რადგან მასთან ერთად მომიწია სცენაზე დგომა. როცა გიგა ლორთქიფანიძემ რუსთაველის თეატრში პირველი სპექტაკლი – „მეტეხის ჩრდილში“ დადგა, პატარა როლი მქონდა, მაგრამ ეს სპექტაკლი, ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა!.. სპექტაკლის მსვლელობის დროს, მთელი ორი საათის განმავლობაში, მხოლოდ ჩემს სახელს ახსენებდნენ. სერგო სცენაზე იდგა და ამბობდა – არ იცნობთ, ჩემს სიძეს? სპექტაკლში ასევე თამაშობდნენ სოსო ლაღიძე და ნუგზარ ჯუღელი, რომელთაც საკუთარი სახელები ერქვათ. ძალიან ვნერვიულობდი, მთელი ორი საათი ეს ადამიანი მაქებდა, მადიდებდა და სპექტაკლის ბოლოს კი, მე უნდა შევსულიყავი. უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ჩაბნელებულ სცენაზე, დაბალ მაგიდასთან ვსხედვართ მე, ბატონი სერგო და ქალბატონი ეკატერინე ვაჩნაძე. ამ დროს იხსნება ფარდა, ინთება შუქი და უცებ, ტაშის ხმა გაისმა! გაოგნებული დავრჩი, არ ველოდი. მთელი ორი საათი, ბუმბერაზი მსახიობები იდგნენ სცენაზე და ამ დროს, მე დამიკრეს ტაში! მიხარია, რომ მაყურებელმა, ბატონი სერგოს მიერ ნაქები კაცი, ისე აღიქვა, როგორსაც მახასიათებდა. ბედნიერი კაცი ვარ, რომ გავამართლე მისი სიტყვები. ხშირად იხსენებდა ხოლმე ამ ამბავს. ბატონ გიგას ეტყოდა ხოლმე – გიგა, როგორ გამიმართლა სიძეშიო! (იცინის). ერთად ძალიან ბევრ სპექტაკლში ვითამაშეთ.

„ჩვენი მამა“

არ გეცოდინაბათ და ფილმ „ჯარისკაცის მამის“ გამოსვლის შემდეგ ბატონი სერგო, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი გახდა. იმ წლებში პოლონეთში გასტროლზე მოგვიწია წასვლა. ბრესტის საზღვარზე სასწაული ამბავი მოხდა. როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ ჩვენი მატარებლით „ჯარისკაცის მამა“ მგზავრობდა და საზღვარზე, ადამიანთა ჯგუფი დახვდა, რომლებმაც ავტოგრაფი ჩამოართვეს და მასთან ერთად, უამრავი ფოტოც კი გადაიღეს. ერთ-ერთ გასტროლზე ბერლინში ახალგაზრდა სარდალი იყო ჩამოსული, რომელსაც სამხედრო პირები დახვდნენ. შეხვედრაზე ჩვენც მიგვიწვიეს. ბატონმა სერგომ დაიგვიანა, უკვე დაწყებულ ღონისძიებაზე, დარბაზში მოხრილი შემოვიდა, რომ ვინმე არ შეეწუხებია და კუთვნილ სკამზე დამჯდარიყო. გენერალმა რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა, რასაც მთელი დარბაზი აჰყვა. უცებ შუქი აინთო და სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ჯარისკაცები გამოვიდნენ, სასწაული შეხვედრა მოუწყვეს. „ჩვენი მამა ხარ“ – ისმოდა ჯარისკაცთა შეძახილები. სერგო (გიორგი მახარაშვილი) ფაქტობრივად, ყველა ქვეყნის „ჯარისკაცის მამად“ აღიარეს…

ბრეჟნევის ფაქტორი

არ შემიძლია, არ გავიხსენო ის პერიოდი, როცა ლეონიდ ბრეჟნევმა ზაქარიაძე მოსკოვში მიიწვია. შეხვედრის ლიმიტი 20 წუთი იყო, მაგრამ 1,5 საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – რუსთაველის თეატრის მსახიობებსა და თანამშრომლებს ხელფასები გაუორმაგეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი