საზოგადოება

როგორ დაიწყო ნატალი გომელაურმა ხატვა მოულოდნელად და რამ შეცვალა მისი ცხოვრება

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 29.05, 2023 წელი

ნატალი გომელაური
დაკოპირებულია

მხატვარ ნატალი გომელაურის ნამუშევრების ხილვა, დარწმუნებული ვარ, ყველას დიდ ბედნიერებას ანიჭებს, რადგან მისი ნახატებიდან საოცარი სიკეთე, სიყვარული და სინათლე იღვრება.

ნატალი გომელაური: ბაღის პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მიყვარდა ხატვა, მაგრამ ჩემი შესაძლებლობებით არცერთი ბავშვისგან არ გამოვირჩეოდი. ასე იყო სკოლის პერიოდშიც. უფრო მეტიც, ხატვის გაკვეთილზე ბევრჯერ მიტირია, რადგან სხვებს დაუხატავთ და მე – ვერა. ვერ ვახერხებდი ისე დამეხატა, როგორც მინდოდა, როგორც ვხედავდი, თორემ სურვილი ყოველთვის მქონდა.

ამასთან ერთად, ბავშვობიდან მაწუხებდა მხედველობის პრობლემა. არაერთი ოპერაცია მაქვს გადატანილი თვალზე და ჩემი მხედველობის გამო, თვალებზე დატვირთვა რომ არ მქონოდა, ხანდახან მიშლიდნენ კიდეც ხატვას. ამის მიუხედავად, მინდოდა და მაინც ვცდილობდი ამის გაკეთებას. დედასგან მალულად ვხატავდი ხოლმე, უფრო ხშირად – შავ ფანქარში, რადგან ფერად ფანქრებში რომ მემუშავა და დავსვრილიყავი, ამას ადვილად შეამჩნევდა (იცინის). თუმცა, მერე, რაღაც პერიოდი, საერთოდ დავანებე თავი.

– პროფესიად ეს არ აგირჩევიათ, არა?

– ძალიან მიყვარდა თეატრი, ლექსები, პოეზია. მხატვრულ კითხვაზეც დავდიოდი და ყველას ეგონა, რომ ამ ხაზით წავიდოდი, მაგრამ ქართული ენა და ლიტერატურა ავირჩიე. თუმცა, უცებ სასწაული მოხდა და იურიდიულზე ჩავაბარე (იცინის). მხატვრობისადმი დიდი სიყვარული ყოველთვის მქონდა. გამოფენა არ გამომიტოვებია. მე და დედა დავდიოდით ყველგან, სადაც კი მხატვრების ნამუშევრების ნახვა იყო შესაძლებელი და ჩემს სიყვარულს ამით ვიკმაყოფილებდი, თორემ როცა თვითონ ვხატავდი, მაშინ ყველა მეუბნებოდა, არ გამოვა შენგან მხატვარი, არ გამოგდის ხატვა, სხვა რამ გააკეთე. საოცრად კითხულობ ლექსებს, საოცრად თეატრალური ხარო და მეც თავი მქონდა დანებებული ხატვისთვის, მაგრამ ალბათ, ეს ყველაფერი ღვთის ნება იყო.

– ყველაფერი შემთხვევითობამ შეცვალა...

– დიახ. როდესაც ხატვა ნამდვილად დავიწყე, საკმაოდ დიდი ვიყავი, 32 წლის, უკვე დაქორწინებული და შვილებიც მყავდა. ორი ბიჭი მყავს. ერთ-ერთს ბიოლოგიისთვის პროექტი ჰქონდა მოსამზადებელი დიდ ფორმატზე ზღვის სამყაროს შესახებ. მთელი ღამე გავათენეთ ორივემ და საოცარი ზღვის სამყარო შევქმენით. იმდენად კარგად გამომივიდა, რომ თვითონ გავოგნდი. მეორე დღეს, წავედი და საღებავები ვიყიდე. მოვედი, დავჯექი და ხატვა დავიწყე. როდესაც უკვე ბევრი ნახატი მქონდა დახატული, გავბედე და ჩემს ყველაზე დიდ კრიტიკოსს, დედას ვაჩვენე. დედამ ჩემი ნახატები რომ ნახა, აღფრთოვანდა. ჩემი ნამუშევრები მის მეგობარ მხატვართან მივიტანეთ, მასაც ძალიან მოეწონა და ეკა ცინდელანთან, საოცარ ფერმწერთან გადაგვამისამართა. დავიწყე ეკას სახელოსნოში სიარული და იქ ხელოვნების საოცარ სამყაროს ვეზიარე. ბევრ რამეს მასწავლიდა, თუმცა ჩემს თავისუფლებას არ ზღუდავდა.

შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. მამა მყავდა ძალიან მძიმედ ავად და გარდამეცვალა. ისევ დავანებე თავი ხატვას. წლები ისე გავიდა, აღარ დამიხატავს, თუმცა, შემდეგ, ისევ დავუბრუნდი. დავუბრუნდი და აღარც გავჩერებულვარ. ეს ჩემმა ოჯახმა განაპირობა. მათ დამაძლევინეს ყველანაირი სირთულე. ხედავდნენ, რომ მინდოდა ხატვა, ვცდილობდი, მაგრამ შინაგანი მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებდი. მოჰქონდათ ტილოები, საღებავები და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გამეგრძელებინა. განსაკუთრებით დიდი როლი ჩემმა მეუღლემ ითამაშა. იმხელა სიყვარულს ვგრძნობ ამ ადამიანისგან, რომ არ შემიძლია, სიყვარულზე არ ვხატო. ყველა ნახატში იმ სიყვარულს ვდებ, რომელიც ჩემ გარშემოა, გნებავთ, იყოს დედაშვილობის თემატიკა, გნებავთ, ქალის. ჩემი ნახატების ძირითადი თემატიკა ქალია, ქალია სამყარო, დედა და ყველაფერი ამქვეყანაზე, რასაც შეუძლია, სიმშვიდე და ბედნიერება მოგანიჭოს. მე ამ ყველაფერს ჩემს თავში ვხედავდი, ჩემი შვილებიდან და მეუღლიდან გამომდინარე, მათი თვალების დამსახურებით. რასაც ჩემ გარშემო ვხედავ, ტილოზეც ის სიკეთე და სიყვარული გადმომაქვს.

– ბედნიერება ნამდვილად ჩანს თქვენს ნახატებზე და მნახველსაც ამ განცდას ანიჭებს. ესე იგი, ოჯახია ამის მასაზრდოებელი.

– აბსოლუტურად. როგორც კი ემოციებით ავივსები, როგორც კი სიყვარული მომეძალება, მაშინვე ვჯდები და ვიწყებ ხატვას იმ თემაზე, რა თემაც იმწუთას მღელვარებით მავსებს.

მე არასდროს მიხმარია პალიტრა. მის გარეშე ვხატავე საღებავებს ტილოზე ვალაგებ და ნახატსაც ტილოზევე ვამუშავებ. როდესაც პორტრეტს ვხატავ, პირველ რიგში, თვალებს ვქმნი. ხოლო, როდესაც ტილოდან თვალები მიმზერს და მესაუბრება, მერე უკვე ვიცი, რა უნდა შევქმნა, რა ფერები გამოვიყენო და ასე შემდეგ.

– როდის გადაწყვიტეთ საკუთარი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და დასჭირდა თუ არა ამას დიდი გამბედაობა?

– მე, როგორც თვითნასწავლ მხატვარს, ძალიან მეშინოდა კრიტიკის, მაგრამ გავბედე და ჩემი რამდენიმე ნახატი, სოციალურ ქსელში, ჩემსავე გვერდზე ავტვირთე. საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. მეკითხებოდნენ, ხომ არ ვყიდდი, სად შეიძლებოდა მათი ნახვა, აინტერესებდათ, ხომ არ ვასწავლიდი ბავშვებს და ასე შემდეგ. წამოვიდა შეკვეთებიც, თუ შეიძლება, მე და ჩემი შვილი რომ დაგვხატოთო, ეს რომ მითხრეს, ძალიან ემოციური იყო. როგორ შეიძლება, დედაზე და შვილზე ბედნიერი და სასიამოვნო დახატო რამე ამქვეყნად?! ასევე, წყვილების სიყვარული დახატო, ოჯახის მფარველი ანგელოზი და ასე შემდეგ, ადამიანები თუ მათთვის ასეთი სიკეთის გაკეთებას გთხოვენ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. რომ იტყვიან, ფრთები გავშალე. მთელი გულით მინდა, ყველა ოჯახში იყოს ჩემი ნახატი. მე ძალიან დაბალ ფასად ვყიდი ნახატებს, ზუსტად იმიტომ, რომ მინდა, ყველას შეეძლოს მისი შეძენა.

– რელიგიის თემატიკა და რწმენა – რამდენადაც ვიცი, ამასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს შემოქმედებაში.

– დიახ, ასეა. ჩემმა მეუღლემ პატარა სახელოსნო გამიკეთა. ჩემი ნივთები გადმოვიტანე, ბედნიერი დავჯექი და ანგელოზების ხატვა დავიწყე. გამიფუჭდა ნახატი. ეს პირველად მოხდა. მე ნახატი არასდროს გამფუჭებია. მეორე დღეს თავიდან დავიწყე ხატვა. იგივე დამემართა, საერთოდ ვერ დავსვი ფერები. რას აღარ დავაბრალე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ალბათ, ადგილი რომ შეიცვალე იმის ბრალიაო. საქმე ისაა, რომ ყოველთვის, როცა სახატავად ვჯდები, ღვთისმშობლის ხატი მიყურებს სახეში. ჩემი მოლბერტი ხატის პირდაპირ დგას და ამ პროცესში მე და ღვთისმშობელი ერთმანეთს ვუცქერთ. არ არსებობს, სახატავად დავჯდე და სანთელი არ დავანთო. ხატვის დროს ღვთისმშობელს ვესაუბრები. ამიტომაც არის, რომ ჩემს ნახატებში ქალია ყოველთვის დომინანტი. წინასწარ არასდროს ვფიქრობ იმაზე, თუ რა უნდა დავხატო. ამას უფალი მიჩვენებს. რომ დავჯდები, თვალებს ვხუჭავ, ფანქარს ვიღებ, თვალს ვახელ და ხელი თავისით იწყებს მოძრაობას.

– რეკორდული რაოდენობის გაყიდვები გაქვთ, ალბათ, ძალიან ბევრს ხატავთ.

– დიახ. ერთ დღეში შემიძლია, სამი ნახატი შევასრულო ზეთის საღებავით, მაგრამ გამორიცხულია დღე ისე გავიდეს, რომ ერთი მაინც არ დავხატო. სხვანაირად ვერ დავიძინებ. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ჩემთან მოდიან, ნახატს ხედავენ და ამბობენ, ღმერთო ჩემო, ეს ბედნიერებაა, ეს იმაზე გაცილებით მეტია, რაც ფოტოზე ვნახეთო. საოცარი განცდაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი