საზოგადოება

როგორ დაიწყო ბაჩო ცანავამ თოჯინების კეთება არსაიდან და რატომ თქვა მან იტალიაში პრესტიჟულ შემოთავაზებაზე უარი

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 13.09, 2022 წელი

ბაჩო ცანავა
დაკოპირებულია

ბაჩო ცანავა თვითნასწავლი მეთოჯინეა, ძალიან საინტერესო გამოცდილებითა და ხასიათით, რომელიც მის თოჯინებზეც გადადის და მნახველებს ძალიან ხიბლავს.

ბაჩო ცანავა: სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე თაბაშირი და გავაკეთე ფიგურა, რომელმაც ჩემი ამ საქმით დაინტერესება გამოიწვია. ნელ-ნელა დავხვეწე ჩემი ნამუშევრები და რამაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემს მეთოჯინეობაში, ეს იყო შექება ჩემი გარემოცვისგან, ჩემი ოჯახისგან. მათ მოიწონეს და შემაქეს, მე კი სურვილი გამიჩნდა, რომ ეს საქმე მეკეთებინა.

– მათი კეთება ყველანაირი ცოდნის გარეშე დაიწყეთ?

– არანაირი ცოდნა არ მქონდა. როგორც ამბობენ, თვითნასწავლი ვარ. ყველაფერი შრომაში დაიხვეწა. ის, რაც თავიდანვე უცვლელად მოჰყვება ჩემს ნამუშევრებს, არის განსაკუთრებული ხასიათი. ეს ყველაზე მეტად იზიდავს დამთვალიერებელს. ჩემს ნამუშევრებს, ძირითადად, მე მამსგავსებენ ხოლმე. გამოფენაზე ასეთ ამბავსაც შევსწრებივარ: საოცარ ისტორიებს ჰყვებიან ხოლმე იმის შესახებ, თუ რას გამოსახავს ესა თუ ის თოჯინა. ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად მე არც არაფერი ჩამიდვია მასში, უბრალოდ, გამოვძერწე და ფორმა მივეცი, თუმცა ჩემი იმ მომენტის ხასიათი თოჯინას ნამდვილად გადაეცემა. ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყველანაირ ენერგიას იზიდავს. საერთოდ, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. როდესაც შეყვარებულს ახალი დაშორებული ვიყავი, ჩემი საოცრად მოწყენილი თოჯინები სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა (იცინის). ჩემს ნამუშევრებში სევდაც არის და ღიმილიც, თუმცა მეტწილად სევდაა.

საერთოდ, ძალიან მყუდრო და თავშეკავებული ტიპაჟი ვარ. თოჯინების მუზეუმში პედაგოგ-ექსკურსიამძღოლი ვარ და საგანმანათლებლო პროგრამებს ვატარებ. უნდა ნახოთ ჩემი და ბავშვების ურთიერთობა, მათთან ერთად მეც მათხელა ვხდები. თუმცა თავდაპირველად ერთმანეთთან ვერ აკავშირებენ ხოლმე ჩემს ვიზუალსა და თოჯინებს. ვერ ხვდებიან, რა მინდა მე აქ და გაოცებული მეკითხებიან, სპორტსმენი მეგონეთ და მეთოჯინე ხართო (იცინის).

– პროფესიით ძალიან შორს ხართ?

– კი, ნამდვილად ტყემალზე ვზივარ (იცინის). მე პროფესიით ვეტერინარი ვარ, მაგრამ მხოლოდ დიპლომით. ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები ძალიან მიყვარს. სწავლის დროს დავიწყე თოჯინებზე მუშაობა და დღეს სხვა რამის კეთება ვერც წარმომიდგენია. თუმცა, თოჯინებით ბავშვობაშიც ვთამაშობდი. ხშირად ახლობლები მეკითხებიან: ბიჭი თოჯინებით თამაშობდი, ახლა თოჯინებს აკეთებ, ამის გამო არ გქონია პრობლემაო? არ მახსენდება, ამისგან ვინმეს ტრაგედია შეექმნა. სკოლაში რაღაც პერიოდში ვმალავდი, რომ თოჯინებს ვაკეთებდი. 14 წლის ვიყავი, როცა მათზე მუშაობა დავიწყე, უფრო პროფესიონალურად სტუდენტობის დროს მივუდექი ამ საქმეს, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. როცა ეს თოჯინები ხალხს გავაცანი, არასდროს არავის დაუცინია, მართალია, ეს იწვევს გაკვირებას, მაგრამ ამას, როგორც წესი, სასიამოვნო აღფრთოვანება მოჰყვება ხოლმე. შეიძლება, ცოტა პრანჭვად ჩამეთვალოს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ვვარჯიშობ და რეალურად, მეთოჯინისა და ჩემი ვიზუალი მართლა განსხვავდება ერთმანეთისგან (იცინის). ამის გამო კურიოზებიც ხშირად გადამხდენია. ჩაწერა მქონდა თოჯინებთან დაკავშირებით ტელევიზიისთვის. მეორე დღეს, ერთი ბიჭი მოვიდა დარბაზში და მეუბნება ცოტა დაეჭვებული, გუშინ ტელევიზორში გნახე, თოჯინებზე ლაპარაკობდი, ამბობდი, თოჯინებს ვაკეთებო და ნამდვილად შენ იყავიო? ძალიან განცვიფრებული სახე ჰქონდა (იცინის). მართალია და გაჩვენებ ჩემს თოჯინებს-მეთქი, ვუთხარი და მანაც და სხვებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს, ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის.

– თოჯინებთან ერთად, ფაიფურზეც მუშაობთ, რაც იტალიაში ისწავლეთ...

– ფაიფურის ნაკეთობები ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. ეს ჩემთვის კარგი ინსპირაციაა და მათი მოყვარული კოლექციონერიც ვარ. იტალიაში, ნეაპოლში ვსწავლობდი. მე-16 საუკუნეში აგებულ სასახლეში ვცხოვრობდი, სადაც გამოფენილი იყო მიქელანჯელო, კარავაჯო და სხვა საოცარი შემოქმედების ნამუშევრები. უძველესი ალაყაფის კარი რომ გამიღეს და ეზოში შევედი, უძველესი კულტურის სუნი ვიგრძენი, სულ სხვა სამყაროსა და ეპოქაში აღმოვჩნდი. სემინარიაში ვსწავლობდი, ფაიფურის ნაკეთობების პატარა საწარმოებში, რომელიც მამიდან შვილზე გადადიოდა და იქ შევისწავლე ფაიფურზე მუშაობის ტექნოლოგია. იქ საქართველოს შესახებ არაფერი იცოდნენ, ყველას რუსეთიდან ვეგონე და ამაზე ავაბაკუნე ფეხები (იცინის). ცოტა დამცინეს კიდეც, მასალა მომცა პედაგოგმა, აბა, როგორ ააწყობო და გულში ვფიქრობდი: აბა მიყურე, როგორ ავაწყობ-მეთქი და რომ მოვდოდი, ზუსტად ამ პედაგოგმა მითხრა, ჩემი შვილი ადვოკატია, ჩემს მერე ეს ხელობა არ გრძელდება და არ გინდა, დარჩეო? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვნახე და ვისწავლე, ჩემოდანი ორი კვირით ადრე მქონდა ჩალაგებული, აუცილებლად მჭირდებოდა ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლა და ნანახის ვინმესთვის გაზიარება, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი. ამიტომ უარი ვუთხარი.

– იტალიაში კაპოდიმონტეს ფაიფურის სახელოსნოზე ვისაუბროთ, იქ მოხვედრა სენსაცია იყო, პირველი ქართველი იყავით, ვინც აქ მოხვდა.

– ამას ვერ აღვიქვამდი, უბრალოდ, ფაიფურის ტექნოლოგიის შესასწავლად მივდიოდი. სამწუხაროდ, ფაიფურზე საქართველოში ვერ ვმუშაობ, ძვირად ღირებული სიამოვნებაა. ჩემმა პედაგოგმა ვატიკანის ელჩს დაურეკა, სწორედ მან გამგზავნა იქ სასწავლებლად და უთხრა, როგორი ნიჭიერი ვიყავი და როგორ ვამბობდი უარს იქ დარჩენაზე (იცინის). არ შემეძლო, ვერ დავრჩებოდი. ჩემი ქვეყანა ყველაფერს მირჩევნია.

– როგორ მოხვდით იქ?

– ჩემი ნამუშევრები ტელევზიით ნახა ვატიკანის ელჩმა, დამიკავშირდა და ჩემი ნამუშევრებიანად მიმიწვია. იტალიაში თოჯინების ძალიან დიდი კულტურაა. მითხრა, რომ ნეაპოლში ასეთი სასწავლებელი იყო და მოდი, ვცადოთო. ვცადეთ, გავგზავნეთ ჩემი მონაცემები და თანხმობა მოვიდა, მიმიღეს ყველანაირი დაფინანსებით.

– ნათქვამი გაქვთ: „აკადემიაში ჩაბარებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ხატვა ვერ ვისწავლე და ყველას უკვირს, როგორ ვახერხებ თოჯინების გაკეთებასო“.

– ასეა და მე თვითონაც არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ ხდება. ტვინში რაღაც მოდის, არ გასვენებს და გაკეთებინებს. ვერ ვხატავ, ესკიზს ვერ ვაკეთებ. მასწავლებლებთან ვიარე, მაგრამ ვერა, ვერ გავაკეთე. ფურცელზე არ გამომდის, მაგრამ როდესაც ხელში მასალა მიჭირავს, თითქოს ხელებით ვხედავ. ალბათ, ეს არის თვითნაბადი ნიჭი, რომელსაც ბევრი მუშაობა და განვითარება სჭირდება, რომ ჭაობად არ იქცეს. სიმართლე გითხრათ, მაქვს საკმაოდ აქტიური პერიოდები, როცა ბევრ ნამუშევარს ვაკეთებ, მაგრამ მერე აღარაფრის კეთების სურვილი არ მაქვს და ამის გამო მაკრიტიკებდნენ: არ კითხულობ, არ სწავლობ, ასე ჭაობად იქცევიო. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ რომ ვჯდები და მუშაობას ვიწყებ, ვხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელი არაფრისთვის მომიკიდებია, ტექნოლოგია ახალია, დახვეწილი და უფრო სუფთაა. თითქოს ამ შესვენების დროს ელემენტივით დავიმუხტე. დიდი რაოდენობით შეკვეთა მაქვს, ეს მუდმივად ასეა და მათზე ყოველთვის ვმუშაობ, მაგრამ საავტორო ნამუშევარი შეიძლება, ერთი წელი არ გავაკეთო. დიდად ბეჯითი არ ვარ, მაგრამ მირჩევნია, შემეშალოს და თვითონ ვისწავლო, ვიდრე სხვას დავუჯდე და მან მასწავლოს. გარდა ამისა, რამდენიც არ უნდა გადამიხადო, თუ ადამიანის სახე ვერ აღვიქვი, შეკვეთას ვერ მივიღებ.

– ერთ მხარეს – ფაიფურის ნამუშევრების კოლექციები და მეორე მხარეს – საკუთარი თოჯინები, რა ხდება თქვენს სახლში?

– ჩემი სახლი მუზეუმია (იცინის). მიყვარს ყველაფერი, რაც ძველია. ფაიფურის ძველებური ნივთები ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. მინდა შევინახო და მათი ცხოვრება გავაგრძელო.

– თქვენი ნამუშევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, არაერთ მუზეუმშია...

– დიახ, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. ეს დიდ სტიმულს მაძლევს. რაც მეტი გაგიცნობს, შენი ნამუშევარიც უფრო მეტი იყიდება.

– როგორია მათი ღირებულება?

– საქართველოს პირობებში ღირებულება ასი ლარიდან იწყება და 5 ათასამდე ადის, უცხოეთში სხვა ფასებია. დაინტერესება ძალიან დიდია, რაც ძალიან მიხარია. ზოგჯერ იმდენი შეკვეთა მაქვს, სავარძლის ფორმას ვიღებ ხოლმე, (იცინის). ბევრს სწყინს, რადგან თუ მისი სახე კარგად ვერ აღვიქვი, თუ სახასიათო გარეგნობა არ აქვს, უარს ვეუბნები. ფული არ არის მთავარი, მე უნდა ვიგრძნო, რომ გამომივა. პანდემიის დროს ცნობილი ქართველი ფეხბურთელების თოჯინები შემიკვეთეს, კვარაცხელია არის ახლა ძალიან აქტუალური და სხვებთან ერთად მასაც აქვს ჩემი თოჯინა. ცოტა ხნის წინ მამამისის ინტერვიუს ვუყურებდი და ჩემი თოჯინა ეჭირა ხელში, სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ყველა ხელოვანს უხარია, რომ მისი ნამუშევარი ფასდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი