საზოგადოება

როგორ დაიდო ბინა ნიკა გოგიაშვილის ნამუშევრებმა ყველა კონტინენტზე

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 18.05, 2021 წელი

ნიკა გოგიაშვილი
დაკოპირებულია

ნიკა გოგიაშვილი წარმატებული არტისტია, რომელიც ბელგიაში საქმიანობს, თუმცა მის ნამუშევრებს ყველა კონტინენტზე შეხვდებით.

ნიკა გოგიაშვილი: დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით კი – კრიმინალური. სტუდენტობის პერიოდშივე დავიწყე მუშაობა ნანუკა ჟორჟოლიანთან, შემდეგ კი მაია სტეფნაძესთან, რომელმაც სწორედ, მაშინ შექმნა „სხვა რაკურსი“. იმ პერიოდში ასეთი ტიპის გადაცემა სატელევიზიო სივრცეში ახალი და განსაკუთრებულად საინტერესო იყო. თავდაპირველად გამორჩეულად სკანდალურ გადაცემებს ვაკეთებდით. დამწყები ჟურნალისტისთვის მაია სტეფნაძესა და გია ჯაჯანიძისნაირ პროფესიონალებთან მუშაობა დიდი ფუფუნება იყო.

– თუმცა, ეს არ იყო კრიმინალური ჟურნალისტიკა, ამ მიმართულებით არ გიმუშავიათ?

– ნანუკა ჟორჟოლიანთან ვმუშაობდი ამ მიმართულებით და ძალიან პატარა ასაკში მომიწია აქტუალურ კრიმინალურ საკითხებში გარკვევა. რაც შეეხება „სხვა რაკურსს“ – იქ ყოველკვირეულად სხვადასხვა თემაზე გვიწევდა მუშაობა, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მე, პირადად, ვიყავი ისეთი სიუჟეტის ავტორი, როგორიცაა მაგალითად, საკმაოდ სკანდალური და აქტიური თემა – ბავშვების სხეულით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

– ამ ფონზე რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

– ჩემთვის ეს აზრი ყოველთვის აქტუალური იყო. მაშინ დედა ბელგიაში ცხოვრობდა, იქ, ასევე, მყავდა ნათესავები. პატარა ასაკიდანვე ვფიქრობდი, რომ მოგზაურობა ჩემს მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიცია იქნებოდა. მოგზაურობის დროს გადავწყვიტე, ისეთ ქვეყანაში გამეგრძელებინა ცხოვრება, საიდანაც სამყაროს უკეთ შევიცნობდი. თუმცა ჯერ სწავლა უნდა დამესრულებინა. ასეც მოვიქეცი და ეს ნაბიჯი მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გადავდგი. მაშინ, როცა მე გადავწყვიტე ბელგიაში დამკვიდრება და კარიერის აწყობა, დედა საქართველოში დაბრუნდა. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, რომ მშობლების თაობა სამშობლოში ბრუნდება, თან, ჩვენს ოჯახში, მისი ემიგრაციაში დარჩენის მატერიალური საჭიროებაც არ იდგა და მიუხედავად იმისა, რომ რთულია უცხო ქვეყანაში ყველაფრის მარტო კეთება, დედის შინ დაბრუნება გამიხარდა. წარმატების დამოუკიდებლად მიღწევა – ალბათ, ეს ერთ-ერთი მოტივაციაა. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, შეეჯიბრო საკუთარ თავს და გამოსცადო, შეძლებ თუ არა თავის დამკვიდრებას უცხოეთში, სადაც ძალიან დიდი მასშტაბებია. ოჯახიდან შორს ყოფნა მარტივი არ არის, მუდმივ მონატრებაში ვარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მეტი შანსია, ნახო სამყარო, რომელიც ასეთი დიდია, გაეცნო მსოფლიო კულტურებს და მარტომ, საკუთარ თავთან დიდი შრომით აშენო პირადი წარმატება.

– ახლა რას საქმიანობთ ბელგიაში?

– ვარ მხატვარი, მიუხედავად იმისა, რომ ხატვა არასდროს მისწავლია. პრაქტიკულად, ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა საქართველოში უფრო სხვა ინტერესები მქონდა და საკუთარი თავის ამ მიმართულებით განვითარებაზე არ მიზრუნია. სამაგიეროდ, ევროპულმა გარემომ ძალიან შემიწყო ხელი ამ მხრივ.

ახლახან ბელგიის სამეფომ ოფიციალურად მომანიჭა არტისტის სტატუსი, რაც ამ ქვეყანაში განსაზღვრავს ადამიანის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაქვს ოფიციალური საიტი და ასევე, ვთანამშრომლობ გალერეებთან. ჩემი პერსონალური გამოფენა კი პანდემიის დამთავრებისთანავე გაიმართება.

გარდა ამისა, ვარ შვედური ბრენდების – H&M, COS, ARKET – კრეატივ- და ვიზუალმენეჯერი და ბელგიაში ამ მაღაზიის ყველაზე დიდ ქსელს ვმართავ, ანუ ვქმნი მაღაზიისა და კოლექციის დიზაინს. ვარ ვიზუალტრენერი – ვამზადებ თანამშრომლებს H&M -ისთვის.

რამდენიმე წელიწადში ერთხელ ცნობილი მოდის გამოცემა VOGUE და MARIEA CLAIRE არჩევენ ერთ პერსონას H&M-ის ისტორიიდან და მასზე ინტერვიუს ბეჭდავენ. წელს მე ამარჩიეს. 23 მარტს მქონდა გადაღება და ინტერვიუ ამ გამოცემებისთვის, რადგან ამ ბრენდში ჩემი მუშაობის დროს ბელგიაში ჩვენი მაღაზია გახდა საუკეთესო როგორც ვიზუალური, ასევე კრეატივისა და გაყიდვების მიმართულებით. ინტერვიუში, სწორედ, ამაზეა აქცენტები – თუ რა გზა გავიარე საქართველოდან H&M-ის მენეჯერობამდე და რა წვლილი შევიტანე ჩვენი ბრენდის განვითარებაში, რომელმაც ჩემი მართვის დროს ასეთ წარმატებას მიაღწია.

ამ ყველაფერთან ერთად, ვთანამშრომლობ ქართულ დიასპორასთან ბელგიაში. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ნაწილის განვითარებაში. ვიღებ მონაწილეობას ევროპარლამენტის სხვადასხვა პროექტში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ღირებულებებთან. ვმუშაობ პრობლემურ ქეისებზე და ვეხმარები იმ ქართველებს, რომლებსაც ბელგიაში ინტეგრაციის დროს სხვადასხვა ადმინისტრაციული პრობლემები ექმნებათ.

– რაც შეეხება ახალ პროექტს – ზაფხული სიცილიაზე, რომელმაც უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია, როგორ შეიქმნა ის?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ვარ მხატვარი. სხვა მიმართულებით აქამდე არ მიმუშავია, თუმცა პანდემიის პერიოდში, როდესაც მსოფლიო ჩაიკეტა და ყველანი სახლებში დავსხედით, გამიჩნდა იდეა, რომ ხალხისთვის შემეთავაზებინა არტი, რომელიც მათ მეხსიერებაში დარჩებოდა, როგორც პოზიტიური მოგონება ცხელი იტალიური ზაფხულის შესახებ. ამიტომ შევქმენი სკულპტურა, რომლის ინსპირაციაც სიცილიაზე გატარებული ზაფხული, იქ მიღებული შთაბეჭდილებები და იტალიური ხელოვნების ნიმუშები გახდა. მინდოდა, ეს პროექტი, რაც შეიძლება, სახალხო ყოფილიყო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. სკულპტურების გაყიდვაში ჩაშვებიდან 3 კვირაში „სიცილიურმა ზაფხულმა“ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე დაიდო ბინა, რაც ძალიან მახარებს.

– რა სირთულეები იყო ამ პროცესში?

– აქ ხუთი წლის წინ ჩამოვედი და 24 წლის ქართველი ბიჭისთვის ბელგიაში თავის დამკვიდრება ნამდვილად რთული აღმოჩნდა. აქ გალერეებში მოსახვედრად აუცილებლად გჭირდება პოპულარობა. დემოკრატიული ქვეყნებისგან ასეთი მიდგომა ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა რთულია, სწრაფად მიაღწიო იმ ყველაფერს, რაც მიზნად გაქვს. თუმცა, ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა. დავიწყე ჩემი ნახატების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება და ძალიან მალე კლიენტებიც გამოჩნდნენ. პირველი სერიოზული შემოთავაზება ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროთა ქსელისგან მივიღე, რასაც პირადი შეკვეთებიც მოჰყვა.

ამ წლის თებერვალში ყურადღების ცენტრში მოექცა ჩემი ნამუშევრები, რომლებიც მსოფლიო კლიმატური პრობლემების თემაზე შევქმენი და ჩემს ოფიციალურ ვებგვერდზე მქონდა გამოქვეყნებული. სრულიად მოულოდნელად მივიღე შეტყობინება ნიუ-იორკის ძალიან ცნობილ სამხატვრო გალერეა „ეკოარტ პროჯექთიდან“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კრებს მსოფლიო კლიმატურ პრობლემებზე მომუშავე არტისტებს. მათ აირჩიეს ჩემი სამი ნამუშევარი და საკუთარ გალერეაში გამოფინეს, რაც ჩემთვის ცოტა დაუჯერებელი და ძალიან საამაყო ამბავია. პირველი შემთხვევაა, როცა მათ არჩევანი ქართველ არტისტზე შეაჩერეს.

– იმ ადამიანებზეც ვისაუბროთ, ვის კოლექციაშიც თქვენი ნამუშევრები ინახება.

– ალბათ, ძალიან საამაყოა, როდესაც ჩვენს ემოციებზე დაფუძნებული არტი ჩვენთვის მისაბაძი ადამიანებისთვის მისაღები და ახლობელი აღმოჩნდება. ჩემი მოღვაწეობის პირველ თვეებში ილია ჭავჭავაძის იდეაზე შექმნილი ნამუშევარი მსოფლიოში ძალიან ცნობილ ფსიქოლოგსა და ოქსფორდის პროფესორს – რიკ კამერონს ეკუთვნის. ასევე, სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩემი ნამუშევრები ინახება ბელგიის ორგზისა და მსოფლიო ოლიმპიურ ჩემპიონს – იორიკ ჰენდრიქსის კოლექციაში, რომელიც ძალიან ცნობილი ბელგიელია. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის მისაბაძ ხელოვანს ხატია ბუნიათაშვილსაც აქვს ჩემი შესრულებული მისი პორტრეტი, რომელიც მას ბრიუსელში გამართულ კონცერტზე გადავეცი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი