საზოგადოება

როგორ დაღუპა სიმონ გოგიბერიძე თანამგზავრის ტრაბახმა და რატომ უწევდა სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს საქართველოში შემოპარვა

№31

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 10.08, 2022 წელი

სიმონ გოგიბერიძე
დაკოპირებულია

სიმონ გოგიბერიძე 1900 წელს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა. მისი მამა ტახტის აზნაური ლევან გოგიბერიძე გახლდათ, დედა კი – სოფიო მგალობლიშვილი. გოგიბერიძეების ტრადიციული ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო. მამას, განათლებულ და პროგრესული შეხედულებების პიროვნებას, სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. სიმონს ორი და ჰყავდა – ნინო და თამარი. სამწუხაროდ, ლევანი ოცდაცხრა წლის ასაკში გარდაიცვალა და შვილების აღზრდის მთელი სიმძიმე სოფიოს დააწვა მხრებზე.

სიმონმა ხიდისთავში მიიღო ორკლასიანი განათლება, შემდეგ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველო თურქული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. სიმონ გოგიბერიძე, სემინარიელთა უმრავლესობასთან ერთად, ვაკეში განლაგებულ „თბილისის მსროლელთა ათასეულში“ ჩაეწერა და იმ დროიდან დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო დღეებამდე სამხედრო ნაწილების მებრძოლ შემადგენლობაში ირიცხებოდა. მოგვიანებით ოფიცრის ხარისხიც მიიღო. მონაწილეობდა თურქეთის, დენიკინელების და წითელი, მეცხრე არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში.

დემოკრატიული საქართველოს დამხობას სიმონ გოგიბერიძე გაგრის ფრონტზე შეხვდა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში მონაწილეობა ბოლშევიკებმა სამშობლოს ღალატად ჩაუთვალეს და რამდენიმე თვით დააპატიმრეს.

საქართველოს გასაბჭოებას ხანგრძლივი სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელიც ფიტავდა და ანადგურებდა ხალხს. ერის დენაციონალიზაციის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ აუცილებელი იყო დამოუკიდებლობის იდეის გამოცოცხლება, რისთვისაც მთელ საქართველოში არალეგალური საქმიანობა გაჩაღდა. გურიაში ამ საქმის ორგანიზატორებს შორის სიმონ გოგიბერიძეც იყო.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ სიმონ გოგიბერიძე საფრანგეთში გაიხიზნა. ის პარიზის ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ემიგრაციაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სიმონს შესაძლებლობა მიეცა, განათლების გაუმჯობესებაზე ეზრუნა. განსაკუთრებული მონდომებით დაიწყო სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა.

1938 წელს პარიზში გამოქვეყნდა მისი მოგონებების წიგნი – „ბრძოლა სამშობლოსათვის“, რომელიც 1924 წლის აჯანყებაში გურიის მონაწილეობას შეეხება.

1930-იან წლებში ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში პოპულარული გახდა ფაშისტური იდეოლოგია. ფაშისტური ხელისუფლება არსებობის პირველივე დღეებიდანვე ეწეოდა აგიტაციას რუსეთის იმპერიიდან ემიგრირებულ ხალხში.

ქართულ ემიგრაციას, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, თავიდანვე ანტიფაშისტური პოზიცია ეკავა. მაგრამ საქართველოში მაინც ვრცელდებოდა ხმები ყოფილი მთავრობის ჰიტლერელებთან თანამშრომლობის შესახებ. ამიტომაც პარიზის ქართულ წრეებში მომწიფდა აზრი საქართველოსათვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ და ეს საპასუხისმგებლო საქმე სიმონ გოგიბერიძეს მიანდვეს.

1939 წელს სიმონი აფრიკისა და არაბული ქვეყნების გავლით ჩავიდა თეირანში, საიდანაც დათიკო ერქომაიშვილთან ერთად თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდა და ქართულ სასაზღვრო სოფელ მაჭახელაში დაბინავდა. ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში აკვირდებოდნენ შავშეთის ქედზე საბჭოთა საგუშაგოების განლაგებას, სასაზღვრო პატრულირების წესებსა და გრაფიკს, რამაც სათანადო ნაყოფი გამოიღო. 1940 წლის 20 აპრილს ორივემ მშვიდობით გადმოლახა საზღვარი და თავი გურია-აჭარის მთებს შეაფარა. მათ თან ჰქონდათ პარიზში გამომავალი სოციალ–დემოკრატიული პარტიის ყოველთვიური ჟურნალი „ბრძოლის ხმა“, სადაც დაბეჭდილი იყო დეკლარაცია ფრანგულ და ქართულ ენებზე, ამ დეკლარაციაში საქართველოს ყოფილი მთავრობა და პარტიები განმარტავდნენ საქმის ნამდვილ ვითარებას, გმობდნენ ფაშიზმს და ქართველ ერს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.

საქართველოში სიმონ გოგიბერიძემ 31 დღე გაატარა. ამ პერიოდში მან საიდუმლოდ მოინახულა დედა, 10 დღით გაჩერდა მშობლიურ სახლში და შემდეგ მშვიდობით გადავიდა თურქეთში. თუმცა, მის მეგზურს სიმთვრალეში ხიდისთავის ბაზარში წაუტრაბახია მომხდარის შესახებ, რითაც თავიც დაიღუპა და გოგიბერიძეების ოჯახსაც უბედურება დაატეხა თავს.

სოფიო მგალობლიშვილი დააპატიმრეს ბრალდებით, რომ მან არ დაასმინა შვილი და არ აცნობა შესაბამის სამსახურებს მისი სამშობლოში ყოფნის შესახებ. საქართველოში ცხრაწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მასთან იმ დროს იმყოფებოდა მისი ქალიშვილი თამარი, რომელმაც დედის ნეშტი თბილისში ჩამოასვენა და კუკიის სასაფლაოზე დაკრძალა.

1942 წელს სიმონ გოგიბერიძე ხელმეორედ შემოვიდა საქართველოში და აქ 35 დღე დარჩა. უკან გაბრუნებისას ნისლში მოულოდნელად წააწყდა საბჭოთა საგუშაგოს. ის დააპატიმრეს. 27 თვის განმავლობაში წამების სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ პატიმრისგან გერმანიის აგენტობის აღიარებას, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. მას მხოლოდ ანტიფაშისტური საქმიანობა დაუმტკიცდა, მაგრამ მისი წარსული საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოცდახუთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

სიმონ გოგიბერიძემ პატიმრობის ვადა სრულად მოიხადა და 1967 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ცხოვრობდა თბილისში და ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას, ასწავლიდა ფრანგულ, გერმანულ და თურქულ ენებს. სიმონი თვლიდა, რომ „ქართველ ერს მისი ეროვნული, ხორციელი და სულიერი კეთილშობილი თვისებების ყოველმხრივი განვითარებისთვის ორი საჭურველი აქვს ხელში – სწავლა და შრომა“. ეს პრინციპი ჰქონდა ქცეული საკუთარი ცხოვრების წესადაც.

სიმონ გოგიბერიძე 1970 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ვკვდები“. დაკრძალულია კუკიაზე.

გამოყენებული მასალების წყარო: გოგიბერიძე, სიმონ. ბრძოლა სამშობლოსათვის; რუხაძე რუსუდან. „მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ვკვდები”... :პოლიტიკური ემიგრანტის სიმონ გოგიბერიძის ცხოვრება და ბედი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი