საზოგადოება

როგორ ჩაგრავდნენ რუსი ეგზარქოსები ქართველ ეგზარქოსებს

№21

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 31.05, 2023 წელი

სასულიერო სემინარია
დაკოპირებულია

გაინტერესებთ, რატომ იყო სრულიად მიუღებელი რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებისათვის ქართული სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში.

როგორ ერეკებოდა ძალით ახლად შემოერთებული ისტორიული ქართული მიწა-წყლიდან ქართველობას და ასახლებდა სომხებს, რომელთაც რუსეთის ხელისუფლება კავკასიაში თავისი ინტერესების ყველაზე საიმედო დამცველებად მიიჩნევდა? ყველა ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი სერგო ვარდოსანიძე ისაუბრებს.

მეფის რუსეთი საქართველოში შემოდის

როდესაც ბიზანტიის იმპერია დაეცა (1453 წლის მაისი), ეს იყო გეოკატასტროფა საქართველოსთვის. ის გზები და გზაჯვარედინები, რომლებიც ევროპდან აზიისკენ მიემართებოდა, საქართველოზე გადიოდა და თურქებმა ჩაკეტეს (ბოსფორი და დარდანელი). ჩვენ გაგვიმეზობლდა, ერთი მხრივ, ოსმალეთი და მეორე მხრივ, ყიზილბაშური ირანი. ეს ხდება მეთხუთმეტე საუკუნეში, იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქია იშლება – სამი სამეფო და ერთი სამთავრო. მეთექვსმეტე საუკუნეში მას კიდევ ორი სამთავრო ემატება – ოდიშისა და გურიის. მეჩვიდმეტე საუკუნეში – აფხაზთა და, მეთვრამეტე საუკუნეში – სვანეთის სამთავრო. ასეთ დროს რა ქნეს ჩვენმა წინაპრებმა? ევროპამ, კათოლიკურმა სამყარომ, პაპმა ჯვაროსნული ომის იდეა შესთავაზა აზიის ქვეყნებს. ამ შემთხვევაში პაპის წარმომადგენელი ლუდოვიკო ბოლონელი ჩამოვიდა საქართველოში და დაითანხმა აქაური მეფემთავრები, რომ ოსმალების წინააღმდეგ ერთობლივად გამოვიდოდნენ, მაგრამ ჩაიშალა. ევროპა გადაერთო საოკეანო ცივილიზაციაზე და ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ძებნა მოკავშირე მხარდამჭერი ქვეყნისა და, აი აქ უკვე, ჩრდილოეთში, როცა მონღოლთა უღელს მოიშორებს მოსკოვის სამთავრო, რუსეთი (1480 წელი), ჩვენს წინაპრებში ჩნდება იმის განცდა, რომ აი, ის მესამე, რომი ბიზანტიის ნაცვლად, არის რუსეთის სახელმწიფო, მოსკოვის სახელმწიფო და იქნებ ის დაგვეხმაროსო. სამი საუკუნე ერთმორწმუნეობის ილუზია კვებავდა ჩვენს ხალხს. ასე მივიდა საბოლოოდ ჩვენი ქვეყანა გეორგიევსკის ტრაქტატამდე. როდესაც გეორგივესკის ტრაქტატი გაფორმდა (1783 წლის 24 ივლისს) მასში ჩაიწერა ერთი ასეთი ბუნდოვანი მუხლი: საქართველოს ეკლესიის მეთაური (ქართლ-კახეთის) მერვე ადგილს იკავებდა რუსეთის სინოდში ტობოლსკის მიტროეპარქიის მმართველის შემდეგ. რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, ამაზე შემდეგ ცალკე არტიკული დაიწერებაო, – ითქვა. ეს უკვე, პირველი ნაბიჯი იყო ავტოკეფალიის შეზღუდვა-გაუქმებისკენ. რას ნიშნავდა ეს, რომ რუსეთის სინოდში რიგითი წევრია, მერვე ადგილზე ტობოლსკის ეპარქიის მმართველის შემდეგ დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური? როგორღაა დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური? არანაირი არტიკული არ დაწერილა. 1801 წლის 12 სექტემბერს როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა. 1811 წელს კი გამოიცა იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანება ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ. კათალიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ მეორე რუსეთში გაიწვიეს, აქ კი, ეკლესიის მართვა-გამგეობა ჩააბარეს ქართველს, მაგრამ რუსეთის სინოდს დაქვემდებარებულ პირველ ეგზაქორსს, მიტროპოლიტ ვარლამ ერისთავს, რომელიც 1817 წლამდე იყო ეგზარქოსი, ხოლო 1817 წლიდან 1917 წლამდე საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას რუსი ეგზარქოსები განაგებდნენ (პირველი რუსი ეგზარქოსი იყო თეოფილაქტე რუსანოვი. ბოლო რუსი ეგზარქოსი – პლატონ რაიდენსტენსკი) რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ბოლო პატრიარქი იყო მაქსიმე აბაშიძე (1795 წელი), რომელიც სოლომონ მეორემ დიპლომოტიურ მისიით გაგზავნა კიევში და იქ გარდაიცვალა. ახალი პატრიარქი დასავლეთ საქართველოში აღარ აურჩევიათ. სოლომინ მეორის ბრძანებით, გამგებელი, მოსაყდრე იყო დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე გაენათელი-შარვაშიძე. ისინი განაგებდნენ დასავლეთ საქართველოს ეკლესიას. მაშინ დასავლეთ საქართველოში 13 საეპისკოპოსო იყო, აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო მეტი – 25-მდე. 1812 წელს რუსეთის იმპერატორმა ბრძანება გამოსცა ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსოს გაუქმების შესახებ, თუმცა რეალურად მოქმედებაში არ შესულა. 1918 წელს, როდესაც ახალი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, იგი დასავლეთ საქართველოში იწყებს აღწერას – რა ქონებას ფლობს დასავლეთ საქართველოს ეკლესია. ამას მოჰყვა დიდი საეკლესიო ამბოხება. ამ ამბოხებაში დააპატიმრეს და მეთავეებად გამოაცხადეს დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი. მღვდელმთავრები ურემზე დააკრეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს. დოსითეოსი სურამსა და გორის გზაზე დაახრჩვეს, შემდეგ წამოასვენეს და სადღაც, ანანურის მიდამოებში დაკრძალეს. ანანურის ეკლესიაში დოსითეოსის საფლავი სიმბოლურადაა. რაც შეეხება ექვთიმე გაენათელს, ის წაიყვანეს და მიჰგვარეს რუსეთის იმპერატორს. ეუბნებოდნენ: მოინანიე ცოდვები. იმპერატორს არ უნდა შენი დასჯაო, თუმცა, როგორც გადმოგვცემენ (და ეს დაცულია რუსეთის პატრიარქ ტიხონისადმი გაგზავნილ წერილში, მათ ჰქონდათ ეს დოკუმენტი და იქიდან ამოიღეს ეს მასალა), ექვთიმემ ალექსანდრე იმპერატორს ახალი დროის ნერონი უწოდა. ამიტომ გასცა მან განკარგულება, რომ ექვთიმე გაენათელი პეტერბურგთან ახლოს, სვირის მონასტერში გადაესახლებინათ და იქ გარდაიცვალა კიდეც 1822 წელს. ჩვენმა ეკელსიამ, მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ 2005 წელს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: დოსითეო ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელიც წმიდათა დასში შეერაცხა. დოსითეოსის ნეშტი, როგორც უკვე აღვნიშნე, ანანურის ეკლესიაში სიმბოლურია, ხოლო ექვთიმეს ნეშტი ჩამოასვენეს და დაკრძალეს ქუთაისში, გელათში. ამ საქმეში, რაღა თქმა უნდა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მაშინ, დიდი როლი შეასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, კალისტრატემ. ერთი სიტყვით, ამით დასრულდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვისათვის ბრძოლა. სხვათა შორის, ანტონ მეორე 1827 წლამდე იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ის ნიჟნი ნოვგოროდში იყო გადასახლებული. ის ერეკლეს შვილი იყო და რუსებს განსაკუთრებით ეშინოდათ მისი. არ უნდოდათ მისი აქ გაჩერება, იმიტომ რომ როდესაც სამეფო გააუქმეს, ბაგრატიონთა სახლის, სამეფო სახლის წარმომადგენლები, ყველა გადაასახლეს და ანტონს თუ აქ დატოვებდნენ, მას ლეგიტიმურად შეეძლო, საერო და სასულიერო ხელისუფლება შეეთავსებინა და სწორედ ეს იყო მათთვის საშიში.

ცუდი ეგზარქოსები

...ეგზარქოსი დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური აღარ არის, ეგზარქოსი რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული სასულიერო პირია. მეორეც. როდესაც რუსები შემოვიდნენ მათ, ძირითადად, მონასტრები დაიკავეს. ამ დროისთვის ჩვენს ეკლესიას ძალიან ძლიერი სამონასტრო ცენტრები ჰქონდა. შეამცირეს ეპარქიების რაოდენობა, აკრძალეს ქართული გალობა, ქართული წირვა-ლოცვა, ქართველ წმიდანთა ხსენებაც, რომელთაც ტრადიციულად, ჩვენი ავტოკეფალიური ეკლესია დღესასწაულებზე იხსენიებს. ყველაფერი აკრძალეს. ჩვენთან, აღმოსავლეთ საქართველოში, ერეკლე მეფის დროს, ორი სასულიერო სემინარია იყო. ერთი გახლდათ ანჩისხატთან, მეორე – თელავში. როცა გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო. ამ სემინარიებს აღარ ჰქონდათ დაფინანსება სახელმწიფოსგან. სამაგიეროდ, 1817 წელს, იმისათვის რომ ხალხი რუსული ენისა და სლავური წირვა-ლოცვით აღეზარდათ, შეიქმნა თბილისის სასულიერო სემინარია, რომელმაც 1917 წლამდე იარსება. ამ სასულიერო სემინარიის შექმნის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ესწავლებინათ, მაგრამ ყოფილიყვნენ ხორცით ქართველნი, სულით – რუსები. რასაკვირველია, ეგზარქოსებში იყვნენ კარგებიც და ცუდებიც, მაგრამ როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა იყო ისეთი, რომ ქართველი ხალხის ასიმილაცია უნდა მომხდარიყო, ეგზარქოსები ამ მიზანს ვერ გადაუხვევდნენ და რაში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი? მაგალითად, ეგზარქოს ევგენი ბაჯანოვის დროს კირით შეათეთრეს ქართული ფრესკები. ნიკოლოზ პირველი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და ვითომ, სანიტარული ნორმების დაცვის მიზნითო... გარდა ამისა იყო ასეთი შემთხვევები: ბეთანიას, ლურჯ მონასტერს, ანჩისხატს რუსული გუმბათები დაადგეს, მთელ რიგ ეკლესიებში კანკელები შეცვალეს. მეცხრამეტე საუკუნეში იყო ეგზარქოსი ელსევილინსკი. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა გელათიდან წასაკითხად გაიტანა უნიკალური სახარება. მან ქართული არ იცოდა, მაგრამ სამაგიეროდ, სახარებას ჰქონდა ძვირფასი, ბაჯაღლო ოქროს ყდა, ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი. ერთი კვირის შემდეგ დააბრუნა ჩვეულებრივი ვერცხლით მოჭედლი სახარება. მაგალითად, გარკვეული მაქინაციების გზით აღმოჩნდა ხახულის ხატის მინანქრის ნაწილი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში. ბევრი ისტორიული ძვირფასი ხატი გაჰქონდათ და ყიდდნენ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, როდესაც პავლე ეგზარქოსმა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში საჯაროდ დასწყევლა ქართველი ერი. ეს ინციდენტი თბილისის სასულიერო სემინარიაში მოხდა: სემინარიის სტუდენტმა, იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი ჩუდეცკი. ეგზარქოსმა მას პანაშვიდი ნეველის ეკლესიაში გადაუხადა და აი, მაშინ საჯაროდ დასწყევლა ქართველი ერი. ამას მოჰყვა დიმიტრი ყიფიანის პროტესტი. მან მოითხოვა ეგზარქოსის საქართველოდან გაწვევა. ამ დროს, მოგეხსენებათ, დიმიტრი ყიფიანი თავადაზნაურთა წინამძღოლი იყო. იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ დიმიტრი ყიფიანს საყვედური გამოუცხადა და გადაასახლა სტავროპოლში, სადაც იგი მიგზავნილმა მკვლელმა მოკლა. როდესაც ჩამოასვენეს, ამასაც მოჰყვა დიდი პროტესტი. საბოლოოდ, ეგზარქოსი მაინც გაიწვიეს. ძალიან რთული ვითარება იყო და რადგან იოსებ ლაღიაშვილი არასრულწლოვანი იყო, დახვრეტა ვერ მიუსაჯეს, სახალინზე გადაასახლეს. მერე, 20-იან წლებში, იქიდან გაქცეულა და კალიფორნიაში შეხვედრია ქართველ ემიგრანტებს. იქიდან დაიკარგა მისი კვალი.

ძალიან უსიამოვნო იყო ქაშუეთის ეკლესიის ისტორიაც. მოგეხსენებათ, ეს ეკლესია, ახლა რომელი შენობაც არის, მეოცე საუკუნეში აშენდა. მისი მშენებლობა 1910 წელს დასრულდა. მანამდე რომელი ეკლესიაც იყო, 1750-იან წლებში აუშენებია გივი ამილახვარს, რომელიც ცნობილი თავადი გახლდათ. ეს ადგილი ამილახვრების იყო. დიდი მიწის ნაკვეთი ჰქონდათ. როგორც ჩანს, მიწა მოძრაობდა და ისეთი მძიმე ვითარება შეიქმნა, რომ როდესაც გრიგოლ ორბელიანს ასაფლავებდნენ, შიში ჰქონდათ შეიძლება, ეკლესია თავზე დაგვენგრესო. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაენგრიათ და ახალი აეშენებინათ. როდესაც ეგზარქოსთან მივიდნენ (ამას შემდგომ კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე იხსენებს), მიიტანეს მაკეტი სამთავისის ეკლესიის ასლისა, იმიტომ რომ ამილახვრების საგვარეულო სასაფლაო სამთავისია. აქ ეს უნდა ავაშენოთო. ეგზარქოსმა შეხედა ამას. გასწია გვერდით ისინი და კარადიდან გამოიღო ხახვისთავიანი ტაძრის მსგავსი მაკეტი. აქედან აარჩიეთო. ეგ კი კარგი მაკეტია, – უთქვამთ მათ, მაგრამ ჩვენი წინაპრები აი, ასეთებს აშენებდნენო. მერე, თქვენი წინაპრები თუ სისულელეს სჩადიოდნენ, ჩვენ არ უნდა გავასწოროთო? – უპასუხია ეგზარქოსს. ეს რომ მოისმინა ამილახვარმა, აენთო: ან ამას ავაშენებთ აქ, ან საერთოდ არაფერსო. ეგზარქოსი იძულებული გახდა, დათანხმებოდა. ასე რომ, ქაშუეთის ეკლესია იმ სამთავისის ასლია. კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი: საერთოდ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ავტოკეფალიური მოძრაობა ილია ჭავჭავაძის სახელთანაა დაკავშირებული. რუსეთის იმპერატორი ამტკიცებდა, რომ ტერიტორიის შემოერთება ნებაყოფლობით და მათი ინტერესის დაცვით მოხდა. ამ დროს, 1802 წელს, კახეთში მოხდა გლეხების, აზნაურებისა და სასულიერო პირების პირველი ერთობლივი გამოსვლა და მოითხოვეს რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებით. ჩვენ გვინდა ჩვენი მეფე! – გაიძახოდნენ. ამას მოჰყვა 1804, 1812, 1819, 1820, 1832 წლების შეთქმულება. ალექსანდრე პირველმა ერმოლოვს (1932 წლის შეთქმულებამდე აქ ერმოლოვი იყო მთავარმართებელი) უთხრა: გაარკვიე, რა უნდა ამ ხალხს. ხომ გავაბედნიერეთ, ჩვენი ქვეშემდგომები რომ გავხადეთო. ერმოლოვმა დაწერა დასკვნა და გაუგზავნა იმპერატორს: თქვენო უდიდებულესობავ! ეს ხალხი არ არის თქვენი ქვეშემდგომობის ღირსი. თუ კავკასიაში მცხოვრებ სხვა ხალხს ბედნიერებად მიაჩნიათ, რომ რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცნენ და თქვენი ქვეშემდგომები არიან, ამათ არათუ ბედნიერებად მიაჩნიათ, თავს უბედურებად თვლიან. ესენი როგორც თანასწორნი თანასწორს, ისე გვიყურებენ. არ იქნება ქართველი? არ იქნება კავკასიის პრობლემაო. აი, აქედან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა ტაქტიკა, დაეშალა ჩვენი ეროვნული ერთიანობა და თავადაზნაურობას პრივილეგია მიანიჭა (განსაკუთრებით მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლობის დროს). შეიძლება, სახელმწიფოებრიობა, ეკლესიის ავტოკეფალია დაკარგო, მაგრამ ყველაფერი დაკარგული არ არის. ყველაფერი იკარგება მაშინ, თუ ამას ერი ეგუება, და ჩვენი ერი, ფაქტობრივად, მეცხრამეტე საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან 60-იან წლებამდე, ვიდრე ილია და მისი ახალგაზრდა თანამებრძოლები დაბრუნდებოდნენ, აი, ამ მდგომარეობაში იყო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი