საზოგადოება

როგორ აპირებს მსოფლიოს გაკვირვებას შავი ზღვის ფსკერზე დაძველებული ქართული ღვინოებით ზურაბ ქუმსიაშვილი

№3

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 24.01, 2022 წელი

ზურაბ ქუმსიაშვილი
დაკოპირებულია

პროფესიით ექიმის, ზურაბ ქუმსიაშვილის ინოვაციურ იდეას – ქართული ღვინის შავ ზღვაში, ერთლიტრიან თიხის ჭურჭელში დაძველებას, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა, განხორციელებულმა იდეამ, უდიდესმა შრომამ და რისკმა შედეგი გამოიღო. მართალია, ჩვენი ქვეყანა მეღვინეობის თვალსაზრისით უძველეს ტრადიციებს ინახავს, თუმცა, მსგავსი მეთოდით სასმლის დაძველება მხოლოდ ერთი წელია ხდება.

– ბატონო ზურაბ, პროფესიით ექიმს, საიდან გაგიჩნდათ შავი ზღვის ფსკერზე ქართული ღვინის დაძველების იდეა და რამდენად გაამართლა ამ ექსპერიმენტმა?

– დიახ, ზღვის ფსკერზე დაძველებული ღვინო, სწორედაც რომ, ექსპერიმენტის შედეგია. პროფესიით ექიმი ვარ, ასევე, ეკონომიკური განათლებაც მივიღე, თუმცა დიდი ხანია, ღვინოსთან შეხება მაქვს, დაინტერესებული ვიყავი და მეღვინეობისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგია კარგად შევისწავლე. ადრე მქონდა ღვინის, კონიაკის, შამპანურის წარმოება. კომპანიას „ვაზიანი“ ერქვა. ეს გახლდათ ბაბუაჩემის დაარსებული კომპანია და მე მარკეტინგის დირექტორად ვმუშაობდი. ამ კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავე. შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე დაივინგის ასოციაცია. გავიდა წლები და კვლავ დავუბრუნდი მედიცინასა და მეცნიერებას. თუმცა, ღვინოზე ფიქრი არ მასვენებდა და მომივიდა იდეა: რატომ უნდა დაგვესრულებინა ღვინო მხოლოდ მარნებში, როცა ეს ზღვის ფსკერზეც შესაძლებელია. ვისაც კი ეს ინფორმაცია გავანდე, ყველას გაუხარდა. მოკლედ, ინფორმაცია მოვიძიე და გავიგე, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ამ მეთოდით მინის ბოთლებში მცირე რაოდენობით აძველებდნენ ღვინოს ზღვისა და ოკეანის ფსკერზე. ეს ქვეყნებია ხორვატია, ესპანეთი, იტალია, რუსეთი.

– თუმცა, თქვენ არა მინის, არამედ თიხის სპეციალურ ჭურჭელში გადაწყვიტეთ ღვინის დაძველება და ეს ერთგვარი რისკი იყო – როგორ მოვიდოდა თიხა შესაბამისობაში ღვინოსთან და მარილიან ზღვის წყალთან?

– დიახ, რასაკვირველია, ეს ერთგვარი რისკი იყო და სირთულეებთან დაკავშირებულიც. ღვინოს ამ ტექნოლოგიით – ზღვის ფსკერზე, თიხის ნატურალურ ჭურჭელში – არსად არ აძველებენ, ეს ტექნოლოგია მხოლოდ საქართველოში შევქმენით. მე მინის ბოთლების გამოყენება არ მაინტერესებდა. მინდოდა, ღვინო თიხის ნატურალურ ჭურჭელში დამეძველებინა, ისე, რომ ზღვის წყალი არ გაეტარებინა და ღვინოში არ არეულიყო. დაახლოებით ორი წელი დამჭირდა, რომ შესაბამისი თიხა მიმეღო და შევქმენი ლიტრიანი, ნატურალური თიხის დიზაინის ამფორები. მაგრამ აქ პრობლემა გახლდათ შესაბამისი თიხის მიღება, რომელიც არ იქნებოდა დამუშავებული ქიმიური დანამატებით, რადგან უნდა იყოს ბიოღვინო, ასევე, შავი ზღვის მარილიან წყალს შიგნით არ უნდა ატარებდეს. სხვათა შორის, ასეთი თიხა, მხოლოდ საქართველოში მოიპოვება ანუ, ეს არის მხოლოდ ქართული ტექნოლოგია და ამ მეთოდით ღვინის დაძველება მხოლოდ საქართველოში იწარმოება. დაძველება უნდა მოხდეს, დაახლოებით, 20-30 მეტრის სიღრმეზე და იქ წნევა კიდევ უფრო ემატება. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვატარებდი ცდებს, რომ შესაბამისი თიხა მიმეღო. მივიღე ისეთი თიხა, რომელიც უძლებს მაღალ წნევას და, რაც მთავარია, არის ძალიან თხელი და მსუბუქი. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში ვახდენდი დაკვირვებას – ცარიელ თიხის ჭურჭელს ვძირავდი ზღვის ფსკერზე და ვაკვირდებოდი, ჭურჭელში თუ შეაღწევდა რაიმე. საბოლოოდ, ის შედეგი მივიღე, რაზედაც ამდენ ხანს ვმუშაობდი. ზღვის ფსკერზე ხდება ზღვის მიკროორგანიზმების „დაჯდომა-მიწებება“ ბოთლებზე და ჭურჭლის გარსი მთლიანად იმოსება ამ მიკროორგანიზმებისგან აშენებული სახლებით. ამის გამო ვიზუალური ეფექტიც ძალიან საინტერესოა და ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ხორვატიაში, ესპანეთსა და იტალიაში მიღებული ეფექტები. ამ მხრივ შავი ზღვის გამოყენება ძალიან საინტერესოა.

– არის განსხვავება წყალში დაძველებულ და ქვევრში დაძველებულ ღვინის გემოებს შორის?

– სხვათა შორის, ზღვის ფსკერზე ღვინო სამჯერ სწრაფად ძველდება, ვიდრე ქვევრში ან სხვა ჭურჭელში ხმელეთზე. მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყველას ვესაუბრე, ვინც ღვინის დაძველების ამ მეთოდს იყენებს. მათაც იგივე აღნიშნეს, რომ ზღვის ფსკერზე მოთავსებული ღვინო სწრაფად ძველდება. ღვინო ამ დროს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებსა და არომატს იძენს. თან, დაძველებასაც არ სჭირდება წლები, ამისთვის მხოლოდ 9-10 თვეა საჭირო.

– რამდენად არის დაინტერესება ასეთი ინოვაციური ტექნოლოგიის მეთოდით დაძველებული ღვინოების მიმართ ჩვენს ქვეყანაში?

– სხვათა შორის, დაინტერესება ძალიან დიდია. უკვე შეიძინეს თიხის ბოთლებში ზღვის ფსკერზე დაძველებული ღვინო კერძო კოლექციისთვის და არა მარტო. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ შეხვედრებს ბიზნესმენებთან, რათა მოვიძიოთ თანხები, რომ ამ მეთოდით ღვინის დაძველების სერიოზული წარმოება დავიწყოთ. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ჰქონდეს პრეტენზია, მსოფლიოს ბაზარზე ასეთი პროდუქტი წარადგინოს. საექსპერიმენტო პარტია რომ ამოვიღეთ, რამდენიმე იქვე გაიყიდა, ბევრი მსურველი იყო, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და კერძო კოლექციონერები. ზოგმაც სასაჩუქრედ შეიძინა. ძირითადად, უცხოურ ბაზარზეა გათვლილი, თუმცა, საქართველოშიც არის დაინტერესება მაღაზიებიდან. ბევრმა დამირეკა, მინდა შეძენაო, მაგრამ ღვინო ჯერ დაძველების პროცესშია.

– კონკრეტულად სად, რა ტერიტორიაზე ხდება ღვინის ზღვაში განთავსება?

– კვარიათის ზონაში. ნაპირიდან შევდივართ კილომეტრის მანძილზე ზღვაში და ღვინოს იქ ვძირავთ დასაძველებლად. უკვე წელიწად-ნახევარია ამ ექსპერიმენტზე ვმუშაობთ და რამდენიმე უკვე ამოღებული გაქვს. ახლა კონტეინერით ყველაზე დიდი პარტიაა ჩადებული და სულ მალე ამოვიტანთ ხმელეთზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი