საზოგადოება

როგორ აძრობდნენ ჩეკისტები დაკითხვის დროს პირველ ეროვნულ გმირს, მუსტაფა შელიას ფეხის ფრჩხილებს და გატყდა თუ არა ის

№19

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 18.05, 2022 წელი

მუსტაფა შელია
დაკოპირებულია

მუსტაფა შელია – პირველი ეროვნული გმირი. სწავლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლა-გიმნაზიაში. ის თბილისში ყველასთვის მისაბაძი, პოპულარული ბიჭი იყო, მაგრამ 1937 წელს, როდესაც სკოლას ამთავრებდა, დაიჭირეს. დაკითხვების დროს მუსტაფას დააძვრეს ფრჩხილები, შემდეგ კი ამოუშანთეს, მაგრამ ასეთი წამების შემდეგაც არ გასცა თავისი თანამებრძოლები. გადაასახლეს ციმბირში. გადასახლებიდან 1940 წელს დაბრუნდა, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის წლებში დაუკავშირდა „თეთრი გიორგის” ორგანიზაციასა და გერმანულ დაზვერვას, გეგმავდა ამბოხს საქართველოში კომუნისტური წყობის დასამხობად და გერმანული არმიის დახმარებით საქართველოს გათავისუფლებას. მისი დღიურები ახლობლების ძალიან საინტერესო მოგონებებით შევავსეთ და გადაგიშალეთ. შევეცადეთ, ამ ცოცხალი ამბებით თქვენს წარმოსახვაში გაგვეცოცხლებინა ახალგაზრდა კაცის, პირველი ეროვნული გმირის ხანმოკლე ცხოვრება, რომელშიც მხოლოდ პატრიოტიზმის ადგილი იყო და სხვა არაფრის.

მალხაზ შელია:

„მუსტაფა შელია 16 წლით ჩემზე უფროსი იყო. იგი 1921 წლის 11 აგვისტოს დაიბადა. მუსტაფა ისეთ ოჯახში იზრდებოდა, სადაც ეროვნული სულისკვეთება სუფევდა. 1937 წელს სკოლაში იყო, როდესაც პირველად აიყვანეს და 2 თუ 3 წლით შორეულ ციმბირში გადაასახლეს. დედამისი – ნუცა აბდუშელიშვილი, შვილის სანახავად ციმბირში წავიდა, მაგრამ ბანაკს ვერ მიაგნო და უკან დასნეულებული დაბრუნდა. გადასახლებიდან დაბრუნებულ მუსტაფას ფეხის ფრჩხილები სულ დამძვრალი და დაშანთული ჰქონდა... მამამისი ალიოშა შელია სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი იყო. ერთხელაც მოსკოვში სასოფლო–სამეურნეო გამოფენაზე წავიდა, გამოფენის უფროსმა, რომელიც ალიოშას კარგად იცნობდა, დამწუხრების მიზეზი ჰკითხა. ალიოშასაც უთქვამს, სკოლის მოსწავლე შვილი გადამისახლესო. ამ კაცს შეეცოდა ალიოშა, უშუამდგომლა და მუსტაფა გადასახლებიდან დააბრუნეს. თბილისში ჩამოსულმა მუსტაფამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად კი, გერმანულ ენას სწავლობდა. ომის დაწყების შემდეგ, გენერალ ლეო კერესელიძის წინადადებით, პარიზში დაფუძნდა საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“ (დაიშალა 1950 წელს). პარალელურად, საქართველოშიც გაიხსნა მსგავსი ორგანიზაცია, „თეთრი გიორგი“, რომელსაც სათავეში მუსტაფა შელია ჩაუდგა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულები იყვნენ: ძმები წულუკიძეები, ძმები ჯორჯაძეები, ამირან მორჩილაძე და სხვები, ყველას სახელი არ მახსოვს. ეს ორგანიზაცია 1943 წელს დაიშალა, როდესაც მუსტაფა მოკლეს. მუსტაფამ ორგანიზაცია რომ შექმნა 20 წლის ბიჭი იყო, ამ დროისთვის ის უკვე ჩამოყალიბებული რევოლუციონერი გახლდათ. მუსტაფა მალე დაიჭირეს, მაგრამ მანქანიდან გაექცათ. ერთი პერიოდი ჭაბუა ამირეჯიბთან იმალებოდა, რომელიც ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობდა. მერე საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ბოლოს ვახტანგ ჯორჯაძის სახლში აიყვანეს. ღამით სახლს ალყა შემოარტყეს და სახლში შეცვივდნენ. მუსტაფას ნაგანი ედო ჯიბეში და სროლა აუტეხა, გაქცევა მოასწრო, მაგრამ ტყვია სამგან მოხვდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. ეს მოხდა 1943 წლის ნოემბრის თვეში. იმ საღამოს ყველა დაიჭირეს, ვინც „თეთრი გიორგის“ წევრი იყო, მათ შორის მუსტაფას დედის ძმა – ლევან აბდუშელიშვილი. მუსტაფა იმ წუთში არ მომკვდარა, სასიკვდილოდ დაჭრილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ექიმი მისი ყოფილი სიდედრი, მანანას დედა გახლდათ. ყველა ცდილობდა მის გადარჩენას, მაგრამ ვერ შეძლეს. ლევან აბდუშელიშვილმა იცოდა, რომ მუსტაფა დაიჭირეს, მაგრამ არ იცოდა, რომ გარდაიცვალა. საყვარელი დისწული წამებისგან და გადასახლებიდან რომ დაეხსნა, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. დაკითხვის დროს ჩვენება მისცა, თითქოს ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ხელმძღვანელი თავად იყო. მუსტაფას სიკვდილის ამბავი სასამართლო პროცესზე გაიგო. თავის ჩვენებას უკან ვერ წაიღებდა, ამიტომ, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დახვრიტეს, დანარჩენები კი გადაასახლეს.

ვინ გასცა მუსტაფა

...მან ამის გამო 25 წელი გადასახლებაში გაატარა. იგი დღეს ცოცხალია, თანაც ძალიან ცნობილი პიროვნებაა. ამასთანავე, მას სამაგიერო ღმერთმა მიუზღო – მუსტაფასხელა შვილი დაეღუპა. ერთხელ ლუკა ტყემალაძემ (მუსტაფას თანაკლასელი) მითხრა: ყველას არ შეეძლო იმ წამების ატანა, რასაც ჩეკისტები მათთან მოხვედრილებს უტარებდნენ, ამიტომ ზოგიერთი ბევრ მეგობარს აბეზღებდაო. ჩემი აზრით, ის კაციც აწამეს და იძულებული იყო, მეგობარი ჩაეშვაო.

ეროვნული გმირის პირადი ცხოვრება

... ცოლად სერიოჟა ქავთარაძის ძმისშვილი შეირთო – ულამაზესი მანანა ქავთარაძე. მუსტაფამ მანანა დედის ძმებთან, გორისაში წაიყვანა. მუსტაფას ბიძებმა დიდი ქორწილი გადაუხადეს... თუმცა, სერიოჟა ქავთარაძე არაფრით დაუშვებდა მუსტაფას შესვლას მათ ოჯახში, ამიტომ მალე დაშორდნენ. მუსტაფას შვილი არ დარჩენია.

რატომ სახელი - მუსტაფა

როგორც ისტორია გვეუბნება, აბდუშელიშვილები ჯერ ქრისტიანები იყვნენ, მერე კი გამუსლიმანდნენ. წლების შემდეგ, ვინც აბდუშელიშვილები კვლავ გააქრისტიანა მუსტაფა აბდუშელიშვილი იყო. ამ კაცის პატივსაცემად შინაურებმა ბავშვს მუსტაფა დაარქვეს. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, 1991 წელს რამდენჯერმე ზვიად გამსახურდიას შევხვდი, მინდოდა რამე გამეკეთებინა მუსტაფას სახელთან დაკავშირებით. ზვიადი მუსტაფას ძალიან კარდად იცნობდა. ზვიად გამსახურდიას დედა და მუსტაფა შელიას დედა ბიძაშვილ–მამიდაშვილები იყვნენ. ზვიადის მამამ, დამ და დედამ მუსტაფა შელიას დეიდის, მაკინეს ხელში დალიეს სული. ბოლოს ეს ქალი საცხოვრებლად გამსახურდიების ოჯახში გადავიდა. ზვიადმა მითხრა, მე და მერაბ კოსტავამ გადავწყვიტეთ, რომ ენგელსის ქუჩას მისი სახელი დავარქვათო. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას ამის გაკეთება არ დასცალდა.

მარიკა აბაშიძე:

ბავშვობიდან რაინდი

...არასოდეს ყოფილა პიონერი და კომკავშირელი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც გულზე წმიდა გიორგის ჯვარი ეკიდა და ისე დადიოდა. დღესაც არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდა. ჩვენ პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდით, სკოლის დირექტორი ჯერ მიხეილ ზანდუკელი, მერე კი მარი მაჩაიძე იყო. მაჩაიძე სულით ხორცამდე კომკავშირელი ქალი გახლდათ და სკოლაში გარდაქმნა დაიწყო, მაგრამ მუსტაფა არ შეცვლილა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისგან. სკოლის ბიჭები უნივერსიტეტის უკან (ახლა საცხოვრებელი ბინებია, მაშინ ტრიალი მინდორი იყო) ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ, მუსტაფა ამხანაგებს გაზეთებით ხელში დაჰყვებოდა. სულ კითხულობდა. პოლიტიკაში უკვე მეხუთე კლასიდან იყო გარკვეული. იმ დროს საქართველო საბჭოთა კავშირში ამიერკავკასიის რესპუბლიკად იყო შესული. როდესაც სკოლაში გავიგეთ, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, ყველას გაგვიხარდა, ჩვენს სიხარულს მუსტაფამ ირონიულად უპასუხა: თქვენ გგონიათ, რომ საქართველო თავისუფალი რესპუბლიკაა, არა, მხოლოდ სახელი შეუცვალესო... არასოდეს არავის დაჩაგრავდა. ყველა გოგოს დამცველი იყო. ისეთი აურა ჰქონდა, რომ ყველას უყვარდა, თუმცა არასოდეს ყოფილა ფრიადოსანი. ძირითადად, ჰუმანიტარული საგნები უყვარდა. ბავშვები ტიციან ტაბიძის სახლში გავიზარდეთ, რადგან ნიტა ჩვენი თანაკლასელი იყო. დედამისს, ქალბატონ ნინოს, ბავშვები ძალიან უყვარდა და თბილად გვექცეოდა. მეუღლის რეაბილიტაციის შემდეგ, როდესაც ტიციანის ლექსების კრებული პირველად გამოვიდა, წიგნს ასეთი წარწერა გაუკეთა: თქვენ გადამატანინეთ მთელი ჩემი უბედურებაო. როცა 1937 წელს ტიციანი დააპატიმრეს, მაშინ 16 წლები ვიყავით. მუსტაფა ამ დროს პატრიოტულ ლექსებს წერდა. თითოეული ლექსის სტრიქონი სამშობლოს სიყვარულით იყო გაჟღენთილი... ის უეცრად შეიცვალა. თუმცა, არავის არაფერს უყვებოდა. მუსტაფა დედით აბდუშელიშვილი იყო, საჩხერის რაიონის სოფელ გორისიდან. ბავშვობას დედულეთში (იმერეთში) უფრო ატარებდა, ვიდრე – სამეგრელოში. მეც იმერეთში, ამ სოფელთან ახლოს მქონდა სოფელი, ამიტომ ზაფხულობითაც ერთად ვიყავით, სოფელში გავიგეთ და ვეზიარეთ ეროვნულს და ტრადიციულს. მუსტაფას ძალიან ლამაზი დედა და დეიდა ჰყავდა. მისი ოჯახი ზვიად გამსახურდიას ენათესავებოდა, რადგან ზვიადის დიდი ბებიაც აბდუშელიშვილის ქალი გახლდათ. აბდუშელიშვილების გვარი აკაკი წერეთლის „ბაში–აჩუკიდან“ მოდის, მერე კი ტახტის აზნაურობა უბოძეს. მუსტაფა კეთილი გულის ადამიანი გახლდათ, სოფელში სიმინდის ტომარას სახედარს კი არ აჰკიდებდა, არამედ, მხარზე გადაიდებდა, სახედარი კი ისე მიდიოდა.

პირველი დაპატიმრება

– ის დღე გუშინდელივით მახსოვს. ეს მოხდა 1937 წლის პირველ სექტემბერს, როცა სკოლის დამამთავრებელ კლასში გადავედით. მაშინ 16 წლის ვიყავით. პირველ გაკვეთილზე შემოვიდა ფიზკულტურის მასწავლებელი არჩილ ბაქრაძე და მუსტაფა შელია კლასიდან გაიყვანა. მუსტაფამ კართან მჯდარ მეგობარს, ნინო ჟღენტს ჩაულაპარაკა: ჩემს მშობლებს გააგებინეთ, რომ დამაპატიმრესო, თითქოს ელოდა, რომ დაიჭერდნენ. მერე გავიგეთ, რომ „კაგებეს“ ხალხი კლასში შეგნებულად არ შემოსულან. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, 19 წლის, როდესაც ის თბილისში დაბრუნდა. მამამისმა დაიხსნა. მთელი კლასი მის სანახავად წავედით. მამამისმა მაშინ გამოგვიცხადა, რომ ჩემს შვილს მუსტაფა აღარ დაუძახოთო. თბილისში დაბრუნებული მუსტაფა კერძოდ მოემზადა, საღამოს სკოლა დაამთავრა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა... მხოლოდ ერთს ამბობდა: ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ვარ, ბედნიერი ვარ, რომ საწოლი მაქვს და ფიცარს არ ვეძებ დასაძინებლადო. გადასახლებაში თუ ფიცარს ვერ იპოვიდა, ცემენტზე მოუწევდა დაძინება. ერთხელ გვიამბო, რომ შინსახკომის ციხეში თითო საკანში თითო სკამი იდგა, ჩემს საკანში ამ სკამზე მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილს ვსვამდით. ჯავახიშვილი პატიმრებს საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა. საღამოთი ჯავახიშვილს დაკითხვაზე გამოიძახებდნენ, გათენებისას ნაცემს შემოიყვანდნენ, მწერალი სათვალეს გაისწორებდა და თხრობას გააგრძელებდაო. მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და 19 წლის მუსტაფა ჯარში გაიწვიეს. უფრო სწორედ, ჯარში კი არ გაიწვიეს, არამედ სამუშაო ბატალიონში, სადაც ფიზიკურად მუშაობდა. ისე სასტიკად ექცეოდნენ და ისეთ საშინელ საჭმელს აჭმევდნენ, რომ კოლიტი დაემართა, თანაც ისეთი საშინელი, რომ ჯარიდან გაათავისუფლეს და სამხედრო ჰოსპიტალში დააწვინეს. დედამისი ყოველდღე მის სანახავად მიდიოდა. იმ დღეს, როცა საავადმყოფოდან უნდა გამოეწერათ, ჰოსპიტალში მიმავალ დედას მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. იმ დროს თბილისში ორი მანქანა დადიოდა, ორივე ჩინოვნიკებს ეკუთვნოდათ. არის ვერსია, რომ ეს მოხდა შეგნებულად, რომ მუსტაფა მარტო დარჩენილიყო, მანამდე მამამისი გარდაიცვალა...

მუსტაფა მეორედ დააპატიმრეს

...მანქანიდან გადაუხტა ჩეკისტებს და გაიქცა, 3 წლის განმავლობაში ემალებოდა კაგებეს ხალხს. პირველად იმალებოდა ბეთანიის მონასტერში, ბერებმა შეიფარეს. მერე ხან ვისთან იყო და ხან – ვისთან. ერთი ღამე თანაკლასელთან, ლუკა ტყემალაძესთანაც გაათენა (ამის გამო ლუკა ტყემალაძემ 8 წელი გაატარა გადასახლებაში). მუსტაფა ტუსა დიასამიძეს ფანჯარაში წერილს შეუგდებდა, რომლითაც ვიგებდით, რომ ცოცხალი იყო... ეს ღამე გადმოცემით ვიცი. მაშინ ასე თქვეს, რომ ჩეკისტმა ილია (ილიკო) მალანიამ მოკლაო. 1943 წელს გამცემის დაბეზღებით, სახლს, სადაც მუსტაფა შელია იმყოფებოდა, რამდენიმე ათეულმა ჩეკისტმა ალყა შემოარტყა. მუსტაფა შელია ნაგანით იყო შეიარაღებული, მაგრამ ჩეკისტებს არ დანებდა, სამჯერ დაჭრილმა ალყა გაარღვია, თუმცა მოგვიანებით მიყენებული ჭრილობებისა და სისხლდენისაგან გარდაიცვალა. მუსტაფა შელია 22 წლის ასაკში გამოასალმეს სიცოცხლეს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი