საზოგადოება

როგორ ააწყო შალვა ჩიკვაიძემ თვითმფრინავი საკუთარი ხელით და სად აპირებს ის გაფრენას თავისი ნამუშევრით

№20

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 11:00 24.05, 2022 წელი

შალვა ჩიკვაიძე
დაკოპირებულია

შალვა ჩიკვაიძემ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია და თვითმფრინავის აწყობა საკუთარი ხელით დაიწყო.

შალვა ჩიკვაიძე: სპეციალობით ისტორიკოსი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ძალიან საინტერესოა, მე მაინცდამაინც არ მაინტერესებდა. დიპლომი რომ ავიღე, როგორც მაშინ დავდე, დღესაც ისე დევს, არაფერში გამომიყენებია. პაპაჩემი ხელოსანი იყო, დურგალი და სახლებსაც აშენებდა. ბავშვობიდან გვერდით ვედექი პაპას, შრომასაც მიმაჩვია და საქმეც მასწავლა. შემდეგ ავეჯის დიზაინი ვისწავლე და ახლა ავეჯს ვაწყობ, დიზაინერიც მე ვარ და ხელოსანიც. ნახაზით დაწყებული, ავეჯის აწყობითა და მონტაჟით დამთავრებული, ყველაფერს მე ვაკეთებ. მარტო ვმუშაობ დამხმარე არ მყავს.

– როგორ გაგიჩნდათ თვითმფრინავის აწყობის იდეა?

– თვითმფრინავები ბავშვობიდან მაინტერესებდა, ადრე გამოდიოდა ჟურნალი „моделист консруктор“, რომელიც მამას ჰქონდა გამოწერილი. ჟურნალში იყო მანქანების, გემების, თვითმფრინავების და ასე შემდეგ ნახაზები. ამ ჟურნალში რომ ვნახავდი თვითმფრინავის ფოტოს ან ნახაზს, საათობით ვუყურებდი. თითოეული დეტალი მაინტერესებდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და ნახაზიდან ბევრს ვერაფერს ვიგებდი, მაგრამ ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თვითმფრინავებისადმი საფუძველი მაშინ ჩაეყარა. ბავშვობიდან მაქვს ტექნიკასთან ურთიერთობის გამოცდილებაც: ოჯახში გვყავდა ავტომობილი „ვაზ 2106“. ამ ავტომობილს თუ რამე გაუფუჭდებოდა, – დაწყებული სავალი ნაწილით, დამთავრებული ძრავით, მე თვითონ ვარემონტებდი. თითქმის ყოველდღე რაღაცის გაკეთება იყო საჭირო და ხელები სულ ტაოტიანი მქონდა. რემონტი მხოლოდ პრაქტიკულად არ ვიცოდი, მთავარი თეორიაა და ავტომობილის ტექნიკური მომსახურების წიგნიც რამდენჯერმე მქონდა წაკითხული.

– როგორ დაიწყეთ საკუთარი ოცნების განხორციელება – საჭირო ინფორმაციის მოძიება, ნაწილების შეძენა…

– კომპიუტერები და ინტერნეტი ახალი შემოსული იყო და რომ გავიგე, ინტერნეტი ისეთი რაღაც არის, რისი საშუალებითაც ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება იყო შესაძლებელი, წავედი და კომპიუტერზე მუშაობა ვისწავლე. ინტერნეტკაფეებში დავდიოდი და იქ ვეძებდი თვითმფრინავებზე ინფორმაციას. შემდეგ ინტერნეტით ვიყიდე წიგნები, რომლებშიც მოცემული იყო, როგორ უნდა დაგეპროექტებინა და რა ფორმულებით უნდა გამოგეთვალა მსუბუქი თვითმფრინავი. თავიდან ბოლომდე, ყველაფერი რომ გამოვთვალე, შემდეგ ისეთი ინტერნეტი შემოვიდა, 5-წუთიან ვიდეოს რომ 10 წუთში ხსნიდა და ვნახე თვითმფრინავის ვიდეო, რომელსაც ახლა ვაწყობ. ეს თვითმფრინავი იმით მომეწონა, რომ ძალიან მოკლე მანძილში ფრინდება. დაახლოებით, 100 მეტრი უნდა გარბენი და უკვე ჰაერშია. დასაჯდომადაც არ არის საჭირო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ვიყიდე ამ თვითმფრინავის ნახაზები, შევისწავლე თითოეული დეტალი, მაგრამ იყო პრობლემა – საქართველოში მასალა არ არსებობს, რითაც თვითმფრინავი იწყობა. ბევრი ძებნის შემდეგ ვიპოვე ვებგვერდი, სადაც იყო ყველაფერი, რაც მჭირდებოდა და ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში – aircraftspruce.com დავიწყე ინსტრუმენტებისა და ნაწილების გამოწერა და ასე გრძელდება უკვე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. დროში იმიტომ გაიწელა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ყველაფერი არის სპეცმასალა და ამ მასალის მიმართ წამოყენებულია უმაღლესი სტანდარტების მოთხოვნები. მაგალითისვის რომ გითხრათ, ერთი საბურავი, დაახლოებით, 1 000 ლარი ღირს, ერთი კამერა – 350 ლარი, ერთი დისკი – 2 000 ლარი, ერთი მუხრუჭის ცილინდრი 700 ლარი და ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ერთი ხომ არ უნდა, რამდენიმეა საჭირო და მარტო ეს ხომ არ არის? ეს მცირე დეტალებია იმისი, რაც მთლიან თვითმფრინავს სჭირდება. საბედნიეროდ, უკვე ფინიშის ხაზს ვუახლოვდები. წელს თუ არა, მომავალ წელს აუცილებლად დავამთავრებ.

– სხვებმა როგორ აღიქვეს თქვენი მონდომება, იყო არასერიოზული დამოკიდებულებები? ახლა რას ამბობენ, როცა უკვე თვითმფრინავს ხედავენ?

– ამ თვითმფრინავს ზედ გზის პირას, სახლის აივანზე ვაწყობ. ყველა გამვლელ-გამოვლელი ხედავს, რომ რაღაცას ვაკეთებ, თანაც უცნაურს. ბევრი მეკითხებოდა: რას აკეთებო და ხომ არ მოვატყუებდი, ვეუბნებოდი, თვითმფრინავს ვაკეთებ-მეთქი. შემდეგი კითხვა იყო – მოიცა, მართლა მითხარი, რას აკეთებ? იმავეს რომ ვპასუხობდი, ზოგი ისეთი ნაწყენი მიდიოდა, გამარჯობას აღარ მეუბნებოდნენ. რაღაც ფორმა რომ მიიღო ჩემმა შრომამ, გაკვირვებულები იყვნენ, მართლა თვითმფრინავი აგიწყვიაო. ახლა ბევრს აინტერესებს და მთხოვენ, რომ თვითმფრინავში ჩავსვა. უარს ხომ არ ვეტყვი და ყველას ვპირდები, რომ ჩავსვამ. რომ არ დამავიწყდეს, ვის შევპირდი, სია გავაკეთე და მასში უკვე ხუთას კაცამდე მყავს. ერთი მეგობარი, რომელიც პირველი მიწერია სიაში, ყოველ დარეკვაზე მეკითხება, სია ხომ არ დაკარგე, ხომ იცი, პირველი მე უნდა გამაფრინოო. აქედანაც ვეტყვი: სოსო, გინდაც ის სია დავკარგო, პირველი შენ ხარ, ეგ არ დამავიწყდება!

– მთელი ამ დროის განმავლობაში, უკან არ დაგიხევიათ, არ გიფიქრიათ, რომ არ გამოდიოდა?

– მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის აწყობა ძალიან რთულია, ერთი წამით არ დამიხევია უკან. თავიდანვე მზად ვიყავი ამ სირთულისთვის და ისიც ვიცოდი, რომ დიდი დრო დამჭირდებოდა. რაღაც რომ გიყვარს და გაინტერესებს, როგორი რთულიც უნდა იყოს, მუშაობის პროცესი სასიამოვნოა. ხშირად დილიდან საღამომდე ფეხზე ვმდგარვარ და ისე დაღამებულა, საჭმელიც არ მიჭამია. თვითმფრინავზე რომ ვმუშაობ, შიმშილს ვერ ვგრძნობ.

– რა დაარქვით თქვენს ნამუშევარს?

– თვითმფრინავი კანადური მოდელი სტოლ CH801-ია. იყიდება კიტ „ნაბორის“ სახით ანუ დაშლილი დეტალები და იწყობა, როგორც კონსტრუქტორი. ჩემს შემთხვევაში, მე ნახაზები მაქვს და იმის მიხედვით, თითოეულ დეტალს ხელით ვამზადებ. შასი გადავაკეთე მარტო ჩემი ნახაზით, „მოტორიც“ განსხვავებულია, იმიტომ რომ ავტომობილის ძრავს ვიყენებ და ძრავის რედუქტორიც ჩემი ნახაზით გავაკეთე. დანარჩენ კონტრუქციაში ცვლილებები არ შემიტანია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უკან, ფუზელაჟზე, კუთხოვანები დავამატე, იმიტომ რომ ყოუ ტუბე-ზე განხილვა იყო, ფუზელაჟი ცოტა ხმაურობსო. წონაში კი მოიმატა, დაახლოებით, 1 კილოგრამი, მაგრამ 600 კილოგრამს რომ 1 კილოგრამი დაემატოს, არაფერია, სამაგიეროდ, უფრო ჩუმად იფრენს.

– თვითმფრინავის მართვას შესაბამისი ცოდნა სჭირდება, აპირებთ შესწავლას?

– აწყობას რომ მოვრჩები, შემდეგ დამჭირდება პილოტის მოწმობა PPL ( Private Pilot License), რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში უნდა ავიღო. სწავლას, დაახლოებით, 3-4 თვე დასჭირდება. სხვა ქვეყნების საავიაციო სასწავლებლებს რომ გადავხედე და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შევადარე, აღმოჩნდა, რომ ჩვენს უნივერსიტეტს საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს. თან ყველაზე იაფი სწავლა საქართველოშია, პრაქტიკული მეცადინეობა თელავში ტარდება, ცნობილ აეროპორტ „მიმინოზე“, მე კი თელავის რაიონ სოფელ აკურაში ვცხოვრობ. ჩემი სოფლიდან თელავამდე, დაახლოებით, 15 კილომეტრია. ასე რომ, ერთი სტუდენტობა კიდევ წინ მელოდება.

– როგორი იქნება თქვენი პირველი მარშრუტი ამ თვითმფრინავით?

– პილოტის ლიცენზიის აღების შემდეგ, ფრენას რომ კარგად ვისწავლი, მინდა, პირველად მთათუშეთში გავფრინდე. კახეთი ხომ არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, მთათუშეთზე კიდევ ამბობენ, რაღაც ზღაპარია, საოცრებაო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ახლოსაა, იქ ნამყოფი არ ვარ. ასე რომ, პირველად თუშეთში მინდა გაფრენა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი