საზოგადოება

როდის უჭირს მაგდა ანიკაშვილს თანხის კონტროლი და რატომ გადაწყვიტა მან პოლიტიკიდან ჟურნალისტიკაში დაბრუნება

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.01, 2021 წელი

მაგდა ანიკაშვილი
დაკოპირებულია

წლების შემდეგ მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ბრუნდება. ის ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს. ამ დაგაწყვეტილების შესახებ მაგდა ,,თბილისელებს" ესაუბრა.

მაგდა ანიკაშვილი: ვისაც ტელევიზიაში უმუშავია, ყველაზე კარგად გამიგებს და არ გაუკვირდება ჩემი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებდი, მუდმივად დანაკლისის შეგრძნება მქონდა. ამიტომ, როდესაც ტელეკომპანია „იმედისგან“ მივიღე წინადადება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს წამყვანის პოზიციაზე, სერიოზულად დავფიქრდი და დადებითი გადაწყვეტილება მივიღე. ტელევიზია ჩემთვის მშობლიური გარემოა და მით უმეტეს, „იმედი“.
ეს იქნება ყოველკვირეული თოქ-შოუ, რომელსაც მე და ვაკა გორგილაძე წავიყვანთ. ჩვენ თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს – „მაესტროში“ ერთად მიგვყავდა გადაცემა „ცეცხლის ხაზი“. ახალი გადაცემა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დაიწყება.
– პოლიტიკური საქმიანობა საბოლოოდ დასრულდა?
– ჩემი პოლიტიკური საქმიანობა 2013 წელს დავასრულე. ვგულისხმობ, პარტიულ საქმიანობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. ეს ძალიან ნეიტრალური და აპოლიტიკური პოზიციაა. ძალიან საინტერესო სამსახური იყო. თან, მუდმივი შეხება მქონდა მედიასთან და ვერ ვიტყვი, რომ თავს ჟურნალისტიკისგან მოწყვეტილად ვგრძნობდი. თუმცა, ეს ეტაპი დასრულდა, ახალი მოწვევის პარლამენტი ახალ ამოცანებს სახავს. მე კი საკუთარი თავი ისევ ტელევიზიაში დავინახე.
– პარლამენტში დარჩენის სურვილი აღარ გქონდათ?
– უფრო ტელევიზიის მონატრებამ გადაწონა, ვიდრე გულის გაცივებამ იმ საქმისადმი, რასაც იქ ვაკეთებდი. მინდა, კიდევ ერთხელ გავხდე ამ სამყაროს ნაწილი, რადგან ჩემთვის ტელევიზიას სულ სხვა ხიბლი აქვს.
– თითქოს ტენდენცია ჩამოყალიბდა – რამდენიმე ჟურნალისტი, რომელმაც პოლიტიკაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაღაც დროის შემდეგ, ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა. თქვენი გაამოცდილებით, რატომ ვერ ან არ იმკვიდრებენ თავს პოლიტიკაში?
– მე არ მგონია, რომ ამას ტენდენციის სახე აქვს. ალბათ, ყველასთან ინდივიდუალური პროცესია, ყოველ შემთხვევაში მე ვერ მივცემ თავს უფლებას, სხვისი ნაბიჯების ანალიზი შემოგთავაზოთ. რაც შემეხება მე, თამამად ვიტყვი, რომ პოლიტიკაში თავი არ დამიზოგავს, ძალიან დიდი შრომა ჩავდე ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მუშაობაში და ბევრის გაკეთებაც შევძელით. მაგრამ პოლიტიკას თავის სპეციფიკა აქვს და მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემი არ არის. საჯაროობის ხარისხი, რომელიც მას ახლავს, ჩემთვის დისკომფორტია.
– გინანიათ პოლიტიკაში წასვლა?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული და მძიმე პერიოდი იყო, არ მინანია. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, კარგ პროექტებზე ვიმუშავე. თან, პოლიტიკაში საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება არ იყო ხანგრძლივი ფიქრის შედეგად მიღებული. ეს იყო სპეციფიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. ის სისასტიკე, რომელიც ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოიყენეს, დაუჯერებელი იყო. გუნდის ნაწილი, რომელიც ასეთი ძალადობის მსხვერპლი გახდა, პოლიტიკაში წავიდა და ამ ბრძოლის მათთან ერთად გაგრძელება ჩემი მხრიდან ძალიან ბუნებრივი ნაბიჯი იყო. მე „იმედში“ დაწყებულ საქმეს ამ გუნდთან ერთად უკვე პოლიტიკაში ვაგრძელებდი. მაშინ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და არც მინანია. მაგრამ წლების მერე აანალიზებ, რომ საქართველოში და განსაკუთრებით ქალებისთვის ემოციურად და არა მხოლოდ, ძალიან მძიმე საქმეა პოლიტიკა და ეს საჩემო არ არის. ქალი პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოება თუ ოპონენტები განსაკუთრებულად კრიტიკულები არიან და ეს მათზე თუ მათ ოჯახის წევრებზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს. მე თავს ყოველთვის მედიის წარმომადგენლად მივიჩნევ და იმ პერიოდშიც კი, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ვიყავი ჩართული, არასდროს ვაფასებდი ჟურნალისტებს, როგორც არაჟურნალისტი. ძალიან მიხარია, რომ ყველა მგულშემატკივრობს, როგორც ტელევიზიის ნაწილს. ნაცნობი თუ უცნობი აქამდეც მეუბნებოდა, როგორ გვაკლიხართო და ამ სიახლეს ყველა დადებითად შეხვდა, რაც ძალიან მახარებს. „იმედი“ ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია.
– ეკრანს მიღმა როგორი ხართ?
– ვცდილობ, კეთილგანწყობილი და მეგობრული ვიყო. ძალიან ძვირფასია ჩემთვის ადამიანური სითბო და მეგობრებთან თუ ახლობლებთან ურთიერთობა. უფრო სახლის ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარს შინ ყოფნა: კითხვა, ფილმების ყურება და ჩაის ხანგრძლივად სმა – ეს ჩემთვის მედიტაციასავითაა (იცინის). ძალიან მიყვარს საჭმლის მომზადებაც, თუმცა, უფრო გურმანი ვარ, ვიდრე კარგი მზარეული. ჩემი შვილი დიდად კმაყოფილი არაა ჩემი კულინარიული შესაძლებლობებით, რადგან სულ ვცდილობ, ჯანსაღი საკვები მივაწოდო, რაც იმდენად გემრიელი არაა. ამიტომ, თუ ჩემს შვილს ჰკითხავთ, ამ მხრივ, დადებითად ნამდვილად არ შემაფასებს (იცინის). ვცდილობ, ოჯახის წევრები შევიკრიბოთ და ერთად ვისეირნოთ ხოლმე – ეს ტრადიციასავით მაქვს ოჯახში.
– როგორც ვიცი განქორწინებული ხართ, ამ მხრივ ხომ არაფერი შეცვლილა?
– არა.
– გამორჩეული გარეგნობა და ჩაცმის სტილი გაქვთ. როგორ უვლით თავს?
– ბოლო დროს ვარჯიში დავიწყე და ძალიან მიხარია. ყოველთვის ძალიან არასპორტული ვიყავი და პანდემიის პერიოდში რომ სახლში აღმოვჩნდით, შევძელი, ვარჯიში დამეწყო და იმდენად შევყევი, ეს ჩემი ყოველდღიური რეჟიმის ნაწილი გახდა. ვფიქრობ ხოლმე, აქამდე სად ვიყავი-მეთქი (იცინის). ჩაცმას რაც შეეხება, მთავარია კომფორტული და მოხერხებული, ამინდის შესაფერისი სამოსი მეცვას. ამ მხრივ, მსხვერპლზე ვერ მივდივარ. ეკრანს თავისი ეტიკეტი აქვს, რომელსაც ვიცავ და აქ ექსპერიმენტებს არ მივმართავ. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურად ძალიან სპორტულად ვიცვამ, თუმცა უფრო თავისუფალი სტილი მაქვს. როცა აქტიურ პოლიტიკაში ვიყავი, დრესკოდის დაცვა მიწევდა და იმდენად ოფიციალური სტილი იყო საჭირო, რომ სამსახურის შემდეგაც რთული იყო გადახვევა და როცა ეს პერიოდი დასრულდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველგან – საჯარო თუ არასაჯარო სივრცეში, შემეძლო, ძალიან თავისუფლად ჩაცმული გამოვჩენილიყავი, რაც ძალიან მომწონს.
– სამოსის შეძენისას, როგორც ქალების უმეტესობას, თანხის კონტროლი თქვენც გიჭირთ?
– რთული კითხვაა (იცინის). მე მგონია, რომ ყველა ქალს შეუძლია, სამოსში იმაზე მეტი გადაიხადოს, ვიდრე რაციონალურობის ფარგლებში ჯდება. მეც მომწონებია რაღაც ისე ძალიან, რომ იმაზე ბევრად მეტი გადამიხდია, ვიდრე იმ მომენტში მიზანშეწონილი იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი