საზოგადოება

როდის გამოცადა დათო დვალიშვილმა კლინიკური სიკვდილი და ვინ აჩუქა მას ახალთახალი მანქანა

№7

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 21.02, 2024 წელი

დათო დვალიშვილი
დაკოპირებულია

სერიალ „ბოლო სეზონში“ მსახიობ დათო დვალიშვილის სამსახიობო ოსტატობამ არცერთი მაყურებელი არ დატოვა გულგრილი. ალბათ, ამიტომაც, სერიალის დასრულების შემდეგ მან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.

დათო დვალიშვილი: მეგონა, რომ დავამთავრე ჯგუფთან მუშაობა, რომელიც ამ სერიალს იღებდა. შესაბამისი ანაზღაურებაც ავიღე და წამოვედი. უცებ მირეკავენ და მეუბნებიან: მანქანას ვათამაშებთ, გათამაშების წამყვანი დიმა ობოლაძეა და გვინდა, რომ თქვენ თანაწამყვანი იყოთ და თუ შეგიძლიათო?! უარს როგორ ვიტყოდი, კი ბატონო-მეთქი, დავთანხმდი. მივედი, დავდექით მე და დიმა, წინ დიდი დოლურა დგას და ვემზადებით ეთერისთვის. მოკლედ, მეცინება, რომ მახსენდება, როგორ „მაჭამეს“ (იცინის).

ეთერში ვართო, რომ თქვეს, წელში გავიმართე და დაიწყო დიმამ ლაპარაკი. დაიწყო და დაიწყო, აღარ ჩერდება. მე კიდევ ერთი სული მაქვს, მალე დაამთავროს – მეგობარი ღორს კლავდა და მწვადებზე ვიყავი დაპატიჟებული (იცინის). მერე კომპანიის წარმომადგენელი გამოვიდა და მან დაიწყო საუბარი. მე ჩემთვის ვფიქრობ: ნეტავ, მწვადებს თუ მივუსწრებ-მეთქი (იცინის). მერე ეს ყმაწვილი ამბობს, განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავითს ამ არაჩვეულებრივი როლისთვის და ჩვენი კომპანიისგან, მადლობის ნიშნად, მინდა, საჩუქრად გადავცე ახალთახალი ავტომობილიო. წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის როგორი შოკი იქნებოდა?! თუ ეს გადაცემა ნახეთ, იქ კარგად ჩანს ჩემი გაოცებული სახე. ასეთ რამეს ვერაფრით წარმოვიდგენდი.

ჩვენ საკმაოდ კარგი საქმიანი ურთიერთობა გვქონდა კარგი ხელშეკრულებით. დავმეგობრიდით, მთელი გუნდი შესანიშნავი ადამიანებისგან შედგებოდა და მუშაობა რომ დავასრულეთ, წამოსვლისას გული ძალიან მწყდებოდა, მაგრამ ასეთია ჩვენი პროფესია. მერე უცებ ასეთი სიურპრიზი გამიკეთეს და არც კი ვიცი, რა ვთქვა, გარდა უღრმესი მადლობისა. მერე გავაცნობიერე, რომ ეს საჩუქარი, ალბათ, იმ ყველაფრის შედეგია, რაც კი ამდენი წლის განმავლობაში მიმუშავია. მგონი, არც არავისთვის მოუწყვიათ ასეთი სიურპრიზი. ძალიან მიხარია, ასეთი რამ რომ მოხდა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი ჩემი მანქანის შეცვლაზე, მაგრამ არ ვიცოდი, რით შემეცვალა. უცებ ასეთი რამ მოხდა და ეს ნამდვილად ძალიან მოულოდნელი და კარგი სიურპრიზი აღმოჩნდა (იცინის).

– რამდენად გიყვართ მანქანები?

– პირველი მანქანა 1984 წელს ვიყიდე. ეს იყო „ადინაცატი“. იმის შემდეგ რამდენი მანქანა მყოლია, მაგრამ ახალი – მხოლოდ ორჯერ, რუსულები. დანარჩუნი – ყველა გამონაცვალი. პირველი უცხოური მანქანა 90 წელს იაპონიიდან ჩამოვიყვანე. რა შედარებაა – სად რუსული და სად უცხოური მანქანა. ახალ რუსულს ცხრა წლის უცხოური მანქანა ჯობდა. დამიჯერეთ, ასეა.

დღეს მანქანა, პირველ რიგში, საჭიროებაა, ფუფუნება და „სამარიაჟო“ აღარაა. თუმცა, ჩემს ახალ მანქანას ნამდვილად არაფერი დაეწუნება, ყველანაირად კარგია თავის „ნავაროტკებით“ (იცინის). საერთოდ, უკვე ვერ წარმომიდგენია მანქანის გარეშე ცხოვრება, ასე მგონია, ვერ გავძლებ. რამდენადაც შემიძლია, ვუვლი. გარედან შეიძლება, დასვრილი იყოს, მაგრამ შიგნით სალონი სუფთა და მოწესრიგებული უნდა მქონდეს. გუშინ დასავლეთიდან ჩამოვედი, ხან მათოვდა, ხან მაწვიმდა და ახლა არ შეეხედება, ისეთი ჭუჭყიანია, მაგრამ ამ სეზონზე განსაკუთრებით რთულია, რომ სულ სუფთა გყავდეს (იცინის).

– თქვენს შემოქმედებაზე ვისაუბროთ – უკვე 55 წელია, სცენაზე დგახართ. როგორი იყო ეს წლები თქვენთვის?

– მთლად ამდენიც არაა, 54 წელია. ამ წლებმა და ამ საქმემ შექმნა დათო დვალიშვილი. ჩემს საქმეს პატიოსნად ვაკეთებ, ყოველგვარი ყალთაბანდობის გარეშე. ჩხუბისა და დამდურებების გარეშე მოვედი აქამდე. ის ვარ, ვინც ვარ.

– ბევრი მსახიობი ამბობს, რომ ბოლომდე რეალიზებულად არ გრძნობს თავს, მიაჩნია, რომ მეტი შეეძლო. სხვა პირიქით – ფიქრობს, რომ ბოლომდე გამოავლინა შესაძლებლობები. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– იცით, რა არის, არტისტი ძალიან ხარბია თავის ბუნებით. ყველა არტისტს უნდა ის, რაც შეიძლება, არც მოერგოს. ყველას უნდა ბევრი ითამაშოს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობები და მას ვერ გადაახტები. ის ზოგს მეტი აქვს, ზოგს – ნაკლები. ჩემს ცხოვრებაშიც იყო როლები, რომელიც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ ვითამაშე. ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, ხან სხვა მიზეზი იყო, მაგრამ რას ვიზამთ.

– საერთო ჯამში, შეძელით საკუთარი ნიჭის ბოლომდე გამოვლენა?

– ბოლომდე? არ ვიცი. ბოლომდე ამოწურვა ძნელია, მაგრამ ამას სიბერე აკეთებს. ასაკმა ამომწურა, ნელ-ნელა მაცლის ძალებს (იცინის). შეიძლებოდა, რაღაცები, თუმცა კიდევ შეიძლება. დღესაც ვმუშაობ ორ-სამ სპექტაკლზე თეატრში. ეკრანზეც არის პროექტები. დაცემით არ დავეცემი, არ დავუჩოქებ სიბერეს. შემართება არ მაკლია.

– ამ წლების განმავლობაში იყო ჩავარდნის პერიოდები, როცა თეატრში არაფერი ხდებოდა?

– მარჯანიშვილის თეატრში ბოლო ათი წელი, შეიძლება მეტიც, არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ციცინო კობიაშვილთან ვითამაშე, მეტი არაფერი. წულაძემ რატომღაც გვერდი ამიარა. ენებისა თუ რაღაცების გამო, არ ვიცი, ყველას მის გზაზე გაუმარჯოს. მე ბევრი ვიმუშავე. ას როლზე მეტი მაქვს ნათამაშები. შეიძლებოდა ცოტა დასვენება, რომ ახალი ენერგია ამეკრიბა და ავკრიბე კიდეც. როგორც დასაწყისში ვისაუბრეთ, ამან შედეგიც გამოიღო (იცინის). ხანდახან დასვენება მართლა აუცილებელია. შენს წარსულს, შემოქმედებას კრიტიკული თვალით უნდა გადახედო. შესაძლოა, აღმოაჩინო, რომ რაღაცას გამოსწორება სჭირდება.

– კლინიკური სიკვდილი გამოგიცდიათ...

– კი, ასე მოხდა, მაგრამ არ ვიცი, რას დავუკავშირო. ჩვეულებრივად, პატარა სამფეხზე ჩამოვჯექი დასასვენებლად, არც მანამდე მტკენია რამე და არც მას შემდეგ. სოფელში ვიყავი, ჩემს მამულეთში. უცებ წავქცეულვარ. მერე რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა, ვხედავდი ამ ყველაფერს. ვუყურებდი როგორ გაიქცა მეზობლის ბავშვი ნემსის მოსატანად. ერთი სახლი გაიარა, მეორე, მესამე. ოთახში შევიდა, კამოდის უჯრები გამოაღო, ერთ-ერთიდან შპრიცი გამოიღო და უკან გამოიქცა. თითქოს მეც უკან მივყვებოდი. როგორც კი ნემსი გამიკეთეს, გონს მოვედი. სხვათა შორის, ახლახან „ფეისბუკზე“ ვნახე კადრები, თუ როგორ ამოვიდა სული ორგანიზმიდან, ალბათ, მეც ასეთი რამ დამემართა. ხანდახან მგონია, რომ ძილშიც ტოვებს ადამიანის სული სხეულს და სიზმარშიც ამიტომ დავფრინავთ. მე ფრენას ახლა დავანებე თავი, თორემ დიდხანს ვფრინავდი (იცინის). სხვათა შორის, ეს რომ მოხდა, თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება, უფრო მერე და მერე გავაანალიზე, რომ ის ვნახე, რაც ჩემი უგონოდ ყოფნის დროს მოხდა, რომ მე ამ ყველაფერს ზემოდან დავყურებდი. საერთოდ, ცხოვრება მოულოდნელობებითა და უცნაურობებით არის სავსე. ნელ-ნელა ირკვევა, რომ ადამიანებმა ბევრი რამ არ ვიცით. ხანდახან მეცნიერებაც ტყუილში ჩაკარგული მგონია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა