საზოგადოება

რის გამო გაებუტა ლეილა სიყმაშვილს ვახტანგ ჭაბუკიანი და რატომ ეძახდა მას სტალინის შვილიშვილი დედას

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 08.02, 2023 წელი

ლეილა სიყმაშვილი
დაკოპირებულია

ცნობილმა კონცერტმეისტერმა ლეილა სიყმაშვილმა მუსიკალური საქმიანობა ჭაბუკიანთან დაიწყო და რობერტ სტურუასთან გააგრძელა. მან ძალიან ბევრი წელი გაატარა რუსთაველის თეატრში და დიდი ისტორიის ნაწილი გახდა.

ლეილა სიყმაშვილი: 18 წლის ასაკში, მუსიკალური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, კონსერვატორიაში ვცადე ჩაბარება, მაგრამ ვერ მოვხვდი. ორიანი დამიწერეს და გამომიშვეს. მეორე წელს კი საერთოდ ვერ ჩავაბარებდი, თუ მუშაობის სტაჟი არ მექნებოდა – მაშინ ასეთი წესი იყო და დავიწყე სამსახურის ძებნა. მეზობელი საბალეტო სტუდიაში მუშაობდა, ჭაბუკიანთან, კანცელარიაში საქმეთა მმართველი იყო. ჩემმა მშობლებმა სთხოვეს, იქნებ ლეილას სამსახური უშოვო თქვენთანო. მანაც, ჩვენთან მუდმივად კონცერტმაისტერების კრიზისია, ხვალვე წავიყვან და თუ გამოდგება, მივიღებთო. მართლაც, მეორე დღესვე წამიყვანა საბალეტო სტუდიაში და ჭაბუკიანთან წარმადგინა...

– და, როგორც ადრე თქვით, ლაპარაკიც კი დაგავიწყდათ მისი დანახვისას, არამც თუ დაკვრა.

– გამისკდა გული. ამ კაცს ხუთი წლიდან სცენაზე ვხედავდი და ეგ რომ ცეკვავდა, მე გული მიმდიოდა, მერე ღამეები არ მეძინა ხოლმე. 18 წლის გავხდი და პირადად შევხვდი. რომ დავინახე, საერთოდ დავყრუვდი და დავმუნჯდი. თავისი კაბინეტიდან „მაკნატუნას“ ნოტები გამოიტანა, პიანინოზე დამიდო და დაუკარიო, მეუბნება. ამ დროს, მე ბრმა ვარ, ვეღარაფერს ხედავ. მეკითხება, დაკვრა იციო? ვუთხარი, კი, ვიცი-მეთქი. მერე ავდექი და ეს ნოტები გადმოვატრიალე თავდაყირა და გაგიჟდა კაცი. ალბათ, იფიქრა, ვიღაც მაიმუნი მომიყვანესო და კიდევ მკითხა, დაკვრა იციო? ვიცი, მაგრამ მე ნოტები არ მიყვარს-მეთქი, ვუთხარი. აბა, რას უკრავო, მკითხა და ვუპასუხე, სმენით – ყველაფერს-მეთქი. პოლკა იციო? ავდექი და ათი პოლკა დავუკარი, ბავშვობიდან იმპროვიზატორი ვარ. გამაჩერა და ვალსი იციო? – მეკითხება. როგორ არა, ჩაიკოვსკიზე უკეთესი ვალსები ვიცი-მეთქი. „მივაწექი“ და მგონი, 20 ვალსი დავუკარი. კაცი გაოცებული იყო, რაც მთხოვა, ყველაფერი დავუკარი და მითხრა, აგიყვან გამოსაცდელი ვადითო. გამოსაცდელი ვადა ერთი თვეა, ჩემმა გამოსაცდელმა ვადამ კი 11 წელი გასტანა. გაკვეთილის ჩასატარებლად რომ მოდიოდა, მოადგილეს ეკითხებოდა, დღეს ვინ უკრავს ჩემთანო და თუ ჩემს სახელს არ ეტყოდნენ, იუარებდა: არა, არა, ლეილა ჩემთან დაუკრავს და სხვა სხვასთან გაუშვითო.

– როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?

– ძალიან კარგი. კაბინეტში ერთად ვეწეოდით სიგარეტს. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა კატები. დილით, სამსახურში რომ მივდიოდით, სანამ ეზოში კატებს არ ვაჭმევდით, გაკვეთილს არ ვიწყებდით. ყოველ შაბათ-კვირას დარბაზში ბანკეტებს გვაკეთებინებდა. მე არ ვსვამ, ეგ სვამდა არაყს და მერე გვეცეკვებოდა ვალსს, ფოქსტროტს, ტანგოს. ორ-სამ ჭიქას რომ დალევდა, ძალიან საყვარელი იყო.

– მაგრამ, ბოლოს გაგინაწყენებიათ.

– დადგა 1971 წელი. ჩვენთან, ქორეოგრაფიულში, არა მარტო კლასიკური ბალეტის, სახასიათო ცეკვების გაკვეთილებიც ტარდებოდა. მაშინ სახასიათო ცეკვებს ჩვენთან, საქართველოში უკვე ცნობილი, უკრაინიდან ჩამოსული ქორეოგრაფი იურა ზარეცკი ასწავლიდა. მის გაკვეთილებზეც მე ვუკრავდი. პარალელურად, ზარეცკი თბილისის ყველა თეატრში მუშაობდა. მოვიდა და ჩუმად მეუბნება, ხვალ რუსთაველის თეატრში წამოხვალო? მეგონა სპექტაკლზე მეპატიჟებოდა და რატომ არ წამოვალ, რა სპექტაკლია-მეთქი? არა, რუსთაველის თეატრის კონცერტმაისტერი გათხოვდა, ორსულად არის, პრემიერა კარზეა მომდგარი, არავინ ჰყავთ და მკითხეს, ხომ არავინ იცი, რომ მოიყვანოო. მე ვუთხარი, კი, კარგი „პიანისტკა“ მყავს-მეთქი და ხვალ დილას უნდა წაგიყვანოო. მერე, რა უნდა გავაკეთო-მეთქი? როგორ თუ რა, ჯერ რეპეტიციებზე უნდა დაუკრა, მერე სპექტაკლზეო. რას ლაპარაკობ, თეატრი მე რა ვიცი-მეთქი, გავლანძღე. წამოდი, ნახე, იქნებ მოგეწონოსო. მერე ბალეტს ხომ არ დავანებებ თავს-მეთქი და არა, ორივეგან იმუშავებო. მეორე დღეს მიმიყვანა რუსთაველის თეატრში და პირდაპირ სცენაზე ამომაყოფინა თავი. ვუყურებ და გარშემო სულ ვარსკვლავები სხედან: ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, ბადრი კობახიძე, მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი.

– ეს კიდევ ერთი საოცარი შეხვედრა თქვენს ცხოვრებაში...

– დედაჩემი სანდრო ახმეტელის ბიძაშვილია. მე რუსთაველის თეატრში გავიზარდე. ახმეტელებს ჩვენი ლოჟა გვქონდა. ამიტომ ბავშვობიდან ვუყურებდი სცენაზე ამ ადამიანებს და ისეთი სპექტაკლები მახსოვს, მგონი, სხვას რომ არავის ემახსოვრება. გავშეშდი ამ სცენაზე რომ ამიყვანეს მათ გვერდით, ენა გადავყლაპე, მეტყველების უნარი დავკარგე. რეჟისორი რევაზ მირცხულავა ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულებას“ დგამდა. გია ყანჩელი მოიტანს ხვალ მუსიკას და ორკესტრთან ერთად დაუკრავო, მეუბნება. ჭკუიდან შევიშალე, მე არასდროს დამიკრავს თეატრში სპექტაკლი და როგორ უნდა დავუკრა-მეთქი? ზარეცკიმ თქვა, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ და რატომ ვერ უნდა დაუკრათო?! მეორე დღეს, ცოცხალი ყანჩელიც რომ ვნახე, კიდევ უფრო გავგიჟდი. მან ნაწარმოები მოიტანა, მე დავჯექი და დავუკარი. შეძლებსო? – ჰკითხა რეზომ და გიამ უპასუხა, როგორ არ შეძლებს, ეტყობა, ვინც არისო. მოკლედ, დავჯექი რეპეტიციებზე. ერთი კვირა მქონდა პრემიერამდე. მალე პრემიერაც დავუკარი. ეს ყველაფერი მოისმინა მისმა უდიდებულესობამ, სტურუამ და ჩემი სამუდამოდ იქ დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ახლა რა ვქნა, ჭაბუკიანისგან როგორ წამოვიდე?

– ერთ მხარეს სტურუა, მეორე მხარეს ჭაბუკიანი.

– ქორეოგრაფიულში მარტო დილით გვქონდა გაკვეთილები. თეატრში რეპეტიციები დილასაც იყო და საღამოსაც. ერთი კვირა ვიარე კიდევ ჭაბუკიანთან და მეტი ვეღარ შევძელი. ზარეცკის დავაბარე, გადაეცი, რომ მე წავედი-მეთქი. პირადად ვერ ვეტყოდი. ისე მეშინოდა, მაკანკალებდა. იმიტომ კი არა, რომ მკაცრი კაცი იყო, მე მქონდა ასეთი დამოკიდებულება. რომ მეთქვა, მეტყოდა, შენ სადაც კარგად იქნები, იქ იყავიო, მაგრამ ამხელა სამსახური რომ მივუტოვე, ეგ უკვე აღარ მაპატია. გამებუტა. აღარც მესალმებოდა, დავკარგე ეს კაცი. მერე ერთი წელი ვიბრძოლე, რომ შემომერიგებინა და ძლივს შევირიგე. ჩემი შვილი მივიყვანე საბალეტო სტუდიაში. ჩემს გოგოს მშვენიერი გარეგნობა აქვს და რომ მივიყვანე, შემაქო. ამით გამოვისყიდე ჩემი დანაშაული.

– და ამის შემდეგ, ბევრი წლის განმავლობაში ქმნიდით ეპოქას რუსთაველის თეატრში, ამდენ ვარსკვლავთან ერთად.

– პირველი სპექტაკლი, რომელიც სტურუამ ჩემთან ერთად გააკეთა და რომელმაც ფურორი მოახდინა, მარტო საქართველო კი არა, მთელი დედამიწა აალაპარაკა, იყო პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. ამ სპექტაკლში დამსვა სცენაზე. მე ვუთხარი, სცენაზე არ დავჯდები, საერთოდ წავალ აქედან-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც სცენაზე მომიწია 30 წლის გატარება.

– განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებდათ რამაზ ჩხიკვაძესთან.

– მე რამაზის მეგობარი არ ვყოფილვარ, ოჯახის წევრი ვიყავი. რამაზის მანქანა არ ჰყავდა და მე დამყავდა სპექტაკლებზე, იქიდან კი – სახლში. როცა ცუდად გახდა, 50 დღე ვიჯექი მის ლოგინთან. ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. საერთოდ, მიცვალებულის ძალიან მეშინია და რომ დავინახე, უკვე მიდიოდა, ოთახიდან გამოვედი. მე ჩემი საკუთარი მამის სიკვდილს დავესწარი და იმის შემდეგ, არ შემიძლია, ამ მომენტის შემსწრე გავხდე. ის 50 დღე, ყოველღამე სახლში მოვდიოდი და ვტიროდი, უკვე ვიცოდი, რომ განწრული იყო. ხელიდან მეცლებოდა ადამიანი, რომელთანაც 35 წელი გავატარე. ადამიანი, რომელსაც უჩემოდ ერთი სუფრა არ გაუშლია. რამაზი რომ გარდაიცვალა, მეორე დღეს ინსულტი დამემართა და ორი თვე გაჭიმული, მკვდარივით ვიწექი ლოგინში.

– როგორ დაემშვიდობეთ რუსთაველის თეატრს?

– 2002 წლის 24 აპრილს მიწისძვრა მოხდა. მე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ჩემი სახლი დაინგრა და ქუჩაში დავრჩი. ნანგრევები გავყიდე, მისი გასაკეთებელი ფული არ მქონდა. აღებული ფულით ერთი წელი ქირით ვცხოვრობდი, რომ გამითავდა, შვილსა და შვილიშვილს მოვკიდე ხელი და მოსკოვში წავედი.

– მოსკოვში სტალინის ოჯახში ცხოვრობდით, თუმცა, ამას თავის წინაპირობა აქვს და ამაზეც მოვყვეთ.

– 1984 წელს სტალინის ქალიშვილი ჩამოვიდა თბილისში საცხოვრებლად. მთავრობამ ხელგაშლილად მიიღო სვეტლანა ალილუევა. ჭავჭავაძის პროსპექტზე მისცეს სამოთახიანი ბინა, მანქანა მიამაგრეს და მანგლისში კარგი აგარაკიც გადასცეს. ის ორი წელი ცხოვრობდა თბილისში. მე რუსთაველის თეატრის პარალელურად, თეატრალურ ინსტიტუტში ვმუშაობდი. თეატრალურის რექტორი ეთერ გუგუშვილი მოსკოვში სვეტლანას თანაკურსელი იყო. სვეტლანა რომ ჩამოვიდა, ეთერი უნახავს. უთქვამს, 14 წლის ქალიშვილი მყავს, მინდა, ოლია-ქრისტინამ ქართული სიმღერები იცოდეს და ხომ არავინ გეგულება, რომ ასწავლოსო. ეთერს ჩემი ნომერი მიუცია. დამირეკა და რუსულად მელაპარაკება. მეუბნება: სვეტლანა ალილუევა ვარ, სტალინის ქალიშვილიო. მეგონა, ვიღაც თეატრიდან მაშაყირებდა. კარგად შევაგინე, ოღონდ ქართულად და ყურმილი დავკიდე. გია ფერაძემ იცოდა ასეთი შაყირი, მაგრამ ამ ქალმა კიდევ გადმორეკა და იგივე რომ გამიმეორა, მერე რაღას ვიზამდი, დავიჯერე. დავიჯერე და ჭკუიდან შევიშალე, მამა იმისთანა სტალინისტი მყავდა, ვერც აღგიწერთ და როგორია, სტალინის შვილი რომ გირეკავს?! მითხრა, რომ შვილთან ერთად იყო ჩამოსული და ნუ მეტყვით უარს, ამეცადინეთ ჩემი შვილი, ძალიან მინდა, ქართული სიმღერები ისწავლოსო. დავთანხმდი. კვირაში ორჯერ დავდიოდი მათ ოჯახში ორი წლის განმავლობაში. მაგარი დაკვრაც ვასწავლე ოლიას, ქართული სიმღერებიც ისწავლა და კარგი ქართულიც.

– რატომ წავიდნენ საქართველოდან?

– მითხრა, მდევნიანო, „კაგებე“ დამდევსო. სისულელეებს ლაპარაკობდა. სვეტლანას უცნაური და მძიმე ხასიათი ჰქონდა. ჩემ მიმართ არა, მაგრამ შვილის მიმართ ძალიან მკაცრი და მძიმე იყო. აქ ცოტა სმა დაიწყო, არაყი შეუყვარდა. ძალიან ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. მე სულ შუაში ვიდექი, ოლიას ვექომაგებოდი, ერთი ბრძოლა იყო.

– სტალინზე რას ყვებოდა?

– ყველაფერს კარგს. ამბობდა, რომ ძალიან ჭკვიანი მამა ჰყავდა, მაგრამ დედამისთან ვერ მოდიოდა ხასიათში და დედამ თავი მოიკლა. მკაცრი იყო და მუხლამდე კაბა რომ მეცვა, მეჩხუბებოდა, მეუბნებოდა, მუხლის ქვემოთ უნდა ჩაიცვაო.

– სტალინის შვილიშვილი, ანუ, სვეტლანას შვილი როგორი გოგონა იყო?

– უნიჭიერესი და არაჩვეულებრივი გოგონა იყო. ჩემზე უკეთესად უკრავდა და მღეროდა. ყველა სპექტაკლზე დამყავდა ჩემი მანქანით. რამაზთანაც დამყავდა დაბადების დღეებზე. წარმოიდგინეთ, სტალინის შვილიშვილი ისე მყავდა, როგორც ჩემი საკუთარი. ბოლოს დედას მეძახდა.

– ბოლო დროს მისი ფოტოები გავრცელდა და ნახავდით ახლა როგორი შეცვლილია.

– კი, ვნახე მისი ახლანდელი ფოტოები და გული შემიღონდა. ეგენი რომ აქედან წავიდნენ 1986-ში, ჯერ ლონდონში გადავიდნენ. იქ ძალიან კარგი ბიჭი შეხვდა ოლიას და გათხოვდა, მაგრამ დედამისმა დაუნგრია ოჯახი, არ მოსწონდა ის ბიჭი. თბილისში ქართველი ბიჭი უყვარდა ძალიან და დედამისს რომ არ წაეყვანა, დღეს ქართველის ცოლი იქნებოდა. ის ბიჭი დღემდე უცოლოა და ეგეც გაუთხოვარია.

მანამდე, ანუ, ამერიკაში წასვლამდე, სვეტლანამ ორი შვილი საბჭოთა კავშირში დატოვა. იქიდან რომ ჩამოვიდა, დედა არც ბიჭმა მიიღო და არც გოგომ. თქვეს, ასეთი დედა არ გვინდაო. ამერიკაში რომ წავიდა, ის ბავშვები პატარები იყვნენ. რომ ჩამოვიდა, უკვე გაზრდილები დახვდნენ და ზედ არ შეხედეს. ამით ტრავმირებული ჩამოვიდა მერე საქართველოში, რუსეთში აღარ მინდაო და როგორც გითხარით, აქ იცხოვრა ორი წელი. მერე კი ლონდონში წავიდა. შვილი, რომელიც აქ ჰყავდა და რომელსაც მე ვასწავლიდი, ამერიკელი ქმრისგან ჰყავდა, იქ გააჩინა, ის ყველაზე პატარა იყო. სულ სამი შვილი ჰყავდა, მაგრამ ბიჭი უკვე გარდაცვლილია. უფროსი ქალიშვილი კი კამჩატკაზე ცხოვრობს. სვეტლანა ოფიციალურად სამჯერ იყო დაქორწინებული.

– სვეტლანას ბიძაშვილთან, დედის მხრიდან, ასევე კარგი ურთიერთობა გქონდათ, არა?

– კი, კირა თვითონაც მსახიობი იყო. ისიც სვეტლანასთან ერთად ჩამოვიდა თბილისში და სულ დამყავდა თეატრში. ძალიან დამიდაქალდა, სვეტლანაზე ახლოს ის იყო ჩემთან. მოსკოვში რომ წავედი, მას დავურეკე. კირა მარტოხელა ქალი იყო და მე და ჩემი ოჯახი შეგვიფარა. ათი წელი ვცხოვრობდით მასთან. მერე კიბო დაემართა და სიკვდილამდე მე ვუვლიდი.

2006 წელს პუტინმა ქართველების დევნა დაიწყო. ალილუევები ვერ იტანდნენ პუტინს, შიზოფრენიკს ეძახდნენ. ერთხელაც, მილიცია მოვიდა ჩვენთან, მეზობელმა დაასმინა კირა, ქართველები ცხოვრობენ მის ბინაშიო, განუცხადებია. მილიციელს კარი მე გავუღე და გვარი რომ ვუთხარი, განყოფილებაში უნდა წაგიყვანოთ, რეგისტრირებული არ ხართ რუსეთშიო, მითხრა. კირამ მას ხელი წაავლო და ოთხში შემოათრია. ოთახში ოთხივე კედელზე სტალინის სურათები ეკიდა. კირამ ჰკითხრა, იცი სად მოხვედი, ეს სტალინის ოჯახიაო?! იმ ბიჭმა სულ ბოდიშები იხადა და უკან გაბრუნდა. ასე გადამარჩინა კირამ. კირა რომ გარდაიცვალა, ბინა მის ძმებს დარჩათ. ამასობაში ჩემმა შვილიშვილმა სკოლა დაამთავრა და 2011 წელს საქართველოში წამოვედით.

– საქართველოში დაბრუნების შემდეგ რას აკეთებდით?

– ელდარ შენგელაიამ კინოსახლის რესტორანში მომაწყო, ვუკრავდი. მალე მოსწავლეებიც დამესივნენ. ახლა რესტორანში აღარ ვუკრავ, მხოლოდ მოსწავლეები მყავს.

– თქვენ როდის შექმენით ოჯახი?

– პირველ ქმარს გავეყარე, სულ ორი წელი ვცხოვრობდით ერთად. მეორედ 1967 წელს გავთხოვდი. ათი წელი შვილის გარეშე ვიყავი. სტუდენტობა, სამსახური და სხვა არაფრისთვის მეცალა. დედაჩემი მომკლავდა, შვილი რომ გამეჩინა. ძალიან მკაცრი იყო და ყველაფრის უფლებას არ მაძლევდა. ქმარი სულ გასტროლებზე იყო. ფილარმონიაში მუშაობდა, კონცერტის წამყვანი იყო. ისე მიყვარდა, ნახევრად გიჟი დავდიოდი, მაგრამ დედამთილს არ მოვწონდი. მუსიკოსი არ მინდა, არ ხართ პატიოსნები ხელოვანებიო.

– შვილი ხომ ხელოვანი ჰყავდა?

– შვილი ბიჭია, ბიჭი კი უნდა იყოს ხელოვანი, ქალი არაო. თითქმის დაშორებულებივით ვიყავით მე და ჩემი ქმარი. თეატრში რომ მოვეწყვე სამუშაოდ, უკვე აღარ შეიძლებოდა იმ ოჯახში ცხოვრება. ჩემი მეუღლე სულ გასტროლზე იყო, მეც – ასე და მთელი დედამიწა მოვიარეთ. მერე ჩემი მეუღლე კიბოთი გარდაიცვალა. მე მაშინ ავსტრალიაში ვიყავი გასტროლზე. ჩემი შვილი დედამ გამიზარდა. მე შვილიშვილი გავზარდე.

– ესე იგი, ერთი შვილი და შვილიშვილი გყავთ.

– კი, კარგი შვილი და შვილიშვილი მყავს, მაგრამ ბინა დღემდე არ მაქვს, ნაქირავებში ვართ. ჩემი შვილი იტალიაში წავიდა და იქიდან გვინახავს. აქ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. ის მუსიკოსია, თავისი ბენდი ჰყავს – „რეზისტენცია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი