საზოგადოება

რის გამო ავიწროებდნენ სამშობლოში თეა სოიტაშვილს და როგორ შეძლო მან გერმანიაში პატარა საქართველოს შექმნა

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 12.09, 2022 წელი

თეა სოიტაშვილი
დაკოპირებულია

თეა სოიტაშვილი (ფუტკრიაშვილი) ქართველი ემიგრანტია გერმანიაში, დარმშტადტში. ის დღეს წარმატებული მეწარმე გახლავთ და საკუთარი მეურნეობით, მას, როგორც მეფუქტკრეს, საქართველოშიც ბევრი იცნობს, თუმცა მეფუტკრეობა მისი ერთადერთი საქმიანობა არ არის. ქალბატონი თეა თავის ძალზე საინტერესო გზის შესახებ თავად გვიამბობს.

თეა სოიტაშვილი (ფუტკრიაშვილი): ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. აგარაში, პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ძალიან ბევრი ცოდნა შევიძინე. მამა პრეზიდენტ გამსახურდიას სამსახურში იყო, სოფლის გამგებელი გახლდათ, დედა – სკოლის დირექტორი. ზვიადისტობა მაშინ დანაშაულად ითვლებოდა. ამიტომაც იყო, რომ სახლში მოგვეჭრნენ, მამაჩემის წაყვანა უნდოდათ, ყველანაირად გვავიწროვებდნენ. ამან დიდი პროტესტი გამოიწვია ჩემში და ამიტომ გადავწყვიტე იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ როგორც ზვიადისტების შვილს, არ მქონდა საქართველოში მუშაობის დაწყებისა და განვითარების პერსპექტივა. დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით. არც „პატრონი“ მყავდა, რომ დამხმარებოდა. გასაქანი აღარ დამიტოვეს და გადავწყვიტე, ერთი წლით მაინც საზღვარგარეთ წავსულიყავი.

– და მინიმალური თანხითა და ნათხოვარი ჩანთით წახვედით საქართველოდან...

– ბილეთის ფულიც კი არ მქონდა, მაგრამ ძალიან მინდოდა, სასოწარკვეთილ, უიმედო და უპერსპექტივო მდგომარეობას გავცლოდი. ან მონასტერში უნდა წავსულიყავი და საერო ცხოვრებას გამოვთხოვებოდი, ან სხვა ქვეყანაში მეცადა ბედი. დედაოს დავეკითხე აზრი და მანაც მირჩია: შვილო, წადი, ეცადე და უფალი გზას თვითონ გიჩევნებსო. დარმშტადტში, ძიძების ბიუროში გავგზავნე ჩემი მონაცემები. ხარება დღეს, ეკლესიაში ვიყავი, როდესაც მამაჩემმა ეკლესიაში მომიტანა პასუხი, წერილის სახით. არადა, მამა ყველაზე დიდი წინააღმდეგი იყო, ქვეყანა დამეტოვებინა. გერმანიიდან მოსული წერილიდან გავიგე, რომ გამოჩნდა ოჯახი, რომელმაც მათთან მუშაობა შემომთავაზა და დავიწყეთ წასასვლელი თანხის მოძიება. რატომღაც ყველამ უარი მითხრა დახმარებაზე, ისეთმა ახლობლებმაც კი, ვისაც ვიცოდი, რომ ამის საშუალება ჰქონდა. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი, ფარ-ხმალი დავყარე, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ამ დროს, ჩემი პარკინსონით დაავადებული მეზობელი – თენგიზ ავალიანი მოდის ჩვენთან და ხელის კანკალით მაწვდის ფულს. ვის არ ვთხოვეთ დახმარება, ყველას ვისაც რამის საშუალება ჰქონდა, მაგრამ მისგან დახმარებას არ ველოდი, რადგან თვითონაც უჭირდა. ძველი მანქანა ჰყოლია ფარეხში, რომელსაც თვითონ ვერ მართავდა, ის გაუყიდია და ფული ამოგვიტანა. ამ ამბავს ცრემლების გარეშე დღემდე ვერ ვიხსენებ. მერე ახლობელმა სამგზავრო ჩანთა მათხოვა. მამამ ღვინო გაყიდა და პასპორტი ღვინის ფულით გამიკეთა. მეზობლის მოცემული ფულით ბილეთი ვიყიდე და სამი დოლარი მომრჩა – ჯიბის ფული. დღესაც მიდევს საფულეში ეს სამი დოლარი, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მას შემდეგ 24 წელია, აქ ვცხოვრობ.

საქართველოდან, საშინელი პირობებიდან გერმანიაში რომ ჩამოვედი, კულტურული შოკი მქონდა. ადამიანები მშვიდი სახეებით დადიოდნენ, ქუჩებში ხმაური არ იყო, ყველაფერი მოწესრიგებული, მოვლილი ეზოები, გაღიმებული ადამიანები – ძალიან მეუცხოებოდა. პირველი ოჯახი, რომელშიც მუშაობა დავიწყე ცხენოსნების იყო. იქ აღმოვაჩინე, რომ ცხენზე ალერგია მქონია და მალე გადავედი სხვა, მოგზაურების ოჯახში სამუშაოდ. მათთან ერთად მეც ძალიან ბევრი ქვეყანა დავათვალიერე. ამ ოჯახთან ურთიერთობა დღემდე მაქვს, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ამასობაში, გერმანული კარგად ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე ეკონომიკის ფაკულტეტზე, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით. მეუღლეც ამ დროს გავიცანი, ორივენი სტუდენტები ვიყავით. მეუღლე გერმანელია, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. მაშინ ჩვენ დიდი თანხა არ გვქონდა და პატარ-პატარა მოგზაურობებში დავდიოდით. ერთხელ ჩეხეთში წავედით. ქალაქში ფანტანთან აღმოვჩნდით, რომელშიც ქანდაკება იდგა და მას ვუყურებდით, როდესაც ერთი ქალბატონი მოვიდა და გვითხრა, აქ რომ მონეტა ჩააგდოთ და სამი სურვილი ჩაიფიქროთ, ცხოვრების განმავლობაში სამივე აგისრულდებათო. მართლაც, ვისროლეთ მონეტა, რომელიც მაშინ ჩვენთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავდა, მაგრამ წყლის ნაცვლად, ქანდაკებაზე დაეცა. ვუყურებ ჩემს მომავალ მეუღლეს იმედგაცრუებული თვალებით, ასე ხომ, სურვილები არ აგვისრულდება-მეთქი... დღეს იმ სამი სურვილიდან, ორი სურვილი უკვე ასრულებული მაქვს, მესამეს სიბერეში ველოდები (იცინის). იცით, რატომ? მაშინ, როცა ჩვენი სურვილების „გარანტი“ ქანდაკებამ შეაკავა, ჩემმა მეუღლემ, აიკაპიწა შარვალი, შევიდა წყალში, იპოვა ჩვენი ფული, აიღო და წყალში ჩააგდო. ფულის ჩაგდება და გარშემო მყოფი ხალხისგან ტაში და შეძახილები ერთი იყო. მეც დავმშვიდდი (იცინის). ამის შემდეგ, ჩემი ქმარი სულ მეუბნება, შენი სურვილების ასასრულებლად, ყოველთვის ცივ წყალში შესვლა მჭირდებაო. მართლაც, მთელი ცხოვრება ასეა – სურვილების შესასრულებლად სულ გაყინულ წყალში შესვლა გვჭირდება. მე არ ვარ მეოცნებე ქალი. ჩემს სურვილებს მიზნად ვაქცევ და მისკენ მივდივარ. ბარიერების გადალახვა ბევრს უჭირს და უკანაც იხევენ, მე გააზრებული მაქვს, რომ წინააღმდეგობებმა არ უნდა გამტეხოს. ისიც ვიცი, რომ ცხოვრებისგან მოცემული შანსი უნდა გამოვიყენო.

– დღეს უკვე მეწარმე ხართ. ერთია, როცა ყოველდღიური არსებობისთვის შრომობ, მაგრამ როდის შეძელით მეწარმეობა და შემოსავლის გაზრდაზე ფიქრი, და საერთოდ, როგორ დაიწყო ეს ისტორია?

– ჩემი პროფესიით საკმაოდ კარგ თანხას გამოვიმუშავედი, მაგრამ მერე შვილები გაჩნდნენ. უფროსი ბიჭი ვადაზე ადრე შეგვეძინა – ბავშვი 600 გრამი გაჩნდა. ესეც ერთ-ერთი სურვილი იყო, რომელიც ქანდაკებაზე დავარდა და წყალში არ ჩავარდა, აქაც „წყალში შეტოპვა“ დაგვჭირდა, რომ ბავშვი გადაგვერჩინა. მადლობა ღმერთს, შევძელით. მაგრამ ბავშვს დიდი ყურადღება სჭირდებოდა, ამიტომ ჩემი პროფესია გვერდზე გადავდე. ახლა მყავს უნიჭიერესი 13 წლის ნიკოლოზი, რომელიც გიმნაზიაში სწავლობს და ჯანმრთელი ბიჭია, ის უფლის საჩუქარია. მეორე შვილს გიორგი ჰქვია. ექიმებმა არ მირჩიეს მეორე შვილის გაჩენა, მაგრამ გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა და მეორე შვილიც გვყოლოდა. არაჩვეულებრივი უკრაინელი ექიმი ვიპოვეთ, ექვსი თვის გატარება მომიწია საავადმყოფოში, არ უნდა გავნძრეულიყავი ზედმეტად და ექიმის ყველა მითითება უნდა შემესრულებინა – ესეც კიდევ ერთი ცივ წყალში ჩადგომა, მაგრამ შედეგად მეორე შვილი გვყავს, უფლის უზომოდ მადლიერი ვარ მათ გამო. თუმცა, მერე ჩემთვის მხოლოდ დიასახლისობა არ იყო საკმარისი. მყავდა მეუღლე, რომელიც მიყვარდა, ორი შვილი, მოვლილი სახლი და კიდევ რა გავაკეთო-მეთქი, ვფიქრობდი. გადავწყვიტე, რომ ფუტკარი მომეშენებინა. ამან ბაღი მოითხოვა და ვიყიდეთ, შემდეგ ტყე შევიძინეთ. სამი სკით დავიწყე და 30-ზე ავედი. ახლა 16 მყავს, რადგან ძალიან შრომატევადი საქმეა. ბაღში ვაშლი, ქლიავი, კენკრა და საკუთარი ტყემალი მაქვს, ამის გარეშე რა ქართველი ვიქნები?! (იცინის)

– ეს ყველაფერი წარმოებად აქციეთ – თაფლი, ტყემალი, ალკოჰოლური სასმელი – როგორ ახერხებთ ამდენს?

– შრომატევადია, მაგრამ ვცდილობ, იმდენი გავაკეთო, რომ დახმარება არ დამჭირდეს. ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს აღებული. ფუტკარს ყოველდღიური მოვლა არ სჭირდება, ამიტომ საშუალება მაქვს, სხვა საქმეც შევითავსო. შემიძლია, დამხმარეც ავიყვანო, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია, ადამიანი მემსახურებოდეს. თანხას ისე ვაჩუქებ, მაგრამ ჩემი სამსახურისთვის ხელფასის გადახდა ადამიანისთვის ჩემთვის მიუღებელია. ვამზადებ ალკოჰოლურ სასმელებს. შვიდი სახეობის მარტო არაყი მაქვს. ბევრი მაყვალი გვაქვს, თაფლი – თავისთავად. წელს ჩვენი ბაღის ყურძენიც დავწურეთ. ერთი ჯიში ნაცნობმა მაჩუქა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ბაღში პაპის ეზოდან წამოღებული ვაზი მაქვს გაშენებული. სახლს რომ ვაშენებდით, დედამ ჩამომიტანა და სახლის შენებასთან ერთად, ეს ვაზიც იზრდებოდა. ღვინოს ძალიან ბევრს არ ვაკეთებ, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ ბადაგი, უფრო მეტად ჭაჭას ვაკეთებ.

– რაც კი საქართველოს გახსენებდათ, ყველაფერი გერმანიაში გააცოცხლეთ?

– ეზოში უზარმაზარი კაკალიც მაქვს. ქართული ეზო ამის გარეშე? ეს ეზო ამის გამო შევიძინე. ჩემს სახლში ჩურჩხელა სულ არის. საცივსაც საკუთარი ნიგვზით ვამზადებ. ვინც ჩემს სახლში შემოდის, მეუბნება, ასე მგონია, საქართველოში ვარო. აქაურ ქართველებს პანდემიის დროს ხშირად ვიწვევდი ჩემს სახლში და მეუბნებოდნენ ხოლმე, შენ გვაბრუნებ საქართველოშიო. გარემო, ბუნება, ყველაფერი ქართულია და მე ეს მაძლიერებს. ეს გარემო ჩემთვის დიდი შვებაა. სახლში რომ შემოვდივარ, მგონია, ამხელა გერმანიაში, ჩემს პატარა საქართველოში ვბრუნდები.

– ტყის ყიდვა რატომ გადაწყვიტეთ?

– 90-იან წლებში გვციოდა, გათბობა არ გვქონდა. მე და ჩემი და დავდიოდით შეშის შესაგროვებლად. მამა ზვიადისტობის გამო საქართველოდან გააქციეს. რომ არ წასულიყო, დაიჭერდნენ. მე და ჩემი და ხეს ვერ მოვჭრიდით, ამიტომ ვცდილობდით, რაღაც შეგვეგროვებინა. მახსოვს ეს პროცესი, სიცივე, უიმედობა და როცა ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ ტყის შეძენის სურვილი მქონდა, კი ძალიან გაუკვირდა, მაგრამ ავუხსენი მიზეზები და დაფიქრდა. მითხრა, კიდევ ცივ წყალში გინდა ჩემი შეყვანაო? (იცინის). არ ვიცი, ეს გადარჩენის ინსტინქტია, დამოუკიდებლობა, ბავშვობის შიში თუ რა, მაგრამ ჩემთვის სიმშვიდის გარანტიაა. თანხა იყო, ორივე ვმუშაობდით, კარგი შემოსავალი გვქონდა და ტყეც კარგ ფასად რომ ვნახეთ, უარი ვეღარ ვთქვი და 70 ჰექტარი ვიყიდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი