საზოგადოება

რის გამო აწამებდნენ წლების განმავლობაში სუზი ციცქიშვილს და რატომ ვეღარ შეძლო მისმა ოჯახმა სამშობლოში დაბრუნება

№41

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 20.10, 2021 წელი

სუზი ციცქიშვილი
დაკოპირებულია

სუზი ციცქიშვილი მონპელიეში, ვასილ და ნატაშა ციცქიშვილების ოჯახში დაიბადა. მათი ახალგაზრდა ოჯახი 1920 წლის 13 იანვარს თბილისიდან საფრანგეთში სწავლის გასაგრძლებლად წავიდა. ვასილ ციცქიშვილმა მონპელიეს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დაამთავრა, ნატაშა კი დიპლომირებული ექიმი-სტომატოლოგი გახლდათ. მათი მიზანი ცხოვრების ემიგრაციაში გაგრძელება არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებისა და 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო ვასოს ორი ძმა დახვრიტეს, რის შემდეგაც, ციცქიშვილების ოჯახმა, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად სამშობლოში დაბრუნებისგან თავი შეიკავა.

სუზიმ ბავშვობა მონპელიეს მიმდებარედ, სოფელ არსოში გაატარა, სადაც მუნიციპალურ სკოლაში სწავლობდა. იზრდებოდა განათლებულ, თუმცა ღარიბ გარემოში. 12 წლის შემდეგ ოჯახში კიდევ ერთი პატარა – გიორგი შემოემატათ. მშობლები შინ დამზადებული მაწვნის გაყიდვით ძლივს ახერხებდნენ ბავშვების გამოკვებას.

სუზი ლაპარაკობდა და წერდა ქართულად, იცოდა საქართველოს ისტორია, არაჩვეულებრივად მღეროდა ქართულ სიმღერებს. დაამთავრა ლიცეუმი, პედაგოგიური ინსტიტუტის მოსამზადებილ კურსებზე სწავლისას მონაწილეობდა კლასიკური და თანამედროვე პიესების დადგმაში, თამაშობდა კალათბურთს და ყველაფერთან ერთად, დიდ დროს უთმობდა უმცროსი ძმის განათლებას. ის ამაყობდა თავისი ქართველობით, თუმცა ამავე დროს შერწყმული იყო ფრანგულ კულტურასთან, ფრანგულ საზოგადოებასთან და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო თავისუფლებისათვის ბრძოლაში. სუზი მეგობრებთან ერთად „ახალგაზრდული ბანაკების“ მოძრაობიდან ჩაეწერა „ახალგაზრდობის პატრიოტულ ფრონტში“, რომელიც დაკავშირებული იყო კომუნისტურ პარტიასთან და მის სამხედრო ორგანიზაციასთან. სულ მალე ნაცისტი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში სუზის დროც დადგა.

1942 წლის 11 ნოემბრამდე მონპელიე „თავისუფალ ზონაში“ იყო. მას აკონტროლებდა ვიშის პოლიცია. რეგიონში მოქმედი „წინააღმდეგობის“ სპექტრი საკმაოდ ჭრელი იყო – ქრისტიანული მოძრაობით დაწყებული და დამთავრებული „თავისუფალ პარტიზანთა ფრონტით“. როდესაც ვერმახტი „თავისუფალ ზონაში“ შევიდა, გესტაპოსა და 1943 წლის იანვარში შექმნილი მილიციის მარწუხებმა უფრო მძლავრად მოუჭირეს „წინააღმდეგობის“ მებრძოლებს.

„ახალგაზრდობის პატრიოტული ფრონტისა“ და „ბრძოლის“ წევრები აგროვებდნენ ინფორმაციას და დოკუმენტებს, აწყობდნენ პროპაგანდისტულ აქციებს, მალავდნენ პარტიზანებს და ებრაელებს, ზრუნავდნენ მათ კვებაზე, უმზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს.

1943 წლის ზაფხულში „ახალგაზრდობის პატრიოტული ფრონტის“ რწმუნებულად დაინიშნა მონპელიეს სპეციალური მათემატიკური ვაჟთა ლიცეუმის სტუდენტი შარაპანტიე, რომლის ასაკი არ შეეფერებოდა თანამდებობას. მაგრამ იმ დროისთვის „წინააღმდეგობის“ მოძრაობის გამოცდილი მებრძოლები დაპატიმრებულები იყვნენ და მათ უშიშარი, თუმცა გამოუცდელი ახალგაზრდები ცვლიდნენ.

ასეთ ვითარებაში სუზის ჯგუფს დაევალა, ჯარში გაწვევის წინააღმდეგ დაბეჭდილი ანტიფიშისტური პროკლამაციების გავრცელება: „არც ერთი სტუდენტი ჰიტლერს!“. პროკლამაციები უნდა შეეტანათ მატიე დიუმას ყაზარმაში, სადაც თავმოყრილი იყვნენ გერმანიაში გასაგზავნი ახალგაზრდა მშენებლები. ეს აქცია პარტიზანების რიგების შევსებასაც ითვალისწინებდა და დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

სუზი პროკლამაციების გავრცელებისას დააკავეს და 1943 წლის 10 აგვისტოს იუსტიციის სასახლეზე მიშენებულ შატოს ძველ საპყრობილეში მოათავსეს. შატოს ბაღლინჯოებით სავსე ციხეში პატიმრებს ფრანგები იცავდნენ. ისინი ოჯახებს არ უშლიდნენ პატიმრებისთვის საჭმლის მიტანას. 7 ნოემბერს სუზი გაასამართლეს. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის მიუსაჯეს ერთი წლის პატიმრობა და ჯარიმის სახით 1 000 ფრანკის გადახდა, რაც ოჯახს უმძიმესი შრომის ფასად დაუჯდა.

ერთწლიანი პატიმრობა სუზიმ ოთხ საპყრობილეში მოიხადა, მონპელიედან მარსელში, ბომეტებში, მოგვიანებითკი ლიონის საპყრობილეში გადაიყვანეს. ლიონის შემდეგ იგი შალონ-სიურ–მარნის მკაცრი რეჟიმის ციხეში, იზოლირებულ საკანში იჯდა, შემდეგ კი პარიზის რომენვალის საპყრობილეში. ეტაპი, რომელშიც სუზი მოხვდა, გერმანელებს ფრანგ სამხედრო ტყვეებზე გაუცვალეს. იგი ზვოდაუს შრომის ბანაკში, VI ბლოკში განამწესეს, პირადი ნომრით – 39-136. ახალგაზრდა ქალი სასტიკ პირობებში მუშაობდა ნახშირის მაღაროში, მინდვრებში, ქარხანაში, განიცდიდა მუდმივ შიმშილს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეურაცხყოფას.

1945 წლის 18 მაისს სუზი ციცქიშვილი ოჯახში დაბრუნდა. ძალიან მძიმე იყო მისი როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მდგომარეობა. რის შესახებ თავად ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მაგრამ მოინდომა წერილობით გადმოეცა ის, რის ატანასაც ზვოდაუს ქალებს აიძულებდა „ბანაკის სადისტი უფროსი“. იგი თავის ნაწერში ამჟღავნებს სურვილს, გამოვლილი ტანჯვა-წამება ფრანგული სასამართლოსთვის დაედასტურებინა.

სუზი ციცქიშვილი ცდილობდა, ძალები აღედგინა და სწავლა გაეგრძელებინა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, როდესაც თითქოს ოდნავ მოძლიერდა, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. დასასვენებელი სახლიდან ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობაზე დამანგრეველი გავლენა იქონია მამის გარდაცვალებამ. ვასილ ციცქიშვილის გარდაცვალების მიზეზი კი კარდიალური კრიზი გახდა, რომელიც უკანონო დაპატიმრებამ გამოიწვია. ის, როგორც ეჭმიტანილი, იმის გამო დააპატიმრეს, რომ მისი მისამართი უბის წიგნაკში ჰქონდა ჩაწერილი ერთ ქართველს, რომელსაც ბრალი ედებოდა გერმანელებთან თანამშრომლობაში.

სუზი ციცქიშვილს FTP-ის პირველი კლასის კატეგორია მიანიჭეს და დაუნიშნეს ინვალიდობის პენსია. მკურნალობის დამანგრეველმა კურსმა მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა. ის 1955 წელს გარდაიცვალა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი