საზოგადოება

რატომ ვერ უყურებს ბაკო ხატისკაცის გამოსვლებს ცოლი და რა რიტუალი აქვს მას ყველა შეხვედრის წინ

№5

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 07.02, 2023 წელი

ბაკო ხატისკაცი
დაკოპირებულია

ძიუდოისტი და სუმოისტი ბაკო, იგივე ბადრი ხატისკაცი, ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, თუმცა მის სპორტულ ცხოვრებაში უამრავი წარმატებული წამი, მომენტი, გამარჯვების სიხარულის განცდა და კარიერული წინსვლაა. სპორტსმენი პროფესიით იურისტია, თუმცა, ამ მხრივ, ბედი ჯერჯერობით არ უცდია, ამას სამომავლოდ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ გეგმავს.

ბაკო ხატისკაცი: გორში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობაში სრული ვიყავი, დიდი წონით. 5-6 წლის ვიქნებოდი, ტელევიზიით ვნახე სუმოისტების ორთაბრძოლა, მერე სულ ვადევნებდი თვალს და მას შემდეგ, ამოჩემებული მქონდა, მეც სუმოისტი უნდა გამოვიდე-მეთქი. ისე მომეწონა კოკაის, იგივე ლევან ცაგურიას გამოსვლა, მისი ფანი გავხდი. პატარაობაში, დავდგებოდი სარკესთან, პირსახოცს შემოვიხვევდი როგორც კოკაის ჰქონდა და ილეთებს ვაკეთებდი (იცინის). ვფიქრობდი, დიდი სუმოისტი უნდა გამოვიდე და დიდი შედეგები დავდო-მეთქი.

– ოჯახში ამ შენს ბავშვურ ოცნებაზე რას ამბობდნენ?

– ეღიმებოდათ, ეგონათ, ბავშვური ახირება იყო. ერთი სიტყვით, არ დამცინოდნენ, ჩემს სპორტულ გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ, თუმცა, ეგონათ, ეს, უბრალო გატაცება იყო, თუმცა შეცდნენ (იცინის).

– ამბობ, სუმოისტობის გარდა, სხვა რამეზე არ ვოცნებობდიო, თუმცა პროფესიით იურისტი ხარ.

– კი, იურიდიული დავამთავრე, მაგრამ ეს დედის თხოვნით მოხდა – ძალიან უნდოდა, იურისტი ვყოფილიყავი. დედას ოცნება კი ავუსრულე, იურიდიული დავამთავრე, მაგრამ ახლა ვვარჯიშობ, დიდი ტურნირებისთვის ვემზადები, საპასუხისმგებლო შეჯიბრებები მაქვს და ამ პროფესიისთვის არ მცალია.

– როგორც ვიცი, თავიდან ძიუდოზე დადიოდი. ეს მამის სურვილი იყო თუ შენი?

– დიახ, ათი წლის ასაკში მამამ ძიუდოზე მიმიყვანა. თავადაც, ბავშვობაში, ცოტა ხანი ვარჯიშობდა ძიუდოში და მისი დიდი სურვილი და ოცნება იყო, შვილიც ამ სპორტის სახეობას გაჰყოლოდა. საკმაოდ კარგ შედეგებს ვდებდი ძიუდოში, თუმცა 15 წლის ასაკიდან სუმოში გადავედი და ნაკრებში ჩავერთე. ჩემი მეგობარი, გიგა გელაშვილი, ევროპის ჩემპიონი იყო, სუმოს ჭიდაობდა და რომ ვუყურებდი, მეც მინდოდა. ვთხოვე და წამიყვანა. თბილისში რომ ჩამოვედით და მწვრთნელებს გავესაუბრე, მითხრეს, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებო. მოვეწონე, დავიწყე ვარჯიში და 16 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზეც წამიყვანეს ესტონეთში, სადაც მეორე ადგილი ავიღე, ვერცხლის პრიზიორი გავხდი და ამის მერე, უფრო მეტი სტიმული მომეცა. ამ გამარჯვების მერე, ისე მოვიწამლე სპორტის ამ სახეობით, მის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

– ესე იგი, დედის იმედები გაამართლე, იურიდიული დაამთავრე, მამას კი იმედები გაუცრუე და ძიუდოს არ გაჰყევი...

– ასე არ არის (იცინის). ძიუდოშიც მაქვს გარკვეული შედეგები – ევროპის თასზე და სხვადასხვა ტურნირზე. თან, სუმოს ვჭირდაობდი და თან, ძიუდოსაც. ახლაც ვჭირდაობ ძიუდოს.

– სუმოისტები ჭარბწონიანები არიან. შენი ჭარბი წონა გენეტიკის გამოა, ჭამის სიყვარულის თუ სპორტული თავდადების? ახლა რამდენი კილოგრამი ხარ?

– დედა და მამა დიდები არ არიან, მხოლოდ მე ვარ ასეთი დიდი გაბარიტების. დედის მამა, პაპაჩემი იყო დიდი კაცი და ალბათ, მისი გენეტიკა დამყვა. გენებმა თავისი ქნა და თან, ჭამა სულ მიყვარდა (იცინის). დღეს, როგორც სპორტსმენი, სწორ კვებაზე ვარ. წონით 165 კილო ვარ და სიმაღლე 1,97. ასე რომ, ჩემს წონას სიმაღლე აბალანსებს (იცინის).

– საქართველოში, სუმოს სპორტის სახეობა მაინცადამაინც არ არის განვითარებული. თუმცა, სამჯერ გახდი ევრიპის ჩემპიონი და რუსი მოწინააღმდეგეც დაამარცხე, თან თავის ქვეყანაში – რუსეთის ქალაქ ყაზანში. ხომ არ გაქვს გეგმაში უცხოეთში წასვლა? ვგულისხმობ, იაპონიაში პროფესიონალურ სუმოში კარიერის გაგრძელებას.

– ევროპის ჩემპიონატი სამჯერ მაქვს მოგებული – ესტონეთში, რუსეთსა და პოლონეთში. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვჭიდაობ იაპონიაში, ახლა ამისთვის ვემზადები და სხვადასხვა ტურნირშიც ვიღებ მონაწილეობას. ესენი თუ მოვიგე, ყველა, მერე ვნახოთ, რა იქნება. არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია, როცა 2021 წელს რუსი მოწინააღმდეგე დავამარცხე თავის ქვეყანაში, თან, პირველივე შეხვედრისას. ეს ყველაზე დიდი შედეგი იყო, რაც კი დამიდვია. მე რომ არ მომეგო მისთვის, ის გახდებოდა ჩემპიონი. ყაზანიდან იყო და მსაჯებიცა და „ტრენერებიც“ ხელს უწყობდნენ, გულშემატკივრების არმიაც ჰყავდა, სავსე იყო დარბაზი, თუმცა, მაინც მოვუგე. ზოგადად, ბავშვობიდან „ჟილკიანი“ ვარ და რასაც მიზნად დავისახავ, მას ვაღწევ. მიზანდასახულობა და შრომა სპორტში წარმატების მთავარი ფორულაა. კიდევ ვამბობ, არასოდეს დამავიწყდება ის სიხარული და განცდა, რაც ამ გამარჯვებამ მომიტანა. თავი სიზმარში მეგონა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა რუსეთში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. კიდევ ვამბობ, ლევან ცაგურიას რომ ვადევნებდი თვალს, ინტერესი აქედან გაჩნდა, თუმცა ჩემი ფავორისტი სუმოისტი მაინც ლევან გორგაძეა, იგივე ტოჩინოშინი. პირადად ჯერ არ ვიცნობ, თუმცა, ბევრჯერ მქონია ინტერნეტვიდეო საუბარი, ფსიქოლოგიურად გვერდით მიდგას, რჩევებს მაძლევს და თან, მოტივაციასაც.

– ალბათ, ყველაზე მეტად შენი ოჯახის წევრები განიცდიან, როცა დგახარ დოჰიოზე და იბრძვი. მაინც, ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

– ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამა, დედა და მეუღლეა. სხვათა შორის, დედა და მეუღლე ჩემს გამოსვლას ლაივში ვერ უყურებენ, ბრძოლა რომ მორჩება, მერე იგებენ შედეგს.

– სპორტის ამ სახეობაში, ტრავმების დიდი ალბათობაა. შენ თუ გქონია?

– კი, როგორ არა. მხრის ტრავმაც მქონდა და მკერდის ძვალიც გამიტყდა. ვარჯიშზე შემთხვევით მომივიდა და სამი თვე მომიწია შეჩერება. თუმცა შეჯიბრებაზე მაინც გავედი და პოლონეთის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. მეტოქესთან შებრძოლების დროს ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მოგებაზე ვიყავი ორიენტირებული. ზოგადად, როცა დოჰიოზე ვდგავარ, თითქოს დედამიწას ვწყდები, სხვა სამყაროში ვარ. ვერაფერს ვგრძნობ მოგების სურვილის გარდა და ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევ მეტოქის გარდა. მეტოქის წინ რომ ვდგები, ყველანაირი ტრავმა მავიწყდება. ხატები მიმაქვს და ყველა შეხვედრის წინ რიტუალი მაქვს – სანთელს ვანთებ და ვლოცულობ. ასე რომ, ღმერთის წყალობასაც სულ ვგრძნობ და იღბლიანი ადამიანიც ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი