საზოგადოება

რატომ ვერ შეირთო ცოლად აკაკი კვანტალიანმა ქვრივი მეზობელი დუდუხანა წეროძე

№47

ავტორი: ეკა პატარაია 15:53 23.11, 2020 წელი

აკაკი კვანტალიანი
დაკოპირებულია

თავისებურად თავზეხელაღებული კაცი იყო, მამა ჰყავდა გაკულაკებული. დედაჩემთანაც ხშირად კამათობდა. დედა სულ ეუბნებოდა: ჩვენ რას გვერჩი, რატომ გვღუპავ? დაგიჭერენ, გაჩუმდიო. ამიტომ იყო, რომ „კაგებეს“ არქივებში კაკოზე ეწერა: პოლიტიკურად არასაიმედოა, უყვარს ლაყბობაო. მიუხედავად ამისა, იქ მუშაობდანენ ისეთი წესიერი ხალხი, რომლებიც ჩუმად მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ: არ გინდათ, რა, ბატონო კაკო, ნუ ლაპარაკობთო. სთხოვდნენ, „მასკიროვკისთვის“ შედით პარტიაშიო, რაზეც იგი შაყირობდა: როგორ გეკადრებათ, ასეთი ცუდი ადამიანი ვარ და პარტიაში როგორ შევიდეო?!.. – იხსენებს მსახიობის ვაჟი მამაზე. ეს კაკო კვანტალიანია, რომელიც დღემდე უყვარს საქართველოს და ამ ქვეყანაში კიდევ დიდხანს ეყვარებათ. 
„უდიპლომო სასიძოს“ ყურება არ უყვარდა
რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმის – „უდიპლომო სასიძოს“ სცენარი თავდაპირველად ასე იყო ჩაფიქრებული: ქვრივ ვარდენს მეზობლის ქვრივი ქალი – კესარია უყვარდა და მისი ცოლად შერთვა სურდა. სწორედ ამის გამო უშლიდა ქალიშვილს მეზობლის ბიჭის სიყვარულს. როგორც იმ დროს ხდებოდა, ფილმის გადაღებულ კადრებს სპეციალური კომისია იხილავდა. მათი მხრიდან ფილმის ჩვენებას პროტესტი მოჰყვა: რას ჰქვია, საბჭოთა მოქალაქეს მეზობელი უყვარდესო?! ფილმიდან არაერთი კადრი ამოჭრეს და იმის ნახევარი დატოვეს, რაც გადაღებული იყო. შესაბამისად, რეჟისორს ფილმის გადაკეთება მოუხდა. ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია და სწორედ ამიტომ, „უდიპლომო სასიძოს“ ყურება არ უყვარდა...
კომიკური ლენინი
სამთავრობო კომისია არა მხოლოდ ფილმების პირველ ჩვენებას, არამედ სცენაზე წარმოსადგენ სპექტაკლებსაც ესწრებოდა. ვახტანგ ტაბლიაშვილის სპექტაკლს, სადაც აკაკი კვანტალიანი ლენინის როლს ასრულებდა, კომისია დაესწრო. გრიმით, მსახიობი რევოლუციის ბელადს ძალიან ჰგავდა. თითოეული მისი მანერა და მოძრაობა ლენინის თვისებებთან ძალიან ახლოს ყოფილა. „ცეკას“ თანამშრომლებს სპექტაკლი რომ უნახავთ, განკარგულება გაუციათ: კვანტალიანი შეცვალეთ. ეგ რომ სცენაზე გამოვა, ხალხი სიცილს დაიწყებს და ბელადზე სიცილი არ შეიძლებაო. თან, კვანტალიანი კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო. ტაბლიაშვილმა არ დათმო: მე მაგაზე უკეთეს ლენინს ვერ ვიპოვიო და „გაუვიდა“ კიდეც... 
სიმინდის ფოჩისა და მატყლის წვერ-ულვაში
აკაკი კვანტალიანი 1907 წლის 14 დეკემბერს დაიბადა სამტრედიაში. ხუთშვილიანი ოჯახის მეოთხე ბავშვი და-ძმისგან თავისი განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ პატარას, იმ დროს მოდური სიმღერების მთელი „რეპერტუარი“ ჰქონდა და ვისაც არ უნდა ეთხოვა, სიამოვნებით ჩამოამღერებდა. მოგვიანებით, ახლობლისა და ნათესავების ქცევების იმიტაცია დაიწყო. საამისოდ კი ხელმისაწვდომ „აქსესუარებს“ მიმართავდა – ნახშირს, სიმინდის ფოჩს და სხვა. როცა წვერ-ულვაშის შესაქმნელად სიმინდის ფოჩი აღარ მოეწონა, ის მატყლით შეცვალა. მატყლს საჩეჩელზე თვითონ ჩეჩდა, მარლაზე ალაგებდა, ანაწილებდა, საკუთარი ხელით აკერებდა და ყურებთან იმაგრებდა. მაშინ სამტრედიის კლუბში მუნჯი ფილმები ჩაჰქონდათ. აკაკის მშობლები მიიჩნევდნენ, რომ კინო მხოლოდ რყვნიდა და აფუჭებდა მოზარდებს, ამიტომ შვილებს კლუბში არ უშვებდნენ. ხუთივე სახლიდან იპარებოდა და კინოსეანსებს მაინც ესწრებოდნენ. შინ მიბრუნებულები, აკაკი და-ძმებსა და მეზობლის ბავშვებს შეკრებდა და ახლა უკვე თავად იწყებდა „დადგმას“. როლების „განაწილების“ დროს უმცროს ძმას, ვასოს ყოველთვის ქალის როლს აძლევდა, უფროსს – რაჟდენს, ძირითადად, დრამატულ როლებს სთავაზობდა, თავად კი ყოველთვის კომიკურ როლს იტოვებდა. თამაშის დროს მის გვერდით მყოფ პარტნიორებს ავიწყდებოდათ, რომ სცენაზე იდგნენ და აკაკის გამოსვლაზე გულიანად ხარხარებდნენ. ერთხელ მორიგი სიცილისას, კაკოს უფროსი ძმა დაუსჯია კიდეც: მან რაჟდენს მეფის როლი ჩამოართვა და მოსამზადებლად მეზობლის ბავშვს გადასცა. სარეპეტიციო „დარბაზი“ კვანტალიანების სახლის კიბის ქვეშ იყო. მის ზევით კი კიბეზე წარმოდგენის გასამართი ადგილი მოეწყოთ. თავდაპირველად, მაყურებლები მხოლოდ ოჯახის წევრები იყვნენ, შემდეგ ეს წრე გაფართოვდა და კაკოს „დასმა“ აივანზე გადაინაცვლა. მშობლებმა ბავშვებს ნება დართეს, საოჯახო ნივთებითა და ტანსაცმლითაც ესარგებლათ. „რეკვიზიტებსა“ და „გრიმს“ კაკო ერთ სპეციალურად შეჭედილ, ხის მოზრდილ ყუთში აწყობდა და სახლის უკან მალავდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველსავე წლებში, სხვადასხვა ორგანიზაციათა დასახმარებლად, ოჯახებში ხშირად იმართებოდა გართობა-წარმოდგენები, რომლებსაც მაშინ „ალეგრო“ დაარქვეს. აკაკი ხშირად ესწრებოდა მათ – ხან თავის და ხანაც მეზობელ სოფლებში. ბევრჯერ შემოღამებია გზაზე და სახლში არ მისულა. რის გამოც მშობლებს არაერთხელ დაუსჯიათ, მაგრამ აკაკი თავისას მაინც არ იშლიდა და არც ერთ „ალეგრობას“ არ აკლდებოდა. სულ მალე ის თავადაც მონაწილეობდა აღნიშნულ წარმოდგენებში.
სახლის აივნიდან - ნამდვილ სცენამდე
კაკომ გიმნაზია 1924 წელს წარჩინებით დაამთავრა. იმავე წლის გაზაფხულზე, მამა დაეღუპა. მამის გარდაცვალება მძიმედ განიცადა, რადგან როცა ის ავადმყოფობდა, აკაკი მორიგ „ალეგროს“ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. იმ ღამით შინ არ მოსულა და სახლში დაბრუნებულს, ოჯახის უფროსი ცოცხალი აღარ დახვედრია. ამის გამო ახლობლები საყვედურობდნენ, რასაც აკაკიმ ვეღარ გაუძლო და მეორე დილასვე, თბილისში მატარებლით გაიპარა. ოჯახის ახლობლის, ივანე ვაშაკიძის ბინაში დასახლდა. პირველ ხანებში თბილისის მილიციის სამმართველოში გადამწერად მოეწყო, პარალელურად კი, უხელფასოდ, მაშინდელ სატირულ წრეში მუშაობდა, რომელსაც რეჟისორი საშა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა (ავტორი – ა. კალანდაძე). წრეს „წითელი შოლტი“, „ლურჯხალათიანები“ ერქვა და მასში ძირითადად, სკეტჩები, ვოდევილები და ინტერმედიები იდგმებოდა. კაკო თავისი აქტიორული თვისებებითა და სიმღერის ნიჭით რეჟისორებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
1927 წლიდან თბილისის მუშათა თეატრის ქართულ სექტორს შეუერთდა, რომელსაც მიხეილ ჭიაურელი ხელმძღვანელობდა. ერთი წლის შემდეგ მუშაობა დოდო ანთაძის თაოსნობით ჩამოყალიბებულ საბავშვო თეატრის ექსპერიმენტულ კოლექტივში დაიწყო. აკაკი უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად, სპექტაკლებში მონაწილეობდა, როცა მისი ნიჭი კოტე მარჯანიშვილმა შენიშნა. როდესაც რეჟისორი ქუთაისი-ბათუმის სახელმწიფო თეატრს ჩაუდგა სათავეში, რამდენიმე მსახიობს შორის, რომელიც მან თბილისიდან წაიყვანა, აკაკი კვანტალიანიც იყო...
ორი წლის შემდეგ გამხელილი სიმართლე
1967 წლის ზაფხულში აკაკი კვანტალიანმა თეატრთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა დაასრულა და წყნეთში, აგარაკზე ავიდა. იმ ღამით ცუდად გახდა, წნევამ აუწია, „სასწრაფო“ გამოიძახეს, მაგრამ ექიმებმაც ვერაფერი უშველეს. მეორე დილით ის თბილისში, ინსულტით გარდაცვლილი ჩამოასვენეს – იმ დროს მხოლოდ 59 წლის იყო... სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მსახიობს უთქვამს, თუ ისე მოხდა, რომ დედაჩემზე ადრე მოვკვდი, მას ჩემი სიკვდილი არ გააგებინოთ. ამას სჯობს, სადმე შორს ვეგონო წასულიო. ასეც მოხდა, 90 წელს გადაცილებულ მოხუცს 2 წლის განმავლობაში უმალავდნენ ამ ამბავს. როდესაც ანეტა უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, სულ კაკოს ხსენებაში იყო. ბოლოს სიმართლე გაუმხილეს. მომაკვდავ ქალს თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა და რამდენიმე საათში სულიც დალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი