საზოგადოება

რატომ უთხრა გიგა ლორთქიფანიძემ სესილიას, აფერისტი და სპეკულანტი ქალი ხარო

№25

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 28.06, 2022 წელი

გიგა ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

საქართველოში მისი შემოქმედება ყველას უყვარს, კარგად იციან და ყოველთვის დადებითად აფასებენ. მე, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გიგა ლორთქიფანიძის ეს დღიურები მხოლოდ მის გარშემო მყოფთა არსებობითაც არის საინტერესო. მას ხომ თავისი კოლეგა-მეგობრების გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია.

გიგას მოხუცები

მე რომ ჩაძინებული გამაღვიძოს ვინმემ და უცბად მკითხოს: ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი მსახიობიო, დაუფიქრებლად ვუპასუხებ: სესილია-მეთქი. ის არის ჩემთვის კარგი ქალის, კარგი მსახიობის და კარგი ადამიანის განუმეორებელი სინთეზი. მე მას, როგორც ქალს, გმირობად ვუთვლი თუნდაც იმ ფაქტს, რომ მან ბებიის როლის განსახიერებისას (ამჯერად სასცენო როლზეა საუბარი – ავტორი) კბილები ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო, საუბრის დროს ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია ეგონებოდა კაცს. ეს ამბავი ხშირად მაქვს მოყოლილი, მაგრამ მოკლედ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, იქნებ, თქვენს ახალგაზრდა მკითხველს მაინც არ ჰქონდეს გაგონილი: თბილისში ჩამოსული ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორიც იყო, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ – ნახვის შემდეგ, ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მთხოვა, ის ბებია გამაცანითო. დავუძახეთ სესილიას. მაშინ ის 53 წლის იყო. მხნე, ენერგიული, სწრაფი სიარული იცოდა. თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოცილებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, მართლაც არ ჰგავდა ბებიას. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, თუ რა ითხოვა და გაიმეორა: არა, არა, მე ბებიის გაცნობა მინდოდაო. როდესაც მიხვდა, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიყარა და სესილიას ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემთან: ეს არავითარი თქვენი ბებია არ არის. ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსში ცხოვრობსო... ბებიის როლი იყო ერთადერთი, რომელიც სესილიამ თავიდანვე მიიღო და შეიყვარა. ნებისმიერი სხვა როლის შეთავაზების დროს, ბუზღუნს იწყებდა, უარს ამბობდა და დათანხმების შემდეგაც კი, სულ როლის, პიესისა და მისი დამდგმელის ლანძღვა-გინებაში იყო. ასე იყო ერთი ტიპური საბჭოთა პიესის – „ალანის ოჯახის“ დადგმის პროცესშიც. ამ პიესაში, სესილია და შალვა ღამბაშიძე, რომელთაც ახალგაზრდობიდანვე ხნიერი ადამიანების როლის თამაში დაებედათ, მოხუც ცოლ-ქმარს ასახიერებდნენ. როგორც წესი, სესილიამ თავიდანვე აითვალწუნა პიესა. დაიწყო როლის დამუშავება, აიყოლია შალვა ღამბაშიძეც და, სცენაზე თუ კულისებში, მხოლოდ ერთი შეფასება ისმოდა: რა საზიზღრობაა, რა საძაგლობაა!.. მოვიდა პრემიერის დღე. სესილიამ ბრწყინვალედ ითამაშა. ბატონი შალვა კი მოგვიანებით გამოგვიტყდა: თურმე „ეს ოხერი“ სესილია რეპეტიციებზე ილანძღებოდა, სახლში კი, როლზე მუშაობდა; გამაბრიყვა, პრემიერის დღეს თვითონ შესანიშნავი სახე შექმნა, მე კი სცენაზე რას ვბურტყუნებდი, თვითონვე არ მესმოდაო... ამის შემდეგ, მათ კიდევ ერთ პიესაში ითამაშეს ერთად. ეს იყო შესანიშნავი სპექტაკლი „უფსკრულთან“, რომელსაც ძალიან რთული ბედი ხვდა წილად: ხშირად ხსნიდნენ რეპერტუარიდან, რადგან სცენარის მიხედვით, წამლის არქონის გამო, ბავშვი იღუპებოდა, ცენზურა კი მოქმედებდა: როგორ შეიძლება, საბჭოთა კავშირში უწამლობით ბავშვი დაიღუპოსო?!. სესილია და შალვა კვლავ მოხუცებს თამაშობდნენ. როდესაც სესილიას ვუთხარით, რომ მისი გმირი ერთი აფერისტი და სპეკულანტი გლეხის ქალი იქნებოდა, ბოლომდე არც კი მოგვისმინა, მაშინვე როლისა და პიესის ლანძღვა-გინება დაიწყო. უსმინა შალვამ, უსმინა და ბოლოს, თვალმოწკურულმა უთხრა: აბა, სესილ, მაგას ვინ ჭამსო?!. მართლაც, ორივე მსახიობმა განუმეორებელი სახეები შექმნეს და ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს.

ზონაზე

„საბრალდებო დასკვნას“ ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. ეს სპექტაკლი რუსთავში დავდგი და თავის დროზე საკმაოდ პოპულარულიც იყო. ერთხელ, მოვიდა ჩემთან კოლონიის უფროსი და მითხრა: პატიმრები მეუბნებიან, ოღონდ ეგ სპექტაკლი გვიჩვენეთ და მთელ წელიწადს კოლონიაში დისციპლინას არავინ დაარღვევსო. – კი, მაგრამ, სად ვითამაშოთ, პატიმრებს თეატრში წამოიყვანთ-მეთქი? – ვკითხე. – ერთი პატარა ოთახი გვაქვს, იქ შეიძლება სახელდახელო სცენის მოწყობა და უარს ნუ გვეტყვითო, მთხოვა კოლონიის უფროსმა და სხვა რა გზა იყო? დავთანხმდი. მართლაც, ძალიან პატარა სცენაზე მოუწიათ მსახიობებს თამაში. სპექტაკლს დიდი დეკორაციაც არ სჭირდებოდა. საკნებიდან გამოიტანეს „ნარები“, წამოწვნენ ზედ მსახიობები და დაიწყო სპექტაკლი. უცნაური რამ მოხდა. თუკი თეატრში სპექტაკლის მსვლელობისას, გაუთავებელი სიცილ-ხარხარი იყო, აქ ერთხელაც კი არავის გაუცინია – მთელი სპექტაკლის განმავლობაში გაუნძრევლად ისხდნენ პატიმრები, სცენას მისჩერებოდნენ და ღვარღვარად ჩამოსდიოდათ ცრემლები: მათთვის არ იყო ეს მხიარული ამბავი, მათთვის ეს იყო ტრაგიკული ავტობიოგრაფია, რომელსაც შორიდან უყურებდნენ... ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაკვეთილი აღმოჩნდა – გაკვეთილი იმისა, რომ მთავარი, ის კი არ არის, რას თამაშობ, ან რას დგამ, მთავარია, ვისთვის თამაშობ ან ვინ უნდა ნახოს ის სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორი დგამს.

შეთავსებით სუფლიორი

გული მწყდება, რომ დოდო აბაშიძესთან, ამ შესანიშნავ მსახიობთან და მართლაც სამაგალითო ქართველ ვაჟკაცთან მხოლოდ ერთხელ მომიხდა მუშაობა. ეს იყო ფილმში „დათა თუთაშხია”, სადაც დოდომ სეთურის როლი ითამაშა. დოდო ტიპური კინოარტისტი იყო. არ უყვარდა ტექსტის სწავლა, თავს კი იმით იმართლებდა, მეხსიერების ამბავი არ მაქვს მთლად კარგადო... სიზარმაცეს ვერც სეთურის ხათრით მოერია. რა უნდა მექნა? – დოდო ამ როლში მართლაც შეუცვლელი იყო და... მე თვითონ ვიკისრე სუფლიორის მოვალეობა. ამ სცენის გადაღების დროს, თქვენი მონა-მორჩილი იდგა კადრს მიღმა და დოდოს ტექსტს ჰკარნახობდა. ერთხელაც დოდომ ვერ გაიგონა, რა ვუკარნახე, კისერი დაიგრძელა, ცალი თვალი მოჭუტა და ჩამეკითხა: „ჰა?“ – ეს იმდენად სახასიათო სცენა გამოვიდა, რომ კადრიდან ამოსაჭრელად ვერ გავიმეტე და დავტოვე. ეს ეპიზოდი, შეიძლება ვინმეს უადგილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს დოდოსეული „ჰა?!“ ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კადრია... ერთი-ორჯერ ვნახე დოდო ჩხუბის დროს და იცით, რა დამემართა? – იმ წუთებში ჩემ თვალწინ „ვეფხისტყაოსანი“ გაცოცხლდა და თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავდა „კაცი კაცსა შემოსტყორცნა“... დოდო აბაშიძე ჩემთვის იყო ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც, ის იყო ჩემთვის ქართველი გმირის განსახიერება – ფიზიკურად უძლიერესი კაცი, ბავშვური სილაღით. ვერც ერთი „ოსკაროსანი“, რომელსაც ეს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიუღია, ვერ მივა დოდო აბაშიძის სოსანასთან, რომელიც მან ფილმში – „დიდი მწვანე ველი“ – განასახიერა. გარდაცვალებამდე, ერთი კვირით ადრე ვნახე დოდო. ეს უზარმაზარი ვაჟკაცი, თოჯინასავით დაპატარავებული იწვა სასთუმალზე, თუმცა, სენიც და სიკვდილიც მხოლოდ ხორცზე ზეობს. ლეგენდები არც ავად ხდებიან და არც კვდებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი