საზოგადოება

რატომ ურჩევდა გოგლა ლეონიძეს ძმა, ლექსებისთვის თავის დანებებას

№31

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 09.08, 2022 წელი

გოგლა ლეონიძე
დაკოპირებულია

„როგორ არა ხარ ღვთიური, შენ, ჩემი ქვეყნის ბუნებავ, შენ შეჰქმენ თამარის სახე, დღესაც რომ გვეალერსება; რამდენი სილამაზენი, რამდენი მშვენიერება.... ცხოვრების აღმართ-დაღმართი. შენს მჭვრეტელს ვეღარ მერევა! მზეს მხარს შემოვყრი... მღერიან ზურმუხტის საგუბარები... ცოცხლად დამბადე, სამშობლოვ, მკვდარი არ ჩაგებარები!“ – ამ და ბევრი სხვა საოცარი სტრიქონების ავტორი გოგლა ლეონიძის ცხოვრება მდიდარი ცხოვრებისეული ეპიზოდებით არის სავსე. ამიტომ, მე, მის მორიგ ცხოვრების დღიურებს სწორედ მისი ამ ლექსით ვიწყებ.

სამი ძმა

შალვა აფხაიძე: გოგლას ორი ძმა ჰყავდა: უფროსი – ლევანი და უმცროსი – სიკო. ორივე წარმოსადეგი. ორივე კარგი ხასიათით იყო შემკული. ორივე დაჯილდოებული იყო გონებამახვილობით. განსაკუთრებით ასეთი იყო ლევანი. გოგლაც მას ჰგავდა. ძმებს ესახელებოდათ და ეამაყებოდათ გოგლა. ეფერებოდნენ და ყურადღების ცენტრში ჰყავდათ დაყენებული. უფროსი უფრო თამამი იყო მასთან ურთიერთობაში, უმცროსი – უფრო მორიდებული, მოკრძალებული. ლევანი მეტად განათლებული იყო, მესაქონლეობის დარგში კარგ სპეციალისტად ითვლებოდა. მას ჰქონდა კარაქის დამზადების რაღაც საკუთარი მეთოდი. ცოდნის გასაღრმავებლად გერმანიაში მიავლინეს. იქ შეირთო გერმანელი ქალი და სამშობლოს დაუბრუნდა. მუშაობდა მესაქონლეობის ტერმინოლოგიის შედგენაზე. თუ არ ვცდები, შეადგინა და გამოსცა კიდეც. რაც ბუნებას გოგლასთვის წაერთმია, იმით ლევანი უხვად დაეჯილდოვებინა. შესანიშნავი ხმა ჰქონდა. ის რომ დაიგუგუნებდა – ერთ რამედ ღირდა. ერთხელ ალექსანდრე ბურთიკაშვილმა (ცნობილი თეატრმცოდნე და სცენის მუშაკი) წვეულება გამართა. მისი ბინა მდებარეობდა რუსთაველის პროსპექტზე, ბორჯომის წყალი რომ იყიდება იმ სახლის ეზოში. ალექსანდრემ თავისი სიჭაბუკის ახლობლებს – თანასოფლელებს, ლევანსა და გოგლას გაუმართა სადილი. არ მახსოვს, სიკო იყო თუ არა. სხვათა შორის, სადილზე მიგვიწვია: სანდრო შანშიაშვილი, სამსონ და შოთა დადიანები და როგორც მახსოვს, სერგო კლდიაშვილი, რომელთანაც ერთად იგი მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა. სამსონი და შოთაც მშვენივრად მღეროდნენ. მათ სანდრომ და სერგომაც შეაწიეს ხმა. სანდროს საყვარელი სიმღერა იყო „ოîìíèøü, òû“. გოგლა შეუჩნდა და ეს სიმღერაც წამოაწყებინა. ისე შეეწყო ხმები, რომ „სმენად მხეცნი მოვიდიან“. ყველას ფარავდა ლევანის შესანიშნავად მჟღერი ბანი. გოგლა მხოლოდ მოსმენით ტკბებოდა. ლევანი ემუდარებოდა: ნუ ჩაერევი და სიმღერას ნუ შეგვიშლიო. აქ მოვისმინე პირველად ლევანის ეშხიანი სიმღერა... მრავალჯერ შევხვედრივარ შემდეგ გოგლასთან ლევანს ან ლევანთან – გოგლას. – დაანებე, ბიჭო, ამ ლექსებს თავი. ეუბნებოდა ლევანი ძმას. მის სიტყვაში ირონიაც იგრძნობოდა. – ლექსებით ჩვენ ხალხს ვერ გამოკვებავ. მას მდიდარი პოეზია აქვს. ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი მატერიალური დოვლათი, – და დაუწყებდა იუმორით შეზავებულ მტკიცებას: – მეტი კარაქი, ქონი, შაშხი, რძე… ხალხი ეკონომიურად უნდა მოღონიერდეს, კუჭი ამოივსოს, მაშინ მისი სულიერი კულტურაც ამაღლდება, თორემ მშიერსა და გაძვალტყავებულ ხალხს რა ელექსება. გოგლა უსმენდა ძმას, იცოდა მისი ხუმრობის ლაზათი და გაგონილს მეორე ყურიდან უშვებდა. მისი სტიქია ლექსი იყო. ამოით სუნთქავდა და ცოცხლობდა.

ნიგვზით შეკმაზული ტალახი

ხშირად მეტყოდა: წამოდი, ერთად ვისადილოთო. წამოვყვებოდი მაგრამ სახლში მისვლა არ ეღირსებოდა. საოცრად უყვარდა ბაზარი. ხორცის ყველა გამყიდველს იცნობდა. ყველას ჩამოუვლიდა. საუკეთესო ნაჭერს შეარჩევდა და შეახვევინებდა. დოვლათი უყვარდა. დატვირთავდა მანქანას სანოვაგით და თავისიანებს ჩამოურიგებდა. დამშეულნი, გვიან მივიდოდით სახლში და ახლა იწყებოდა ფეფიკოს ფაცა-ფუცი. ჩვენი მეგობრობა ამ მხრივ მეტ ჯაფად აწვებოდა საყვარელ დიასახლისს. ის დრო წარმტაცი და ნათელი იყო. გოგლამ პატარძეულში წასვლა შემომთავაზა. იქ იყო მისი დედა, რომელიც არ მენახა. ვიცნობდი მხოლოდ სურათით, რომელიც ჩარჩოში ჩასმული, გოგლას საწერ მაგიდაზე ჰქონდა დადგმული. არც პატარძეულში ვყოფილვარ მანამდე და სიხარულით წავყევი. გოგლას მაშინ არ ჰქონდა მოხვეჭილი დიდი პოეტის სახელი. სართიჭალიდან აღმართი ავიარეთ და ჩემს წინაშე საკმაოდ მოზრდილი სოფელი გადაიშალა.

გოგლა იხსენებდა აქ გატარებულ ბავშვობის წლებს, სიყრმის ამხანაგებს და მათთან გატარებულ დროს. ვიჯექი ჩრდილში და გოგლა იგონებდა პუშკინის ლექსს... გრილმა სიომ დაბერა მთებიდან. გოგლას სადილი გაახსენდა, შინ დავბრუნდით. დედას მეზობელი ქალი დახმარებოდა. შოთი პურები დაეცხო. დედალი მოეხარშა. ნიორ-წყალი გაეკეთებინა. იცოდა შვილის გემოვნება. მაშინ გოგლას საცივს და სხვა იმერულ დელიკატესებს ვერ გააგონებდი. მისი საყვარელი შეჭამანდი იყო დედალი ნიორ-წყალში, არტალა, ბოზბაში. საცივს, ნიგვზით შეკაზმულს, ტალახს უწოდებდა. ჩვენც, მისმა იმერელმა მეგობრებმა ვიცოდით ეს და წვეულებისას მისთვის ცალკე იხარშებოდა დედალი. შემდეგ ისე შეეჩვია საცივს და სხვა იმერულ საჭმელებს, რომ მის სუფრასაც ამკობდა ყოველთვის. იმ დღეს კი სადილად სახლში არ დავრჩენილვართ. გამზადებული სადილი დედამ კალათში ჩააწყო. შინდაწურული საფერავი ღვინით მოზრდილი დოქი აავსო და წაგვიყვანა სახლის ახლო მდებარე პატარა ხევში, სადაც საოცრად გრილოდა და წყაროს ცივი წყალი მოწანწკარებდა. გოგლა იქაც განაგრძობდა ენამზეობას, სვამდა ტრადიციულ სადღეგრძელოებს, ბობოქრობდა, ილხენდა (მეზობლები შემოგვემატა), ხალხს სიკეთეს და მარჯვენას უქებდა. შებინდებამდე დავყავით იქ. ღამე სოფელში გავათიეთ. მეორე დღეს დილითვე დედულეთში, მეზობელ სოფელში, ნინოწმინდაში წამიყვანა. ძველი ეკლესია დავათვალიერეთ. კედლები ტყვიებით ჰქონდა დაცხრილული. გამაცნო ამ ეკლესიის ისტორია და ველურ ურდოების თავდასხმები, რომლებიც მას (ეკლესიას) გადაეტანა. მიამბობდა ხანძრებზე, რომლებიც წარსულში არაერთხელ შემოდებოდა მის კედლებს. ეს ხანძარი სწვავდა გულს. ნახულითა და განცდილით დაღლილნი გამოვემშვიდობეთ დედას, თბილისში დავბრუნდით.

ორი ნინა და გოგლას დაშლილი თაიგული

ხშირად ვიკრიბებოდით ერთმანეთთან. ერთხანს მორიგეობა გვქონდა შემოღებული. კვირაში ერთხელ პაოლოსთან ვიყრიდით თავს, მეორე კვირაში – გოგლასთან, შემდეგ – ტიციანთან, ჩემთან, სერგოსთან. ერთხელ გრიგოლ რობაქიძესთანაც შევიკრიბენით. ის მაშინ გურამიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. სანაქებოდ გაგვიმასპინძლდა და დიდხანაც დავრჩით. დრომ შეუმჩნევლად გაირბინა ლიტერატურულ საკითხებზე საუბარში. დიდათ განათლებულ, ერუდირებულ გრიგოლს რა საკითხზე არ შეეძლო საუბარი. უფრო ხშირად ვიკრიბებოდით მწერალთა სახლის ოთახში, სადაც ახლა სერგი ჭილაიას კაბინეტია. იმართებოდა ახალი ლექსების კითხვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. იყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო დამყარებული სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობასთან: ლეფელებთან, პროლეტარული ასოციაციის წევრებთან, აკადემიური ჯგუფის წარმომადგენლებთან და სხვა. ახალ წელს, თამარობას, ნინოობას ერთად ვხვდებოდით. არ მახსოვს, რომ რაიმე გაუგებრობა ჩამოვარდნილიყოს ჩვენ შორის. ძმური კავშირით იყვნენ შეკრულნი ერთმანეთთან. სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა აერთიანებდათ მათ. რამდენი ღამე დაგვთენებია თავზე რუსთაველის პროსპექტზე, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საკუთარი და სხვათა ლექსების კითხვაში, მეუღლენი კი შინ გველოდნენ გულშეღონებულნი. ასეთი ძმობა და შეკავშირება იშვიათი იყო. თქმული არ ნიშნავს, რომ ყველანი ეთანხმებოდნენ ერთმანეთს რომელიმე ლიტერატურულ მოვლენის, რომელიმე ლექსის შეფასებაში. გოგლას ლექსები იწვევდნენ საერთო სიხარულს. გოგლას პოეტური ტალანტი მაშინ იშლებოდა. ქვეყნდებოდა მისი ერთი მეორეზე უკეთესი ლექსები. მხედველობაში მაქვს 30-იანი წლები... ნინოობას ერთად ვხვდებოდით. მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი ნინა იყო: ნინა ტაბიძე და ჩემი მეუღლე. რომ გული არ დაგვწყვეტოდა, 1 იანვარს ნინა ტაბიძესთან ვიკრიბებოდით, 14 იანვარს – ჩემთან. ყოველივე ამას ერთი გარემოების გამო ვიგონებ. ამ დღეებში ყველა ცისფერყანწელი ერთად ვიყავით. იყო შემთხვევები, როცა ნატა ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი გვესწრებოდა მეუღლეებთან ერთად. მაშინ ვცხოვრობდი არსენას ქუჩაზე. ჩემი ბინა ერთი მოზრდილი ოთახისაგან შედგებოდა. ეს არ გვიშლიდა ხელს, დრო კარგად გაგვეტარებინა. იანვარში თოვლსა და ყინვაში ამოსვლა ძნელი იყო. გოგლა არასდროს არ დაკლებია ამ დღეობებს. მახსოვს ცივი იანვარი. ბესიკის ქუჩა ყინულით იყო დაფარული. ღამე კი არა, დღისით ჭირდა ამოსვლა. გოგლამ ქუჩიდან შემოგვძახა. გამიღეთ კარიო. სიცილით გვიამბო, როგორ დაუსხლტდა ფეხი ყინულზე, წაიქცა და ყვავილების მდიდარი თაიგული დაეშალა. ძლივს მოეკრიბა ყვავილები. სახლის კედელს ამოყოლოდა.

– თუ დამიფასებ მაინც ამ წვალებას? – უთხრა ნინას და კალათით თაიგული გადასცა...

გადამალული ფიროსმანი

მხატვრებიდან გოგლას ლადო გუდიაშვილი უყვარდა და მეგობრობდა მასთან, ალერსით ბეგოს ეძახდა. ლადოსთან, პაოლოსთან, ტიციანთან, ზდანევიჩთან, არჩილ მიქაძესთან ერთად ეძებდა იგი ფიროსმანის სურათებს სარდაფებში. მისი სამუშაო ოთახის კედლებს ფიროსმანის რამდენიმე სურათი ამკობდა. ერთი მეც გადმომცა. შემდეგ ყველა ეს სურათი დააგროვა და მუზეუმს გადასცა, მგონი... ასეთივე ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძესთან, თუმცა მათ შორის კარგა მოზრდილი ასაკობრივი განსხვავება იყო. არ ვიცი, სხვა რომელ მხატვართან იყო დაახლოებული… გოგლას არც თეატრი უყვარდა მაინცდამაინც. მას თავისი შეხედულება ჰქონდა სასცენო ხელოვნებაზე. იშვიათად თუ ნახავდით თეატრში. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული თეატრის ისტორია (ძველი თეატრის) კარგად იცოდა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, წერილიც ჰქონდა გამოქვეყნებული ერეკლესდროინდელ თეატრზე. პიესის დაწერაც განიზრახა, თუმცა სცენას ნაკლებად იცნობდა. „გიორგი ბრწყინვალე“ ეწოდებოდა, მგონი, ამ პიესას, რომლის პირველი მოქმედება კიდევაც დაბეჭდა. როგორც ვიცი, პიესაზე მუშაობა შეწყვიტა და იგი აღარ დაუმთავრებია. როგორც თეატრმცოდნე ა. ბურთიკაშვილი იგონებს, ადრეულ სიჭაბუკის წლებში კი გოგლა, თურმე, ახლო მონაწილეობას იღებდა სოფელში გამართულ წარმოდგენებში. იგი შეუცვლელი მოკარნახე ყოფილა, ძმა ლევანი კი – ჩინებული მსახიობი. გოგლა სპორტის არცერთი სახეობით არ ყოფილა გატაცებული. ფეხბურთზე წასული არ მახსოვს. გაოცებული იყო: რატომ არის, რომ რომელიც გნებავთ ფეხბურთელი უფრო პოპულარულია ხალხში, ვიდრე მწერალი, მეცნიერი და სხვაო. რატომ არის, რომ პელეს მთელი მსოფლიო იცნობს და არავინ იცის, ვინა ჰყავს ბრაზილიას გამოჩენილი მეცნიერი ან მწერალიო. ფეხბურთით ასეთ გატაცებას იგი დროის სნეულებას უწოდებდა, როცა ხალხი სანახაობას უპირატესობას აძლევს... მასთან სახლში ყოფნისას ხანდახან მთხოვდა, მოდი, ნარდი ვითამაშოთო. იცოდა გრძელი ნარდი, რომელიც მან შემასწავლა. ყოველთვის მიგებდა და უხაროდა. ფეფიკოსაც უყვარდა ნარდი, მხოლოდ ჩვეულებრივი.

ივრის ნაპირზე

გოგლას ერთადერთი სპორტული გატაცება იყო თევზაობა. ჩავიდოდით პატარძეულში თუ არა, გოგლა იორზე წაგვიყვანდა. ივრის ნაპირზე ჰქონდა მას კარგად მსხმოიარე ვენახი. ვენახში იყო ატამი, მსხალი, ჭერამი და სხვა ხეხილი. უთუოდ ეს ჭერამი აქვს აღწერილი თავის შესანიშნავ მოთხრობების წიგნში: „ნატვრის ხე“. ვენახთან სულ რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული კახეთის რკინიგზა გადის. აი, ჩაგვიყვანდა ამ ვენახში. შარვლის ტოტებს მუხლებამდე დაიკარცანებდა და შევიდოდა იორში. წყლის დაწდენა იცოდა. წყალმოკლებული თევზები ფართხალს იწყებდნენ, ქვების ქვეშ ეძებდნენ საფარს. გოგლას ხელით გამოჰყავდა იქიდან თევზები. თვითვე ხარშავდა, სახლიდან წამოღებული შინდაწურული ღვინით, შოთი პურით, ყველითა და თევზით ჩინებულად გვიმასპინძლდებოდა. ქვიშხეთში ვისვენებდი. გოგლაც ჩამოვიდა ოჯახობით. იგი ახალი დაბრუნებული იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან. თან ჩამოიტანა თევზის საჭერი სხვადასხვა იარაღი: ანკესები, რაღაც ფაცერის მსგავსი რამ. ერთ დილას შევიარაღდით ამ ხელსაწყოებით და მტკვარზე გავეშურეთ. სად არ ვისროლეთ ანკესები, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთ. კარგა დიდ მანძილზე ავუყევით მტკვრის ნაპირს. ხელცარიელი დავბრუნდით. ვიღაცამ დაგვნავსაო – იძახოდა გოგლა. გოგლა საოცარი ფრთხილი იყო. თბილისში ქუჩის ერთი მხარედან მეორეზე არ გადავიდოდა (მაშინ არ ჰყავდა მანქანა), თუ მომავალ მანქანას დაინახავდა, ბალახი კი არ ვარ, რომ მეორედ ამოვიდეო – იტყოდა.

ნაკლი

გოგლას ჰქონდა თავისი ნაკლი, ისე როგორც ყოველ ადამიანს. ის პირშიმთქმელი იყო, მის იუმორს ხანდახან წიწაკას სიმწარე ემჩნეოდა. მისი პირშიმთქმელობა ზოგიერთ შემთხვევაში უხეშობაში გადადიოდა. ვინც ახლოს არ იცნობდა გოგლას ხასიათს, მას მართლაც უხეშ კაცად მოეჩვენებოდა იგი. რამდენჯერ უთქვამს ფეფიკოს: ნუ ხარ, კაცო, ასეთი, ვინმეს მართლა უდიერი ეგონებიო. ნამდვილად კი გოგლა ფრიად კეთილი იყო, მისი გული ადამიანის სიყვარულით, ჩვენი ხალხის დიდი სიყვარულით იყო სავსე.

სააკაძის ხმლის ნამსხვრევები

ერთხელ გოგლამ წინადადება მომცა: წამოდი სოფელ კოდაში და იქ ვასილ ბარნოვის სახლი ვნახოთო. სიამოვნებით წავყევი. დავათვალიერეთ სახლი. იქიდან მარაბდაში წამიყვანა. მოვნახეთ სასაფლაო, მიმითითა ქვის ლოდებზე და მითხრა, აქ არიან დამარხულნი ძმები ხერხეულიძეებიო. ბევრი უტრიალა მდუმარემ ამ ლოდებს, რომლებზედაც ვაჟკაცები იყვნენ გამოსახულნი... დადიოდა მინდორზე, თითქოს გიორგი სააკაძის ხმლის ნამსხვრევს ეძებსო. ხმლის ეს ნამსხვრევი გოგლამ, როგორც მახსოვს, ერთ-ერთ თავის პატრიოტულ ლექსში გამოიყენა. მარაბდიდან უკან დავბრუნდით. გზაში რომელიღაც მაღლობზე ავედით (აღარ მახსოვს), ეკლესია ვნახეთ. იქ მიჩვენა მანანა ორბელიანის საფლავი, თლილი მარმარილოს ქვაზე დასაფლავებულის ვინაობა ამოიკითხა, ამოიოხრა, თითქოს გული თან ამოატანა. ყოველივე ეს გამახსენდა იმ დღეს, ჩრდილში რომ ვისხედით და გოგლას სიტყვებს ვისმენდით. დაღამდა კიდეც. მასპინძელმა ელექტროლამპა აანთო. ღამის შუქზე პეპლები დაგვეხვია. ზოგი ჭიქაში ცვიოდა, ზოგი საინებში. ამ აბეზარებისაგან რომ თავი დაგვეცვა – მათ ვხოცავდით. გოგლას ეწყინა: როგორ შეიძლება სულიერი არსების მოკვლაო. ამოიყვანდა ჭიქაში თუ საინში ჩავარდნილ პეპელას და ათავისუფლებდა.

ქაღალდებში ჩაკარგული

გოგლას ახასიათებდა საოცარი „პოეტური უწესრიგობა“. არ ვიცი, როგორ ართმევდა თავს ამდენ მიყრილ-მოყრილ ქაღალდის ნაგლეჯებს, ჩანაწერებს, შენიშვნებს. მახსოვს, მწერალთა კავშირში შემოვიდა. მითხრა, გიორგი ნატროშვილს (მაშინ ის იყო მწერალთა კავშირის გაზეთის რედაქტორი) მოთხრობა უნდა წავუკითხო და დამესწარიო. გავყევი. გიორგიმ კარები ჩაკეტა, გოგლამ კითხვა დაიწყო (არ მახსოვს, რომელი, „ნატვრის ხეში“ შეტანილი მოთხრობა იყო). ძლივს წაიკითხა, ისე ჰქონდა აბნეულ-დაბნეული ნაწერი ქაღალდები. მიუხედავად ამისა, მოთხრობამ მოგვხიბლა. გიორგი ნატროშვილი აღფრთოვანებული ეუბნებოდა, „მოიტა, მოიტა. მე გადავაბეჭდინებ და ყოველ რიგის გარეშე დავბეჭდავო“. ქაღალდების, წიგნების, ჟურნალების სრული ანარქია იყო მის სამუშაო ოთახში. ასეთ შთაბეჭდილებას სტოვებდა იგი, ყოველ შემთხვევაში, გარეშე პირებზე, პირადად ჩემზე. თითონ, ალბათ, კარგად იცოდა, სად რა წიგნი, მასალა მოეძევებოდა. მოიყვანე წესრიგში, გოგლა, ეს შენი მაგიდა, წიგნის თაროები, ქაღალდები – თუ ვეტყოდით, გვიპასუხებდა: ჩინოვნიკი კი არ ვარ, პოეტი ვარო... თავისი პოემის პირველი ნაწილი გამოქვეყნებამდე მწერალთა კავშირში წაიკითხა. პოემამ მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მსმენელთა შორის მაშინ იყვნენ მისი ახლო მეგობრები პაოლო, ტიციანი, ვალერიანი და სხვა. თუ არ ვცდები, პაოლო, მგონი, გულნატკენი დარჩა იმის გამო, რომ იმ თემაზე მას უნდოდა დაეწერა პოემა. ასე იყო თუ ისე, პოემა გამოქვეყნდა. ავტორის სახელი მეტად გახმაურდა. საბჭოთა კავშირის რომელი ხალხის ენაზე არ ითარგმნა. გადიოდა წლები, პოემის გაგრძელება არ ჩანდა.. როგორც გამოირკვა, გოგლა საჭირო მასალებს აგროვებდა, წერდა ნაწყვეტებს, რომლებსაც დროგამოშვებით მიკითხავდა. გოგლა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელმა მას წინადადებით მიმართა: აიღე შემოქმედებითი შვებულება და პოემა დაასრულეო. გოგლა ასეც მოიქცა. მას მშვენიერი აგარაკი (სახლი ვერანდით) დაუთმეს ოქროყანაში. იქ ცხოვრობდა ფეფიკოსთან ერთად. ზაფხული იყო. დროდადრო ავდიოდი, აღარ მიშვებდა, ერთად ვსადილობდით და გვიანობამდე იქ ვრჩებოდი. ერთხელ გამოიტანა საწერი ქაღალდის ნაგლეჯები და მითხრა: პოემის გაგრძელების მოზრდილი ნაწილი უკვე დაწერილი მაქვს. მიძნელდება კი წერა, რადგანაც საქმე მაქვს უკვე არა იმდენად პოეტურ გამონაგონთან, არამედ რევოლუციური მოძრაობის დოკუმენტურ მასალასთან. პოეტური თავისუფლება შეზღუდული მაქვს, მხატვრული სახეები უნდა ავსახო, რაც ნამდვილად მოხდაო. დაუწყო ნაწერ ქაღალდებს ქექვა, ძებნა თუ სად რა ჰქონდა ჩაწერილი. ერთ ფურცელს წააწყდებოდა, შემდეგ მეორეს, მესამეს… და კითხულობდა...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი