საზოგადოება

რატომ უჭირდა ყოველთვის თემურ წიკლაურს სცენაზე გასვლა

№22

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 08.06, 2022 წელი

თემურ წიკლაური
დაკოპირებულია

„მიმწუხრს მომავალში არ ველოდები, რადგან უკვე განვსაზღვრე, მწუხრი რა არის, როცა სიკვდილმა თავისი პირი მაჩვენა. შევიცანი, რომ უნდა გარდავიცვალო. აქ მოსულს არაფერი მომიტანია და აქედანაც ვერაფერს წავიღებ… ხვალ არ ვიქნები. მერე რა? ყველაფერს ვაკეთებ, რომ დღეს, ასე თუ ისე, სრულფასოვანი ვიყო, ვაკეთო ის, რაც შემიძლია. ვცდილობ, ვიცხოვრო ფიქრმრავალი და სულიერებით აღსავსე ცხოვრებით.

იყო ჩემს ცხოვრებაში სიჩუმის პერიოდი. სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი… მაშინ მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა, ჩაბარება არ არის საჭირო, ხმლით უნდა გაეგებო.”

თემურ წიკლაურის, ამ სევდიანი კაცისა და სევდიანი სიმღერების შემსრულებელის ცხოვრების დღიურები მინდა გადაგიშალოთ დღეს.

უეცრად დაკეცილი ქოლგები და „თოლია“

„კოჯორში ვცხოვრობდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, VII კლასამდე – ხუთებზე. დამპირდნენ, თუ ხუთებზე ისწავლი, ველოსიპედს გიყიდითო. ველოსიპედი კი ჩემი ოცნება იყო. ეტყობა, მეგობრებში დავიტრაბახე კიდეც, ნახეთ, მალე ველოსიპედი მექნება-მეთქი. არადა, მშობლებს ისე გაუჭირდათ, ველოსიპედი კი არა, არაფრის საშუალება აღარ იყო. მეწყინა, პირობა რომ არ ამისრულეს და აღარ ვსწავლობდი… ახლა მეცინება, რომ მახსენდება.

დიდი ბოსტანი გვქონდა, კარტოფილს ვრგავდით. მეათედ ჰექტარზე რომ დამაყენებდნენ და ვთოხნიდი, უნდა გენახეთ. ტყეშიც დავდიოდი შეშაზე… „ტარზანი“ რომ შემოვიდა, ბიჭები მივდიოდით ტყეში, ვკიდებდით თოკებს და იყო ერთი ტყაპატყუპი. დაჟეჟილი ვბრუნდებოდით სახლებში.

ერთი ამბავიც მახსოვს: შინ მარტო დაგვტოვეს 97 წლის პაპასთან. მინდოდა, გავფრენილიყავი. ეზოში დიდი წაბლის ხე იდგა. ავიტანე ორი-სამი ქოლგა ამ ხეზე, გავშალე და გადმოვხტი. ესენი დაიკეცა და მე ღობის ეკლიან მავთულზე ჩამოვეკიდე მუცლით. დავიწყე ბღავილი. სანამ პაპამ გაიგონა და მოვიდა… კიდევ კარგი, გაიგონა. ახლაც ამ ნაიარევს რომ დავხედავ ხოლმე, პაპა მახსენდება.

ღმერთი მწყალობდა ყოველთვის. აუცილებლად მინდა ვახსენო ხალხი, ვისაც დიდი ღვაწლი მიუძღოდა ჩემს ჩამოყალიბებაში. ნათელა პატარიძე ამოდიოდა თბილისიდან. სკოლაში სიმღერის გუნდი შექმნა. ისეთი გუნდი დადგა, ოლიმპიადებზე სულ პირველ ადგილზე გავდიოდით. ის მინერგავდა, მონაცემები გაქვს, ხმა გაქვს და მიჰყევიო… ბიჭები ამოვიდნენ კოჯორში, გიტარაზე დაკვრას ასწავლიდნენ, მათგან ვისწავლე დაკვრა. მერე ერთად ვიყავით „ციცინათელაშიცა“ და „ივერიაშიც“… პირველად ეს სიმღერა ვისწავლე: „შემომხვდი და გამიფრინდი, ჩემო თოლია”. გიტარა არ მქონდა. ჩუმად ვიყიდე. მშობლებს არ უნდოდათ კატეგორიულად: ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლის, მერე გალოთდება და რა გვეშველებაო. გიტარას ტყეში ვმალავდი. მივდიოდი და იქ ვმეცადინეობდი. საკმაოდ ხელმოკლედ ვცხოვრობდით. 1964 წელს უცხო ენების ინსტიტუტში ჩავირიცხე. თბილისში რომ ჩამოვედი, ორი წელი პროფესორ ოთარ ზენაიშვილის სახლში ვცხოვრობდი. მან შემიფარა, კოჯორში ისვენებდა და იქიდან მიცნობდა… ბატონი ოთარი და მისი მეუღლე თავს მევლებოდნენ, რომ კარგი ადამიანი დავმდგარიყავი… დიდად დამეხმარა პრორექტორი გოგი შიოშვილიც. იქაც გუნდში მოვხვდი. დეკანი ნელი კრავეიშვილი მყავდა. ის მეუბნებოდა, წადი, კონსერვატორიაში ჩააბარეო… ვერა და ვერ გადამაწყვეტინეს. რატომღაც დიპლომატობა მინდოდა სოფლელ ბიჭს და ამისთვის ენა უნდა მესწავლა. ოჯახიდან დღეში მანეთს მაძლევდნენ. კვირაში 7 მანეთი მეკუთვნოდა, მეტი არა. თავი უნდა გამეტანა როგორმე. კიდევ ვიმეორებ, მადლობა უფალს, რომ მიცავდა ყოველთვის. მეგობარმა მომაკითხა – არნოლდ ნანობაშვილმა: პლეხანოვზე დიდი უნივერმაღი იყო. იქ ანსამბლი ჰყავთ და მოდი, ვიმღეროთო. ხელფასს მოგვცემენ 66 მანეთსო. მივედით დირექტორთან, ასლან ხარბედიასთან. ფოთში რომ პირველი ფეხბურთელები იყვნენ, იმ პერიოდის ფეხბურთელი იყო. რომ გვნახა უწვერულვაშო ბავშვები, გაგვაფორმა. მე გალანტერეის საწყობში ვიყავი მუშად. ხელფასიც მომცა… ამას სტიპენდიაც ემატებოდა და 100 მანეთი კი გამომდიოდა. ეს ჩემთვის დიდი ფული იყო. უკვე გამიჩნდა შესაძლებლობა, საჩუქრებიც კი მეყიდა გოგონებისთვის. ყოველ დილით მივდიოდით საწყობში, ვეხმარებოდი საწყობის გამგეს, ცხრის ნახევარზე ინსტიტუტში გავრბოდით. მერე მივდიოდით რეპეტიციაზე… მერე ისეთ განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც გეგმა სრულდებოდა. უკვე 100 მანეთი მქონდა ხელფასი.

მე ხომ ეს გზა გავიარე

1967 წელს შეიქმნა ანსამბლი „ციცინათელა“. სოსო ებრალიძე იყო ხელმძღვანელი. დამიძახა. იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ლილის. სამი კურსი ხომ ხუთოსანი ვიყავი… „ციცინათელასთან“ ერთად გასტროლებზე წავედი და წავედი ხელიდან. უკვე თავის გამოჩენა მომინდა, სიმღერა გახდა მთავარი… ბევრი ივიშვიშა ჩემმა დეკანმა, ისწავლე, რა, ხომ შეგიძლიაო, – მაგრამ ვერ მიმაბრუნა… დამამთავრებინა მაინც როგორღაც…

საოცარია, მაგრამ სცენაზე გასვლა უსაზღვროდ მიჭირდა ყოველთვის. ახლაც მიჭირს. სიცილით კვდებიან, ვსველდები, ხელებიდან წურწურით მომდის ოფლი, სიტყვები არ მახსოვს, ხმა ხომ არ დავკარგე, – მეშინია. გავალ სცენაზე, ამოვიღებ ხმას და მერე მიდის და მიდის. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ…

დავქორწინდით. ორივე ვმუშაობდით. ამოვისუნთქე. ახლა რომ ვაკვირდები, რა იყო ეს ამოსუნთქვა? არაფერი. სიყვარულის ფონზე გაჩენილი თვითდაჯერება, რომ არაფერი გვაკლია. ცხოვრება პრაგმატული გახდა. მაგრამ რაც გამოცდილი მქონდა, არასოდეს დამვიწყებია. ახვედი თუ ჩამოხვედი კიბის საფეხურებზე, მნიშვნელობა არა აქვს. შენ ხომ იცი, რა არის ხელმოკლეობა, განსაცდელი… რა არის, როცა კუჭი „თავისას ითხოვს“ ან ჩასაცმელი არაფერი აქვს კაცს. ამას ყველაფერს ვხვდები, სულ არ მჭირდება, რომ ვინმემ მიამბოს. მე ხომ ეს გზა გავიარე. ეს რომ არ გამევლო, ვაი, რა ძნელი იქნებოდა სულის დაამება!

წიგნები ნიკალაზე, ლოცვები და დიდი შიმშილი

ჯემალ ბაღაშვილს კოჯრიდან ვიცნობდი. ამოდიოდა, უკრავდა ხოლმე. თითებიდან სისხლი სდიოდა და არ ჩერდებოდა მაინც. ძალოსანი იყო. კრივიც იცოდა. როგორ, თბილისში რომ ჩამოხვალ, ყველაფერი უნდა შეგეძლოსო. დამაწყებინა ვარჯიში. თბილისში უკვე მაშინ შევხვდით ერთმანეთს, როცა „ციცინათელაში“ ვიყავი. „ივერია“ უნდა შევქმნათ და ერთად ვიქნებით, ჩემთან წამოდიო. გადავწყვიტე, გადავსულიყავი. ღალატი არ ვიცი. მაპატიონ ბიჭებმა, ვინც დავტოვე, მაგრამ პირობები იყო ისეთი, იძულებული გავხდი.

ეტაპობრივად ყველა ჯურის ხალხს შევხვედრივარ ქუჩაშიც, ცხოვრებაშიც. ყველანაირი გზა მაქვს გავლილი. პროფესიონალურ სცენაზე გამოსვლა რომ დავიწყე, ხშირად გვიხდებოდა კოლონიებში კონცერტების ჩატარება. შემდეგ მივხვდი, ეს ქრისტიანულია: პატიმარიც უნდა მოინახულო და ავადმყოფიც… ჰოდა, მთელ შავ და ფერად სამყაროს კი ვიცნობდით. სხვათა შორის, კონცერტის მერე პურმარილი იშლებოდა. მარტო ჩემთვის კი არა, მთელი „ივერიისთვის“.

ჩემი შვილის ამ ქვეყნიდან წასვლა დიდი ტკივილი იყო. მაშინ „არგონავტებს“ ვდგამდით. მე აიეტის როლი მქონდა. ვფიქრობ, ასეთი კარგი მიუზიკლი სხვა არც არის, მაგრამ აღარასოდეს მივბრუნებივართ. ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაქვს „ივერიაზე“. „ფიროსმანი“ დავდგით. ჯემალმა – შენ იცი, ფიროსმანი შენ ხარო. გადავწყვიტე, 21 დღე არ მეჭამა, რომ მივახლოვებოდი ნიკალას სულის მდგომარეობას, როცა ის შიმშილობდა, როცა ის არავის უნდოდა, მასზე საშინელებებს წერდნენ გაზეთში. ავიღე წიგნები ნიკალაზე, ლოცვები და დავიწყე შიმშილი. მივდიოდი კოჯორში ჩემს წყაროზე, იქიდან მომქონდა წყალი დასალევად. ეს სიჩუმე და მარტოობა შეუდარებელია ჩემს ცხოვრებაში. 21 დღის მერე, როცა პირველად გავედი, ჯემალმა: აი, ფიროსმანი მოვიდაო.

რამდენ ქვეყანაში ვყოფილვარ. დარჩენა არსად მნდომებია. „კაგებე“ დაგვყვებოდა. ღამით გარეთ არ გვიშვებდნენ. ქართველი თუ მოვიდოდა, გამარჯობა არ უნდა გვეთქვა, სამშობლოს მოღალატეაო. გამარჯობასაც ვამბობდით და ქეიფიც მიდიოდა.

როცა საქართველო კარგ ხასიათზე იქნება, მაშინ ვიმღერებ

როცა ჩემი თავი ესტრადაზე ვეღარ ვიპოვე, ოპერას მივმართე. „აიდაში“ ამონასროს პარტია უკვე მზად მქონდა, „ტრავიატა“ დამუშავების პროცესში იყო. ამონასრო უნდა მემღერა, მაგრამ აირია ყველაფერი. როცა საქართველო კარგ ხასიათზე იქნება, მაშინ ვიმღერებ. ამით იმისი თქმა მინდა, რომ წლებს არა აქვს მნიშვნელობა. სული და გული არ უნდა დაბერდეს.

უზარმაზარი გზა თავისი აღმართებითა და დაღმართებით

ორი წლის წინ დავობლდი. 96 წლის დედა გარდამეცვალა. ის იყო ჩემი იმედიც, ძალაც, სიმშვიდეც. მინდოდა, დედაჩემი და მისი დედმამიშვილები ერთად შემეყარა და ყველასთვის მომევლო. ჭაღარა შვილი რომ მივიდოდი და მეტყოდა, მოგიკვდეს დედა, როგორ დაიღალეო – ამას ვერაფერი შეცვლის. უკან რომ ვიხედები, ყველაზე მეტად, იცი, რა მიხარია? იერუსალიმში შევიძინეთ 0,6 ჰექტარი მიწა. სოსო ხარებოვის დახმარებით ვიყიდეთ. ეს მიწა საპატრიარქოს გადავეცით. ახლა იერუსალიმში ქართულ ეკლესიას თავისი ღამის გასათევი აქვს. სოსო ხარებოვის დახმარებით გაიხსნა „სოსლენდი“, სადაც 1 500 ბავშვს ვასწავლეთ და მათგან ორასს უკვე სამსახური აქვს, ხომ ბედნიერებაა? ჩემთვის უზარმაზარი გზა გავიარე თავისი აღმართებითა და დაღმართებით. ახალგაზრდა ვიყავი და დროს ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა, როცა დრო აჩქარდა თუ ჩემი გონი იწვის ჩქარა ამ დროში, მაინც ვერ აღვიქვამ, როგორ გადის დრო. ახალი წელი გაივლის და უცებ მეორე ახალი წელია…

დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში

1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი, გიორგი… მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე. ვეძებდი ყველგან – დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. მხოლოდ ასე დამშვიდდებოდა ჩემი სული და გონი. წავიკითხე ყველაფერი: დაოიზმი, ბუდიზმი, მუსლიმური რელიგიის საფუძვლები. ისევ მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი. მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა.

გაზაფხულზე, იების ამოსვლის წინ, მიწა რომ გაიბერება, ვერ წარმოიდგენთ, რა სუნი დგას ტყეში. ვერა და ვერ მოვახერხე ადრე გაზაფხულზე, რომ ტყეში ვიბოდიალო. და კიდევ: ჩემს შვილიშვილს – ანდრიას ვზრდი ისე, რომ ჯერ უფალი უყვარდეს, მერე ქვეყანა, მერე ჩვენ… ისიც სტიქაროსანი გახდა, ჩემსავით. ლურჯ მონასტერში ვდგავართ ერთად და ვემსახურებით უფალს. ანდრიამ უნდა იცოდეს – თუ არა უფლის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ხალხის სიყვარული, მას არავინ შეიყვარებს. ჩემი გამოცდილება ასეთია. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამბროსი ხელაიას სიტყვების თქმა შეგეძლოს კაცს: „სული ჩემი – ღმერთს, გული – საქართველოს, ხორცს კი რაც გინდათ, ის უყავით!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი