საზოგადოება

რატომ ფიქრობდა ანა ანანიაშვილი მომავლის მონასტრისთვის დაკავშირებას და რის გამო არ დაჰყავდათ ის მშობლებს სკოლაში

№8

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 01.03, 2021 წელი

ანა ანანიაშვილი
დაკოპირებულია

ანა ანანიაშვილმა საკუთარი ცოდნისა და ლოგიკის წყალობით ქვეყნის „მთავარი ჭკვიანის“ სტატუსი ღირსეულად მოიპოვა და 10 ათასი ლარის მფლობელიც გახდა. ის ამ ეტაპისთვის მეოთხე კურსის სტუდენტია ბიოლოგიის მიმართულებით და მისი სამომავლო გეგმები ეკოლოგიას უკავშირდება. გოგონამ, ულამაზესი თვალებით, პატარა და სიყვარულით სავსე ოჯახი შექმნა, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს.

 

– რთული იყო „მთავარ ჭკვიანში“ მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება?

– ანკეტა ჩემმა მეუღლემ შეავსო, რადგან რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ გავიმარჯვებდი. მე, ზოგადად, კლასიკური ინტროვერტის მაგალითი ვარ და არასდროს გამჩენია სურვილი ეკრანზე გამოჩენის. ბუნებით იმდენად მორიდებული და ჩუმი ვიყავი, რომ სკოლის პერიოდში გაკვეთილი ვიცოდი, მაგრამ ამის თქმა და მოყოლა მერიდებოდა (იცინის). როცა „მთავარი არხიდან“ დამირეკეს, უკვე აღარც კი მახსოვდა ანკეტის შესახებ და ფაქტის წინაშე დავდექი. რა თქმა უნდა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან მსგავს შოუში მონაწილეობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა.

– ფიქრობდით, რომ გამარჯვებას შეძლებდით?

– ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი, რომ არ დავბნეულიყავი და ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამომეხატა. შორიდან წამყვანიც ძალიან მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა სინამდვილეში ძალიან უშუალო, სამართლიანი და უზომოდ ინტელექტუალური აღმოჩნდა.

– მინდა, იმ ემოციების შესახებ მომიყვეთ, რომელიც დამატებით კითხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გქონდათ... ნახეთ, რა იყო გადამწყვეტი კითხვა?

– ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება – ინტერესი მკლავდა, რა შეკითხვა იქნებოდა, თან, ჩემი თავის გამოცდაც მინდოდა. თავიდან ვაპირებდი გამერისკა, თუმცა შემდეგ შეწყვეტა ვარჩიე, რადგან ძალიან მჭირდებოდა ეს თანხა და რომ დამეკარგა, ვინერვიულებდი. შეკითხვა არ მინახავს, არც მინდა, გავიგო – რომ აღმოჩნდეს, ვიცოდი ან გამორიცხვის მეთოდით შევძლებდი გამოცნობას, ძალიან დამწყდება გული. სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ გადამიწყვეტია, სწორი იყო თუ არა ჩემი არჩევანი.

– სად დაიბადეთ, როგორი იყო ბავშვობა?

– დავიბადე და გავიზარდე სოფელ უდაბნოში, სადაც ჩემი მშობლები უნივერსიტეტიდან სამუშაოდ გამოუშვეს. მამა – გიორგი ანანიაშვილი სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგე იყო, შემდეგ მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. დედა თუშია, ზემო ალვანიდან – მირცა ყიზილაშვილი. მე და ჩემს ძმას ძალიან განსხვავებული ბავშვობა გვქონდა. ჩემს მშობლებს სწავლის სისტემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ და ამიტომ სკოლაში არ შეგვიყვანეს. მამა, შეძლებისდაგვარად, ორივეს სახლში გვამეცადინებდა. დედა ლიტერატურის დიდი მოყვარულია და ძალიან პატარა ასაკიდან მიკითხავდა წიგნებს. სკოლაში პირველად მეხუთე კლასში შევდგი ფეხი და რა თქმა უნდა, მისი წესები არ ვიცოდი. მაგალითად, პირველად ზარი რომ დაირეკა, ბავშვები წამოხტნენ და დასვენებაზე სათამაშოდ გაიქცნენ, ვერ მივხვდი სად მირბოდნენ და მეც შეშინებულმა ჩემი ჩანთა ავიკიდე და უკანმოუხედავად გავიქეცი სახლში (იცინის). ძალიან გამიჭირდა სკოლასთან შეგუება. სწავლაზე კონცენტრაციასაც ვერ ვახდენდი, რადგან იქ, ძირითადად, საჭირო ქცევის ათვისებას ვცდილობდი. მამამ შემდგომში ძალიან ინანა თავისი გადაწყვეტილება, რადგან სკოლა არ არის მხოლოდ წიგნიერების ადგილი და სწორედ, თანატოლებთან ურთიერთობაში ყალიბდება მომავალი ადამიანი.

– რა მოსწონდა და იზიდავდა პატარა ანას განსაკუთრებით?

– ყველაზე მეტად ბავშვებთან თამაში მიყვარდა, რისი ფუფუნებაც, ძირითადად, არ მქონდა და უმეტესად მარტო ვთამაშობდი. უზომოდ მიყვარდა ბუნება, ცხოველები, მწერები, ფრინველები და რა თქმა უნდა, წიგნები... ქართველი მწერლებიდან გამორჩეულად ოთარ ჭილაძე მიყვარდა. მის რომანში – „მარტის მამალი“, ერთი ეპიზოდია, როცა მთავარი პერსონაჟი, 15 წლის ნიკო ერთთვიანი ლოგინად ჩავარდნის დროს მიხვდება, რომ ცხოვრებისეული სიძნელეებისა და უსამართლობების წინააღმდეგ ყველაზე კარგი საბრძოლო იარაღი ცოდნაა. ინანებს, რომ აქამდე კარგად არ სწავლობდა, არ კითხულობდა ბევრ წიგნს და იმდენად ნანობს, რომ სიზმარში ხედავს წიგნებით სავსე ოთახში როგორ ზის და წიგნებს პირდაპირ ყლაპავს, რათა დანაკარგი აინაზღაუროს. ამ წიგნმა დიდი სტიმული მომცა და მეც მივხვდი, რომ ცოდნა ძალიან დიდი იარაღია. ასევე, განსაკუთრებით მიყვარდა ფუტკრები და მათთან ურთიერთობა, ხშირად ვეხმარებოდი მამას მათ მოვლაში და დღეს უკვე პროფესიონალი მეფუტკრე ვარ. 2018 წელს წარმატებით გავიარე გაეროს გადამზადების პროგრამა მეფუტკრეობაში. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ფუტკართან ურთიერთობა და ზოგადად, სოფლის მეურნეობა.

– რა ასაკში მიხვედით ტაძარში და რა მოგცათ იქ გატარებულმა პერიოდმა?

– ჩემი პიროვნებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა. იქ მივიღე პასუხები მთავარ შეკითხვებზე: რატომ ვარ? რა უნდა ვაკეთო? რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? რა არის სიყვარული? ტაძარში ბავშვობის ასაკიდან დავდიოდი და მომწონდა იქაური გარემო, როცა ცოტა წამოვიზარდე, დაახლოებით, 14 წლის ასაკში მშობლებს ვთხოვე, ცოტა ხნით მონასტერში დარჩენის უფლება მოეცათ, რაზეც თანხმობა მივიღე. მას მერე ხშირად ვსტუმრობდი მონასტერს და იქ მყოფი მონაზვნებისგან ძალიან ბევრ რჩევასა და ცოდნას ვიღებდი. ისინი მეხმარებოდნენ როგორც სასკოლო მასალის ათვისებაში, ასევე, ზოგადად, ლიტერატურის სამყაროს გაცნობაშიც. აბიტურიენტობის პერიოდში, როცა ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ მასწავლებლებთან მოვმზადებულიყავი, ისინი მამეცადინებდნენ და შეძლებისდაგვარად გადმომცემდნენ თავიანთ ცოდნას. ერთ-ერთი მონაზონი ყოფილი გეოგრაფიის ლექტორი იყო და იმდენად კარგად მამეცადინა, რომ გეოგრაფიის ეროვნულ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა ავიღე.

– მომავლის მონასტრისთვის დაკავშირებაზე არ გიფიქრიათ?

– კი. ხშირად ვფიქრობდი მონასტერში წასვლასა და იქ დარჩენაზე. ჩემი მომავალი მეუღლე რომ არ გამოჩენილიყო, დიდი შანსი იყო, მომავალში ეს ნაბიჯი გადამედგა.

– ახლა სად სწავლობთ?

– ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა ვაბარებდი, ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ სწავლის თანხა გადამეხადა. ეს გახდა ჩემთვის მოტივაცია, რომ დაფინანსება ამეღო და დიდი ძალისხმევის შედეგად ეს შევძელი.

– მომავალი მეუღლე პირველად სად ნახეთ და როგორ აეწყო თქვენი ურთიერთობა?

– ჩემი მომავალი მეუღლე – მიშო სულთანოვი, პირველად ტელევიზორში, ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე, სადაც საუბარი იყო ბედიანის ბავშვთა ცენტრზე და იქ გაზრდილ ახალგაზრდებზე. მისმა საუბრის სტილმა, ცოდნამ და უბრალოებამ გამოიწვია ჩემი სიმპათია მისადმი. ამ გადაცემის შემდეგ ვეცადე, უფრო მეტი გამეგო მასზე და აღმოჩნდა, რომ საერთო მეგობარი გვყავდა, რომლის წყალობითაც ჩვენ პირველად სამების საკათედრო ტაძარში შევხვდით ერთმანეთს. არ დამავიწყდება მისი პირველი დანახვა და ყველა ის ემოცია, რომელიც მაშინ განვიცადე. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, რომ ის რეალურად იდგა ჩემ წინაშე და აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ მინდოდა ის მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით ყოფილიყო. ისე მოხდა, რომ ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით, ხშირად ვხვდებოდით ტაძარში და ჩვენი ურთიერთობა უბრალო შეხვედრებიდან ერთ ლამაზ ოჯახში გადაიზარდა. ჩემი მეუღლე იმაზე კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ახლაც მიკვირს, როგორ მიკარნახა ინსტინქტმა, რომ ასეთი კარგი იყო. რაც უნდა მოხდეს, არასდროს გამოდის წონასწორობიდან და როგორ აღელვებულმაც უნდა მოვუყვე რამე, თავის მშვიდი და ლოგიკური პასუხებით, ყველა დარდს უკვალოდ მიქრობს. დედაჩემი მეუბნება ხოლმე: რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი, რომ ადამიანების ასეთი კატეგორია არსებობდა. ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი სიძე შემხვდებოდაო.

– როგორც ვიცი, მეუღლე ბავშვთა სახლში გაიზარდა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის ტრავმა ბავშვის ფსიქიკისთვის – რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და თუ იყო თქვენთვის პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სტიგმა?

– დიახ, ჩემი მეუღლე ბედიანის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მართლაც არსებობს სტიგმა მათ შესახებ, თუმცა მე აქაც იშვიათი გამონაკლისი ვიყავი. ბავშვობიდან მეგონა, რომ ბავშვთა სახლში ძალიან ლამაზი ცხოვრება იყო, რადგან ბევრი ბავშვი იყო ერთად. მე კი ძალიან მიყვარდა ბავშვები და მათთან თამაში, რაც ყოველთვის მაკლდა, რადგან ბარში არ ჩამოვდიოდი და სკოლაშიც გვიან შევედი. ასე რომ, პირადად მე არასდროს მქონია უარყოფითი დამოკიდებულება, თუმცა ბევრმა გარშემო მყოფმა მატკინა გული, რადგან ბავშვთა სახლში გაზრდილს გავყევი ცოლად. იმასაც კი მეუბნებოდნენ: ბავშვთა სახლში, ოჯახის გარეშე გაზრდილი ოჯახურ სითბოს ვერ დაგანახვებსო. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, ამხელა სიყვარული არასდროს არავისგან მიგრძნია. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

– რას უპირებთ მოგებულ თანხას?

– რადგან ჩემთვის განათლება ყოველთვის ყველაფერზე წინ იდგა, მინდა, ნაწილი თანხით ჩემი სამაგისტრო სწავლა დავიფინანსო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიის მიმართულებით განვაგრძო ცოდნის მიღება, ხოლო დანარჩენი გამოვიყენო როგორც სამოგზაუროდ, ისე საოჯახო საჭიროებებისთვის.

– ემოციები და გამოხმაურება, რაც გამარჯვებას მოჰყვა...

– პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ეთერში გასვლისა და გამარჯვების შემდეგ ჩემი სამეგობრო სოციალურ ქსელში, მინიმუმ, ორჯერ გაიზარდა. თითქმის ყოველ წუთას მომდიოდა წერილები ადამიანებისგან, რომლებიც უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავდნენ. ბევრი საკუთარ მხარეში მეპატიჟებოდა, რამდენიმესგან საჩუქრებიც კი მივიღე. გულწრფელად რომ ვთქვა, სულ არ ველოდი მსგავს გამოხმაურებას, თუმცა ამ ყველაფერმა ერთიორად გაზარდა ჩემი მოტივაცია, რომ მომავალში უფრო მეტი ვისწავლო და გაცილებით ბევრს მივაღწიო. მჯერა, რომ ვინც ინდომებს, ის აღწევს კიდეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი