რატომ მონათლეს ჩუმად მედეა ჯაფარიძემ და გრიშა კოსტავამ მედეა ლორთქიფანიძე და როგორ გახდა ის მსახიობი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 16.07

ის ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მკაცრი მშობლებისა და ბებიების გამო მსახიობობაზე სიტყვა არ დასცდენია. ნანობდა, რომ თეატრალურში არ ჩააბარა, თუმცა მისი სამსახიობო ცხოვრება ინსტიტუტის მიღმაც კარგად აეწყო. თითოეული კარგი მსახიობი ქვეყნის სახეა, ერის სიამაყე. თვითოეულმა მათგანმა დაწერა თავისი ისტორია იმ როლებით, რაც უთამაშია სცენაზე თუ კინოში. ასეთი იყო სწორედ მედეა ლორთქიფანიძე, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო, ყველაზე სახასიათო სახე ჩვენს თანამედროვე კინოში. სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც მან (და არავინ სხვამ ისე, როგორც მედეა ლორთქიფანიძემ) ძალიან რეალური სახე შექმნა ქართველი დედის, დედამთილის, ცოლისა და ბებიის. მისი როლი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ბუნებრივი იყო. გაიფიქრებდით, თითქოს არც თამაშობსო. დღეს ჩვენ მისი ცხოვრების ეპიზოდებს გთავაზობთ, ვიხსენებთ ამ სამწუხარო რეალობაში, როდესაც იგი უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენ გვერდით აღარაა.
ცხენოსანი პოლონელი ბებია
„1938 წელს დავიბადე, ფოთში, ხელოვნების მუშაკთა ოჯახში. საკმაოდ მოხუცი ვარ, მაგრამ თავს მაინც ახალგაზრდად ვგრძნობ. ხომ იცით, გული არ ბერდება. მამაჩემი, თეიმურაზ ლორთქიფანიძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა, თამარა პაკლოვსკაია – მსახიობი. დედა პოლონელი იყო, მაგრამ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ახლა გიამბობთ, როგორ მოხვდა დედა საქართველოში. ბებია რომ გიმნაზიაში სწავლობდა, გორში ცხოვრობდნენ. ზედა სართულზე ისინი ცხოვრობდნენ და ქვედა სართულზე – სტალინის დედა, თავის ქმართან ერთად. გორის დიდი მიწისძვრის შემდეგ ბებიაჩემმა, სხვა ნივთებთან ერთად, თავისი ქალიშვილობის ფოტოებიც დაკარგა. ბებია ცხენოსანი იყო. ბებიაჩემის და მასწავლებელი იყო, ქმარი – სკოლის დირექტორი. ბაბუაჩემს, თურმე, ძალიან უყვარდა მოგზაურობა, არ ვიცი, პოლიტიკოსი იყო, მოგზავნილი, თუ ვინ, მაგრამ საკუთარი სალონ-ვაგონით დადიოდა ყველა ქვეყანაში. საქართველოშიც ჩამოვიდა და როგორც საპატიო სტუმარი, სკოლის დირექტორს მიუყვანეს სახლში. ამ დროს ბებიაჩემი დასთან სტუმრად მოვიდა – ცხენი შემოაგელვა და... დაადგა თვალი პეტრემ. ბებიაჩემს უთქვამს: შენ, ალბათ, რამდენ ქალაქშიც დადიხარ, ყველგან ცოლს თხოულობო და უარით გაისტუმრა. ჩავიდა პეტრე პოლონეთში და იქიდან წერილებსა და ლექსებს სწერდა ბებიაჩემს. ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა საქართველოში. შეუჩნდნენ ბებიაჩემს ახლობლები, კარგი კაცია, ერთი წელია, უყვარხარო და გაჰყვა ბებია პეტრეს. ახლა ერთად დაიწყეს მოგზაურობა. მოიარეს საფრანგეთი, სპარსეთი (მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თითქმის მთელი ევროპა შემოვლილი მაქვს, ინდოეთშიც ვიყავი, რუსეთის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი). საქართველოში რომ დაბრუნდა, ბებია ფეხმძიმედ იყო. აქ იმშობიარა. მის მერე ბაბუა გაქრა. დაიჭირეს, მოკლეს თუ რა ბედი ეწია, არავინ იცის. ასე მოხვდა დედა თბილისში...“
ნათლობა ჩუმად და საძულველი ნათესავი „ილიჩი“
„ნათესაობაში ძალიან ბევრი ხელოვნების მუშაკი მყავს. ჩემი ნათლიები კი მედეა ჯაფარიძე და გრიშა კოსტავა იყვნენ. მაშინ ეკლესიაში ჩუმად დადიოდნენ. მეც ჩუმად მომნათლეს, სოფელში. სანამ მამას ქუთაისში გადმოიყვანდნენ, ფოთში ვიზრდებოდი. ჩემს სახლში იკრიბებოდნენ ხელოვნების მუშაკები. გული მწყდება, რომ დაკარგულია გიორგი ჩუბინიშვილის, როგორც კომპოზიტორის ნაშრომები. სწორედ მან დაწერა სიმღერები: „თვალები რად გიციმციმებს“, „ქალო, გნახე ფეხშიშველი“. ეკა მამალაძის გოგო მღერის ამ სიმღერას და არსად არ არის ნახსენები კომპოზიტორი. მთელი მისი შემოქმედება ჩემს სახლში იქმნებოდა. გიორგის ომის პერიოდში ფეხი მოაჭრეს, უსიამოვნება მოსვლია დასთან და ჩვენთან ჩამოვიდა. ბებიაჩემის ბიძაშვილი იყო. მაშინ ფორტეპიანოს „ფისგარმონია“ ჰქონდა ანუ ფეხის პედლის დახმარების გარეშე ვერ დაუკრავდი. ისე მეზიზღებოდა ეს კაცი... ფორტეპიანოს რომ მიუჯდებოდა, ტირილს ვიწყებდი – რომ დაეკრა, მე უნდა დავხმარებოდი ფეხით. ილიჩი იყო, ვერ ვამბობდი ამ სიტყვას, ეს „იჩ-იჩ-ილი“ როდის წავა აქედან-მეთქი, შევჩიჩინებდი დედაჩემს.“
დაბნეული მარილი და მამის სასჯელი
„...დედაჩემი რომ თეატრალურ სტუდიაში შევიდა, ბებიაჩემი ბრაზობდა: ეს როგორ შეიძლება, ჩემს დროს პატიოსან ქალს თეატრალურზე ეფიქრაო. დედაჩემი ცეკვის გამო მეჩხუბებოდა, სწავლას მოუკელიო. ახლა მე ვეჩხუბები ჩემს შვილს, გამოდღლეზილი შარვლებით რომ დადიან, არ მომწონს... აი, მამაჩემი ძალიან მკაცრი კაცი იყო. მაშინ 16 წლამდე ბავშვებს თეატრში არ უშვებდნენ. ერთხელ, შევიპარე თეატრში. დამთავრდა სპექტაკლი. ვიფიქრე, მამამ არ მიმასწროს-მეთქი და გამოვიქეცი. ჩვენ სახლთან ახლოს იყო თეატრი. მაშინ მამა ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. ვხედავ, ჩემ წინ მამაჩემი მიდის. რომ „დავგაზე“ მეორე გზაზე, ფეხებს თავში ვიცემდი. მოკლე გზით ჩავხტი ეზოში. ზუსტად ამ ადგილას ტუალეტი იდგა. ზედ დავახტი. ვიღაც კაცი ყოფილა ტუალეტში. იქ წივილ-კივილი ატყდა… ვინ ვის ასწრებდა, ვერ გაიგებდით. გადავრჩი. მამამ ვერ გაიგო, რომ თეატრში ვიყავი…
ძალიან ვცელქობდი, მაგრამ ჩემმა მშობლებმა დასჯა არ იცოდნენ, არასდროს გავულახივარ. ახლა ვფიქრობ, ჩემი შვილი ასე რომ მოქცეულიყო, არ ვიცი, რას ვუზამდი. ფოთში რომ ვცხოვრობდით, მარილი არ იშოვებოდა. ზღვის წყალს ადუღებდნენ ჩემები, იმდენ ხანს ადუღებდნენ, სანამ მარილი არ დარჩებოდა, მერე ფენდნენ მზეზე და აშრობდნენ. მე, როგორც ეშმაკის ფეხი, ავედი და მარილი სულ ძირს გადმოვყარე, თან, თოვლი მოდის-მეთქი, ვყვიროდი. მამამ კარადაში ჩამკეტა. იქ რა გამაჩერებდა, უკანა კედელი გამოვიღე, კარადის თავზე ავფოფხდი, გადმოვხტი და გავედი ეზოში. მთელი ოჯახი მეძებდა. რამეს რომ დავაშავებდი, საწოლის ქვეშ ვიმალებოდი. მაშინ ზამბარებიანი საწოლები იყო. ერთხელ ამეხლართა ზამბარებში ეს ხვეული თმა, ძლივს გამომიყვანეს იქიდან. ამ ამბავს ჩემი თმაც შეეწირა და კარგა ხანს კუთხეში ვიდექი…“
სახლიდან მოპარული პურის ნატეხები და მადლიერი გერმანელი ტყვე
„ფოთში, ჩემი სახლის გვერდით სამხედროების შენობა იყო, იქვე, სარდაფში გერმანელი ტყვეები ჰყავდათ. ძალიან მეცოდებოდნენ ეს ადამიანები, განსაკუთრებით ერთი, სულ მოწყენილი იჯდა. ჩუმად მოვიპარავდი პურს სახლში, მივიდოდი ხოლმე ღობესთან და გადავუგდებდი. სულ მადლობას მიხდიდა ეს კაცი გერმანულად. ერთხელაც მივედი და იმანაც რაღაც გადმომიგდო. სულ გვაფრთხილებდნენ, ხელი არ მოჰკიდოთ გერმანელების და ამერიკელების მოწოდებულს არაფერსო (მთელ ფოთში ამერიკელები დადიოდნენ მაშინ). ვერ მოვითმინე, მაინტერესებდა რა იყო. მივედი, გავხსენი და რას ვხედავ, ცოცხისგან გაკეთებული თოჯინა. გახარებულმა, სახლში წამოვიღე, დიდხანს ვინახავდი სათუთად… ერთხელ, ამერიკელებისგან დედამ პარაშუტი იყიდა, იმისგან კაბა შემიკერა, ძალიან ლამაზი, ფეხსაცმელიც მათგან მიყიდა. ჩავიცვი ორივე და დავდივარ ამაყად, ვფიქრობ, ნეტავ შემომხედოს ვინმემ, რა ლამაზი ფეხსაცმელი მაცვია-მეთქი. წამოვიდა წვიმა. კაბაც ზედ შემომადნა და ფეხსაცმელიც დაიშალა. ერთჯერადი ყოფილა ყველაფერი, მიცვალებულებს აცმევდნენ თურმე ამერიკაში.“
მშობლების გარეშე დარჩენილი მსახიობის ყველაზე დიდი გაჭირვება
„...ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, ისტორია-ფილოლოგიის განხრით. მსახიობობაზე ვფიქრობდი, მაგრამ მამაჩემი ქუთაისიდან თბილისში მარტო არ გამომიშვებდა. არც მითქვამს... მშობლები რომ გარდამეცვალა, საბავშვო ბაღში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. მამა რომ დაიღუპა, 17 წლის ვიყავი. მაშინ გორის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. ავარიაში მოვყევით ერთად. ჩემ თვალწინ დაიღუპა… უმძიმესი ტრაგედია იყო ეს ჩემთვის. 19 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა. დედასთან უფრო ვმეგობრობდი, მისი გარდაცვალება გაცილებით მძიმედ გადავიტანე. ისეთი გაჭირვება ვნახე იმ წლებში, ვნატრობდი, ნეტავ, ბაღის ბავშვებს პეჩენია ან კარაქიანი პური დარჩეთ, რომ ბებიას წავუღო-მეთქი. ეს ის ბებიაა, მაღალაშვილის ქალი, ზემოთ რომ გიამბობდით, რომელსაც ისეთი ცხოვრება ჰქონდა ნანახი, ბევრს არც დაესიზმრებოდა და საბავშვო ბაღის ბავშვების იმედადღა დარჩა. ამ დროს ჩემმა ძმამ სასოფლოში ჩააბარა და თბილისში სწავლობდა. რომ დაამთავრა, ქუთაისში ჩამოვიდა და ცოლი მოიყვანა. მე თბილისში ჩამოვედი, ბებიაჩემის ერთ-ერთ დასთან. არც სამსახური მქონდა, არც ფული, თბილისშიც არ ვიყავი ჩაწერილი – მაშინ ეს მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სამსახური გეშოვა. ბებიაჩემის და მასწავლებელი იყო და მამაჩემზე უარესი ხასიათის, 8 საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი. ვამბობდი, ნეტავ სადმე ერთი „პადვალი“ მანახა, რომ შევიდე და მარტომ ვიცხოვრო, რომ ლიზას ლაპარაკი და ჭკუის დარიგება არ მესმოდეს-მეთქი. ერთხელაც მამაჩემის მეგობარი, ჯონი ჭავჭანიძე შემხვდა, სასოფლოში „სახალხო თეატრი“ ჩამოვაყალიბეთ და წამოდი. ბინასაც გაგიკეთებთ, სამსახურსაც გიშოვით და ინსტიტუტშიც მოგაწყობთო. მის მერე, სანამ გავთხოვდებოდი, ამ თეატრში ვიყავი... მანამდე ქუთაისში მოყვარულთა თეატრი მქონდა, ძალიან ბევრი როლი ვითამაშე. მათ შორის „ქრისტინეც“. ჩემი პარტნიორი რეზო მიშველაძე იყო, იასონს თამაშობდა. რუსეთი გასტროლებით მოვიარეთ“.
15 წლით უფროსი ქმარი და 9 წელი შვილის მოლოდინში
„ორმოც წელს მიტანებული გავთხოვდი. სულ თეატრში ვიყავი, გასტროლები, სპექტაკლები… იქ ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა ყველასთან. გასტროლებზე ზოგჯერ საწოლები რომ არ გვყოფნიდა, ასე ერთად, „სილიოტკებივით“ ჩავმწკრივდებოდით-ხოლმე. რომან ჩიჩუა იყო ჩვენთან, თმა არ ჰქონდა თავზე. ერთხელ, გადამეკიდა, შენსა და ვერიკოს შუაში ჩავწვებიო, უარი ვუთხარი, რომ დამეკარგო საწოლში, თმაც არ გაქვს, როგორ ამოგქაჩო-მეთქი... არავინ გიჟდებოდა ჩემზე. ლამაზი გოგო კი ვიყავი, მაგრამ ყველასთან ვმეგობრობდი. თაყვანისმცემლები არ მყავდაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ქუთაისში ორჯერ რომ გაგევლო ბაღის კიდეზე, მეტი კი არ უნდოდათ ჭორიკანა ხალხს. ოჯახს ვუფრთხილდებოდი. ერთხელ ექიმთან გავყევი მეგობარს, წითელი პომადა მესვა, წითელი საყურე მეკეთა, მოკლე კაბა მეცვა. შემოვიდა კაცი კაბინეტში, ბოზური თვალებით ამხედ-ჩამხედა. შემრცხვა და კაბა ჩამოვიწიე. მოკლედ, ამ ექიმმა პაციენტისა და მეგობრის წყალობით მოახერხა ჩემი გაცნობა. თავიდან, რომ არ მომწონდა, მიზეზებს ვიგონებდი, სადმე რომ მპატიჟებდნენ, სველი თმა მაქვს, ვერ წამოვალ-მეთქი, ვეუბნებოდი. ხან ფეხს შევიხვევდი, მტკივა-მეთქი. ბოლოს საგზურები მომიტანა, შენ და ჩვენი საერთო მეგობარი, ნუნუ წადით, დაისვენეთო. ვიფიქრე, ეს თუ არ წამოვა, წავალ, დავისვენებ-მეთქი. საღამოს გამოგივლით, მატარებელზე გაგაცილებთო. ველოდები და, სად არის… გაცოფებული ვარ, ვინ არის მაგის მოსატყუებელი-მეთქი. დილის რვა საათზე დამადგნენ მანქანით, გადავწყვიტე, მეც წამოვალო. წავედით ბშაბში, სოხუმთან ახლოს. ერთი თვე ვიყავით იქ. იქიდან შეყვარებული წამოვედი. უგანათლებულესი და უკეთილშობილესი აღმოჩნდა. ჩემი ქმარი რომ გარდაიცვალა, 14 წელიწადი ეზოში არ ჩავდიოდი. კაცი ტვინით გატენილი იყო, მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მაგრამ არასდროს გაგრძნობინებდა, რომ შენ მასზე ნაკლები იცოდი. მეტყოდა, იცი, უბრალოდ, აღარ გახსოვსო. 20 წელი ვიყავით ერთად. 9 წელი ველოდებოდით შვილს. ერთი ქალიშვილი მყავს – შორენა და ორი შვილიშვილი. ჩემი ქმარი გარდაიცვალა და ჩემი მზეც ჩაესვენა. მეზობლები და მეგობრები რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. გავიდა ათი წელი და ჩემი მეგობრები გადამეკიდნენ, უნდა გაგათხოვოთო. მსახიობი გურამ თავბერიძე შემომიჩნდა განსაკუთრებით. ერთხელ, კარზე კაკუნია. შემოვიდა ვიღაც გამხდარი, ხანშიშესული კაცი, გასაღებს ატრიალებს ხელში. ჩემი ქმრის მეგობარი მგონია (15 წლით იყო ჩემი ქმარი ჩემზე უფროსი), მაცვია გულამოღებული სარაფანი, თან რაღაცას ვკერავ. მომიკითხა, მერე მანქანით გასეირნება შემომთავაზა, ბოლოს მითხრა, მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს, მინდა, ჩემი ყვავილების დედა გახდეთო. რა, ბატონო-მეთქი, გავიოცე, გამიმეორა. გავბრაზდი, კი მაგრამ, მკვდარი სახლიდან გააქვთ და მე სახლში შემოვიყვანო-მეთქი, ასე ვაჯახე უზრდელურად. წამოხტა და გავარდა. ამ სიურპრიზის გამო გურამ თავბერიძე კინაღამ მოვკალი... მე და ჩემს ქმარს სულ სიხარული გვქონდა, სულ ვხალისობდით, ვმასხრობდით. ქოთქოთა და მოჩხუბარი არასდროს ვყოფილვარ. ვერავინ იტყვის ჩემზე, მაწყენინაო. მეგობრისთვისაც კი არ მითქვამს ხმამაღალი სიტყვა“.
სადაც კი წავედით, ყველგან დიპლომი ავიღე
კუკური მჟავანაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, უბრწყინვალესი პიროვნება. „კიკვიძე“ რომ დავდგით, მასში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ოქროს მედლით დამაჯილდოვეს. საერთოდ, სადაც კი წავედით, ყველგან დიპლომი ავიღე. მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ, მერე მის საზღვრებსაც გავცდით. მოსკოვში, მცირე თეატრშიც ვითამაშეთ, ვახტანგოვის თეატრშიც… გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი… საერთოდ კი, თეატრი ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით ფოთის თეატრი... კინოში კი, „საბუდარელ ჭაბუკში“ ეპიზოდურ როლში ვარ გადაღებული. ფილმის გადაღებები ქუთაისსა და ზესტაფონის რაიონში იყო. ბელა მირიანაშვილი, სოსო ლაღიძე და სხვები ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც მითხრეს, წამოდი ჩვენთან, ეპიზოდურ როლებში გადაგიღებთო და წავედი. ერთ ადგილას ჩემთვის ვდგავარ, მეორეგან კი ნაყინს ვჭამთ, ეს იყო და ეს“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან