საზოგადოება

რატომ მოკლა ვლადიმერ იაშვილმა რუსეთის იმპერატორი და რის გამო არ მისცეს მას ომში ბრძოლის უფლება

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 22.09, 2021 წელი

ვლადიმერ იაშვილი
დაკოპირებულია

1801 წლის 11 მარტს შეთქმულებმა მოკლეს რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი. შეთქმულთა შორის იყო ქართველი ვლადიმერ იაშვილიც.

გიორგი მეთორმეტის გარდაცვალებიდან (1800 წლის 28 დეკემბერი) ორმოციც არ იყო გასული, რომ 1801 წლის 18 იანვარს პავლე პირველმა გამოაქვეყნა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. სულ ორ თვეში კი თავადაც ემსხვერპლა საქართველოს წინაშე ჩადენილ ბოროტებას. საქმე ისაა, რომ 1801 წლის 11 მარტს შეთქმულებმა, ქართველი კაცის მეთაურობით, ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ქართველი კი, რომელმაც ეს შეთქმულება სისრულეში მოიყვანა, ვლადიმერ იაშვილი გახლდათ.

ძმები ლევან (ლევ) და ვლადიმერ იაშვილები საკმაოდ პატარები ჩავიდნენ რუსეთში, მიიღეს სამხედრო განათლება და ცნობილი ოფიცრები გახდნენ. უმცროსმა – ლევანმა არტილერიის კადეტთა კორპუსი დაამთავრა, ომობდა ბალკანეთში, პოლონეთში, პრუსიასა და საფრანგეთის ჯარების წინააღმდეგ, უამრავი სამხედრო ჯილდო დაიმსახურა და სამხედრო კარიერა არტილერიის გენერლის წოდებით დაასრულა. რაც შეეხება ვლადიმერ იაშვილს, ის გვარდიის ოფიცერი იყო და პეტერბურგის გარნიზონში პოლკოვნიკის რანგში მსახურობდა.

სწორედ აქ მოხდა ფაქტი, რის გამოც, ზოგი ისტორიკოსის აზრით, მან შური იძია იმპერატორზე. პავლე პირველი გაუწონასწორებელი და საოცრად ეჭვიანი კაცი ყოფილა, მთელი ცხოვრება ცდილობდა, დაედგინა ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. ერთხელ პეტერბურგში სტუმრად ჩასულ პოლონეთის მეფისთვის, სტანისლავ პონიატოვსკისთვისაც კი უკითხავს: თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ ხომ არა ხართ ჩემი მამაო. ეს საკითხი ბევრ მკვლევარსაც აინტერესებდა, თუმცა, მისი ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა.

პავლე ჯოხით მართავდა რუსეთს და ამ ჯოხს ხშირად ოფიცრებსაც ურტყამდა, თითქოს ამის მსხვერპლი ერთხელ ვლადიმერ იაშვილიც გამხდარა.

ვლადიმერ იაშვილი გვარდიის ოფიცერი იყო და პეტერბურგის გარნიზონში მსახურობდა. სწორედ, აქ უთავაზა მას პავლე პირველმა ჯოხი და შემდეგ იაშვილმა ამიტომ იძია შური. ისე ყოფილა შეურაცხყოფილი, რომ თითქოს, მაშინაც კი, როცა დაუცავად დარჩენილმა იმპერატორმა თქვა, ოღონდ არ მომკლათ, გადადგომაზე ხელს მოვაწერო, ვლადიმერ იაშვილს უთქვამს: „დიახ, დღეს ხელს მოაწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა, ხვალ კი ყველას ეშაფოტზე თავებს დაგვაყრევინებს”.

მომზადდა შეთქმულება პარანოიით დაავადებული მეფის თავიდან მოსაშორებლად. შეთქმულებას ხელმძღვანელობდნენ პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორი, გრაფი პალენი და ცნობილი საბრძოლო გენერალი ბენიგსენი.

ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე საქმის კურსში იყო. მას არწმუნებდნენ, რომ მეფეს არაფერს დაუშავებდნენ, უბრალოდ, გადააყენებდნენ და ახალი იმპერატორი ალექსანდრე, დესპოტური მმართველობის ნაცვლად, წესრიგს დაამყარებდა.

11 მარტის საღამოს შეთქმულები ვახშმად შეიკრიბნენ. აქ იყვნენ მკვლელობის თანამონაწილეები და მათ შორის იაშვილიც. პავლეს ეჭვები ჰქონდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ კარგად დაცულ მიხეილის სასახლეში, სადაც იმპერატორი თავისი ოჯახიდან განცალკევებით ცხოვრობდა, შეთქმულები მაინც შეიჭრნენ და მონარქი სიცოცხლეს გამოასალმეს.

ყველა მკვლევარი პავლეს უშუალო მკვლელად პოლკოვნიკ ვლადიმერ იაშვილს ასახელებს. ერთი შეხედვით, ნათელია მკვლელობის საბაბიც – შეურაცხყოფა და პირადი შურისძიება. მაგრამ 1909 წელს, პავლეს მკვლელობიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ჟურნალმა „რუსსკაია სტარინამ“ გამოაქვეყნა ვლადიმერ იაშვილის წერილი ახალი იმპერატორის, ალექსანდრე პირველისადმი, საიდანაც ნათელი ხდება მკვლელობის პოლიტიკური საფუძველი. წერილი ცხადყოფს, რომ პავლე პირველის ნამდვილი მკვლელი რუსეთის თავგადაკლული პატრიოტი ვლადიმერ იაშვილი კი არა, იმპერატორი ალექსანდრე პირველი იყო. მან ყველაფერი იცოდა და შემდეგ ისე იქცეოდა, თითქოს არაფერ შუაში იყო, ამიტომაც შემდეგში „ცბიერი ბიზანტიელის“ სახელიც დაიმსახურა. თავის მმართველობის პერიოდში კი მას ქვეყნის საკეთილდღეოდ და მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია.

1812 წელს, როცა რუსეთს ნაპოლეონი შემოესია, ვლადიმერ იაშვილი შინ გულხელდაკრეფილი ჯდომას არ აპირებდა. იაშვილმა თხოვნით მიმართა გენერალ შეპელევს, უფლება მიეცათ ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად. კალუგის გუბერნიაში რაზმი ჩამოაყალიბებინა და ბრძოლაში ჩაება. მცირე ხნის განმავლობაში მან დიდი წარმატება მოიპოვა ელნიასთან ბრძოლითა და მისი გათავისუფლებით. ომში მისი მონაწილეობა სულ 45 დღე გაგრძელდა. კუტუზოვი მას დიდად აფასებდა და ჯილდოც პირადად გაუგზავნა. თუმცა ეს ამბავი იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გაიგო და სასტიკად განრისხდა. მან კუტუზოვს უბრძანა, დაუყოვნებლივ ჩამოეშორებინა მისი მამის მკვლელი სამხედრო მოქმედებებისგან და გასახლების ადგილზე დაებრუნებინა. ეს ბრძანება 1812 წლის 31 ოქტომბერს შესრულდა კიდეც. 1815 წელს ვლადიმერ იაშვილი 50 წლისა გარდაიცვალა მურომცევოში.

ამასობაში მისი უმცროსი ძმა, ლევანი დიდ წარმატებებს აღწევს. 1813 წელს ის დაინიშნა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის უფროსად და მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. იბრძოდა ლიუცენთან, ბაუცენთან. 1816 წელს დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე იყო. 1832 წლიდან იგი სამხედრო საბჭოს წევრი იყო. 1833 წლიდან კი თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო რუსეთისა და უცხოეთის მრავალი ორდენით. გარდაიცვალა და დაკრძალულია კიევში, ვიდუბიცკის მონასტერში.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; სპურნიკ-ჟორჯია; georoyal.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი