საზოგადოება

რატომ მოკლა საფრანგეთში, სასამართლოს წინ ქართველმა ქართველი

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 23.06, 2021 წელი

ავთანდილ მერაბიშვილი
დაკოპირებულია

ავთანდილ მერაბიშვილი – მეცენატი, რომელმაც ჩილეში ქართული ქალაქი დააარსა.

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცენატი, სპილენძისა და გვარჯილის მაგნატი ავთანდილ მერაბიშვილი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების, მამისა და ნათესავების დახვრეტის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. თავი ჯერ გერმანიას, შემდეგ საფრანგეთს შეაფარა. საფრანგეთში ჩასვლისთანავე აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, გახდა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი.

ქართული ემიგრაცია აქტიურად აწარმოებდა ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. ემიგრანტებმა გაახმაურეს 1921-23 წლების ოკუპაცია და რეპრესიები, 1924 წლის აჯანყების მხეცური ანგარიშსწორება. საერთაშორისო თანამეგობრობა და ერთა ლიგა კარგა ხანს არ სცნობდა საბჭოთა რუსეთს, ამიტომ საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა, ამ მიმართულებით ემუშავა და ემიგრაციაში თავისი აგენტები შეგზავნა. აგენტებმა მოახერხეს ემიგრანტთა ნაწილი მოესყიდათ, ნაწილი კი დაერწმუნებინათ, რომ სამშობლოში მათ დაბრუნებას ხელისუფლება სიხარულით შეხვდებოდა და დახმარებასაც კი აღმოუჩენდნენ.

ანკესს წამოეგო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიტერატორი გრიგოლ ვეშაპელი. 1925 წელს დრამატული მოვლენები დაიწყო. გრიგოლ ვეშაპელი პარიზში თავისი გაზეთის „ახალი საქართველოს“ ფურცლებიდან ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. მალე მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ ვეშაპელის მომხრეებმა სამშობლოში დაბრუნების მსურველთა სიების შედგენა დაიწყეს.

ამ საკითხზე სრულიად განსხავებული აზრი ჰქონდათ „თეთრი გიორგის“ წევრებს. ისინი სამშობლოში დაბრუნების მსურველთა შეკრებაზე მივიდნენ და ხალხს დარწმუნება დაუწყეს, რომ საბჭოთა საქართველოში დაბრუნება დაღუპვას თუ არა, ციმბირში ხანგრძლივ გადასახლებას მაინც ნიშნავდა. საპირისპირო აზრზე მყოფ მხარეებს შორის კამათი დაიწყო, რასაც ცემა-ტყეპა და გასროლაც მოჰყვა. რის შემდეგაც, პოლიციამ შეკრებილები დააკავა და სასამართლოს წარუდგინა. მოსამართლემ გაათავისუფლა ყველა და მხოლოდ გრიგოლ ვეშაპელსა და რამდენიმე კაცს დააკისრა ჯარიმა.

თუმცა მთავარი ამის შემდეგ მოხდა – სასამართლოდან გამოსულ ვეშაპელს ავთანდილ მერაბიშვილმა უამრავი ადამიანის თვალწინ ტყვია დაახალა.

მერაბიშვილი ფრანგული სასამართლოს წინაშე წარდგა. მის პროცესს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ემიგრანტულ თუ უცხოურ პრესაში. გარდაცვლილის ინტერესებს კომუნისტი ჰენრიხ ტორეზი იცავდა, ბრალდებულს კი – იტალიელი ადვოკატი მირო ჯიაფერი.

ბოლშევიკებმა სცადეს მერაბიშვილის საქმე დიდ პოლიტიკურ პროცესად ექციათ, თუმცა ცნობილმა ფრანგმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა პიერ რენოდელმა და ედუარდ მარკემ პროცესი საქართველოს დასაცავ პოლიტიკურ აქციად და ოკუპანტთა გასამართლებად აქციეს.

ტორეზმა განსასჯელის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ყველასთვის მოულოდნელად, ამ დროს დარბაზიდან უცნობმა მამაკაცმა სიტყვა ითხოვა. ეს მამაკაცი გახლდათ რუსი ემიგრანტი, პოეტი და „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი კონსტანტინე ბალმონტი.
მან სასამართლოს განუცხადა, რომ წლების განმავლობაში თარგმნიდა ქართველთა ყველაზე დიდი პოეტის შოთა რუსთაველის პოემას, რამდენჯერმე ეწვია საქართველოს და კარგად ჩასწვდა ქართველთა ხასიათს, რომლებიც უკვე 700 წელია, „ვეფხისტყაოსნის“ იდეალებზე იზრდებიან;
რომ ქართველისთვის ყველაზე მძიმე დანაშაული რწმენის, სამშობლოსა და მეგობრის ღალატია;
რომ ვეშაპელმა სამივე ეს ზნეობრივი პრინციპი დაარღვია და დაისაჯა კიდეც.
სასამართლოზე სასწაული მოხდა – სასამართლომ გაითვალისწინა ბალმონტის არგუმენტები, მკვლელი გაათავისუფლა და მხოლოდ საფრანგეთიდან გასახლება მიუსაჯა.

თუმცა არსებობს ამ ისტორიის მეორე მხარეც. გრიგოლ ვეშაპელის მკვლელობასთან დაკავშირებით ისტორიამ შემოგვინახა გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებები. აღნიშნული მოგონებების მიხედვით, ვეშაპელი მოღალატე არ ყოფილა, ის მისივე კაცმა მოკლა და სწორედ მერაბიშვილი იყო ბოლშევიკების აგენტი...

ფაქტი ის იყო, რომ მერაბიშვილი უმძიმეს სასჯელს გადაურჩა და საფრანგეთიდან გაძევების შემდეგ, ფაქტობრივად, ხელახლა დაიწყო ცხოვრება. ჯერ ბელგიაში დასახლდა, სადაც მდიდარ ქალზე დაქორწინდა, შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა. ბერლინის ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყო და სოლიდური ქონება დააგროვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საბჭოთა მთავრობამ სხვა ქართველებთან ერთად, მოკავშირეებს მერაბიშვილის გადაცემაც მოსთხოვა, რის შემდეგ მან ევროპა დატოვა. ის ჯერ არგენტინაში ჩავიდა, შემდეგ – ბოლივიაში, ბოლოს კი ჩილეში დასახლდა. 1947 წელს ჩილემ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა გაწყვიტა და ევროპიდან ლტოლვილები შეიფარა.

ავთანდილ მერაბიშვილმა ჩილეში სპილენძისა და გვარჯილის საბადოები შეიძინა და დიდი ქონება დააგროვა. ჩილეს დედაქალაქ სანტიაგო დე ჩილეს მახლობლად, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მიწები შეიძინა, რესტორნების ქსელი და სააგარაკო ქალაქი გააშენა და ქუჩებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა–ფშაველას, ცენტრალურ გამზირს კი შოთა რუსთაველის სახელები უწოდა. რამდენადაც ცნობილია, მას სურდა, ეს ქალაქი ქართველებისთვის ეჩუქებინა. ის 1968 წელს 50 წლის იუბილეზე თბილისის უნივერსიტეტის საკუთრება უნდა გამხდარიყო, მაგრამ კომუნისტებმა ამ თემას ტაბუ დაადეს.

1954 წელს ავთანდილ მერაბიშვილმა შვილისთვის ქართული ენის სასწავლებლად ჩილეში მიიწვია ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და მწერალი, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე, რომელსაც დიდი დახმარება გაუწია – გადაიხადა მისი ოპერაციის თანხა და დაუფინანსა ფუნდამენტური გამოკვლევის წიგნები.

ავთანდილ მერაბიშვილის ინიციატივითვე, ცნობილმა მთარგმნელმა გუსტავო დელა ტორემ ვიქტორ ნოზაძის დახმარებით თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც 1966 წელს გამოიცა. მერაბიშვილი ხშირად იწვევდა ემიგრანტ ქართველებს თავისთან დასასვენებლად.

1974 წელს ავთანდილ მერაბიშვილმა გაურკვეველ ვითარებაში მოიკლა თავი. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს საბჭოთა სპეცსამსახურების ნამოქმედარი იყო.

P.S. საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სფიჩი; nateba.webbreeze.net.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი