საზოგადოება

რატომ გადაწყვიტა ქეთი სიჭინავამ უკრაინელი გოგონას მშობიარობაზე დასწრება და რა სირთულეები გამოიარეს მათ

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 13.06, 2022 წელი

ქეთი სიჭინავა
დაკოპირებულია

პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე აქტიურად ეხმარებოდა იქ მყოფ ქართველებს. ის და მისი მეუღლე – ქეთი სიჭინავა ომის დაწყების დროს კიევში იყვნენ, თუმცა სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მოახერხეს და საკუთარ ოჯახში ფეხმძიმე უკრაინელი გოგონაც შეიფარეს, რომელმაც ახლახან იმშობიარა.

ქეთი სიჭინავა: მე და გიორგი 2014 წლიდან ვცხოვრობდით კიევში. ჩვენ ვმუშაობდით და რაღაც პერიოდი ბავშვებიც იქ სწავლობდნენ. მე შეიძლება, ერთი კვირა იქ ვყოფილიყავი, ერთი კვირა – აქ და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ერთ-ერთ მორიგ ჩასვლას დაემთხვა ეს ყველაფერი. ორშაბათს რომ ჩავფრინდით, ოთხშაბათ ღამით პირველი ბომბი ჩამოაგდეს. მადლობელი ვარ იმის გამო, რომ თან ბავშვები არ მყავდა. ომის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა და ამ გოგონას ვთხოვე, ჩვენთან ერთად წამოსულიყო საქართველოში, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოვასწარით. მეორე დღეს ომი დაიწყო და კიევში ჩავრჩით. რატომღაც, თავიდან ორივეს გვქონდა განცდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა და კიევის დატოვება არ გვიჩქარია. შემდეგ მე, ჩემი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით, მომიწია მას გამოვყოლოდი და საზღვარი გადმომეკვეთა. ეს გოგონა კიევში დარჩა. საზღვარი კიევიდან შორს იყო და თან, ძალიან გადატვირთული გზა უნდა გაგვევლო. სამი დღე დაგვჭირდა იქამდე მისასვლელად. ამ გზის მარტო გავლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. რომ არა გიორგი, მე ამას ვერ შევძლებდი. შემდეგ კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა და კიევის დატოვებაც პრობლემური გახდა. მე უკვე ერთი კვირის დაბრუნებული ვიყავი, როცა ამ გოგონამ საზღვარი გადმოკვეთა. ძალიან გამიხარდა და როგორც თავიდან, მაშინაც ვთხოვე, ჩემთან წამოსულიყო და ყველანაირად ვიზრუნებდი მასზე. თან ფეხმძიმედ იყო, ერთ თვეში უნდა ემშობიარა და უსაფრთხო გარემო სჭირდებოდა. თან უფროსი შვილი ჰყავდა – სამი წლის და თვითონაც მიხვდებით, რამდენად რთული იქნებოდა მისი მდგომარეობა. საბედნიეროდ, მოახერხეს ჩვენამდე მოსვლა და დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლეთ. რამდენიმე დღის წინ კი მეორე ბიჭი შეეძინა. მშობიარობას მე ვესწრებოდი.

– რთული პასუხისმგებლობა აგიღიათ საკუთარ თავზე.

– კი, გადავწყვიტე, მე შევყოლოდი სამშობიაროში. აქამდე მეგონა, რომ ვერავის მშობიარობას ვერ დავესწრებოდი, თვითონაც ძალიან მეშინოდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არც მეუღლე და არც სხვა ახლობელი, ვინც ასეთ მომენტში მის გვერდით იქნებოდა, გვერდით არ ჰყავდა, გადავწყვიტე მე შევყოლოდი და მართლა საოცრების მომსწრე გავხდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დედაც ძალიან კარგად არის და ბავშვიც.

– პატარა ახლა ოჯახში გყავთ?

– კი და მგონია, რომ მე გამიჩნდა მეოთხე შვილი, რადგან დიდი ამაგი მაქვს ამ პატარასა და მის დედაზე. ბუნებრივია, მისი უფროსი ვაჟიც ჩვენთან არის. ისინი ჩვენამდე დიდი წამებისა და წვალების შემდეგ მოვიდნენ. ამ ისტორიას მარტივად, ალბათ, ვერასდროს გავიხსენებ. მეც იგივე გზა გამოვიარე, მაგრამ ორსული არ ვყოფილვარ და არც შვილი მყოლია თან, პლუს, მეუღლე მაცილებდა.

– თქვენ როგორ გახსენდებათ ის დღეები?

– ეს გზა ისედაც ხომ გრძელი იყო, მაგრამ მანქანებით ისე იყო გადატვირთული, უზომოდ დაგრძელდა. ბუნებრივია, რომ უსაფრთხოდაც ვერ ვგრძნოდით თავს, როდის რა მოხდებოდა, არავინ იცოდა. პირველ დღეს თავისუფლად გამოვიარეთ, მაგრამ მეორე დღეს უკვე გვხვდებოდა, ეგრეთ წოდებული, ბლოკპოსტები, სადაც ყველას ამოწმებდნენ და საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო. ბლოკპოსტებზე ბევრი მოხალისე იყო, ხელში იარაღით და შეიძლებოდა, საკუთარი მოსაზრებით რამე საეჭვოდ მიეჩნიათ და კონფლიქტის საბაბი გამხდარიყო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. მით უფრო საშიში იყო ღამე სიარული. საზღვართან რომ მივედით, ისეთი ქაოსი დაგვხვდა, გიორგის ვუთხარი, მოდი, ისევ კიევში დავბრუნდეთ-მეთქი. იმ ქაოსს ფიზიკურად ვერ გავუძლებდი, ან გავიყინებოდო, ან გავიჭყლიტებოდი. ხალხი 24 საათი და უფრო მეტიც იდგა, მანქანების კოლონებს ხომ თვალს ვერ გააწვდენდი. საბედნიეროდ, გიორგიმ მოახერხა და ძალიან მარტივად გამატარა. სანამ მე გონს მოვედი, მას ყველაფერი გარკვეული ჰქონდა. მე რომ გადმომიყვანა, თვითონ უკან დაბრუნდა იქ დარჩენილი ქართველებისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეხმარებოდა საზღვრის მარტივად გადმოკვეთაში.

მერე უკვე ძალიან აირია სიტუაცია. მთელ ქვეყანაში ომი იყო. უსაფრთხო წერტილი აღარ დარჩა. როცა ეს გოგონა ჩამოვიდა, ძალიან დასტრესილი და შეშინებული იყო. მით უმეტეს, უკრაინა მისი სახლია, მისი სამშობლო. წარმომიდგენია, საკუთარი ოჯახისა და სამშობლოს დატოვება რამდენად რთულია. მეც რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ შვილი უნდა გადაერჩინა, იმაზეც უნდა ეზრუნა, რომ მშობიარობისთვის მშვიდი გარემო ეპოვა. ახლა ძალიან უნდა უკან დაბრუნება და ცდილობს, ყველანაირი საბუთი გააკეთოს, რაც ამისთვის არის საჭირო. ველოდებით, ბავშვიც რომ ცოტა წამოიზარდოს.

– პატარას დაბადებამ მოახერხა, თქვენთვის მთელი ეს უარყოფითი ემოციები დაევიწყებინა?

– ბავშვის დაბადება იმხელა სიხარულია, მით უმეტეს, ამხელა ტკივილისა და სტრესის გამოვლის შემდეგ, რომ თვითონაც ამბობდა, ახალმა სიცოცხლემ გაიღვიძა ჩემშიო. თუმცა მეც გული მტკივა და მასაც სულ ეს ფიქრი აქვს, როგორ არ გაუმართლათ სხვა ბავშვებს და რამდენი დაიღუპა ძალიან უსამართლოდ... იმედია, ეს უკვალოდ არ ჩაივლის და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

– ესე იგი, ახლა ოჯახში ხუთი ბავშვი გყავთ.

– კი და ჩვენთან დიდი ჟრიამულია. მე ძალიან მიყვარს ბავშვები, არც ჩემს შვილებს გასჭირვებიათ პატარების მიღება და ვცდილობთ, გავიხალისოთ ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარით გამოწვეული დიდი ტკივილი ყოველთვის იქნება ჩვენთან. ეს გოგონა უკრაინაში გავიცანი და ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა ჩემთვის. ახლა რომ ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, წავა, გული ძალიან მწყდება და მეუბნება ხოლმე, უკრაინაში ყველაფერი კარგად იქნება და მერე თქვენ ჩამოდით ჩემთანო. მჯერა, რომ ასეც იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი