საზოგადოება

რატომ „დასვა სახლში“ კახა კუკავამ მეუღლე და ვინ ზღუდავდა მას ზრდასრულ ასაკში

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 03.05, 2021 წელი

კახა კუკავა
დაკოპირებულია

კახა კუკავა პოლიტიკური პროცესებით, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ ბავშვურ ასაკში დაინტერესდა და იმ დროიდან დღემდე აქტიური პოლიტიკოსია. ფაქტობრივად, საზოგადოების თვალწინ გაიზარდა. იმაზე, რომ ქვეყნის ბედი აღელვებს მისი მრავალშვილიანობაც მიუთითებს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ, ჩვენი ქვეყნის რთული დემოგრაფიული მდგომარეობაა.

კახა კუკავა: ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფეხბურთის თამაში, ჩემი კუმირი მარადონა იყო. ასევე, მიყვარდა ისტორია და კონსტანტინე გამსახურდიას რომანები. მშობლები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ ცუდად ვჭამდი და ძალიან გამხდარი ვიყავი. დედასთან სხვა მიზეზების გამოც ხშირად ვჩხუბობდი, სულ მაკონტროლებდა. უნდოდა, მეტი ყურადღება მიმექცია სწავლისთვის, ნაკლები – ქუჩისა და სპორტისთვის. ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ეს დედის დამსახურება იყო. ამისთვის ძალიან ბევრს შრომობდა და მკაცრი ზედამხედველი იყო. მე იმასაც ვფიქრობდი, რომ მომავალი ფეხბურთისთვის დამეკავშირებინა, მაგრამ შესაბამისი ფიზიკური მონაცემები არ მქონდა. ისე, სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი. ფიგურული სრიალი, ცხენოსნობა, ცურვა – ყველაფერი გამომიცდია. სხვათა შორის, საკმაოდ ხიფათიანი ვიყავი და რამდენჯერმე სავადმყოფოშიც მოვხვდი.

– დედათქვენისთვის, ალბათ, ეს იყო მიზეზი, კიდევ უფრო აქტიურად ჩარეულიყო თქვენს აქტივობებში?

– დედა ძალიან დიდხანს ერეოდა აქტიურად. კიდეც მზღუდავდა, მუდმივად კუდში დამყვებოდა და მეჩხუბებოდა.

– დედასთან როდის დაგითბათ ურთიერთობა? კონფლიქტები მეგობრობაში როდის გადაიზარდა?

– დათბობა პერიოდულად ხდებოდა. რაც უფრო ასაკში შევდიოდი, ნაკლებ ზედამხედველობას ახორციელებდა, თუმცა, მაინც სულ ახერხებდა ამას, ბოლო პერიოდამდე. პარლამენტის წევრი რომ ვიყავი, დედა მაშინაც მაძლევდა შენიშვნებს და დირექტივებს, ისევ მისი ზედამხედველობის ქვეშ ვრჩებოდი.

– მერე, როგორი რეაქცია გქონდათ ამაზე?

– ზოგადად, არავის მოსწონს და მაინცდამაინც, მეც არ მომწონდა. მით უმეტეს, მე აღვწერ პერიოდს, როცა წინა ხელისუფლების დროს დიდი აქციები მიდიოდა, რადიკალიზმი არ მოსწონდათ ოჯახში, მეუბნებოდნენ, რომ თავი შემეკავებინა. არ სიამოვნებდათ ჩხუბი და დაპირისპირება. შეიძლება, იმ წუთას არ გსიამოვნებს შენიშვნების მოსმენა, მაგრამ გონებაში გელექება და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, არ დაეთანხმო, ქვეცნობიერად მაინც ითვალისწინებ.

– ბავშვური სიყვარულის ისტორიები არ გაქვთ?

– კი, ბაღში იყო ერთი გოგონა, რომელიც მიყვარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი მისი სახელი და გვარი. მერე შემხვდა ეს გოგონა, სტომატოლოგი ყოფილა. აღმოჩნდა, რომ წაუკითხავს ჩემი ინტერვიუ (იცინის). მერეც, ყოველ წელს თუ ყოველ სეზონზე ახალ-ახალი გატაცებები მქონდა (იცინის).

– პოლიტიკურად სახიფათო პერიოდებიც გავიხსენოთ, რაც თქვენ თავს გადაგხდათ.

– 26 მაისი, მანამდე – 7 ნოემბერი. კიდევ უფრო ადრეც, ყოველდღიურად სახიფათო მომენტები გვქონდა პარლამენტში ყოფნის პერიოდში. დიდი ფსიქოლოგიური და ზოგჯერ ფიზიკური წნეხის ქვეშ ვიყავით. 7 ნოემბერს რაც შეეხება, დარბევა, „იმედში“ დაკავება სპეცრაზმის მიერ და ორი საათი კეფაზე მობჯენილი ტყვიამფრქვევი. 26 მაისს გვცემეს, დაგვაკავეს. თუმცა, ამ ცნობილი თარიღების გარდა, კიდევ იყო დაპირისპირებები. ერთხელ ტელევიზიაში ჩხუბის დრო თვალი დამიზიანდა და ოპერაციული ჩარევაც დამჭირდა. 7 ნოემბერს, მიუხედავად იმისა, რომ კეფაზე ტყვიამფრქვევი გვედო, ისინი იყვნენ სამხედრო სპეცნაზმის წარმომადგენლები, პროფესიონალები, რომლებიც ამას მშვიდად აკეთებდნენ და პანიკა არ იყო, მაგრამ 26 მაისს პარამილიტარულ ფორმირებებთან გვქონდა საქმე, ნახევარი ალკოჰოლით იყო გაბრუებული, ნახევარი – ნარკოტიკით, ბღაოდნენ, ყველაფერს ამტვრევდნენ და მაშინ ნამდვილად ვგრძნობდით, რომ სასიკვდილო საფრთხე ძალიან ახლოს იყო.

– ამას როგორ გაუძლო დედამ, მამამ და მეუღლემ?

– ძალიან რთული იყო. ოჯახის წევრები რომ ტელევიზორს უყურებენ და ისმენენ, რომ სასტიკად ვარ ნაცემი ან უცნობია, სად ვარ, ცოცხალი ვარ თუ არა, მათთვის უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ჩემთვის, რადგან მე მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი, მათ კი არაფერი შეეძლოთ. 26 მაისს ტელეფონის გათიშვამდე დედამ დამირეკა და მითხრა, მამაშენი მოდის რომ გიპოვოსო. ოღონდ ეგ არ გამოვიდეს, კიდევ მაგ საზრუნავს ნუ დამიმატებთ და მე როგორმე მივხედავ თავს-მეთქი. როცა მსგავსი სისასტიკე მოხდებოდა, კაცი ფიქრობდა, რომ დაფიქრდებოდნენ და რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ პირიქით ხდებოდა. ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძის მთავრობა დავამხეთ, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში მამაჩემი გაათავისუფლეს სამსახურიდან. გაოცებული იყო. იმ მოვლენების დროს იმაზე ნერვიულობდა, შვილი ცოცხალი გადარჩებოდა თუ არა და მერე, ვითომ გამარჯვებული რომ უნდა ყოფილიყო, პირიქით, ერთ-ერთი რეპრესირებული აღმოჩნდა.

– პოლიტიკის მიღმა, ოჯახში როგორი ხართ?

– მაინცდამაინც კარგი მეოჯახე არ ვარ. დიდ ოჯახში, მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. ახლა უკვე ასაკში არიან, მაგრამ ბოლო პერიოდამდე ისინი იღებდნენ საკუთარ თავზე საოჯახო საქმეების ძირითად ნაწილს. ნელ-ნელა ჩემზე გადმოდის ეს პასუხისმგებლობები, მაგრამ საკმაოდ დიდხანს მქონდა კომფორტი, ნაკლებად ან საერთოდ არ მეზრუნა ყოველდღიურ ოჯახურ-სამეურნეო საჭიროებებზე. ტრადიციული ოჯახი გვაქვს და მგონია, რომ ყველაფერი ნორმალურად გამოგვდის. უფროს-უმცროსობა, ერთმანეთზე ზრუნვა, ოჯახის წევრებს შორის ფუნქციების განაწილება – ეს ზოგისთვის ჩამორჩენილობაა, ჩვენ ამას ტრადიციულად ვუყურებთ. ოჯახში მამაკაცს თავის ფუნქცია აქვს, ქალს – თავისი და მე ვფიქრობ, ის, რის კულტივიზირებასაც დღეს ხელოვნურად ცდილობენ, სიმახინჯეა. არ არის ნორმალური, ქალსა და მამაკაცს შორის რომ პოლიცია უნდა იყოს მთავარი არბიტრი. თუ პოლიცია გახდება საჭირო, იქ ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მამაკაცია დამნაშავე. თუ ოჯახური ძალადობაა, თუ აქამდე მივიდა საქმე, მაშინ ის ოჯახი აღარ არის და ჯობს, ოჯახი დაინგრეს და ურთიერთობა განქორწინებით დასრულდეს. ჯერჯერობით არ დაგვჭირვებია და ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს ოჯახში პოლიციისა და სასამართლოს ჩარევა (იცინის). თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უთანხმოება არ გვქონია. აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, უსიამოვნებაც ხდება, მაგრამ ტრადიცია და კულტურა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ საქმე ფიზიკურ ძალადობამდე არ უნდა მივიდეს. არის საკითხები ოჯახში, რომელიც კაცმა უნდა გადაწყვიტოს და ჩემი მეუღლე მასში არ ერევა, არის საკითხები, რომლებსაც ჩემი მეუღლე და დედაჩემი წყვეტენ და რასაც იტყვიან, მეც იმას ვემორჩილები. ეს არის ტრადიციული ჰარმონია და არცერთი მხარის პროტესტს არ იწვევს.

– მომავალ მეუღლეს როდის შეხვდი, პირველად?

– ერთმანეთი 2003 წელს მეგობრის ქორწილში გავიცანით. მაშინ 26 წლის ვიყავი, თეა – ჩემზე ორი წლით უმცროსი. ის მალე საფრანგეთში წავიდა სასწავლებლად, თითქმის ერთი წლით. დისტანციურად ვკონტაქტობდით და რომ ჩამოვიდა, მალევე დავქორწინდით. საერთო ჯამში, ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ ცხრა თვე ერთმანეთისგან შორს გავატარეთ. მეუღლე მაშინ ძალიან აპოლიტიკური იყო და არც ახლა გამოირჩევა მისადმი დიდი ინტერესით. ხომ არიან პოლიტიკოსების ცოლები, „ფეისბუქზე“ პოსტებით რომ გამოირჩევიან, ვიღაცებს კომენტარებს უწერენ და „თვალებს ჩხაპნიან“, არ მახსოვს, თეას ერთი კომენტარი მაინც გაეკეთებინოს (იცინის).

– რას ამბობს, რით მოვიხიბლეო?

– იმ დროს მე ახალი ჩამოსული ვიყავი საფრანგეთიდან და იქაურ ამბებს ვყვებოდი.თეა ფრანგული ენის სპეციალისტია და მეუბნება ხოლმე, ეგ რომ არ მომესმინა, საერთოდ არ მოგაქცევდი ყურადღებასო (იცინის).

– რას გსაყვედურობთ ხოლმე?

– იუმორით აქვს რაღაც პრეტენზიები, მაგრამ საერთო ჯამში, ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მასაც, როგორც ყველა ქალს, ურჩევნია, მისი ქმარი ფულიანი იყოს, მეტ ყურადღებას უთმობდეს ოჯახს და ნაკლებს – პოლიტიკას და ასე შემდეგ (იცინის).

– ოთხი შვილის მამა ხართ. ყოველთვის გინდოდათ, ბევრი შვილი გყოლოდათ?

– მე მხოლოდ ერთი და მყავს და ბავშვობიდან მოყოლებული მინდოდა, ოჯახში ბევრი შვილი ყოფილიყო. პოლიტიკური ხედვაც ასეთი მაქვს – ჩვენი ერის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მცირერიცხოვნობაა. ეს ორი პოსტულატი დაემთხვა ერთმანეთს და დღეს ოთხი შვილი გვყავს.

– დაესწარით კიდეც ერთ-ერთი შვილის დაბადებას...

– კი, მეოთხე შვილის დაბადებას დავესწარი. მე არ მინდოდა, მაგრამ მეუღლეს მეოთხე მშობიარობა ძალიან გაუჭირდა. მთხოვა, არ დამეტოვებინა, თორემ წინასწარ მსგავსი არაფერი დაგვიგეგმავს. ძალიან წვალობდა და ხელი რომ მეკიდა, წყნარდებოდა. შუა გზაზე მეც ცუდად გავხდი (იცინის). რომ ვნახე, ბავშვის ნახევარი თავი ჩანდა და თან ტიროდა, ჩავთვალე, რომ ეს რაღაც დარღვევა იყო (იცინის). მერე ცალკე მე მასულიერებდნენ და ცალკე – თეას. არ მინდოდა, მაგრამ მეუღლეს გავუწიე ანგარიში, რომელსაც საშინელი ტკივილები ჰქონდა.

– ოთხ შვილთან ერთად, მეუღლე ახერხებდა ან ახერხებს საკუთარი პროფესიით რეალიზებას?

– ვერა. თავიდან სცადა, მაშინ სალომე ზურაბიშვილი იყო მინისტრი და ჩემი მეუღლე ერთ-ერთ კონკურსზე გავიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. პირდაპირ უთხრეს, იმის მეუღლე ხართ, მიბრძანდით აქედანო. მერე იყო კიდევ ერთი მცდელობა სკოლაში, მაგრამ ბავშვები რომ მოგვემატა, სამსახურის შეთავსება შეუძლებელი გახდა და თავი მთლიანად მათთვის გადადო. ადრე შემომიტევდა ხოლმე, შენ მე სახლში დამსვიო, მაგრამ ახლა უკვე ჩაიქნია ხელი (იცინის).

– მეუღლეს ანებივრებთ საჩუქრებით?

– ძალიან ტრივიალურად, პარფიუმერიით. ერთხელ სამედიცინო წიგნები დამაბარა სხვა ქვეყანაში, ასე რომ, არც თვითონ არის საჩუქრების დიდი მოტრფიალე და არც – მე. თუმცა ეს უყურადღებობის საფუძველს არ მაძლევს. საერთოდ, ჩვენს ოჯახში მატერიალური საკითხებისადმი ძალიან აგდებული დამოკიდებულება გვაქვს, ეს ტრადიცია მშობლებისგან გადმოგვეცა, განსაკუთრებით, თუ საქმე ტანსაცმელს ეხება. არ მომწონს, როცა ადამიანი ტანსაცმელს ზედმეტად სერიოზულად უყურებს, ეს ცოტა უკულტურობის ნიშანი მგონია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი