საზოგადოება

რატომ დახია იაკობ ზუბალაშვილმა ანდერძი, რომლითაც საკუთარი განძი საქართველოსთვის უნდა გადმოეცა და როგორ არ დააფასეს საფრანგეთში მისი ამაგი

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 17.05, 2022 წელი

იაკობ ზუბალაშვილი
დაკოპირებულია

იაკობ ზუბალაშვილი 1876 წელს თბილისში, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მამა, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი ცნობილი პიროვნება გახლდათ, დედა კი – ელისაბედ მიხეილის ასული თუმანიშვილი ღრმად მორწმუნე იყო. კონსტანტინესა და ელისაბედს ჰყავდათ 8 შვილი, 5 ბიჭი და სამი ქალიშვილი.

1860 წელს კონსტანტინე ზუბალაშვილმა ინგლისელი მრეწველის, როტშილდისგან კარგ ფასად შეიძინა ნავთობის სარეწები ბაქოში, კუნძულ ბიბი ებიათზე. თავიდან ამ საქმემ დიდი ზარალი მოუტანა, მაგრამ ის განაგრძობდა ნავთობის ძიებას და ერთ დღესაც, კუნძულზე ნავთობმა ამოხეთქა.

ამ ამბავს წინ უსწრებდა ერთი უცნაური ისტორია: გადმოცემის თანახმად, კონსტანტინე და ელისაბედი რევმატიზმის სამკურნალოდ საფრანგეთის ბასკეთში, პირენეის მთებში, ლურდის ბალნეოლოგიურ კურორტს ეწვივნენ. მათ სწამდათ ლურდის ღვთისმშობლისა და იქაური წმინდა წყლის სასწაულმოქმედი ძალის. იმის გამო, რომ თერმულმა წყლებმა კარგად იმოქმედა ცოლ-ქმარზე, მათ საქართველოში ბიდონებით წამოიღეს სამკურნალო წყალი, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ვერ შეძლებდნენ ლურდში წასვლას. ჯადოსნური სითხის რაღაც ნაწილი კი ბაქოში, კუნძულზე წაიღეს. მოხუცებულმა ელისაბედმა მთელი კუნძული მოიარა და ყველა ჭაბურღილში თითო ჭიქა წმინდა წყალი ჩაასხა. იმავე ღამეს, ნავთობმა ამოხეთქა და სწორედ აქედან დაიწყო ზუბალაშვლების გამდიდრებაც.

ნავთობის ამოქმედების მიზეზი გეოლოგებმა ქიმიურ პროცესს მიაწერეს, რადგან ჭაბურღილებში დაგროვილი გაზი აფერხებდა ნავთობის ამოსვლას და ზემოდან სითხის ჩასხმით წარმოქმნილმა ქიმიურმა რეაქციამ ნავთობს გზა გაუხსნა, თუმცა ღრმად მორწმუნე ელისაბედის აზრით, ეს ლურდის ღვთისმშობლის დამსახურება იყო. კონსტანტინე ზუბალაშვილმა ვაჟიშვილებს თანაბრად გაუნაწილა კუნძული ბიბი ებიათი და ისინიც ნავთობმრეწველები გახდნენ.

კონსტანტინესა და მისი შვილების მიერ გაღებული თანხით თბილისში აშენდა „სახალხო სახლი“ — ქართული თეატრის შენობა, თავად-აზნაურთა გიმნაზიის შენობა; ბათუმში – კათოლიკური ეკლესია; ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში.

იაკობ ზუბალაშვილი სკოლის პერიოდშივე შეჩვეული ყოფილა სამეცნიერო წიგნების კითხვასა და მეცნიერულ მსჯელობას. მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს სიძლიერისა და აყვავების საფუძველი განათლებული ქართველობა იქნებოდა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან და სისტემატურად ეხმარებოდა ფინანსურადაც. იაკობ ზუბალაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და იგი ხშირად ფინანსურად ეხმარებოდა საზოგადოების გამგეობას. იაკობი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო გამოცემულიყო „საქართველოს ენციკლოპედია“, რადგან ევროპაში ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი იციანო, მაგრამ ამ იდეის განხორციელებას ხელი ომმა შეუშალა.

1910-იან წლებში იაკობი ხელოვნების შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა და შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. სამწუხაროდ, იაკობ ზუბალაშვილს ოჯახი არ შეუქმნია. ცნობილია, რომ მას უყვარდა კეთილი საქმეების კეთება, მოწყალების უხვად გაცემა და არავის აძლევდა უფლებას მისი ქველმოქმედების შესახებ ზედმეტად ესაუბრა.

იაკობს, როგორც დიდად განათლებულსა და მრავალმხრივ ნიჭიერ ადამიანს, ერთნაირად იზიდავდა როგორც პრაქტიკულ-კომერციული საქმიანობა, ისე მწიგნობრობა, ხელოვნება და კულტურის სხვა სფეროებიც. განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა ხელოვნების ნიმუშების მიმართ. ამიტომაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გატაცებით აგროვებდა ფერწერულ ტილოებსა და სხვა იშვიათ ნივთებს. გადაწყვეტილი ჰქონდა მისი კოლექცია სამშობლოსთვის ეჩუქებინა. ამისთვის ანდერძიც შეუდგენია, პარიზში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ნოტარიულად დამოწმებული საბუთიც ჩაუბარებია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება შეუცვლია: დაუზუსტებელი ინფორმაციით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მოხუცი გაუძარცვავთ. პარიზის პოლიციამ მძარცველები დააკავა და ისინი ქართველები აღმოჩნდნენ. გულნატკენმა იაკობმა ექვთიმე თაყაიშვილს ანდერძი დაახევინა და თავისი ქონება და კოლექცია თავისივე სიცოცხლეში სრულიად უსასყიდლოდ გადაუცია ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებისთვის. მის უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები, ასევე, მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

პარიზის საზოგადოებას კარგად ესმოდა იაკობ ზუბალაშვილის კოლექციის უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ხელოვნების ისტორიისათვის. იაკობის გარდაცვალების შემდეგ ფრანგული პრესა წერდა: „ლუვრის მცირე დარბაზი, დეკორატიული ხელოვნებისა და სხვა მუზეუმები, გალერეები ფლობენ შედევრებს, რომლებითაც გაამდიდრა ისინი ბატონმა ზუბალოვმა, ამიტომ დროა შედგეს კატალოგი ზუბალოვის საჩუქრებისა, 581 ერთეულისა. ეს მთელი მუზეუმია. მან არ ისურვა გაეხსნა საკუთარი სახელობის დარბაზები და სხვა მეცენატთაგან განსხვავებით ეს გააკეთა მიზანმიმართულად, მეცნიერული ინტერესებიდან გამომდინარე იმ რწმენით, იმ სულისკვეთებით, რომ მუზეუმი მისთვის არის არა ნახატების კოლექციების უბრალო შესაკრებელი, მუზეუმი სასწავლო დაწესებულებაცაა“.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა ვერ შეძლო იაკობის ღვაწლის სათანადოდ დაფასება და როცა მას უკიდურესად გაუჭირდა და პარიზის მუზეუმის დირექციას სთხოვა, რომ უბრალო სამსახურში აეყვანათ, როგორც ნახატების ინვენტარიზატორი, ეს თხოვნა ვერ შეუსრულეს, 2 წლის შემდეგ კი, ერთჯერადად დაეხმარნენ ფულით და ამგვარად, მოიხსნეს თავიანთი პასუხისმგებლობა ჟაკ მიშელ ზუბალოვის მიმართ.

გამოყენებული მასალების წყარო: ჭიჭინაძე ზაქარია. ქველმოქმედნი ლევან, პეტრე, და იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები; ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან; სიორიძე ზაზა. ძმები ზუბალაშვილები – საქველმოქმედო საქმიანობით გამორჩეული ოჯახი; იაკობ ზუბალაშვილი // თხევადი მზის ქვეყანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი