საზოგადოება

რატომ აუკრძალა ივანე მაჩაბლის მეუღლემ აკაკი წერეთელს მასთან გაკარება

№12

ავტორი: ეკა პატარაია 14:00 31.03, 2021 წელი

ივანე მაჩაბელი
დაკოპირებულია

საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, საზოგადოებას კი დღემდე არა აქვს პასუხი კითხვაზე – სად გაუჩინარდა გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და შექსპირის უბადლო მთარგმნელის – ივანე მაჩაბლის კვალი? მისი ცხოვრებისა თუ გაუჩინარების გარშემო არაერთი საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ვერსია არსებობდა, რომელთა მიხედვით, მწერლის გაუჩინარება ბევრმა მის ავადმყოფობას დაუკავშირა, გარკვეულმა ნაწილმა – დუხობორებს, ნაწილმა – სიყვარულს, ერთ-ერთი ვერსიით კი – აკაკი წერეთლის სახელს... და მაინც, რას წერდნენ წლების მანძილზე მეცნიერები და მკვლევრები ივანე მაჩაბლის შესახებ.

ვერსიები იდუმალებით მოცული გაუჩინარების გარშემო

1898 წლის 26 ივნისს 44 წლის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი შინიდან გავიდა და მას შემდგომ, მისი კვალი სამუდამოდ გაუჩინარდა. ამის შესახებ, გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა: „გუშინწინ, 26 ივნისს, დილით ადრე, დაახლოებით, 4 საათზე, ივანე მაჩაბელი გამოვიდა თავისი სახლიდან და აღარსად ჩანს“. მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უკანასკნელად ნახეს მწერალი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ვერსიებს ყვებოდნენ. იმ დღეს მაჩაბელი პირველად საცხობის მუშას შეუნიშნავს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ივანე სახლის აივნიდან უცნობ, დაბალი ტანის მამაკაცს ესაუბრებოდა, რომლის წასვლის შემდგომ, თავადაც უმალ გავიდა სახლიდან და ქალაქის მიმართულებით გაეშურაო. იმავე ინფორმაციას ადასტურებდა მაჩაბლის მეზობელი მარიამ ცისკარიშვილიც. დილის ათი საათისთვის ივანე მაჩაბლის კვალს ერთდროულად – ოპერის თეატრთან და ვერის ხიდთანაც ასახელებდნენ. როგორც ბუკინისტი სოსიკო მერკვილაძე ჰყვებოდა, მას მაჩაბელი თავშიშველი, ნახევრად ჩაუცმელი და ძალზე აღშფოთებული დილის 5 საათისთვის, სადგურისაკენ მიმავალი უნახავს. 12 საათისთვის ქაშუეთის ტაძრისაკენ მიმავალიც დაულანდავთ, ორ საათზე ცრემლმორეული საკირის ბილიკს ასდევნებია თურმე. უკანასკნელად ავლაბრის ხიდზე ექიმ ალექსანდრე მიმინოვს შეუნიშნავს. მაინც, ამათგან რომელი ვერსია იყო სინამდვილესთან მიახლოებული, ამის გარკვევა ძნელია, მაგრამ ფაქტია, მას შემდეგ მაჩაბლის კვალი სამუდამოდ გაუჩინარდა. მოკლეს, თავი მოიკლა, დუხობორებს აედევნა თუ სამშობლოდან გადაიხვეწა? ალექსანდრე კალანდაძე წერდა: „მაინც რა უჭირდა მაჩაბელს, რამ აიძულა, საკუთარი საფლავიც კი არ დაეტოვებინა შთამომავლებისათვის?..“ გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, ტუბერკულოზით დაავადებულ ივანე მაჩაბელს მძიმე ოპერაცია გაუკეთეს და სამი ნეკნი ამოაჭრეს. იქნებ სწორედ მისი ავადმყოფობა გახდა მიზეზი მისი უკვალოდ გაუჩინარებისა? მაგრამ ამ დროისათვის იგი თითქმის გამოჯანმრთელებული იყო.

დუხობორების „ინკოგნიტო“ გამცილებელი

ერთ-ერთი ვერსია სამშობლოდან მის გადახვეწას დუხობორების სახელს უკავშირებს. ესენი ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც უარს აცხადებდნენ მეფის ჯარში სამსახურზე, რის გამოც, მათ იმპერატორისაგან ემიგრირების ოფიციალური ნებართვა მიიღეს, იმ პირობით, რომ ისინი იმპერიის საზღვრებს აღარ დაუბრუნდებოდნენ. დუხობორების გამგზავრების ორგანიზებას ლევ ტოლსტოი ახორციელებდა, რომლის მოსაზრებითაც დუხობორები აუცილებლად უცხო ენების მცოდნე პირს უნდა მიეცილებინა გემით კვიპროსამდე, ოღონდ – ინკოგნიტოდ. შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი ინკოგნიტო-გამცილებელი უცხო ენების უბადლო მცოდნე მაჩაბელიც აღმოჩენილიყო.

1898 წლის 7 აგვისტოს გემი „გურონი“, რომელზეც 1126 დუხობორი იყო, ბათუმიდან გავიდა, მანამდე, 13 ივლისს, ივანე მაჩაბლის ძმამ წერილი მიიღო, სადაც მინიშნებული იყო, რომ დაკარგულის კვალი საზღვარგარეთ უნდა ეძებნათ და არა – საქართველოში. სავარაუდოა, ამ წერილით გეზის არევაც ჰქონოდათ გეგმაში, რათა ხელი არ შეშლოდა დუხობორების გამგზავრებას. ვერსიას, თითქოს, ის ფაქტიც ამყარებს, რომ გაუჩინარების წინა დღეს ივანე მაჩაბელს ბანკიდან კუთვნილი თანხა – 2 000 მანეთი გამოუტანია, ამასთანავე, არქივში გემის გამცილებლის ვინაობაც არაა დაფიქსირებული.

ემიგრირებული დუხობორები კუნძულ კვიპროსზე ჩასვლისთანავე ციებ-ცხელებით დაავადებულან, რასაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუ მაჩაბელი სწორედ მათ ახლდა, ბუნებრივია, ის ამ დაავადებას ვერ გადაიტანდა, ვინაიდან ცოტა ხნით ადრე ტუბერკულოზით იყო ავად. შესაძლოა, მაჩაბლის უკანასკნელი კვალი კვიპროსში ყოფილიყო, თუმცა, არავითარი დოკუმენტური დასტური ამის შესახებ არ არსებობს, რადგან ომის დროს იმ ქალაქში არსებული ყველა საბუთი განადგურდა.

მონასტერში დამკვიდრების ვერსია

იქნებ მონასტერს შეეხიზნა? – ამ კითხვასაც თავისი ვერსია გაუჩნდა. მოსკოვის სასულიერო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი, ვინმე იოანე ბერმონაზონი, რომელიც ავადმყოფობის გამო აკადემიას ჰაერის გამოსაცვლელად ყირიმში გაუგზავნია, ერთ მეტად საგულისხმო ინფორმაციას გადასწყდომია. ყირიმის ეპისკოპოსს, დიმიტრის უთქვამს მისთვის, რომ ერთ-ერთ არქიმანდრიტს, სახელად – ვარნავას პეტრე-ქალაქში ყოფნის დროს მისთვის გაუნდვია, ქართველი თავადი ივანე მაჩაბელი ჩემს მონასტერში იმყოფებაო. ეს ამბავი იოანე ბერმონაზონს წერილობით შეუტყობინებია ქართული გაზეთისათვის, მაგრამ ვინაიდან ვარნავა ეპისკოპოსის მოძიება გაძნელებულა და ამასთანავე, ოჯახსა და კერძო პირსაც არ შეეძლო მასთან დაკავშირება, შორი მანძილისა თუ უსახსრობის გამო, ეს კვალიც დაიკარგა (წყარო: „გზა“). ასე რომ, მაჩაბლის მონასტერში დამკვიდრების ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიაც, მტკიცებულების გარეშე დარჩა.

უმისამართო სიყვარულის ისტორია

ბუნებრივია, როდესაც ამდენად გასაიდუმლოებული ფაქტი ჩნდება, იქ ყველა სახის ვერსიას მოიაზრებენ. ერთ-ერთი ასეთი ვერსია აკაკის სახელთანაც იყო დაკავშირებული, რომელიც ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ღამეს, სწორედ, მას სტუმრობდა.

უკანასკნელ საღამოს, როდესაც მაჩაბელი სახლში იმყოფებოდა, მას სტუმრად აკაკი წერეთელი სწვევია, რომელთანაც მასპინძელი გვიანობამდე თამაშობდა თურმე ნარდს, შემდეგ უვახშმოდ წასულა მოსასვენებლად. მოგვიანებით პოეტი იხსენებდა:

„იმერეთიდან რომ ჩამოვედი და ვნახე მაჩაბელი, ის კარგ გუნებაზე დამიხვდა და მომახარა, ახლა კი იმედია, რომ სრულიად გამოვჯანმრთელდი. ტკივილებს აღარ ვგრძნობ, თავისუფლად დავდივარ და კიდეც ვმუშაობო... დასასვენებლად აბასთუმანში ვაპირებ წასვლას, სახლის დასაქირავებლად გუშინ ბეც კი გავგზავნეო... გვიან ღამით, ოთხი საათი იყო სწორედ, რომ ძილში ხმაურმა და ცუდმა სიზმარმა გამომაღვიძა. რომ წამოვდექი, გულისძგერა მქონდა ავარდნილი. ჯერ დავაპირე მაჩაბელთან შესვლა, რადგან მალევე გადამიარა, დავრჩი ოთახშივე და ექვსის ნახევრამდე აღარ დამძინებია”.

დილით, რვა საათზე აკაკი ივანეს ოთახში შესულა და...

„ის აღარსად იყო, ქვეშაგები მინგრეულ-მონგრეული დამხვდა... კნეინამ სტოლზე დატოვებული რომ ნახა საათი, ძეწკვი და ოქროს ღილები, მაშინ თითქმის შეიცხადა...“

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გაცხადდა, რომ წლების განმავლობაში (მანამდეც, ვიდრე მაჩაბელი ანასტასიას შეირთავდა) აკაკი უგონოდ იყო შეყვარებული მაჩაბლის მეუღლე ანასტასია ბაგრატიონზე. პოეტი მთელი ოცი წლის განმავლობაში მალავდა ამ სიყვარულს. მეგობრის გაუჩინარებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ აკაკიმ ვეღარ დამალა გრძნობა და ანასტასიას სიყვარულში გამოუტყდა. „გინდ დამახრჩვე, გინდა დამწვი, გინდ ამკეპე ასო-ასო, თუ არ ცხადად, ძილში მაინც, წამომცდება „ტასო! ტასო!“ საპასუხოდ პოეტმა მწვავე რეაქცია მიიღო. მაჩაბლის მეუღლემ მოსთხოვა წერეთელს, რომ მის სიახლოვესაც კი არსად გამოჩენილიყო.

„ერთი გზის მეტი აღარ დამრჩენია და ის გზა საშინელია. ძალიან გააფთრებული ვარ ჩემს თავზე. ყმაწვილი რომ ვიყო, თავს მოვიკლავდი, მაგრამ ბებერი ვარ და რაღა საჩქაროა? ისედაც ველი სიკვდილს...“ ალბათ, სწორედ, ამ სიყვარულის მიზეზით, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაჩაბლის გაუჩინარება აკაკის სახელს დაუკავშირა, რასაც ტრაგიკულად განიცდიდა პოეტი.

მაჩაბლის უიღბლო სიყვარული – მაკო საფაროვა

პირველი გრძნობა მას თორმეტი წლის ასაკში სწვევია. გიმნაზიის მოსწავლე უგონოდ ეტრფოდა, თურმე, სილამაზით განთქმულ მოცეკვავე ქალს – დარია ბეგთაბეგიშვილს, რომლის მომხიბვლელობასაც თვით იმპერატორი ალექსანდრე მეორეც აღფრთოვანებაში მოუყვანია. ბუნებრივია, მაჩაბლის ეს გრძნობა უპასუხოდ დარჩებოდა. შემდგომში უკვე ჭაბუკი ვანო შეყვარებული იყო თეატრის ახალგაბრწყინებულ ვარსკვლავზე, მაკო საფაროვაზე, რომელთან შეუღლების მცდელობა ორჯერვე კრახით დასრულებულა. მაჩაბლის გაუჩინარების შემდგომ მაკომ, დაახლოებით, ოთხი ათეული წელი იცოცხლა. დაკარგვის წინა დღესაც მწერალი მაკო საფაროვას შეხვედრია, რომელიც თურმე, მის სახლთან ახლოს ცხოვრობდა და დაჰპირებია, რომ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ აუცილებლად თარგმნიდა და ამ თარგმანს სწორედ მას მიუძღვნიდა. სამწუხაროდ, მეორე დღეს მაჩაბელი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. რამდენიმე წლის შემდგომ კი, მწერლის მეუღლემ მაკო საფაროვას იუბილეზე ის „სამახსოვრო მაგიდა“ უძღვნა საჩუქრად (24-კაციანი ინგლისური სერვიზით), რომელზეც მაჩაბელი და საფაროვა შექსპირის თარგმანებს აჯერებდნენ. შესაძლოა, ამ სიყვარულის ამბავი ანასტასიასთვისაც იყო ცნობილი.

ივანე მაჩაბლის სახელს ლიზა ქართველიშვილსაც უკავშირებენ, რომელსაც როგორც ირკვევა, მაჩაბლისგან ვაჟიც კი შესძენია. 1890 წელს დედისეული გვარით ყრმა შალვა ქართველიშვილი დაბადებულა, თუმცა, სწორედ, იმ დღეს, მამამისი ანასტასია ბაგრატიონზე ქორწინდებოდა. ლიზა ქართველიშვილმა საუკეთესო განათლება მისცა ვაჟს. სწორედ, შალვა იყო ცნობილი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ხატვის მასწავლებელი, რომელიც თავის მხრივ, საოცრად აიდეალებდა პედაგოგს.

1909 წელს შალვა ქართველიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხულა. ამ პროფესიის არჩევას, როგორც აღნიშნავენ, წინაპირობად უძღოდა ის ფაქტი, რომ იგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული ყოფილა ივანე მაჩაბლის გაუჩინარებული კვალის ძიებით და ილიასა და ნიკო ხიზანიშვილის მკვლელობების დეტალებში გარკვევით. ცნობილია, რომ მან მრავალ საინტერესო მასალასაც მიაკვლია, თუმცა 1937 წელს ეს მასალები გაუჩინარდა. დააპატიმრეს შალვა ქართველიშვილიც, რომელიც 1938 წელს სასტიკად ნაწამები ციხეში ისე გარდაიცვალა, რომ მისი საფლავიც კი არ არსებობს, ისევე – როგორც ივანე მაჩაბლის. რატომ ჩამოიშორეს გზიდან შალვა ქართველიშვილი და რა „საშიშ“ ინფორმაციებს ფლობდა იგი, ეს საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა.

მაჩაბლის ერთგული თანამეცხედრე და უარყოფილი პოეტი

ანასტასია ბაგრატიონი ივანე მაჩაბელმა ნიკო დიასამიძის ოჯახში გაიცნო, რომელთანაც მწერალმა მალევე დაიწერა ჯვარი. ტასო არა მარტო მეუღლე, არამედ უახლოესი მეგობარიც ყოფილა თანამეცხედრესი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა იგი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ამ სიყვარულის ერთგული დარჩა. აკაკის წერილებიდანაც ჩანს, რომ ტასომ სასტიკად უარყო მისი გრძნობა. „ოცი წლის განმავლობაში მე შემიყვარა... ისეთის აღტაცებით და აღფრთოვანებით, როგორაც შესაძლოა მხოლოდ რჩეულთათვის. შენ იყავ ჩემი ზეჩამაგონებელი. ჩემი აღმგზებელი პოეზიაცა და სიცოცხლეც, როგორც წმინდა ლოცვა... ეს წერილიც ჩემი სულის და ხორცის გაყრაა. თურმე, ჩემი „არამკითხე“ მისწრაფებებით სასაცილო ვყოფილვარ და თანაგრძნობის ნაცვლად გულგრილობა გამომიწვევია თქვენის მხრით? მაპატივეთ დღეიდან მკვდარს და მკვდრადაც მიგულეთ, რომ ჩემმა სახსენებელმაც კი ჩრდილი არ მიაყენოს თქვენს ნათელმოსილ ნეტარებას. მშვიდობით სამარადისოდ. აკაკი“.

საუკუნის შემდგომ მიჩენილი საფლავი

ივანე მაჩაბლის სახელი თავისი ცხოვრებითა და გაუჩინარებით მრავალ იდუმალებას მოიცავს. წარმოდგენილი ვერსიებიდან, რომელია რეალობასთან ახლოს, ამის გარკვევა საუკუნის შემდგომ ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი შესანიშნავი პუბლიცისტი, მეცხრამეტე საუკუნის დიდი საზოგადო მოღვაწე და შექსპირის უბადლოდ მთარგმნელის სახელით შემორჩა საზოგადოების ცნობიერებას. ასევე ფაქტია ისიც, რომ გაუჩინარებიდან ასი წლისთავზე მაჩაბლის ქალიშვილის, ელენესაგან რუდუნებით შემონახული მამის სამი ნეკნი, რომელიც ოპერაციის დროს ამოჰკვეთეს, ქართველმა ხალხმა დიდი პატივით მთაწმინდას მიაბარა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი