საზოგადოება

რატომ არის დაკო ნათელაშვილი ოჯახში შავი ცხვარი და რის გამო უწყობდნენ ის და მისი ძმა აქციებს მამას

№21

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 29.05, 2023 წელი

დაკო ნათელაშვილი
დაკოპირებულია

დაკო ნათელაშვილი შალვა ნათელაშვილის შვილი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა, საკუთარ სათქმელს ხელოვნების ენით უკეთ ამბობს, განსაკუთრებით უყვარს ბუნება და ყველაზე ბედნიერად სწორედ ის დრო ახსენდება, როცა მასთან სიახლოვით იყო განებივრებული.

დაკო ნათელაშვილი: მე და ჩემი ძმა სოფელში ვიზრდებოდით. ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი გაჭირვება ჩვენც გვეხებოდა, ყველაფერი საოცრად კარგად მახსენდება. ცხოველების გარემოცვაში, ტყის პირას ვცხოვრობდით, ბუნებასთან ძალიან მჭიდრო კავშირში და ჩვენზე ყველა განსაკუთრებული სიყვარულით ზრუნავდა.

– როგორია მოგონებები იმ დროიდან?

– იმ წლებში ბრაკონიერობა იყო გავრცელებული და მახსოვს, ერთხელ, მგლის ლეკვი გამოსტაცა მონადირეს ბებიაჩემმა ხელიდან, მგელი, რომელსაც დედა მოუკლეს. რაღაც პერიოდი უამრავი ცხოველი გვყავდა შინ. ვზრდიდით და მერე ან ბუნებაში ვუშვებდით, ან ზოოპარკში მიგყავდა.

– ცხოველების მიმართ შიში არ გქონდათ?

– არა. დედამიწაზე ყველას თანაბარი არსებობის უფლება გვაქვს. მხოლოდ ადამიანებისთვის არავის მოუცია ეს სამყარო და ჩვენ არ უნდა შევიჭრათ ცხოველების გარემოში. თუმცა, სამწუხაროდ, შეჭრილები ვართ. მე ვიცავ მათ გარემოს და მათთან დისტანციასაც. არ მეშინია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მგელი დავინახო და პირდაპირ მივიდე მასთან მოსაფერებლად, ეს დიდი სისულელეა. შეძლებისდაგვარად ვზრუნავ ცხოველებზე მთელ ჩემს ოჯახთან ერთად.

– თუმცა გველი მოგიკლავთ, ჭია გგონებიათ.

– კი, მაშინ პატარა ვიყავი და საერთოდ არ ვიცოდი, მოკვლის ფენომენი რას ნიშნავდა. მიწას ვჩიჩქნიდი ხოლმე, ჭიები ამომყავდა და რატომღაც ვჭამდი. ახლა ისე ძალიან არ მიყვარს ჭიები (იცინის). ეს გველიც ჭია მეგონა და თუ სწორად მახსოვს, მოვკალი. ეს ჩემთვის გრანდიოზული ნანადირევი იყო, ანუ ძალიან გრძელი ჭია. გადავწყვიტე ჩემი ნადავლი მამაჩემისთვის მიმეტანა საჩუქრად. ველოდები შექებას, ოვაციებს და უცებ, მთელი ოჯახი დაიფანტა. ზოგი სად გარბოდა, ზოგი სად. ვინც პირველი მოვიდა გონს, ცოცხით მომიახლოვდა და ხელზე მირტყამდა, რომ გველისთვის გამეშვა. თუმცა ის უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, მკვდარი ვიპოვე თუ მე მოვკალი. ყოველ შემთხვევაში, მოვკლავდი, არც ეგ გამიჭირდებოდა, მაგრამ, რომ გავიზარდე და სიკვდილის ფენომენი გავიაზრე, ყველაფერი შეიცვალა.

– პროფესია როგორ აირჩიეთ?

– იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაინტერესებდა, რა იყო თავისუფლება, სიკვდილი, საერთოდ, რა აზრი ჰქონდა ჩვენს ცხოვრებას და ასე შემდეგ, ჩავაბარე ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მეგონა, ჩემს შეკითხვებზე პასუხებს მივიღებდი. თუმცა, თავი გამოვიტენე სხვადასხვა ფილოსოფოსის ნააზრევით, რომელთაგანაც ობიექტური ჭეშმარიტება არცერთი არ იყო. მივხვდი, რომ ჩემი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. უფრო სწორად, მათ პასუხი არ გააჩნიათ, მათზე ყველა თავისებურ პასუხს სცემს, ეს მარადიული შეკითხვებია, რომელთა პასუხიც უნდა ეძიო, მაგრამ არა სხვებში, არამედ საკუთარ თავში. შემდეგ გადავწყვიტე, ზუსტ მეცნიერებას დავუფლებოდი და ბუნებრივი რესურსები შევისწავლე. ჩემს სამაგისტრო ნაშრომში თბილისში ჰაერის დაბინძურებას ვიკვლევდი.

– ამ პროფესიით როგორ შეძელით საკუთარი თავის რეალიზება?

– ვერ მოვახერხე საკუთარი პოტენციალის რეალიზება. მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, მდგომარეობა უკეთესობისკენ შემეცვალა, არ გამომივიდა. რაც კი „სივი“ შევიტანე შესაბამის სამსახურებში, უპასუხოდ დამიტოვეს ან უარი მივიღე. ასე რომ, ამ პროფესიით ვერ ვრეალიზდი, სხვა საქმით – კი. ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს ანაზღაურებადი სამსახური და ასევე, საქმე, რომლითაც დაკავებულია, მაგრამ ის მისთვის შემოსავლის წყარო არ იყოს. ამჟამად ტოეფელის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის ვამზადებ მოსწავლეებს. იმავდროულად, ვხატავ, ვაქანდაკებ.

– თვითნასწავლი ხართ?

– ჩემი ოჯახი სავსეა იურისტებით. მე ვარ შავი ცხვარი ოჯახში, ჩემი ინტერესების მიხედვით, კალაპოტიდან ვარ ამოვარდნილი (იცინის). მადლიერი ვარ ამის გამო. ახლა წინ სისხლის სამართალი რომ დამიდოთ და მისი სწავლა მომთხოვოთ, ალბათ, ფანჯრიდან გადავხტები (იცინის). აქედან გამომდინარე, ეს ინტერესი ოჯახის გავლენით არ გამჩენია, თუმცა, ჩემი ოჯახი ყოველთვის ხელოვნების მეხოტბე იყო. დღეს უკვე დედაც წერს და აქტიურია შემოქმედებითი თვალსაზრისით. მე სულ ვხატავდი, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩემი ნახატები უმრავლესობას არ მოსწონდა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. მაგალითად, მამაჩემი აქტიური მწეველი იყო. დღეში ორ შეკვრა სიგარეტს ეწეოდა. მე და ჩემი ძმა აქციებს ვუწყობდით ხოლმე საღამოობით. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, შინ პლაკატებით ვხვდებოდით, წარწერებით – „მოწევა კლავს!“. ეს ძალიან მქონდა ჩახვეული და ვხატავდი სიგარეტიან ძაღლებს, სიგარეტიან სიძე-პატარძალს და ასე შემდეგ. ჩემმა ხატვის მასწავლებელმა ეს რომ ნახა, დაიბარა ჩემი მშობლები სკოლაში და დედაჩემს უთხრა: ბავშვი ფსიქოლოგთან მიიყვანეთო (იცინის). ისეთ რამეებს ვხატავდი, რაც უცხო ადამიანისთვის საკმაოდ რთულად გასაგები იყო.

– პირველი სიყვარული გავიხსენოთ – თურმე, სცემდით ბიჭს, რომელიც გიყვარდათ.

– ის ბიჭი არ იყო ჩემი შეყვარებული, ეს ბავშვური გატაცება იყო. ძალიან ლამაზი იყო და მიყვარდა მისი ყურება. ეს ხელოვანებს გვახასიათებს, მივაშტერდებით ხოლმე ადამიანებს, რადგან ნატურად აღვიქვამთ, თუმცა ამას 13-14 წლის ბავშვს ვერ გააგებინებ. მეგობრობის დღიურები იყო მაშინ პოპულარული და მასში, კითხვაზე – ვინ გიყვარს, ყველაზე მეტად, პასუხად ამ ბიჭის სახელი მივუთითე. კითხვაზე, ვინ გძულს, ყველაზე მეტად – ისევ ამ ბიჭის სახელი. მძულდა იმიტომ, რომ მას არ მოვწონდი. ამ დღიურმა მოიარა მთელი კლასი, პარალელური კლასი და ყველამ ყველაფერი გაიგო. ამ ბიჭის ყურამდეც მივიდა ეს ამბავი და ამის შემდეგ სულ მეხუმრებოდა ხოლმე. მერე ძალიან ხშირად ვჩხუბობდით და ერთმანეთს ძალიან მაგრად ვუბრაგუნებდით (იცინის). ერთხელ დირექტორთანაც შემიყვანეს და მან მითხრა, ბიჭების ცემა არ შეიძლებაო. ბიჭები რომ გოგოებს სცემენ ეგ შეიძლება? თურმე, ხელი არ უნდა მიუბრუნო. მე ეგეთი გოგო არ ვარ. ცოტა ალქაჯი ვიყავი. ის ბიჭი თვითონაც არ აკლებდა, შეიძლებოდა, ვიღაცისთვის ჩანთა ესროლა, მაგრამ იმ დღეს ზედმეტად ვცემე და საყვედური ამიტომ მითხრეს (იცინის). საერთოდ, უსამართლოდ ხელი არავისზე ამიწევია და სკოლის შემდეგ მსგავსად აღარც მოვქცეულვარ.

– ვისაუბროთ ოჯახზეც, რას ნიშნავს თქვენთვის ბატონი შალვას შვილობა?

– ზოგადად, შვილობა დიდი პასუხისმგებლობაა. პოლიტიკოსის ოჯახი კიდევ უფრო სპეციფიკური ფენომენია. მე ვამაყობ მამაჩემით და მისი ღვაწლით ქვეყნის წინაშე. როდესაც ხელში ბერკეტი ჰქონდა, ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ. უფასო სასწრაფო, იარაღის ტარების აკრძალვა, უფასო საშუალო განათლება, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება – ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებაშიც მან დიდი წვლილი შეიტანა. დედა მწერალი, ეკონომისტი და იურისტია – ბევრი ინტერესი აქვს. ძალიან ბავშვური, თბილი, ქალური ადამიანია და ძალიან ბევრს უყვარს. ეხუმრებიან ხოლმე, არჩევნებში რომ მონაწილეობდე, შენ მოგცემდით ხმასო. ჩემი ძმაც იურისტია, დუშეთის საკრებულოშია, დეპუტატია.

– როგორი მამაა შალვა ნათელაშვილი?

– ძალიან ბუნჩულა და საყვარელი მამაა. ზედმეტად ხმას არ აუწევს. შენიშვნასაც კი ძალიან მოსიყვარულე ტონით გვეუბნებოდა. დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს განათლებაში. ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული. ათასობით ლექსი ახსოვს ზეპირად. მთელი დღე ოფისში იყო და მხოლოდ საღამოობით ვხედავდით ხოლმე და ამ დროს გვკითხავდა ამა თუ ნაწარმოებზე – თუ გაქვთ წაკითხულიო და მე და ჩემი ძმა თუ პირს დავაღებდით, მკაცრად გვეტყოდა, ეს უნდა წაიკითხოთო. ერთხელ ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ნაწარმოები არ გვქონდა წაკითხული და ისე შემრცხვა მამასთან, ავდექი და ილია ჭავჭავაძეს რაც კი ჰქონდა დაწერილი, აბსოლუტურად ყველაფერი წავიკითხე. ამ მიდგომამ კარგი შედეგი გამოიღო, მე ასე ვფიქრობ და საერთოდ, მიხარია, რომ მისნაირი მამა მყავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი