საზოგადოება

რატომ არ „მიიღეს“ საქართველოში საქვეყნოდ აღიარებული ქართველი მომღერალი და რას წერდა მასზე მსოფლიო პრესა

№22

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 08.06, 2021 წელი

მიხეილ ნანობაშვილი
დაკოპირებულია

მიხეილ ნანობაშვილი თელავში დაიბადა. მამამისი – იროდიონ ნანობაშვილი, ამიერკავკასიის რკინიგზის მღვდელი, არაჩვეულებრივი ხმით იყო ცნობილი და ახალგაზრდობაში ეგზარქოსის გუნდში მღეროდა. მემკვიდრეობით მიღებული ნიჭი მიხეილმა კიდევ უფრო დიდებული გახადა. ის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მშობლებმა განათლების მისაღებად პეტერბურგში გაგზავნეს. დედ-მამის ხათრით, უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩააბარა, პარალელურად კი, კონსერვატორიაში მოსინჯა ძალები. მისმა ნიჭმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მიხეილი სახელმწიფოს ხარჯზე მიიღეს თავისუფალ მსმენელად. უნივერსიტეტს მესამე კურსიდან დაემშვიდობა და თავი მთლიანად სიმღერას მიუძღვნა.

მიხეილი პეტერბურგის მარია საიმპერატორო თეატრის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მომღერლების კონკურსში მონაწილეობდა და მუსიკის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

კონკურსის შემდეგ პრესაში აღნიშნავდნენ:

„დიდი ყურადღების ღირსია ტენორი ნანობაშვილი... მართალია, ჯერ ნაკლებად იცის სიმღერა, მაგრამ სულ რაღაც 19 ან 20 წლის ახალგაზრდა კაცია და უმჯობესიც იქნება, რომ ერთი წელიწადი მოიცადოს და სიმღერას მოანდომოს. ხმა კი თანაზომიერი, ძლიერი და მშვენიერი აქვს. „ჟიდკოვას“ ოპერიდან ელიაზარის რთული არია თავისუფლად, თითქმის ხუმრობით შეასრულა. ძალიან სამწუხაროა, თუ ეს მშვენიერი ხმა არმცოდნე კაცის ხელში ჩავარდება და დაიღუპება“.

პროფესორმა ჯირალდონმა მიხეილი იტალიაში წაიყვანა და მილანში თავის ვაჟიშვილს, ცნობილ ბარიტონს ევგენი ჯირალდონს წარუდგინა. მან მეცადინეობა გააგრძელებინა საუკეთესო მუსიკოსების ხელმძღვანელობით. იტალიური სკოლის გავლენა მიხეილ ნანობაშვილის ნამღერს მალე დაეტყო. ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ის, რაღაც პერიოდი, დიდი წარმატებით მღეროდა მილანის კერძო თეატრში. ასეთი დიაპაზონის მომღერალი მაშინ ძნელი საპოვნელი იყო. რამდენიმე წელიწადში უკვე პარიზში ცხოვრობდა, სადაც კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებებს ეცნობოდა.

მალე მიხეილმა გაიცნო და თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშირა ფრანგ პიანისტ ჟანეტ კენის, რომელთან ერთადაც პროვინციებში მოგზაურობდა და კონცერტებს მართავდა. ფონტებლოში წარმატებული გამოსვლის შემდეგ საკურორტო ქალაქ მონტე-კარლოში მიიწვიეს. გასტროლები ორ თვეს გაგრძელდა და მომღერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მონტე-კარლოს წარმატება გაამყარა სანტ-ეტიენის ერთთვიანმა გასტროლებმა, რამაც მას გზა გაუხსნა პარიზის გრანდ-ოპერისკენ.

1908 წლიდან მიხეილ ნანობაშვილი (მიშელ დარიალი) პარიზის „გრანდ ოპერის“ მომღერალი იყო და გასტროლებზეც ხშირად დადიოდა. წარმატება ყველგან თან სდევდა და დიდი აღიარებაც მოიპვა, მაგრამ მატერიალურად მაინც უჭირდათ და სულ სამუშაოს ეძებდნენ. საქართველოშიც ცდილობდა ადგილის შოვნას.

1910 წელს იწერებოდა:

„ძვირფასო დედიკო, დღეს ალჟირიდან პარიზში მივდივართ. მოიწერეთ, თუ მანდ ისევ ფალიაშვილია დირიჟორათ და თუ რამე მოხერხდება, რომ წამოვიდე ერთი თვის ან სამი კვირის მერე“.

მაგრამ თბილისიდანაც უნუგეშო ამბავი მიიღო, ფალიაშვილი წერდა: „ალაგები სულ დაჭერილი გვაქვს და ვერას მოგცემთ“.

მომდევნო წელს მაინც ჩამოვიდა სამშობლოში და კონცერტები გამართა. მისმა გამოსვლებმა ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, ხალხი აღტაცებითა და მქუხარე ტაშით ხვდებოდა. იმდროინდელ გაზეთებში მრავლადაა რეცენზიები მიხეილ ნანობაშვილის გამოსვლებზე. წერდნენ:

„ჩვენი თანამემამულე უკვე გამოვიდა სახაზინო თეატრში რაულისა და ფაუსტის როლში და თბილისელ მაყურებელთა სიმპათიების მოპოვება მოასწრო. არტისტს მოუწყვეს მქუხარე ოვაციები“. ასევე: „ნიჭიერი მომღერლის სახელი აქვს დამსახურებული მას პარიზში, ბუქარესტში, სტამბოლში, პეტერბურგში, მონტე-კარლოში, ნიცაში, სადაც ხშირად უმღერია. სიმპათიური მომღერალი გაზაფხულზე მიემგზავრება ხელახლა პარიზში...“

1911-1912 წლებში მიხეილ ნანობაშვილი ამერიკაში მიიწვიეს და რამდენიმე ქალაქში გამოვიდა. შემდეგ დაიწყო ისევ გაუთავებელი გასტროლები – მოსკოვი, ნიცა, პირინეის მთებში ქალაქი ლუსენი, ამერიკა, პარიზი, იტალია, თურქეთი, ესპანეთი და სხვა. ყველგან დიდი წარმატებით გამოდიოდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. წლების შემდეგ თბილისში იმ იმედით ჩამოვიდა, რომ სამშობლოში განაგრძობდა მოღვაწეობას. არაერთი ოპერა შეასრულა და ოვაციებიც დაიმსახურა.

შთაბეჭდილებას მისი გამოსვლის შესახებ კარგად გადმოგვცემს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“:

„ნანობაშვილის რაული „ჰუგენოტებში“ რაღაც არაჩვეულებრივი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რაული დიდი ხანია, არ უნახავს თბილისის საზოგადოებას. ეს ოპერა ისეთი ძნელი სასიმღერო და სათამაშოა, რომ მომეტებული ნაწილი მსახიობებისა ან სტოვებს, ან კრინით ამბობს იმ ადგილებს ოპერისას, სადაც საჭიროა ხმის სიმაღლე და სიძლიერე. ნანობაშვილმა უმთავრესი ყურადღება ამ ადგილებს მიაქცია. მან ისეთი ძლიერი ხმა გამოაჩინა, რომელსაც არ ელოდა და რომელმაც განცვიფრებაში მოიყვანა დამსწრე საზოგადოება“.

იმედებით იყო სავსე. ეგონა, რომ მეფის რუსეთის საქართველოში თუ ვერ დამკვიდრდა, დამოუკიდებელ საქართველოში მაინც მისცემდნენ ადგილს და შეიკედლებდნენ. მეუღლისა და ქალ-ვაჟის გადმოყვანაც ეჩქარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი იმედები არ გამართლდა. მიშელ დარიალმა საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოში, საერთო ენა ვერ გამონახა ოპერის თეატრის ადმინისტრაციასთან და კვლავ უცხოეთს მიაშურა. „გრანდ-ოპერის“ გარდა პარიზის „კომედი ფრანსეზში“ მღეროდა, მონაწილეობდა ქართული სათვისტომოს კულტურულ ღონისძიებებში, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ მუსიკას. იგი ბოლომდე სამშობლოს პატრიოტად დარჩა.

ცნობილია ერთი ფაქტი მიხეილ ნანობაშვილის ბიოგრაფიიდან: 1921 წელს, პარიზში ერთ-ერთ კონცერტზე უნდა ემღერა, წარმოდგენას საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის ნარკომი, ლეონიდ კრასინი ესწრებოდა. ნანობაშვილი გავიდა სცენაზე და თქვა: დღეს აქ იმყოფება იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც სისხლში ჩაახშო საქართველოს თავისუფლება, ამიტომ სანამ ის დარბაზშია, მე არიას არ ვიმღერებო! მოხდა ისე, რომ დარბაზმა სტვენით გააძევა რუსეთის წარმომადგენელი.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. სფიჩი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი