საზოგადოება

რატომ არ გადიოდა შვიდი წელი რუსთაველზე მარინა ჯანაშია და როგორ დაბრუნდა ის რუსთაველის თეატრში

№23

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 14.06, 2021 წელი

მარინა ჯანაშია
დაკოპირებულია

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მარინა ჯანაშია ზეციური საქართველოს ნაღებ თეატრალურ და კინოსაზოგადოებას შეუერთდა. თუმცა ის დარჩა ეკრანზე, ფოტოალბომებში, დღიურებში, არქივებში, ჩვენს გულებში და დატოვა ყველაზე ძვირფასი – კარგი ადამიანის სახელი და ესაა ბედნიერება, მას, პირველ რიგში, ჰქონდა ხალხის დაფასება და დიდი სიყვარული. ახლა, სწორედ, თვითონ მოგიყვებათ საკუთარ ცხოვრებაზე.

ჩემი სახლი

„...ჩემი ციხესიმაგრეა და ბევრი საუბარი მასზე არ მიყვარს. ის კი არა, ყველას უკვირს, სახლში რატომ არ მაქვს გამოფენილი ჩემი ფოტოები, აფიშები, პროგრამები, როგორც უნდა იყოს ჩვეულებრივი მსახიობის ოჯახში და, იცით, რატომ? როდესაც ვხედავ საკუთარ ფოტოს ან აფიშას, ვიწყებ ფიქრს იმ სპექტაკლზე თუ ფილმზე, რა ვარგოდა, რა არ ვარგოდა, მაშინ როგორ ვითამაშე და ახლა როგორ ვითამაშებდი…

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ მე უნდა ვიყო ჩემს სახლში, მე აქ უნდა ვიცხოვრო, მე უნდა ვიყო მეუღლე, მე უნდა ვიყო დედა, ბებია, მეგობარი და ადამიანი პროფესიის გარეშე, რომელიც იქ იძინებს და იღვიძებს. ახლა უკვე ყველაზე დიდი დრო ჩემს ცხოვრებაში ოჯახს ეკუთვნის. ეკუთვნის, მაგრამ როდესაც დამწყები მსახიობი ვიყავი, ვფიქრობდი, ვინმემ რომ მითხრას, არჩევანი გააკეთე – პროფესია თუ… პროფესიას ავირჩევ-მეთქი. მერე უკვე, გარკვეული დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ამას მალაპარაკებდა ჯერ კიდევ არშემდგარი რაღაც, რადგან შემდეგ ხდება რაღაც-რაღაცების გადაფასება. შენ აღარ ხარ ისე დაკავებული, დატვირთული – ასეთი მომენტი ყველას ცხოვრებაში დგება და ამ დროს საკუთარ თავს ეკითხები, ეს ადამიანები ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება? ახლა, ძირითადად, სამნი ვართ, რადგან უფროს ვაჟებს თავ-თავიანთი ოჯახები აქვთ და ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ჩემთან და თემოსთან, ჩვენი უმცროსი შვილი, თემიკო ცხოვრობს.

ჩვენი ბინა არის ერთ სანათესავო სახლში და ოჯახის წევრები მარტო არასოდეს ვართ, დავბორიალებთ მთელი სამი სართულის ნათესავები ერთმანეთში, მაგრამ ძირითადი თავშეყრა მაინც ჩვენთან ხდება. სულ მიხდება სამზარეულოში ტრიალი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე დიდად არ მხიბლავს. მაინც ჩემი გასაკეთებელია და ვერსად გავექცევი. არ ვზარმაცობ, თორემ ვერც სადილი გამომივა გემრიელი და არც სახლი იქნება ყოველთვის წესრიგში...

ბედისწერა

აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის პირველ ექსპერიმენტულ ჯგუფში და პირველივე კურსზე ბატონმა მიშამ ჩამომიყვანა რუსთაველის თეატრში, სადაც აკეთებდა ჟან ანუის „ანტიგონეს“. მასში ანტიგონეს ჩემი კერპი, ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე თამაშობდა, ხოლო კრეონს – ბუმბერაზი მსახიობი სერგო ზაქარიაძე. მე უცებ აღმოვჩნდი მათი პარტნიორი. წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის?!

ამის შემდეგ უკვე მესამე კურსზე ვიყავი, როცა რუსთაველის თეატრის სახელგანთქმულ დასთან ერთად გასტროლებზე წამიყვანეს გერმანია-პოლონეთში და ქართული თეატრის საოცარი წარმატების მომსწრე გავხდი. აქედან დაიწყო ბედნიერი სვლა რუსთაველის თეატრში, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი მეორე პედაგოგი, თემურ ჩხეიძე, თუმანიშვილის, ასე ვთქვათ, ასისტენტი, დანიშნეს მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად და იქ გადასვლა შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მეთმობოდა „რუსთაველი“, უარი მაინც ვერ ვთქვი, რადგან მასთან მქონდა ჩემი ბევრი საყვარელი როლი ნათამაშები, მისი გამოზრდილი ვიყავი და დავთანხმდი. იმ პერიოდში რუსთაველის თეატრი პროფკავშირების შენობაში იყო, რადგან თეატრში რემონტი მიმდინარეობდა და ჩემზე იმდენად მოქმედებდა, თუნდაც, ამ შენობის დანახვა, მე მთელი 7 წლის განმავლობაში რუსთაველზე არ გამივლია, მარჯანიშვილში ნამდვილად მქონდა დიდი სითბო და დაფასებაც, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი ადრე თუ გვიან თავის სახლში უნდა დაბრუნდეს და, აი, მეც დავბრუნდი ჩემს უსაყვარლეს სახლში, ანუ რუსთაველის თეატრში, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა რობიკო სტურუას, რადგან არ დამჭირვებია ზედმეტად ახსნა-განმარტება, რატომ ვბრუნდებოდი, მან ძალიან კარგად იცოდა ეს.

მე შენ მიყვარხარ

ტელევიზიაში დაიდგა სამსერიანი სპექტაკლი „მე შენ მიყვარხარ“, სადაც ჩემს გმირს ერქვა თეა. სპექტაკლი დადგა რეჟისორმა კახა კახაბრიშვილმა, რომელიც ჩემი კურსელი იყო, ხოლო იმ პერიოდში სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიშა თუმანიშვილი გახლდათ. მე დამწყები მსახიობი ვიყავი. გავიდა პირველი სერია და მეორე დილით უკვე მარინა ჯანაშია ვიყავი! ქუჩაში არტიკულაციით ვხვდებოდი, რომ გამვლელები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ, ანიშნებდნენ ჩემზე. იმ დროს ახალგაზრდები არ იყვნენ ასეთი თამამები, როგორებიც ახლა არიან, რომ მოსულიყვნენ და ავტოგრაფი ეთხოვათ ან ქათინაური ეთქვათ. მაშინ მივხვდი, რომ მე გავხდი მარინა ჯანაშია! ზუსტად ერთ ღამეში გავხდი პოპულარული, სწორედ, იმ პერიოდში ვიღებდი უამრავ წერილს, სადაც სასიყვარულო ბარათებთან ერთად მატყობინებდნენ, რომ მათ შეეძინათ ქალიშვილი და თეა დაარქვეს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ბევრი თეა და ეს მეამაყება.

თეთრი კურდღელი

თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლ „თეთრ კურდღელში“ ნათამაშები როლი არასდროს დამავიწყდება. პარტნიორობას მიწევდა ედიშერ მაღალაშვილი. რატომღაც ეს ფირი თითქმის 1 წელი შემოდეს თაროზე და არ უშვებდნენ, მაგრამ მოულოდნელად, ისე, რომ არ ველოდებოდი, ერთ საღამოს გავიდა ეკრანზე და ეს იყო მოულოდნელობის შოკი. მახსოვს, იმ საღამოს ღამის ოთხ საათამდე არ შეწყვეტილა სატელეფონო ზარები. მირეკავდნენ ისეთი ცნობილი

ადამიანები, რომლებსაც მე უშუალოდ არ ვიცნობდი. ეს შოკისმომგვრელი იყო, ოღონდ დადებითად. საზოგადოებამ ამ როლს უმაღლესი შეფასება მისცა, რის გამოც ბედნიერი ვარ. აი, ზუსტად „თეთრ კურდღელთან“ დაკავშირებით აგორდა ქალაქში ჭორი, თითქოს საგიჟეთში ვიწექი და იმიტომ ვითამაშე ეს როლი ასე კარგად. ეს ის ჭორი იყო, რომელზეც არ გავბრაზდი და ჩავთვალე, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

მარინა და „ხუანი“ – ერთი ამბავი სერიალის გახმოვანებიდან

ხომ ვითომ უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანია გახმოვანება, მაგრამ ჩემი ფუნქცია, დანიშნულება იმ პერიოდში, სწორედ, გახმოვანებამ მაგრძნობინა. მოგიყვებით კიდევ ასეთ ისტორიას:

ჩვენს მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველი ქალბატონი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული ხუანზე და იმ დღეს სერია დასრულდა იმით, რომ ხუანი დაჭრეს. მე ვბრუნდები მომდევნო სერიის გახმოვანებიდან და ვხედავ, რომ სახლთან უამრავი ხალხია შეკრებილი. ამ ხალხმა ჩემს დანახვაზე ერთმანეთს გადაუჩურჩულა: „მოდის, მოდის, მოდის!“ (Pia.ge). ეს ხმა ექოსავით გაისმა. ვიფიქრე, ნეტავ ვინ მოდის ასეთი-მეთქი და აღმოჩნდა, რომ მე მოვდიოდი. ამ ხალხმა ჩამავლო ხელი, შენი ჭირიმე, აქ შემოდიო და მაღაზიაში შემიყვანეს. ვხედავ, ამ ქალს თავზე აქვს ხელები შემოდებული და მეუბნება, მარინა, არ გამაგიჟო, არ დამღუპო, ახლავე, ამ წუთს, ამ წამს აქვე მოვიკლავ თავს, თუ არ მეტყვი, ცოცხალია თუ მკვდარი ჩემი ხუანიო. თან, არ დაგავიწყდეთ, გვერდში უდგას ქმარ-შვილი და მიყურებენ გაფართოებული თვალებით, რომ ეს ქალი გადავარჩინო. კონტრაქტის მიხედვით, არ გვქონდა უფლება, ვინმესთვის მოგვეყოლა შემდეგი სერიების შინაარსი, მაგრამ დავარღვიე პირობა და ეს ქალბატონი ასე გადავარჩინე.

ინტიმური სცენები

ორ ფილმში მაქვს მინიშნებით ინტიმური სცენა გადაღებული, იქაც – დიდი ომის შემდეგ. გადამღები ჯგუფი ტოლმას მეძახდა, რადგან რამდენიმე ზეწარში ვიყავი გახვეული. ეს ჩემთვის საშინელებაა, მაგრამ მაინც თამამად წავედი ამ როლზე, ჩემი მეუღლის თანხმობით. ის კი არა, ძალიან მაღალი პოზიციიდანაც კი მითხრა – შენ ეს გჭირდება და ამას შეძლებო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მე ვითამაშე, მაინც ჩემად არ ვთვლი, მე არ მეკუთვნის“.

ჯინსების თაობა

მარინა ჯანაშიასთვის განსაკუთრებული ისტორია კი დავით დოიაშვილის სპექტაკლში „ჯინსების თაობა“ გეგას დედის როლის თამაში აღმოჩნდა:

„სპექტაკლში „ჯინსების თაობა“ ამ როლს ჩემამდე ძალიან კარგი მსახიობი თამაშობდა – ნინო ხომასურიძე, რომელიც საოცრად ტრაგიკული ადამიანია. მერე უთქვამს ერთი ფრაზა, რომელმაც შემძრა – მე ჩემს შვილს აღარ დავიტირებ ამ სპექტაკლშიო და წავიდა. მეც მიჭირს ამ სპექტაკლში თამაში, საკმაოდ რთულია. იცით როგორ მიჭირს? „ჯინსების თაობის“ მეორე დილას სხეულის ნაწილებს ლოგინში ვაგროვებ, იმდენად დაშლილი და შეძრწუნებული ვარ.

„ჯინსების თაობაში“ მორალურად ვნადგურდები. ვიტყვი ხოლმე, რაღაც დრო მჭირდება, რომ სხეულის ნაწილები შევაგროვო, ავეწყო, ცოტა გონზე მოვიდე, ავდგე და გავაგრძელო ჩემი ცხოვრება-მეთქი. სულ იმას ვფიქრობ სპექტაკლის მერე, ყოჩაღ, ნინო, რა ძლიერი ქალი ყოფილა-მეთქი. ვერც ვიძინებ, მიჭირს დაძინება, ყველაფერი მიცახცახებს. ვერაფრით მოვახრხე, რომ ეს ყველაფერი გადავიტანო მარტო ტექნიკაზე და ასევე მომყვება მაყურებელი, ტირის, ტირის და ტირის.

ვაჟა გელაშვილის ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ სპექტაკლიდან ერთი სცენა ამოვარდა, იმიტომ რომ ფირზე იყო გადაღებული. ამიტომ წარმოდგენაში გონზე მოსასვლელი დრო აღარ მრჩება, ხშირად თავის დახრაზე რომ გავდივართ, შიგნით გრძელდება ჩემი ტირილი, დრო აღარ მყოფნის ამოსაქოშინებლად. ძალიან რთულია ჩემთვის, მით უმეტეს, მომსწრე ვარ ამ პროცესების, გეგას ვიცნობ, მშობლებს ვიცნობ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი