საზოგადოება

რატომ აფინანსებდა გესტაპო შალვა ოდიშარიას და რის გამო დასაჯეს ის სიკვდილით

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 12.10, 2021 წელი

შალვა ოდიშარია
დაკოპირებულია

არაეთხელ მომხდარა, რომ ერთი პირი ერთდროულად იყო რამდენიმე ქვეყნის დაზვერვის თანამშრომელი. სპეცსამსახურებთან მრავალწლიანი ფარული ურთიერთობების საინტერესო მაგალითია ემიგრანტი შალვა ოდიშარია. ის 1903 წელს დაიბადა ხონში. სამშობლო იმიტომ დატოვა, რომ, მისი აზრით, აქ არ იყო სათანადო შესაძლებლობები დამპყრობელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მენშევიკური მთავრობის ძირითადი ბირთვი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და აუცილებელი იყო მათთან შეთანხმებულად მოქმედება. 1925 წლის აგვისტოში შალვა ოდიშარიამ, კონტრაბანდისტების დახმარებით, სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და პარიზში ჩასვლისთანავე მჭიდრო კონტაქტი დაამყარა ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, გიორგი გვაზავასთან. 1925-1927 წლებში ემიგრაციაში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის შიდა დაძაბულობა იგრძნობოდა. ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტიაში შედიოდა სამი ფრაქცია, გიორგი გვაზავას, სპირიდონ კედიას და ასათიანის ხელმძღვანელობით, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ მენშევიკურ მთავრობასთან თანამშრომლობაზე. შალვა ოდიშარიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა შიდა პარტიული ამბიციები და ურთიერთქიშპობა. უნდოდა, საქართველოში დაბრუნებულიყო და არალეგალური საქმიანობით დაკავებულიყო. ის პირადად შეხვდა ნოე ჟორდანიას და დეტალურად მოახსენა თავისი გეგმების შესახებ. მისი აზრით, სამშობლოში აქტიური ქმედებები უკეთეს შედეგს გამოიღებდა, რასაც ჟორდანია არ დაეთანხმა. მას მიაჩნდა, რომ ოდიშარია საჭირო იყო პარტიაში და მისი საქართველოში დაბრუნება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ შალვა ოდიშარია ჩამოშორდა პოლიტიკას და ჯაშუშურ საქმიანობას მიჰყო ხელი. ის დაუკავშირდა გერმანელებს, რომელთაც ასეთი დავალება მისცეს: ის უნდა დაახლოებოდა პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ ოფიცრებს, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას პოლონეთის არმიაზე ინფორმაციის მოპოვებაში. ამ დავალების შესრულების შემდეგ გერმანული დაზვერვის წარმომადგენლები მას მისცემდნენ შესაბამის საბუთებს, ფულს და გაამგზავრებდნენ საქართველოში. ოდიშარიამ უარი თქვა დავალების შესრულებაზე, რადგან ამით ქართველ ოფიცრებს „ჩაუშვებდა“. დაუკავშირდა საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურს – „სიურტე ნაციონალს“ და ორმაგი აგენტი გახდა. 1935 წელს ოდიშარიამ გერმანელი ოფიცრის, ბერგერისგან მიიღო გერმანიაში წასასვლელი ვიზა. გამგზავრების წინ საფრანგეთის მე-5 განყოფილებისგან მან დავალება მიიღო – დაედგინა, ჰქონდათ თუ არა გერმანელებს საბჭოთა კავშირთან კონტაქტები და გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებიდან ვის ჰქონდა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა.

გერმანიაში ჩასული ოდიშარია ბერგერმა გესტაპოში მიიყვანა, სადაც მისი პიროვნების შესახებ დეტალური ანკეტა შეავსეს. ბერგერის მეშვეობით მან კონტაქტი დაამყარა როზენბერგის ბიუროსთან. ბიუროს წარმომადგენლებმა – ცელგერმა და შუმანმა ის, როგორც თანამშრომელი, ძალიან კარგად მიიღეს. ამ უკანასკნელებისაგან ოდიშარიას აინტერესებდა, როგორ უყურებდნენ ისინი საქართველოს გამოსვლას საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. გერმანელებმა სრული მხარდაჭერა გამოთქვეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ოდიშარიას სთხოვეს, დაეწერა პოლიტიკური მიმოხილვა ქართულ ემიგრაციაზე, მათ საქმიანობაზე საფრანგეთში და ასევე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ოდიშარიას მიმოხილვა წერილობითი სახით თავად როზენბერგს გადაეცა. ცელგერმა და შუმანმა ოდიშარიას ისიც მოახსენეს, რომ როზენბერგის ბიუროში იგეგმებოდა კავკასიის დეპარტამენტის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობა მას შესთავაზეს. პარიზში დაბრუნებულმა ოდიშარიამ მე-5 განყოფილებას – გიორგი გვაზავასა და ნოე ჟორდანიას დაწვრილებით მოახსენა გერმანიაში ვიზიტის შესახებ.

ოდიშარიას აგენტური საქმიანობიდან აღსანიშნავია თანამშრომლობა იაპონიის დაზვერვასთან. იაპონელებს ის ნოე ჟორდანიას პირადი მცველის, შოთა ქარცივაძის მეშვეობით დაუკავშირდა. ოდიშარიამ პარიზში იაპონიის სამხედრო ატაშეს, გენერალ-მაიორ იამაცუ ციციაჩის მოახსენა, რომ საბჭოთა კავშირის შორეული აღმოსავლეთის შესახებ საინტერესო და იაპონიისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, გააცნო მას თავისი მიზნები საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და, ასევე, გადასცა მემორანდუმი, ჟორდანიას, გვაზავასა და თავად მისი ხელმოწერით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ იაპონია საქართველოს მენშევიკურ მთავრობას მხარს დაუჭერდა, გამარჯვების შემდეგ საქართველოში იაპონიის ინტერესები გატარდებოდა და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე იაპონია სრულ უფლებას მოიპოვებდა. იამაცუ ციციაჩი დახმარებას დაჰპირდა და მემორანდუმი ტოკიოში გადააგზავნა. შალვა ოდიშარია წარმატებით თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვებთან და გასამრჯელოსაც უხვად იღებდა, მაგრამ ქართული ემიგრაციის დაფინანსებასთან მიმართებით პირობა არც ერთმა ქვეყანამ არ შეასრულა.

1938 წლის მიწურულს ევროპაში სიტუაცია ძალიან დაიძაბა – ევროპა ომის ზღვარზე იყო. ოდიშარიამ გადაწყვიტა ადგილმდებარეობის შეცვლა, უფრო ადვილად რომ შეძლებოდა საქართველოში დაბრუნება. საფრანგეთის სამხედრო აპარატის დახმარებით მან შეძლო თურქეთში გამგზავრება ლუქსემბურგელი შარლ ბერჟეს სახელზე გაცემული პასპორტით. შემდეგ ბეირუთში ჩავიდა და ყველგან კრებდა ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა და საბჭოთა კავშირის საჯარისო ნაწილების რაოდენობაზე თურქეთ-ირანის საზღვარზე. მისი კოდური სახელი იყო „მაქსი“. ირანში ოდიშარიამ შეიტყო, რომ სიტუაცია შეიცვალა და ძირითად სადაზვერვო სამუშაოებს ახლო აღმოსავლეთში უკვე გერმანია აწარმოებდა. საჭირო გახდა კონტაქტის დამყარება გერმანიის დაზვერვასთან, რაც მან მოახერხა მიხეილ კედიას დახმარებით. 1942 წელს მას მიანიჭეს კოდური სახელი N 341.

1943 წელს პარიზში ოდიშარიამ შესყიდვების სამსახურში დაიწყო მუშაობა. მან უმოკლეს დროში 30 მილიონი ფრანკის გამომუშავება მოახერხა. ამ თანხით გახსნა კომერციული ბიურო და დაზვერვის სამსახურის დავალებაც შეასრულა – ჩამოაყალიბა დაზვერვის ჯგუფი N341. მათ გესტაპო აფინანსებდა. დაჯგუფება ოდიშარიას ხელმძღვანელობით მოქმედებდა.

საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის მიერ დაპატიმრებულ შალვა ოდიშარიას ბრალად წაუყენეს ანტისაბჭოთა საქმიანობა და სამშობლოს ღალატი. სასამართლომ შალვა ოდიშარიას სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა, ქონების სრული კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1947 წელს.

გამოყენებული მასალების წყარო: კაციტაძე, ეკატერინე. აგენტი N 341, პატრიოტი თუ ავანტიურისტი... ნიკოლაძე, ფრანსუაზ. წინააღმდეგობის მოძრაობა: ომი „წინააღმდეგობის“ წინააღმდეგ რეპრესიული ძალები // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში; საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი