რაში დაეხმარა ნინა გაბულდანს სვანური ხასიათი და როგორ გახდა ის იტალიაში წარმატებული შეფმზარეული
ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 20.07

ნინა გაბულდანი ქართველი შეფმზარეულია იტალიაში. ის რომში, პირველ ქართულ რესტორანში სტუმრად მისულ იტალიელებს, ქართული კერძებით იმდენად აღაფრთოვანებს, რომ ბევრმა მათგანმა საქართველოს მონახულებაც კი გადაწყვიტა.
ნინა გაბულდანი: პროფესიით ფარმაცევტი ვარ. საქართველოში ამ პროფესიით ოთხი წელი ვმუშაობდი. მყავს ორი შვილი და 9 წლის წინ, გარკვეული მიზეზების გამო, თუნდაც იმიტომ, რომ შვილებისთვის უკეთესი ცხოვრება მიმეცა, იტალიაში წამოვედი სამუშაოდ.
ჩემი ცხოვრების არცერთი ეტაპი არ დამიკარგავს უქმად, მუდმივად რაღაცას ვაკეთებ და მერე, ალბათ, რაღაცებში მიმართლებს კიდეც. მაგალითად, გამიმართლა იმაში, რომ აქ ჩამოსვლიდან სამ თვეში იტალიური ენა უკვე ვიცოდი. ეტყობა, მიდრეკილება მაქვს ენებისკენ, რადგან სრულიად დამოუკიდებლად ვისწავლე. ძალიან ბევრი ვიმეცადინე, უამრავი წიგნი ვიყიდე, ღამეებს ვათენებდი, რომ ენა კარგად მცოდნოდა, რადგან აქ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბუთებიც დამოუკიდებლად გავაკეთე და კიდევ ბევრი რამ, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო.
პირველი პერიოდი საბუთების მომზადებასა და სწავლას სჭირდება, მაგრამ პარალელურად, უნდა იმუშაო, რომ არსებობა და თუნდაც, სწავლა შეძლო, სხვანაირად არაფერი გამოვა. ამიტომ ყველაფერს ერთად ვაკეთებდი და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგისკენ წავიდა.
– ამას ემატება შვილებთან განშორება, რაც დედისთვის ყველაზე რთულია.
– ურთულესი. თუ ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი არ ხარ, შეიძლება, ისე განადგურდე, რომ ბილეთი აიღო და უკან დაბრუნდე. ეს ბევრს გაუკეთებია. თუ ძალას იპოვი, ბევრ წინააღმდეგობას გადალახავ. წარმოშობით სვანი ვარ და შეიძლება, ამას მივაწეროთ ის, რომ ძალიან მებრძოლი ხასიათი მაქვს. რამეს რომ ჩავიფიქრებ, წინ ვეღარაფერი დამიდგება, მიზანს უნდა მივაღწიო და ამისთვის შემიძლია, ბევრ სირთულეს გავუმკლავდე.
რკინის არ ვარ, მეც მქონდა დეპრესია, ძალიან ცუდად ვიყავი. მით უმეტეს, რომ მანამდე ჩემს შვილებს ერთი დღე არ გაუტარებიათ ჩემ გარეშე. ძალიან მიჭირდა, მაგრამ მქონდა მიზანი, რომლისკენაც მივდიოდი. ამ პროცესში ძალიან განვვითარდი, ეკონომიური კუთხითაც გაუმჯობესდა მდგომარეობა, მაგრამ წლებს, რომელიც ამ პროცესში იკარგება, უკან ვეღარაფერი დააბრუნებს. 9 წელია, ემიგრანტი ვარ და ეს საკმაოდ ბევრია. ამდენი წელი რომ ყველაფერ მშობლიურს მოწყდი, უნდა ღირდეს.
მადლობა ღმერთს, მგონი, სწორ გზაზე ვდგავარ. საქმე ისაა, რომ მე ყოველთვის მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. ჩემს ოჯახში სტუმრებს ძალიან ხშირად ვმასპინძლობდით. დედა ძალიან მაგარი კულინარია. გარდა ამისა, იტალიური სამზარეულო ყოველთვის გამორჩეულად მომწონდა. აქედან გამომდინარე, ხშირად ვამბობდი ხოლმე, აუცილებლად ჩავაბარებ შესაბამის სასწავლებელში და საჭირო ცოდნას მივიღებ-მეთქი. ასეც მოხდა და აქედან დაიწყო ყველაფერი.
– როგორ იქცა პროფესიად ეს სიყვარული და როგორ შეიცვალა ცხოვრება ემიგრაციაში?
– სრულიად შემთხვევით კულინარიული აკადემიის სარეკლამო ბროშურა მომცეს ქუჩაში. შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე და შეხვედრა ჩავნიშნე ამ აკადემიაში. პირდაპირ ვუთხარი, მინდა, თქვენთან ვისწავლო-მეთქი. ეს იტალიაში ჩამოსვლიდან ერთ წელიწადში მოხდა. ენა უკვე კარგად ვიცოდი და ასე თუ ისე, ფეხზე მყარად ვიდექი. აკადემიაში სწავლის პერიოდში საოცარი მოტივაცია მქონდა. იქ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დგებოდა.
სამწუხაროდ, რომ ვამბობდი, საქართველოდან ვიყავი, ვერ იგებდნენ რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობდი. ერთხელ ბრაზილიელმა კურსელმა მკითხა, ამერიკაში როდის მიდიხარო (იცინის). ყველას ვუყვებოდი ჩვენს ქვეყანაზე, ვცდილობდი, ყველასთვის კარგი კუთხით გამეცნო.
როცა პრაქტიკულ სწავლებაზე გადავედით, კოვიდი დაიწყო. ყველაფერი დაიკეტა და უიმედობამ მომიცვა. დიდი თანხა მქონდა გადახდილი იმისთვის, რომ კარგი განათლება მიმეღო და ძალიან განვიცდიდი, ვფიქრობდი, რომ დიპლომს ვერასდროს ავიღებდი. საბედნიეროდ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა და ყველაფერი წესისაა და რიგის მიხედვით მოხდა.
რთულია ამ სფეროში თავი დაიმკვიდრო. არ კმარა იყო რიგითი, შენნაირი კურსზე 50-ია. კურსიდან ბევრის ოჯახს უმაგრესი რესტორანი ჰქონდა, მათთვის იქ სწავლის მიზანი მხოლოდ დიპლომის აღება იყო, მე კი ამით ჩემს მომავალს ვაშენებდი და აუცილებლად მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა. ფინალურ გამოცდაზე ძალიან ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცოდნაში 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. თავი დღე და ღამე წიგნებში მქონდა ჩარგული, თუმცა ნერვიულობამ ათი ქულა მაინც დამაკარგვინა (იცინის). ამის მიუხედავად, ისეთი კარგი შედეგებით დავასრულე სწავლა, რომ არ ველოდი. ამ შედეგის გამო, რამდენიმე საათი ემოციებისგან ვერ გამოვდიოდი – გამოცდის შემდეგ ფლორენციიდან რომში ვბრუნდებოდი და კინაღამ მატარებელმა გამომასწრო (იცინის).
სტაჟის პერიოდი განსაკუთრებით რთული იყო. იტალიაში მანდილოსნებს ცოტა უჭირთ სამზარეულოში თავის დამკვიდრება. ამ სფეროში ძირითადად, მამაკაცები არიან, რადგან ქალების მიღება უჭირთ. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ძალიან მძიმე შრომაა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ვუყურებდი შეფმზარეულების შრომას და გაოცებული ვიყავი. რომ დაერეკათ და ეთქვათ, მეუღლე ავარიაში მოყვაო, სანამ საქმეს არ დაასრულებდნენ, ვერსად წავიდოდნენ.
ქალი რომ ხარ, საქმე კიდევ უფრო რთულადაა. გასაუბრებაზეც რომ მიდიხარ, დამსაქმებელი ეჭვის თვალით გიყურებს, ჩათვალეთ, უკვე 50 ქულა გაკლდებათ. არ ვიცი, ალბათ, ფიქრობენ, რომ ფიზიკურად ვერ გაუმკლავდები და ძირითადად, მამაკაცებზე აკეთებენ არჩევანს, თან ფიზიკურად ცოტა ძლიერებზე. თუ გაგიმართლა და გამოსაცდელი ვადით აგიყვანეს, მერე იწყება კიდევ დიდი განსაცდელი (იცინის). მართლა ყველაფერს გაგაკეთებინებენ, რაც კი შეიძლება, სამზარეულოში დაგჭირდეს. საბედნიეროდ, ძლიერი გამოვდექი და ყველაფერს გავუმკლავდი. აბსურდულ გამოცდებსაც გიტარებენ, მაგალითად, მარცხენა ხელით ორი კილო მარილი რატომ უნდა ათამაშო ჰაერში 45 წუთი იმისთვის, რომ პასტის გაკეთების დროს, ერთი ადამიანის ულუფა მაკარონი დაატრიალო ჰაერში მოხერხებულად?! ეგონათ, რომ ვერ შევძლებდი, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ ძალიან კარგად გავუმკლავდი. ისეთი ადამიანებისგან მივიღე კომპლიმენტები, 30 წელი რომ სამზარეულოში აქვთ გატარებული, ძალიან სახელოვანი შეფებისგან. მითხრეს, ეს შენი საქმეა, ამას ბოლომდე უნდა გაჰყვე, ძალიან კარგი ხელი გაქვსო და მათი ეს სიტყვები ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა.
გარკვეული პერიოდი იტალიურ რესტორანში ვიმუშავე შეფად და ძალიან დიდი შანსები მქონდა, საქმიანობა იქ გამეგრძელებინა.
მერე, როდესაც ქართული რესტორნიდან მივიღე შემოთავაზება, რომ შეფმზარეული გავმხდარიყავი, რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი. იტალიაში ჩამოვედი, ვისწავლე იტალიური სამზარეულო, რაღაცას მივაღწიე, მინდა, გავყვე ამ მიმართულებას და თუ ისევ ქართულ რესტორანში ვიმუშავებ, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს, ეს ხომ მანამდეც შემეძლო?! კი, უამრავი ტექნიკა შევიძინე, რაც ყველგან გამომადგებოდა, მაგრამ ქართული სამზარეულო ისედაც ვიცოდი და მაშინ რისთვისღა ვიწვალე?! ვისაც ვეუბნებოდი, რომ ქართულ რესტორანში მინდოდა მუშაობის გაგრძელება, ყველა გაოცებული იყო. მეუბნებოდნენ, მაშინ რისთვის იწვალე ამდენი?! შანსი გაქვს იტალიურ რესტორნებში იმუშაო და რატომ ამბობ ამაზე უარსო. სიმართლე რომ ვთქვა, არავინ მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ბევრი არ მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ რესტორანში ძალიან კარგ პოზიციაზე ვიყავი, გადაწყვიტე, რომ წამოვსულიყავი და ქართულ რესტორანში გამეგრძელებინა მუშაობა. საქმე ისაა, რომ როცა ამდენი ხანია, მოშორებული ხარ სამშობლოს, ყველაფერი ქართული გენატრება და გიზიდავს. მინდოდა ის, რაც ვისწავლე, ქართულ გარემოში გამომეყენებინა. საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი სტაფი გვყავს, ყველა ქართველია და ვფიქრობ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. როგორც გითხარით, აქ, ძირითადად, არაფერი იციან საქართველოზე, ვინც იცის, იმ მცირე ნაწილსაც რუსეთის შემადგენლობაში ვგონივართ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა. იტალიის დედაქალაქ რომში, პირველ ქართულ რესტორანში ძალიან ბევრ იტალიელს ვაცნობთ საქართველოს. იტალიელები ჩვენთან სტუმრობის შემდეგ იმდენად იხიბლებიან ჩვენი სამზარეულოთი, რომ საქართველოს მონახულება უნდებათ ხოლმე და ბევრი ასეც იქცევა. ჩვენ გვყავს სომელიე, რომელიც იტალიაში ქართული ღვინის ამბასადორია. გვაქვს უგემრიელესი ქართული კერძები, ცოცხალი და საუკეთესო პროდუქცია და ეს ყველაფერი იმხელა ინტერესს იწვევს ჩვენს სტუმრებში, ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მონახულების სურვილით ჩამოდიან და უკან დაბრუნებულები მადლობის სათქმელად მოდიან ჩვენთან. ეს ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე სამსახური.
– განსაკუთრებულად რომელი ქართული კერძები შეაყვარეთ იტალიელებს?
– ნიგვზიან ბადრიჯანზე გიჟდებიან (იცინის). რა თქმა უნდა, ძალიან მოსწონთ ხინკალი და ხაჭაპური, კუბდარზეც შეყვარებულები არიან. სამზარეულოში საქმეს რომ მოვრჩები და დაღლილი, ჰაერზე გამოვალ ხოლმე, ჩემი ჩაცმულობით ხომ ხვდებიან, ვინც ვარ და მადლობის გადახდით არ იღლებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან