საზოგადოება

რამ იმსხვერპლა ლარისა გაჩეჩილაძის სიცოცხლე და ვინ ეხმარება მის მეუღლეს რთულ პერიოდში

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 30.03, 2021 წელი

ლარისა გაჩეჩილაძე
დაკოპირებულია

ახლახან სტუდია „თელას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, უამრავი მოცეკვავის აღმზრდელი და ულამაზესი ქალბატონი ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.

გიგი გაჩეჩილაძე (შვილი): დედას მოულოდნელად ინსულტი დაემართა, კლინიკაში შეყვანისთანავე კი გვითხრეს, რომ კოვიდიც დაუდასტურდა, რაც ძალიან უცნაური იყო, რადგან ოჯახში სხვას არავის გვქონია და დედა კი გარეთ, ფაქტობრივად, არ გადიოდა. თუმცა, ფაქტია, რომ ასე მოხდა. როცა გვეგონა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, სიტუაცია დამძიმდა, თუმცა მკურნალობას ემორჩილებოდა და ვერ წარმოვიდგენდით, თუ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. აღმოჩნდა, რომ გულმა ვეღარ გაუძლო... მთელი ეს პერიოდი, ვცდილობდით, ჩვენთვის დედის ნახვის უფლება მოეცათ და როგორც იქნა, დაგვრთეს ნება, მაგრამ ვეღარ მოვასწარით – წინა საღამოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გარდაიცვალა.

– ქალბატონ ლარისას, როგორც პედაგოგს, ბევრი იცნობდა. როგორი დედა იყო?

– ალბათ, დედა ყველას განსაკუთრებულად უყვარს, ის ჩემთვის ყველაფერი იყო. გულწრფელად ვფიქრობ, თუ ვინმე იმსახურებს სამოთხეს, ეს დედაჩემია. მასზე კეთილ ადამიანს არ შევხვედრივარ. უამრავი მოსწავლე ჰყავს გაზრდილი და ყველას ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. ძალიან ყურადღებიანი და იმედის მომცემი ადამიანი იყო, ყველას ეხმარებოდა პრობლემებთან გამკლავებაში. არასდროს ჩაუდია გულში წყენა. ახალგაზრდული ხასიათიდან გამომდინარე, მეც თუ ვინმეზე გავღიზიანდებოდი, მეუბნებოდა – ჩვენი განსასჯელი არავინააო. ცდილობდა, წესიერ ადამიანებად ღირსეულად აღვეზარდეთ, გვასწავლიდა, რომ წარმატებას არ უნდა დავებრმავებინეთ და მარცხს ღირსეულად შევხვედროდით. ახლახან ლევან ახვლედიანმა გაიხსენა ერთი შემთხვევა: ბათუმში ერთ-ერთ ტურნირზე ჩემმა ძმამ პირველი ადგილი აიღო. დედისა და ჩვენი ოჯახის აზრით, რატი არ იმსახურებდა ამ გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ დედა არასდროს ერეოდა მსაჯების გადაწყვეტილებაში, მაშინ პირდაპირ უთხრა მათ: თქვენ ჩემი მტრები ხართ, თუ გგონიათ, ეს მეგობრობაა, ძალიან ცდებითო. მას ყოველთვის უნდოდა, ჩვენ სხვებზე გაცილებით მეტი გვეშრომა, რომ ვინმეს ზედმეტი შეკითხვები არ გასჩენოდა და საკუთარი სახელის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენებაზე საუბარი ხომ ზედმეტია.

ახლა მის გარეშე ბევრი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნია. ძალიან გაგვიჭირდა მე და ჩემს ძმას, რომ მამისთვის დედის გარდაცვალების შესახებ გვეთქვა. ახლა ორივე, ჩვენს მეუღლეებთან ერთად, რამდენადაც შეგვიძლია, ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ეს მდგომარეობა.

თენგიზ გაჩეჩილაძე (მეუღლე): ჩემი მეუღლე ჩემზე ბევრად ჯანმრთელი იყო. მე მასზე ცხრაწლინახევრით უფროსი ვარ და ვეუბნებოდი ხოლმე, შენ უნდა დამასაფლავო-მეთქი, მაგრამ... ბოლო დროს ძალიან ბევრი სანერვიულო გვქონდა, რასაც კოვიდიც დაემატა. ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ, მთელი ცხოვრება აქტიურად ვმუშაობდით, მაგრამ ბოლო ერთი წელი უმოქმედოდ გავატარეთ, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. მე უფრო გამოვხატავდი ემოციებს, ის – ვერა. ჩუმად იყო და ეტყობა, დარდს გულში იკლავდა. ბოლო პერიოდში, თითქოს ვატყობდი, რომ კარგად არ იყო, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. ლარისა ძალიან ძლიერი ქალი იყო, უამრავ სამუშაოს ასრულებდა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი სიძლიერით, მაგრამ როგორც ჩანს, ოჯახურ პრობლემებსა და ახლობლებზე, გაჭირვებასა თუ პანდემიაზე დარდმა მასზე ძალიან იმოქმედა. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერს გულში იკლავდა. ცუდად მოულოდნელად გახდა, კლინიკაში გადავიყვანეთ, სადაც კარგი ექიმების ხელში იყო, მაგრამ ვერ ვუშველეთ. სამი კვირა იყო ხელოვნურ სუნთქვაზე, მერე გაითიშა და წავიდა...

– 50 წელია, ერთმანეთს არ დაშორებიხართ, ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თავი მის გარეშე?

– საერთოდ წარმომიდგენია?! ახლა სატანჯველი იქნება ჩემი ცხოვრება. მგონია, რომ ჩემი სიცოცხლის დღეებიც შემოკლდა. მადლობა ღმერთს, რომ შვილები მარტო არ მტოვებენ.

– როდის გადაიკევთა თქვენი და ქალბატონი ლარისას გზები?

– ეს იყო 50 წლის წინ. მე პარტნიორ ქალს ვეძებდი, რადგან მის გარეშე ძალიან რთულია ამ ჩემს პროფესიას ემსახურო. ამ დროს მომიყვანეს ლარისა: ნახეთ, რა კარგად ცეკვავსო. მითხრა, რომ ცეკვაზე არ უვლია, მაგრამ ისეთი მოძრაობები გააკეთა, ძალიან მოვიხიბლე. რაც ვასწავლე, ისიც იმაზე კარგად გაიმეორა, ვიდრე წარმომედგინა და პარტნიორად ავიყვანე. კარგ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ყველაფერს თავი დაანება და მე მომენდო. ყველგან თან დამყვებოდა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ყველაფერში გვერდით მედგა – ერთად ვწევდით უღელს. შემდეგ ოჯახი შევქმენით და ორი ვაჟკაცი მაჩუქა.

– მიუხედავად ყველაფრისა, როგორც თვითონ იხსენებდა, მისთვის არ გითქვამთ სიტყვა „მიყვარხარ”...

– დიახ, მე ქალისთვის, მიყვარხარ-მეთქი, არ მითქვამს. როგორ არ მიყვარდა, მაგრამ ასეთი ვარ. ბედნიერი ოჯახი შევქმენით, ორი ისეთი შვილი გვყავს, ჩემი თავის მშურს. 80-იან წლებში მოვაწერეთ ხელი, ჯვარი დავიწერეთ და ძალიან პატარა ქორწილი გადავიხადეთ.

– მანამდე პირველ ქორწინებაში იყავით, ეს ამბები როგორ დაალაგეთ?

– პირველი მეუღლე ძალიან შეგნებული ადამიანი იყო. მან არ ისურვა ცეკვა, ჩემი პარნიორი რომ ყოფილიყო. მახსოვს, მითხრა, ალბათ, ბედი არ არის ჩვენი ერთად ყოფნაო. გიგი რომ გაჩნდა, დავილაპარაკეთ, ხელი გავაწერეთ და მე და ლარისამ მოვაწერეთ. ჩვენ ახლაც მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. მით უმეტეს, როცა ამერიკაში ჩავდივარ. ჩემი გოგო – შორენა კი შეყვარებული იყო ჩემსა და ლარისას ურთიერთობაზე. ასე რომ, არავითარი ჭირვეულობა არ გვქონია. შორენა გოჩა ჩერტკოევზე დაქორწინდა და ახალგაზრდები ამერიკაში გავამგზავრეთ, სადაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს – მე ბევრად მაჯობეს.

– თქვენი ურთიერთობა, თქვენი რომანტიკა როგორი იყო?

– ლარისა ძალიან გრძნობაგამოუმჟღავნებელი ადამიანი იყო. უფრო მეტად ახლობლებისგან ვიგებდი მისი ჩემდამი დამოკიდებულებების შესახებ. სიტყვიერად ვგულისხმობ, თორემ ისე ყველაფერი ცხადი იყო. დაახლოებით სამი თვის წინ, მეც ვიწექი საავადმყოფოში, გაჟონვა მქონდა. ორივენი ბევრს ვდარდობდით და ალბათ, ამის ბრალი იყო. ექიმმა რომ გამსინჯა, თქვა: კლინიკაში უნდა დაწვეთო. მე და ლარისას თან მეგობარი გვახლდა და ჩემგან უჩუმრად მისთვის უთქვამს: ქალბატონიც ცუდად არის, ისიც უნდა დაწვესო. ლარისას უარი განუცხადებია, ჯერ ჩემს თენგიზს უნდა მოვუაროო. მას არასდროს უთქვამს ჩემთვის, მიყვარხარ და შენზე ვგიჟდებიო, მაგრამ სხვისგან არაერთხელ მსმენია, ჩვენს სიყვარულსა და ურთიერთობას როგორ აფასებდა. ერთხელ მკითხეს, თქვენ დილას ერთად ხართო? კი-მეთქი, ვუპასუხე. სადილად? სავახშმოდ? ღამეო? მე ყველა კითხვაზე დადებითი პასუხი მქონდა და „ძალიან მძიმე სურათიაო“ – გამეხუმრნენ, მაგრამ რეალურად ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო დრო, რომელსაც ერთად ვატარებდით და დამატებით სიტყვებს აღარ საჭიროებდა.

– პირველი შვილი რომ შეგეძინათ, ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– მე პირველი შვილი გოგო მყავს – შორენა. ბიჭი ყველა ქართველ მამაკაცს უნდა და გიორგი რომ შემეძინა, ეს დიდი ბედნიერება იყო, სიხარულით გადარევას ვიყავი. ლარისაც მადლიერი თვალებით მიყურებდა, რომ ოცნება შემისრულა. მერე მეორე ბიჭიც შეგვეძინა. არ გვირჩევდნენ მეორე შვილის გაჩენას, მაშინ მე უკვე 52-ის, ლარისა კი 43 წლის იყო, მაგრამ რადგან იცოდა, რომ ძალიან მინდოდა, გარისკა და ასე გაჩნდა რატი. ბევრი პრობლემა შეგვხვდა. შეიძლება, ბავშვი ავადმყოფი დაიბადოსო, მაგრამ ვუპასუხე: როგორიც არ უნდა დაიბადოს, ის ჩემი შვილია-მეთქი. არადა, რატი ტვინით ყველას გვჯობს. ჩვენი საქმეები ახლა ჩვენმა შვილებმა გადაიბარეს. ჩემი სიმამრი მეუბნებოდა, გვერდით რომ ეს ვაჟკაცები დაგიდგებიან, ამაზე დიდი ბედნიერება რა იქნებაო?! მართლაც ასეა. ამ ჭირის დროსაც გვერდით მედგნენ ჩემი შვილები და მაძლიერებდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი