საზოგადოება

რა ტრაგედიამ დააწყებინა გელოდი ნეფარიძეს ლექსების წერა და როგორ ამზადებს საოცრებებს ის ხის ფესვებისგან

№4

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 31.01, 2023 წელი

გელოდი ნეფარიძე
დაკოპირებულია

ჩვენი რესპონდენტი 81 წლის გელოდი ნეფარიძეა, რომელმაც მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ტკივილის გამოხატვა და საყვარელი ადამიანების განცდების შემსუბუქება ლექსებით სცადა.

გელოდი ნეფარიძე: ორი წიგნის ავტორი ვარ. ერთში ჩემი ლექსები და ნაკეთობებია შესული, მეორეში - მხოლოდ ჩემი ლექსები. პოეზიასთან მაინცდამაინც ახლოს არ ვყოფილვარ. პროფესიით ინჟინერი ვარ, თვითმფრინავმშენებლობის განხრით მთელი ცხოვრება ქარხანაში ვმუშაობდი. არ დარჩენილა თანამდებობა, რომელიც არ დამიკავებია. 62 წლის უწყვეტი სტაჟი მაქვს. ლექსების წერა ჩემს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დავიწყე. დისშვილი დამეღუპა ავტოავარიაში ახალგაზრდა, 24 წლის ბიჭი. მაშინ გადავწყვიტე, ჩემს დას გვერდში დავდგომოდი, გამეკეთებინა რამე ისეთი, რაც დარდს შეუმსუბუქებდა და პირველი ლექსი მასზე დავწერე. ამის შემდეგ მიჰყვა და მიჰყვა. ბოლოს გამოვიდა, რომ 150 ლექსამდე მომიგროვდა. მე მიხარია, ჩემს ნაშრომს რომ ვკითხულობ, სხვისთვის რამდენად მოსაწონია, აღარ ვიცი, თუმცა, ყველა მეუბნება, რომ მოსწონთ. შეიძლება, არ მაწყენინებენ და ამიტომ, არ ვიცი (იცინის).

- ნაკეთობების კეთება როგორ დაიწყეთ?

- ძალიან მიყვარს ბუნება. დასასვენებლად ხშირად დავდიოდი ტყეში. იქ ვნახავდი ხის ფესვებს, რომელსაც რაღაცას მივამსგავსებდი, წამოვიღებდი სახლში და მისგან რაღაცას გამოვიყვანდი. ახლა სახლში ერთი ოთახი ჩემი ნაკეთობებით მაქვს სავსე. 70-80 ეგზემპლარი იქნება. მაგალითად: ჟირაფი, ფეხბურთელი, ლომი, ურემში შებმული ხარები. პენოპლასტისგან დამზადებული ცხოველებიც მაქვს. ამ ორი მასალით ვმუშაობ. სადმე რომ გავივლიდი და დავინახავდი ხეს, რომელსაც რაღაცას მივამსგავსებდი, აუცილებლად წამოვიღებდი სახლში და ვამუშავებდი. ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ. დანას, ზუმფარას, უფერო ლაკს და საღებავს ვიყენებ.

- მოსწონთ მნახველებს თქვენი ნაკეთობები?

- ნამდვილად მოსწონთ (იცინის). ძალიან მრავალფეროვანი ნამუშევრებია. მათ 1970 წლიდან დაწყებული ვაგროვებ. ორნაირი ნამუშევრები მაქვს. ერთი ნაწილი ნამდვილად ჰგავს იმას, რასაც მივამსგავსე და რისი გაკეთებაც მინდოდა - ამ მსგავსებას ყველა ძალიან კარგად ხედავს. მაგრამ, არის მეორე ტიპის, რომელსაც უყურებენ, მაგრამ სხვები ვერ ხედავენ იმას, რასაც მე. მე მასში კიდევ სხვა აზრსა და გამოსახულებას ვხედავ, რაც სხვებს უჭირთ. მე ეს მომწონს, სიმართლე გითხრათ (იცინის). ფესვს რომ დავინახავ, თვითონ მკარნახობს, მისგან რა უნდა გავაკეთო. ერთხელ სამსახურში მივდიოდი და დავინახე, ვიღაცას ხე მოეჭრა. დავხედე მის დარჩენილ ნაწილს და ზედ ბუნებრივად ვხედავ გამოსახულებას. მოვჭერი და ის გამოსახულება კიდევ უფრო გამოვკვეთე. ასე ხდება.

- ყიდით ან აჩუქებთ ხოლმე თქვენს ნაკეთობებს?

- არავითარი გაყიდვა. ერთადერთი პორტრეტი გავაჩუქე ინსტიტუტის მეგობარზე, დაბადების დღე ჰქონდა და ამიტომ. სხვათა შორის, ბევრჯერ მინანია. არ უნდა მეჩუქებინა (იცინის). არ ვიცი, მართალი ვარ თუ არა ამ ამბავში, მაგრამ ძალიან მიყვარს საკუთარი ნაკეთობები და ვერ ველევი.

- მთელი ცხოვრებაა, მუშაობთ და როდის პოულობდით დროს ამისთვის?

- შვებულების დროს, ან სამსახურიდან თავისუფალ შაბათ-კვირას. მე უსაქმოდ არასდროს ვყოფილვარ. რაც სახლში ვზივარ, ორი ნამუშევარი გავაკეთე. ბოლოს, ფესვიდან წერო გამოვკვეთე.

რამდენიმე ცალი ქვეწარმავალი მაქვს გაკეთებული, რომ შეხედავ, ცოცხალი გეგონება. ძირითადად ასეთი, რეალურთან მიახლოებული ნაკეთობები მაქვს. მეორე, უფრო მისტიკური, რომლის აღქმაც და დანახვაც სხვებს უჭირთ, შედარებით ნაკლები რაოდენობით მაქვს. თუ კაცი მოინდომებს და ნებისყოფა ეყოფა, ყველაფერი შესაძლებელია. ისეთი ფესვისგან გამომიყვანია რაღაც ფორმა, წარმოუდგენელი გეგონებოდა, მაგრამ შევძელი, იმიტომ რომ, შეუძლებელი არაფერია.

- ამ კუთხით რაიმე სახის ცოდნა გქონდათ, როცა ეს საქმე დაიწყეთ?

- საირმეში ვიყავი დასასვენებლად. იქ ერთი მხატვარი იყო. თავისუფალ დროს იჯდა და ხატავდა, ასევე, ხეზე მუშაობდა. დავინახე, რომ ხეზე ასრულებდა პორტრეტს. ვიფიქრე, ის თუ აკეთებს, მე რატომ ვერ უნდა შევძლო-მეთქი. მივედი და რაღაცები ვკითხე. მანამდე ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგალითად, არ გამეგო, რომ ხის მოხარშვა შეიძლებოდა. ამ ადამიანისგან საინტერესო რამეები ვისწავლე. ტექნიკა თავისით არ მოვა. როცა მცირედი, მაგრამ მაინც იცი რაღაც და აკეთებ, მერე თვითონაც გამოგიმუშავდება საჭირო მეთოდები.

მე მაქვს ერთი ქვეწარმავალი, რომელიც მაშინ, საირმეში დასვენების დროს გავაკეთე. ტყეში ვნახე ფესვი და სანატორიუმში დავამუშავე.

მოგეხსენებათ, სანატორიუმში, სამსართულიან შენობაში ბევრი ხალხი იყო. როცა დავასრულე ჩემი ქვეწარმავლის კეთება, გრძელი თოკი გამოვაბი და კიბის თავში დავდე. ხალხი კიბეზე რომ ამოდიოდა, თოკით ვამოძრავებდი და ვინც შეხედავდა, ყვირილით, შეშინებულები გარბოდნენ (იცინის). ის იმდენად ჰგავს ქვეწარმავალს, ნამდვილად იწვევდა შიშს (იცინის).

- იმ მხატვრის გაკვეთილი ძალიან მალე აგითვისებიათ.

- კი, იქვე დავიწყე მუშაობა და იმდროინდელი ნაკეთობები ახლაც სახლში მაქვს.

- ოჯახის წევრებიდან ვინმე გყავდათ, ვისაც მსგავსი ნიჭი ჰქონდა?

- ოჯახში, მე რომ დავიბადე, 1941 წელი იყო. მამაჩემი საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ და ჯარში წაიყვანეს. სამი ბავშვი დავრჩით დედას და სამივე მარტომ გაგვზარდა. მე არც ბაბუა მახსოვს და არც ბებია, აღარ იყვნენ იმ დროს ცოცხლები. თუმცა, ჩემს ორ დისშვილს აქვს სამხატვრო აკადემია დამთავრებული და ძალიან წარმატებულები არიან. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წინაპრების გენები გამომყვა, რადგან ასეთს არავის მოვსწრებივარ და არც მსმენია. ხუთი თვის ვიყავი, როცა მამა წაიყვანეს. რომ გავიზარდე, მეც და ჩემი დედმამიშვილები დედას ყოველთვის ვეხმარებოდით შეძლებისდაგვარად, უსაქმოდ არასდროს ვყოფილვართ. არაფრიდან საქმის გაკეთება ვისწავლეთ და ვაკეთებდით კიდეც. მამა დაიკარგა, უკან არ დაბრუნებულა. ველოდებოდით, მაგრამ ასე მოხდა. როგორც შევძელით, ისე გავაგრძელეთ ცხოვრება. დედას ერთი რამ ახარებდა, სკოლაში რომ მივდივარ, მადლობის მეტს არაფერს მეუბნებიანო. სამივე ხუთოსნები ვიყავით და ამიტომ.

- ავეჯი იქნება თუ სახლის დეკორი, მათი კეთებაც თუ გამოგდით?

- ისე არ გამომივიდეს, რომ ყველაფრის გამგე და მცოდნე ვარ (იცინის). მაგრამ ჩემს სახლში რემონტის გასაკეთებლად ხელოსანი ძალიან იშვიათად მომიყვანია. ყველაფერს ჩემი ხელით ვახლაფორთებდი და არც თუ ისე ურიგოდ. არავითარი გამოცდილება არ მქონია, ვკითხავდი მას, ვინც იცოდა და ვაკეთებდი დამოუკიდებლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი