საზოგადოება

რა ტკივილი შეხვდა ცხოვრებაში ქეთევან კიკნაძეს და რატომ შეიძლებოდა, დაეჭირათ გიგა ლორთქიფანიძე პედოფილიის ბრალდებით

№12

ავტორი: ეკა პატარაია 22:00 29.03, 2021 წელი

ქეთევან კიკნაძე
დაკოპირებულია

მომავალმა რეჟისორმა მეუღლემ ის შემთხვევით თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში შეამჩნია და მაშინვე გაიფიქრა: ეს გოგო აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებაო. იმ პერიოდში ინსტიტუტში, რატომღაც, მხოლოდ ლექტორებს ჰქონდათ ლიფტით სარგებლობის უფლება. სტუდენტები კი კიბეებზე ფეხით ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. ერთხელაც, ლექტორი და სტუდენტი პირველ სართულზე შეხვდნენ ერთმანეთს. აქოშინებულ გოგონას, რომელსაც ლექციაზე აგვიანდებოდა, ლექტორმა ლიფტით აყვანა შესთავაზა. შემდეგ ჯერზე კინოშიც დაპატიჟა, მაგრამ ამ კაფანდარა ლამაზ გოგოს უკვე გაგონილი ჰქონდა, რომ 30 წლის გიგა ლორთქიფანიძეს ბევრი ქალი ჰყავდა ხაფანგში გაბმული და ურჩევდნენ, მისგან თავი შორს დაეჭირა, ამიტომ პირდაპირ უარი ვერ უთხრა და მეცადინეობა მოიმიზეზა. რამდენიმე დღის შემდეგ გიგამ მეგობრებთან ერთად დაპატიჟა. გოგო დათანხმდა. ერთ გასეირნებას მეორე და მესამე მოჰყვა... მეხუთე შეხვედრაზე რეჟისორმა პირდაპირ უთხრა – ქეთინო, ამდენი სიარული აღარ შემიძლია (ფეხის გამო – ავტორი), თუ მომყვები, დროზე გამომყევი ცოლადო… გოგონასათვის შემოთავაზება მოულოდნელი აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, რომ ინსტიტუტში უკვე წყვილად მოიაზრებდნენ, მაგრამ სტუდენტი გოგო რეჟისორისგან ამ წინადადებას ასე მალე მაინც არ ელოდა. ცოტა დამაცადეთ, მოვიფიქრებო. ისე ინერვიულა, სამი დღე შინიდან არ გამოსულა. არ იცოდა, რა პასუხი გაეცა გიგასთვის. თან, მასზე 10 წლით უფროსი იყო, თან გოგოს მისი გახმაურებული რომანები აფრთხობდა... ინსტიტუტში რომ მივიდა, გიგამ მაშინვე ჰკითხა, – აბა, რა ქენი, მოიფიქრე თუ არაო. ქეთინო გაწითლდა და ხმადაბლა წარმოსთქვა: „დიახ, გადავწყვიტე – თანახმა ვარ“. ხელის მოწერა შედგა. იმ დღიდან 50 წელზე მეტი გავიდა. მათი ოჯახი მტკიცე გამოდგა. იყო უსიამოვნებები, პრობლემები, მაგრამ მათ ყველაფერს გაუძლეს. როგორც ქალბატონი ქეთევანი ამბობს, – ხასიათის სიმძიმის მიუხედავად, გიგა ყოველთვის რომანტიკული და საინტერესო კაცი იყო, ამიტომაც წყენა დიდხანს არც მიმყვებოდაო. მოკლედ, ეს ქეთევან კიკნაძეა, ძალიან საინტერესო მსახიობი, ძალიან საინტერესო კაცის ცოლი, საინტერესო ცხოვრებით.

– ყველას ვეკითხები და თქვენც მინდა გკითხოთ. როგორ ცხოვრობთ ეს ბოლო ერთი წელი, რაც პანდემია გვესტუმრა. როგორია თქვენი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობა?

– რა ვიცი. უმადურები არ უნდა ვიყოთ. ოთხთვიანი სუბსიდია გვაქვს კომუნალურებზე, აგერ ჩემმა შვილიშვილებმა ორასი ლარი მიიღეს დახმარება... რაღაცნაირად ცდილობენ, რომ შეგვიმსუბუქონ ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ მორალურად და სულიერად ძალიან გავღატაკდით. არ გვაქვს ურთიერთობები ადამიანებთან, ვერ მივდივართ თეატრში, კონცერტზე. პირბადით სიარული ჩვენი ცხოვრების წესი გახდა. ძნელია, მაგრამ უნდა შევასრულოთ ეს წესები, ისევ ჩვენთვის.

– მე თქვენ გიცნობთ, როგორც ძალიან აქტიურ ქალბატონს. ამ პერიოდმა ცოტა ხომ არ მოგადუნათ და რაღაც-რაღაცებზე ხელი ხომ არ ჩაგაქნევინათ?

– მართალია, ძალიან აქტიური ვიყავი. სანამ პანდემია შემოვიდოდა, ყველგან მანქანით გადავაადგილდებოდი, ათასი საქმე მქონდა. სერიალებზე ვმუშაობდი, სხვა ფილმზეც, ტელევიზია, რადიოჩართვები... ასე რომ, ძალიან აქტიურად ვცხოვრობდი. ახლა ამ ყველაფრის გარეშე მოვიწყინე.

– თუმცა საჭეს მაინც აქტიურად უზიხართ.

– ალბათ, 50 წელია, საჭესთან, ვზივარ. ჩვენს ეპოქაში, მე მგონი, პირველი ქალი ვარ, რომელიც საჭესთან ვიჯექი. ცოტა უწინ ნატო ვაჩნაძე ყოფილა და სხვათა შორის კარგადაც მართავდა ავტომობილს. მანქანის ტარება ჩემთვის აუცილებელი იყო, არა იმისთვის, რომ მანქანაზე ვმჯდარიყავი და მეგრიალა, მესაჭიროებოდა – მე მქონდა თეატრი, ოჯახი, ბევრი შვილი მყავდა და უფრო სწრაფადაც ვაგვარებდი საქმეებს.

– წესრიგს არღვევდით?

– კი, მაგრამ ყოველთვის მპატიობდნენ და არა მარტო მე – რომ დამინახავს, მილიცია ვიღაცას აჯარიმებს, გამიჩერებია მანქანა და მითხოვია: თუ შეილება, აპატიეთ, ჩემი მეგობარია-მეთქი და მართლა უპატიებიათ და ახლა, ეს პატრული... არ ვიცი, რა. ისე გვეშინია ყველას – არავითარი ნაცნობობა აღარ არსებობს. მორჩა!

– როგორი მძღოლი ხართ? ქალებს ცოტა დაბნეულობა გვახასიათებს. ასე არ არის?

– მე ასე გამიგია, რომ საჭესთან ქალები უფრო რისკიანები არიან, ვიდრე მამაკაცები. ამ დროს სწრაფი რეაქციებია აუცილებელი და საჭირო. ფეხმძიმედ ვიყავი მაიკოზე. გიგას ვუთხარი, ფეხმძიმედ ვარ და რა ვქნა-მეთქი. ოღონდ გააჩინე ეგ ბავშვი და მანქანას გიყიდიო. სიტყვა შეასრულა. თეთრი ვოლგა მიყიდა. ჩემი იმედი ჰქონდა, სჯეროდა, რომ ცუდი არაფერი შემემთხვეოდა.

– როგორია ბატონი გიგას გარეშე ცხოვრება? ვიცი, რთულია, მაგრამ ვგულისხმობ – ეს ბოლო წლები რამდენად შეიცვალა თქვენი ყოფა.

– გულისტკივილი, რა თქმა უნდა, არსებობს. განცდა კიდევ სხვა რამეა. ცოტა სხვა რელსებზე გადავედი, ვიდრე ვიყავი. ყველგან ერთად მივდიოდით, მოვდიოდით, ნაცნობ-მეგობრებთან, ახლობლებთან. რა თქმა უნდა, მისი არყოფნით ბევრი რამ მომაკლდა. მოსაწვევები მოგვდიოდა – საიდანღა არა. მერე ცოტა მივავიწყდით ყველას. ვერ ვიტყვი, რომ ფრთაგაშლილი ვარ. ბევრი ტკივილი შემხვდა ცხოვრებაში. როცა გიგა ცოცხალი იყო, ძალიან მხიარული ატმოსფერო გვქონდა. უფრო გალაღებულები ვიყავით. გადის წლები და ახალგაზრდობისადმი დიდი ნოსტალგია გიჩნდება და ეს არის სიბერე, მეტი არაფერი, თორემ ოცნებები, სურვილები ისევ ისე რჩება. მე ვსარგებლობ „ფეისბუქით“ და შემხვედრია, ახალგაზრდა ქილიკობს წლოვან ადამიანებზე და მიმიწერია: მაგ ამბავში „ოჩერედი“ არ არის. ახალგაზრდა მკვდარი არ გინახავთ-მეთქი. ცოტა მწარე სიტყვებით მივმართე.

– თქვენ „ფეისბუქით“ სარგებლობთ? საინტერესოა.

– „ფეისბუქის“ გარეშე არ შემიძლია. სტატუსებს ვწერ, ფოტოებს ვდებ, პირადი მიმოწერა მაქვს და ყველაფერი ვიცი. მე წიგნი გამოვუშვი გიგაზე, რომელიც სხვათა შორის „ფეისბუქზე“ დავწერე და მერე იქიდან ამოვბეჭდე წიგნად.

– მე ვიცი, რომ თქვენ 73 წლის ხართ, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება, უფრო ნაკლების იყოთ. ალბათ, მიმხვდით, რას ვგულისხმობ – იმას, როდესაც თქვენ წლებს იკლებთ.

– ვიკლებდი ხოლმე წლებს, ორს, სამს, მაგრამ რა არის ორი წელი. თუ იკლებ, დაიკელი ათი წელი, რა სისულელეა! რომ მეკითხებოდნენ ხოლმე, რამდენის ხარო, ეგრევე ჩამოვაკლებდი. ეს შეამჩნია გიგამ და ერთხელაც მეუბნება: ქეთინო, შენ რომ იკლებ წლებს, ცოტა მეც დამიკელი, თორემ მცირეწლოვანთან ურთიერთობის გამო პედოფილიის ბრალდებით დამიჭერენო. ძალიან დიდი იუმორის მქონე ადამიანი იყო.

– თქვენ ძალიან კარგი, თეატრალურ საზოგადოებაში გამორჩეული წყვილი იყავით და კარგად უგებდით ერთმანეთს...

– ერთი სულიერი ცხოვრება გვქონდა. ჩვენი საერთო ინტერესი ჩვენი შვილები და შემოქმედება იყო. ურთიერთგაგება გვქონდა, მაგრამ რომ გითხრათ, არასოდეს გვიკინკლავია და გვიჩხუბია, დაიჯერებთ? ყოველთვის მეკითხებოდა და უყვარდა ეკითხა – სად იყავი? ხომ გითხარი, რომ აქ ვარ, იქ ვარ... მითხრა: იცი, რა, ქეთინო, მე რომ არ დამაინტერესებს, შენ სად იყავი, მაშინ იქნება ცუდად საქმეო.

– „დათა თუთაშხია“... თქვენ ქმრის ფილმში ითამაშეთ. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო სახე შექმენით – მთავარი გმირის, ყველაზე გამორჩეული და კარგი კაცის საყვარელი ქალის. როგორი იყო ამ როლზე მუშაობა საკუთარი ქმრის მითითებებით, რა მოგცათ ამ როლმა და როგორ უყურებთ დღევანდელი გადასახედიდან ამ ფილმს?

– ძალიან მიხაროდა, რომ ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი მე ვიქნებოდი, მაგრამ როდესაც მოსკოვში წაიღეს ფილმი, რომლის მსახიობები სახელმწიფო პრემიაზე იყვნენ წარდგენილნი, მე არ წავედი, იმიტომ რომ წარდგენილი არ ვიყავი. გიგას ეს არც უფიქრია. იქ ვიღაცას უთქვამს, ეს ქალი რატომ არ წარადგინე პრემიაზეო. გიგამ დამირეკა და მითხრა ეს ამბავი. რეზო ჩხეიძე და კაკო დვალიშვილი იყვნენ-მეთქი, – ვკითხე. კი, იყვნენო. ჰოდა, მე მეტი არაფერი მინდა-მეთქი, – ვუთხარი. მერე ცალკე ულაპარაკიათ კიდევ: მაინც რაში იყო საქმე, რომ ეს მსახიობი არ წარადგინეთო. გიგას უთქვამს: იცით, რა? დიდი მსახიობები თამაშობდნენ ეპიზოდებში, ამიტომ ცოტა უხერხული იქნებოდა, ქეთინო წარმედგინა და ისინი არაო – სესილია თაყაიშვილზე თქვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი