საზოგადოება

რა შეცდომამ მიიყვანა ლიკა ბიბიჩაძე მძიმე მდგომარეობამდე და როგორ დაიკლო მან 103 კილოგრამი

№20

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 25.05, 2022 წელი

ლიკა ბიბიჩაძე
დაკოპირებულია

ლიკა ბიბიჩაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა, უარი ეთქვა ჭარბ წონაზე და მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ ქირურგიულ ჩარევას მიმართა.

ლიკა ბიბიჩაძე: 165 კილოგრამი ვიყავი, თავს საშინლად ვგრძნობდი, ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. არანაირი დიეტა არ მშველიდა. ვცდილობდი, მაგრამ ორკვირიანი ან, მაქსიმუმ, ერთთვიანი შედეგი მქონდა. წვალებით ათ კილოგრამს რომ დავიკლებდი, თხუთმეტს ვიმატებდი. ერთ მშვენიერ დღეს, დედაჩემისა და განსაკუთრებით, ჩემი ძმის დამსახურებით, მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბარიატრიული ოპერაცია გამეკეთებინა, ანუ კუჭი დამეპატარავებინა.

ჩემი წონა ყველა მხრივ საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. სადმე წასვლის – ქორწილი იქნებოდა, დაბადების დღე თუ, უბრალოდ, გასეირნება, მრცხვენოდა. გარშემო მყოფებისგან მესმოდა ხოლმე – „რამხელაა, ამას პატრონი არ ჰყავს?!“. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს დიდი პრობლემაა. ადამიანებს გააზრებული არ აქვთ ამ მდგომარეობის მიზეზები. შეიძლება, ადამიანს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა გქონდეს, რომ გახდომა არ შეგეძლოს და ისე დაგცინიან, ამაზე არ ფიქრობენ.

– წონის პრობლემა ბავშვობიდან გაწუხებდათ?

– პირველი-მეორე კლასიდან „ფასთ ფუდებს“ ვჭამდი. „მაკდონალდსზე“ გავიზარდე და ყველაფერი ამის დამსახურება იყო. 12-13 წლიდან უკვე დიდი დისკომფორტი შემექმნა. ეს ირონია რომ მესმოდა, საკუთარ თავში ვიკეტებოდი და ამის ფონზე კიდევ უფრო მეტს ვჭამდი. დიდ წონას ჯანმრთელობის პრობლემებიც მოჰყვა. სუნთქვა მიჭირდა, მალე ვიღლებოდი, სირბილი არ შემეძლო, კიბეზე ასვლა მიჭირდა.

ოპერაცია რომ გავიკეთე და წონაში კლება დავიწყე, ეს საოცარი შეგრძნება იყო. მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად იცვლებოდა. „ვაიმე, რა მსუქანი ხარ“, ამის ნაცვლად მესმოდა „ვაიმე, რა ლამაზი ხარ“. აი, შეგძლებია, როგორი ლამაზი სახე გაქვს, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთო... ეს რომ გესმის, უფრო მეტი მოტივაცია გიჩნდება. ჩემი თავი არ მიყვარდა ისეთი, როგორიც ვიყავი. ყველას თავს ვაჩვენებდი, რომ ჩემი წონა არ მაინტრესებდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ანჯელინა ჯოლი ვარ, მაგრამ მგონია, რომ კარგი გარეგნობა მაქვს.

– რა სირთულის დაძლევა მოგიხდათ?

– ოპერაცია რომ გავიკეთე, ისევ ჩემი ჭკუით გავაგრძელე მოქმედება. გადავწყვიტე, რომ ოპერაციის შემდეგ, დამატებით კიდევ თუ ვიშიმშილებდი, ეს ჩემს შედეგს გააორმაგებდა. ამას დიდი სირთულეები მოჰყვა, რის გამოც საავადმყოფოში აღმოვჩნდი. წყალსაც კი არ ვსვამდი და მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი. სიმართლე გითხრათ, ჩემმა შიმშილობამ შედეგიც გამოიღო და ძალიან სწრაფად მოვიკელი. 103 კილოგრამის მოსაკლებად ორი წელიც კი არ დამჭირდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. დღეს „ინსტაგრამზე“ ჩემი ბლოგი მაქვს, სადაც ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ ვსაუბრობ და ჩემს გამოცდილებას ბევრ ადამიანს ვუზიარებ. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ჯანსაღი კვება იყო. თუ გინდა, ჯანმრთელი იყო, გემრიელადაც იკვებო და მთელი დღე დანაყრებულად გრძნობდე თავს, ჯანსაღად უნდა მიირთვა. თუმცა, ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა ამის გააზრება და თავის დარწმუნება, რომ ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. საკუთარ თავთან დიდი ბრძოლები მქონდა. ეს ნაბიჯი ერთ დღეში არ გადამიდგამს, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ თვეები დამჭირდა. მოსკოვში ვცხოვრობდი, ბლოგერებს ვადევნებდი თვალს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ყველა ინფორმაციას ვეცნობოდი და ძალიან ბევრი რამ შევისწავლე. ჩემს რაციონს დღემდე თვითონ ვადგენ ჯანსაღი პროდუქტებისგან. თვეში ერთხელ შეიძლება, ნაყინი შევჭამო, ამ მხრივ, თავს არ ვიზღუდავ. თუ ძალიან მომინდება, თავს ერთი ნაჭერი ტორტის შეჭმის უფლებასაც ვაძლევ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება და მეორე მხრივ, იმდენად ჯანსაღად ვიკვებები, რომ ერთი ნაჭერი ტორტი, ვერაფერს მიზამს (იცინის).

– დაკლების შემდეგ, ისევ მოიმატეთ, ეს არ იყო განგაშის სიგნალი?

– არა, იმიტომ, რომ ახლაც შემიძლია რამდენიმე დღით თავი „მივუშვა“, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დაკლებას შევძლებ. მაშინ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გავხდი, კანი მომეშვა და მის მოსაშორებლად ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. ამისთვის კი ჯანმრთელობის მხრივ, განსაკუთრებულად კარგად და ენერგიულად უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ კარგი კვება იყო საჭირო. მაშინ მოვიმატე, ახლა 62 კილოგრამი ვარ და 58 კილოგრამამდე უნდა ჩამოვიდე, ამაზე ნაკლები არ მჭირდება და მიზნამდე სულ მალე მივალ, ეს არანაირი პრობლემა არ არის.

– კვების გარდა, რას მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– ვარჯიშიც დავიწყე. დარბაზში დავდივარ, ფიზიკურად აქტიური ვარ და თავს იდეალურად ვგრძნობ. ადრე რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი, ვერ ვსუნთქავდი და ვერ გადავაადგილდებოდი, ახლა დავფრინავ. ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა. ადამიანებს ჩემდამი დამოკიდებულება შეეცვალათ. თუ აქამდე არსად დავდიოდი, ახლა ყველას მე ვაძალებ, სადმე წავიდეთ-მეთქი (იცინის).

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც გააზრებულად თუ გაუაზრებლად ბულერები ხდებიან და სხვებს დასცინიან?

– თქვენ არ იცით, რა ხდება სხვის ცხოვრებაში. არავის აქვს უფლება, სხვას დასცინოს და მით უმეტეს, შენ არ იცი, რა ხდება კონკრეტულ მომენტში მის თავს. იქნებ როგორ უჭირს და შენ კიდევ აბულინგებ. ადამიანი დაცინვით შეიძლება, სუიციდამდეც მიიყვანო. არ მოვიტყუები, მე სუიციდზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ სახლში ჩავიკეტები და გარეთ აღარასდროს გავალ, აღარაფერი მინდა – ეს აზრი ბევრჯერ გამივლია თავში. იმ ადამიანებს კი, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს, მინდა, ვუთხრა, რომ ყველამ მოძებნოს საკუთარ თავში რწმენა, რომ ნამდვილად შეძლებს და ყურადღებას არავის მიაქცევს. როცა თვითონ ირწმუნებ საკუთარი თავისას, შემდეგ სხვებიც აუცილებლად დაგიჯერებენ. ხალხი რომ დაგცინებს, შენ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთო და ყველას დაუმტკიცო, რომ მათი დასაცინი ნამდვილად არ ხარ. წლების წინ ასე ნამდვილად არ ვფიქრობდი და აქამდე ათასი სირთულე გამოვიარე. ერთ დღეში ვერ ადგები და სხვის აზრებს ვერ დააიგნორებ, ამას ბევრი მუშაობა სჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ძალიან ჩაციკვლა და საკუთარ თავზე ზედმეტი ფსიქოლოგიური ზეწოლაც არ ღირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი